fbpx
progresi

“პროგრეს ბანკის” მცირე პროგრესი მოგებისკენ

ავტორები: დევიდ ბლოსი და ნინო ბაქრაძე

21 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში გასამარჯვებლად კახა კალაძე თბილისის მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ ქალაქის პრობლემებს სწორედ ის და მისი გუნდი გადაჭრიან.

მაგრამ ამომრჩეველმა მხედველობაში უნდა მიიღოს კალაძის მიერ 2007 წელს დაფუძნებული “პროგრეს ბანკის” პრობლემების ისტორიაც. ბანკს თბილისის მერობის კანდიდატი და მისი გარემოცვა 2016 წლის სექტემბრამდე მართავდა. სექტემბერში “პროგრეს ბანკის” აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი “თიბისი ბანკის” ხელში გადავიდა.

“პროგრეს ბანკმა” მისი 9 წლიანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ 2010 წელი დაასრულა 354,000 ლარიანი მოგებით, დანარჩენი 8 წლის მანძილზე კი, საერთო ჯამში, 5.4 მილიონ ლარი დაკარგა.

კალაძე “პროგრეს ბანკის” 100 პროცენტს 5 წლის მანძილზე ფლობდა. უახლოეს წარსულში ბანკის მფლობელები იყვნენ:
– რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერი, მაიკ ზოი, რომელსაც ავტო-რბოლა იტაცებს;
– ილია გავრილოვი, რუსი ბანკირი, რომელიც ახლახანს რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა;
– საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბანკის აქციების 21.79 პროცენტს 2012 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე გავრილოვთან ერთად ფლობდა.

გავრილოვი 2015-2016 წლებში პროგრეს ბანკის საკონტროლო პაკეტს ფლობდა. საქართველოში შემოსვლიდან მალევე გავრილოვის “ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს” რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა.

ჩრდილო-კავკასიურმა პატარა ბანკმა “რაზვიტიემ” კი 2015 წელს 12 მილიონი აშშ დოლარი “პროგრეს ბანკში” დეპოზიტზე განათავსა. 2016 წლის ოქტომბერში კი ბანკმა ლიცენზია დაკარგა და შეიძლება, დამნაშავედ სცნონ ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრებაში.

“რაზვიტიეს” მსგავსად, “პროგრეს ბანკსაც” საბანკო საქმიანობის ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის ოქტომბერში გაუუქმა.

კალაძე ჯერ კიდევ საფეხბურთო კლუბ “მილანის” ფეხბურთელი იყო, როდესაც 12 მილიონი ლარი “პროგრეს ბანკში” ჩადო და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი და იტალიელი ლორენცო ჩიპრიანი აირჩია. ჩიპრიანი კალაძის სახელით საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ანუ მისი სპორტული აგენტი იყო.

გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე “აი, ფაქტთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანებისთვის საბანკო სფერო მიმზიდველია, რადგან მათ, საკუთარი ბანკის გახსნით, ფულის გადარიცხვისას თანხების დაზოგვა შეუძლიათ.

2007 წელი ბიზნესის საქართველოში დასაწყებად არც თუ მთლად სახარბიელო დრო იყო. 2008 წელს რუსეთთან ომმა ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.

პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც კალაძის მიერ დაფუძნებულ “კალა კაპიტალს” უნდა განეხორციელებინა არსენალის მთაზე მინი-ქალაქის გაშენება იყო. გეგმის მიხედვით, კომპანიას 80 ჰექტარ მიწაზე 10 წლის მანძილზე საცხოვრებელი და სამთავრობო კომპლექსი, საოფისე და კომერციული ფართები, სათამაშო მოედნები და გასართობი ცენტრები უნდა აეშენებინა. ამ მიზნით კომპანიას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა მოეზიდა და 25 ათასი ადამიანი დაესაქმებინა. უძრავი ქონების შესახებ დავამ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს საპატრიარქო მონაწილეობდნენ, პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა. მხოლოდ ამ შემთხვევაში კალაძემ, მინიმუმ, მიწაში გადახდილი 19 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

ნოღაიდელმა “პროგრეს ბანკი” 2009 წელს დატოვა. კალაძემ კი 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა იგი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ საკუთარი აქციები გაასხვისა, მისი გარემოცვა კვლავ ბანკის მმართველ გუნდში დარჩა:

– კალაძის სპორტული აგენტი, იტალიელი ლორენცო ჩიპრიანი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო ბანკის არსებობის ბოლო დღემდე;
– 2014 წლიდან კომერციული დირექტორის თანამდებობა ჯერ კალაძის სიმამრს, ბადრი არეშიძეს ეკავა. შემდეგ იმავე თანამდებობას მერობის კანდიდატის ბიზნეს-პარტნიორი, ილია კეჭაყმაძე იკავებდა;
– აკაკი კორძაძეს, რომელიც დღემდე კალაძის სიმამრის ბიზნეს-პარტნიორია, 2016 წლის ივნისამდე “პროგრეს ბანკის” გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, ივნისიდან კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.

2013 წელს კალაძემ ბანკის აქციები (78.29 პროცენტი) კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას, Webion Investments Limited-ს გადასცა, რომელსაც იმ დროს მაიკ ზოი ფლობდა.

ზოი კალაძის ქართულ ბიზნესში ჯერ კიდევ 2007 წელს გამოჩნდა, როცა სს “კალა დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ზოი რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერია, რომელსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს. იგი ფულს ტრადიციულ და ალტერნატიულ ენერგეტიკაში აბანდებს, მაგალითად, გიგანტური ბატარეის შექმნაში, რომლის ენერგია პატარა ქალაქსაც კი ეყოფოდა. მისი კიდევ ერთი კომპანია 3D კომპიუტერულ გრაფიკას აწარმოებდა, მოგვიანებით ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიად გადაიქცა და რუსეთში განაგრძო საქმიანობა. ზოი ახლა ფორმულა 1-ის მარკეტინგითა და პიარითაა დაინტერესებული.

2011 წლის ბოლოსა და 2012 წლის იანვარში “პროგრეს ბანკის” 21.71 პროცენტი ივანიშვილმა შეიძინა.

“წინა ხელისუფლება ყველა კანონიერი და უკანონო მეთოდით ებრძოდა განსხვავებული აზრის ნებისმიერ მატარებელს. მათ შორის იყო კახი კალაძეც, რომელსაც ეკუთვნოდა “პროგრეს ბანკი.” იმისთვის, რომ ნაციონალების მთავრობას ბოლომდე არ გაეკოტრებინა ეს ბანკი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა მის კაპიტალში გარკვეული თანხა და მისი შესაბამისი წილი შეიძინა. ეს ოპერაცია იყო გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ ბანკის და მისი დეპოზიტარების დაცვის და მხარდაჭერის მიზნით, შესაბამისად არ იყო გათვლილი არანაირ მოგებაზე,” – უთხრა გიორგი ბაჩიაშვილმა, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა “აი, ფაქტს.”

2015 წელს მაიკ ზოიმ კალაძისგან მიღებული აქციების 78.29 პროცენტი პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ Pintex Groups-ს გადასცა. “პროგრეს ბანკის” ანგარიშების მიხედვით, Pintex Group-ის მფლობელი ილია გავრილოვი იყო.

ილია გავრილოვი თურქმენეთიდან წამოსული ბანკირია. გავრილოვის “ფედერალური ბანკი” 1994 წლიდან მოსკოვში საქმიანობდა. 2010-ანი წლების ბოლოს “ფედერალური ბანკი” ესპანეთის საგამოძიებო სამსახურების მიერ იყო ეჭვმიტანილი მაფიის წევრი ორგანიზაციების მიერ ფულის რუსეთიდან გატანაში.

2001 წელს გავრილოვი დავით იაკობაშვილთან ერთად მონაწილეობდა იმ კომპანიის შექმნაში, რომელიც დღემდე ორ მაღაროს ფლობს კემეროვოს რეგიონში. იაკობაშვილი კი ივანიშვილის დიდი ხნის ბიზნეს-პარტნიორია. ივანიშვილმა სწორედ მას გადასცა თავისი რუსული წილების ნაწილი 2012 წელს, როდესაც თავად საქართველოს პრემიერის თანამდებობა ეკავა.

გავრილოვის სახელი რუსულ პრესაში 2017 წლის აპრილში გამოჩნდა. ამჯერად საქმე უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ დიმიტრი მედვედევის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოქრთამვას ეხებოდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გავრილოვის ბიზნეს-პარტნიორი ამ გარიგების მონაწილე იყო.

“პროგრეს ბანკის” კიდევ ერთი პარტნიორი იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთში რეგისტრირებული მცირე ზომის ბანკი “რაზვიტიე.” 2015 წლის მანძილზე “პროგრეს ბანკის” სადეპოზიტო ანგარიშზე “რაზვიტიემ” 12.1 მილიონი აშშ დოლარი განათავსა.

“რაზვიტიეს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 10 ოქტომბერს ჩამოერთვა, გაკოტრებულად კი თვენახევრის შემდეგ გამოცხადდა. 2017 წლის იანვარში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ცენტრალურმა ბანკმა იპოვა მტკიცებულებები, რომ “რაზვიტიემ” ქონების მითვისების მიზნით გასცა ფიქტიური სესხები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, არასათანადოდ გადაიხადა ბანკის მიერ აღებული ვალები, მოიპარა თანხები სავალდებულო სადეპოზიტო სადაზღვევო ფონდიდან, რამაც მიზანმიმართულად მიიყვანა ბანკი გაკოტრებამდე.

“რაზვიტიესგან” განსხვავებით, 2015 წელი “პროგრეს ბანკისთვის” წარმატებული იყო. გაიხსნა 5 ფილიალი და წლის ბოლოსთვის ბანკს ქვეყნის მასშტაბით 8 ოფისი ჰქონდა.

“პროგრეს ბანკი” გეგმავს მნიშვნელოვან ზრდას კლიენტთა ხარჯზე,” უთხრა მაშინდელმა დირექტორმა, აკაკი კორძაძემ გამოცემა The Financial-ს 2015 წელს. “ბანკი მომავალი წლების მანძილზე კონცენტრირდება კლიენტებისთის ინოვაციური მომსახურების სერვისების მიწოდებაზე. სერვის-ცენტრები უკვე წარსულს უნდა ჩაბარდეს.”

ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 10 თვეში “პროგრეს ბანკი” ბაზრიდან ბურუსით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი პორტფელი (აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი) და ბანკ “რესპუბლიკას” საკონტროლო პაკეტი “თიბისიმ” შეიძინა. თუმცა, თავდაპირველად “რესპუბლიკის” ყიდვა “ჰუალინგ ჯგუფს” სურდა. დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს გარიგება მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ჩაიშალა.

“ჰუალინგ ჯგუფი” ჩინური კონგლომერატია და საქართველოსთვის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორიც. კომპანია ქვეყანაში ფლობდა “ბაზისბანკს” და 2016 წელს ბანკ “რესპუბლიკას” შესყიდვაც გადაწყვიტა. ამგვარად, “ჰუალინგი” ქართულ საბანკო სფეროში მესამე მსხვილი მოთამაშე გახდებოდა. მათსა და “რესპუბლიკას” შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ “სოსიეტე ჟენერალის” წევრი ბანკი “თიბისიმ” იყიდა. ამავე გარიგების ნაწილი გახდა “პროგრეს ბანკის” 108 მილიონი ლარის აქტივები და 108 მილიონის ვალდებულებებიც.

“(თიბისი) ბანკს არანაირი კავშირი არ აქვს „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციასთან და მის მთლიან საქმიანობასთან,” – ნათქვამია “თიბისის” მიერ “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “პროგრეს ბანკის” ლიკვიდიაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. “პროგრეს ბანკის” კლიენტების უდიდესი ნაწილი “თიბისი ბანკის” კლიენტი გახდა. აქედან გამომდინარე, “თიბისის” გააჩნია მხოლოდ იმ პირების მიმართ ვალდებულება, რომელიც მან “პროგრეს ბანკისგან” მიიღო,” – განუცხადეს “აი, ფაქტს” საქართველოს ეროვნულ ბანკში.

“პროგრეს ბანკის” პორტფელის გაყიდვიდან 9 დღეში, 2016 წლის 22 სექტემბერს, ახალი კომპანია შპს “პროგრეს კაპიტალი” დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის საქმიანობა უცხოური ვალუტით ვაჭრობასთან, სესხების მიღებასა და გაცემასთან არის დაკავშირებული. “პროგრეს კაპიტალის” წილებს ახლა აკაკი კორძაძე (“პროგრეს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი) და კალაძის სიმამრი, ბადრი არეშიძე ფლობენ.

“კურიერმა” კახა კალაძის შემოსავლებისა და ბიზნესკავშირების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში “პროგრეს ბანკის” თემაზეც გაამახვილა ყურადღება.

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ, მიუთითოთ სტატიის პირველწყარო შესაბამისი ბმულით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სკვერი ფარცხალაძის კორპუსების მოლოდინში
skveri

სკვერი ფარცხალაძის კორპუსების მოლოდინში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share