აჭარისწყალი: გაუმჭვირვალე კონკურსი – შანსი გამოუცდელი კომპანიისთვის

2010 წელს, მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის პროექტი ენერგეტიკის სამინისტრომ კონკურსის გამოცხადებიდან ოთხ დღეში გადასცა კომპანიას, რომელიც ორი თვით ადრე დაარსდა ნორვეგიაში და იქამდე არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია. კომპანიის გამარჯვებიდან ორი დღის შემდეგ, პროექტის კონსულტანტი ენერგეტიკის სამინისტროში, ბიორნ ბრანზეგი, გამარჯვებულ კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ.    

ამჟამად საქართველოს მთავრობისთვის აჭარიწყლის პროექტი ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ მიმდინარე პროექტად მიიჩნევა.  2016 წლის 18 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს “აჭარიწყალი ჯორჯიას” ფინანსურ დირექტორს შეხვდა.  შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მინისტრს თანადგომისთვის, ხოლო მინისტრმა კომპანიას მომავალშიც დახმარება აღუთქვა.   

2015 წლის 17 აპრილს, ხულოში, აჭარიწყალზე ჰესესის მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა.  “აჭარისწყალი ჯორჯიამ” ამაზე ინფორმაცია გაავრცელა. კომპანია აღნიშნავდა, რომ გარდაიცვალა “კომპანიის ქვეკონტრაქტორის, ‘აგე ბათუმის’ ორი თანამშრომელი და დაშავდა ერთი,” სადაც კომპანია ხაზს უსვამდა ქვეკონტრაქტორის პასუხსისმგებლობას დაღუპული მუშების სიცოცხლის პასუხისმგებლობაზე.      

იგივე გაიმეორა ბიორნ ბრანზეგმა ნორვეგიულ გამოცემა Aftenpoften-თან ინტერვიუში. “თურქული კომპანია ‘აგე ბათუმია’ პასუხისმგებელი მუშების უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა  ბრანზეგმა ინტერვიუში.   

საერთაშორისო ბიზნესგამოცემა “ბლუმბერგი” ასე აღწერს ბიორნ ბრანზეგის ბიოგრაფიას: “ბიორნ ბრანზეგი Clean Energy Invest As-ს მთავარი ოპერაციული ოფიცერია. ბატონ ბრანზეგს ახლადაღმოცენებული ბაზრების სფეროში კონსულტირების ათწლიანი გამოცდილება აქვს. მისი სპეციალობის უფრო ვიწრო სფერო კი განახლებადი ენერგიაა.  2010 წლის 1 მაისამდე, ბრანზეგი  Econ Poyry-ს, ენერგეტიკის სფეროში მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანიის ერთ-ერთი განყოფილების –  Poyry Management Consulting უფროსი კონსულტანტი იყო.  2008 წლიდან 2010 წლამდე, ის საქართველოს მთავრობას განახლებადი ენერგიის ათვისების და განვითარების სფეროში კონსულტაციებს უწევდა. ”

ბიორნ ბრანზეგის და Econ Poyry-ს გავლენა ენერგეტიკის სამინიტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე

როგორც მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანიის Econ Poyry-ს ერთ-ერთ მთავარ კონსულტანტს, ბიორნ ბრანზეგს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის კონსულტაცია უნდა გაეწია და სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის პაკეტი პოტენციური  ინვესტორებისთვის შეეფუთა.

აპლიკაციაში, რომელიც ბიორნ ბრანზეგმა 2009 წლის 3 აგვისტოს დაწერა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინსტროს მიმართ, ბრანზეგი აღწერს მის და Econ-ის გავლენას საქართველოს მთავრობაზე.   

“ბოლო თვრამეტი თვეა, რაც Econ Poyry-მ კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან და გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს პირებთან, მათ შორის, ორ ყოფილ და ერთ ახლანდელ  პრემიერ მინისტრთან. […]  ჩვენი რჩევით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.  მათ შორის არის საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი 500/400 კვ ხაზების აშენების ინიციატივა (რომელიც 350 მილიონი დოლარი დაჯდა), დიდი ჰესების საგადასახადო სისტემის შეცვლა და ონის კასკადის პრიორიტეტად გაყვანა.”

2009 წლის 13 აგვისტოს, ბიორნ ბრანზეგმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინა პროექტის ანგარიში გაუგზავნა, სადაც პროექტის გაგრძელება და 4,4 მილიონი კრონა [დაახლოებით 1,25 მილიონი ლარი 2016 წლის] სთხოვა. ამავე ანგარიშში,  ბრაზნეგმა იმ გავლენაზე ისაუბრა, რაც მას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტლების მიმღებ პირებზე ჰქონდა.  

“Econ Poyry-ს მიერ შესრულებული ბოლო პროექტის შემდეგ, Econ-ის ჯგუფმა უნიკალური ხელმისაწვდომობა მოიპოვა საქართველოში ენერგეტიკის სექტორის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, მათ შორის, ყოფილ და ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან.  ჩვენ მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინეთ საქართველოს მთავრობის აზრის ფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს მათი მდგრადი განვითარება ენერგეტიკის სფეროში.  გარდა ამისა, არაერთ პროექტს საჯარო სექტორიდან, კერძო სექტორში მოვუძებნეთ ინვესტორი,  ახლა კი აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მსოფლიო ბანკთან, რათა საქართველოს ენერგოპოტენციალი განვავითაროთ.”
იმეილ-მიმოწერებში, რომელიც OCCRP-მ მოიპოვა, ბიორნ ბრანზეგი და ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჯონ რამბერგი ქართული ენერგოპროექტებს განიხილავენ, მათ შორის, ნამახვანის ჰესების კასკადს.

“ეს პროექტი [ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი] ათასობით სამსახურს შექმნის მშენებლობის შვიდი წლის განმავლობაში და თავის როლს შეასრულებს ლარის გამყარების საქმეში. ეს დიდი ტრიუმფი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის. ” –  ბიორნ ბრანზეგი  […]
“ბიორნ, დიდი მადლობა გულწრფელი ანგარიშისთვის.  როგორც შენ თვითონაც გესმის, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.  დღეს ამით დავამთავროთ და ჩემგან დადებითი რეკომენდაცია გაქვს. ვიყოთ ერთმანეთთან კავშირში.” – ჯონ რამბერგი

ბიორნ ბრანზეგი და “განახლებადი ენერგია 2008”  

2008 წელს, ბრანზეგის ენერგეტიკის სამინისტროში კონსულტანტობის პერიოდში, ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008”.  პროგრამას თავისი კონცეფცია და ენერგეტიკული პროექტების მუდმივად ცვალებადი სია ახლდა.

კონცეფცია Build-Operate-Own – აშენება-ოპერირება-ფლობა იყო, როცა ინვესტორს თითოეული პროექტით გათვალისწინებული ჰესის აშენება, ოპერირება და ფლობა თვითონ შეეძლო.

პირველ სიაში, რომელიც ძალაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის ბრძანებით შევიდა, 76 ჰესის პროექტი შედიოდა.  სიაში წელიწადში საშუალოდ 5-ჯერ შედიოდა ცვლილება – სიას ემატებოდა და აკლდებოდა პროექტები. პროექტები, რომლებსაც ინვესტორი გამოუჩნდა, სიას აკლდებოდა.   

“აჭარიწყლის” 3 ჰესის პროექტი: “აჭარიწყალი 1, აჭარიწყალი 2 და აჭარიწყალი 3 “განახლებადი ენერგია 2008” სიაში პირველად 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით შევიდა.  

Clean Energy Invest As ამ ბრძანების გამოსვლიდან, ორი დღით ადრე დაარსდა ნორვეგიის ქალაქ ოსლოში.

სხვადასხვა ვერსიები კონკურსში მონაწილე კომპანიებზე

კომპანია Clean Energy Invest-ის დირექტორს და მეწილეს, ბიორნ ბრანზეგს  და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სხვადასხვა ვერსიები აქვთ იმაზე, თუ რამდენი კომპანია იღებდა მონაწილეობას აჭარიწყლის  ჰესების ინტერესთა გამოხატვის კონკურსზე.

Clean Energy Invest-ის ვებ-გვერდზე მითითებულია: “კონკურენტული კონკურსის შემდეგ, სადაც სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, Clean Energy Invest-მა გაიმარჯვა და 2010 წლის აპრილს, მას მიეცა პროექტი განსახორციელებლად.”  

ნორვეგიულ გამოცემა Aftenpoftenთან ინტერვიუში სამი კომპანიის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ბიორნ ბრანზეგიც [ინტერვიუ იხილეთ გამოცემის მე-11 გვერდზე].

“2010 წელს, ტენდერის შემდეგ, სადაც სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, საქმიანობის ლიცენზია ჩვენს კომპანიას მიენიჭა. ინფორმაცია ამ კომპანიების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომია”, – ამბობს ბიორნ ბრანზეგი.  სტატიაში ბრანზეგის სტატუსი მითითებულია, როგორც Clean Energy Invest-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი. სტატია დათარიღებულია 2015 წლის 27 მაისით.

OCCRP-სთან იმეილ ინტერვიუში, ბიორნ ბრანზეგმა ასევე თქვა, რომ კონკურსში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას:  ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest და ორი თურქული კომპანია: Kolin Construction Tourism Industry and Trade, Inc.  და Limak Yatirim, Işletme Hizmetleri ve Inşaat A.Ş  

ენერგეტიკის სამინისტროს სხვა ვერსია აქვს კონკურსში მონაწილე კომპანიებთან დაკავშირებით. 10 თებერვალს გამოგზავნილ წერილში, მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობას ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას:  Clean Energy Invest AS და Kolin Construction Tourism Industry and Trade, Inc.   

1 მარტს გამოგზავნილ წერილში, სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ კონკურსში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას.  

ინტერესთა გამოხატვის კონკურსი

2010 წლის 22 მარტს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მდინარე აჭარიწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ბრძანება გამოსცა.  

ბრძანების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროს საუკეთესო ინვესტორის გამოვლენის ორი კრიტერიუმი ჰქონდა: 1) მშენებლობის და ექსპლოატაციაში გაშვების ვადები და 2) საბანკო გარანტიების ოდენობა.

ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროსგან მონაწილე კომპანიების საინვესტიციო წინადადებები მოვითოვეთ.  ენერგეტიკის სამინისტროს თქმით, Clean Energy Invest AS-ის საინვესტიციო წინადადება  კონფიდენციალურია.    

OCCRP-მ მოიპოვა Clean Energy Invest AS-ს საინვესტიციო წინადადება, რომელიც სამი გვერდისაგან შედგება. უცნობია, სამგვერდიანი დოკუმენტი სრული პაკეტია თუ საინვესტიციო პაკეტის მხოლოდ ნაწილი.   

სამი გვერდიდან, ერთი გვერდი მეორის ინგლისურიდან ქართულის თარგმანია.  იმის დასაზუსტებლად, ეს არის თუ არა სრულად Clean Energy Invest AS-ს საინვესტიციო წინადადება, ჩვენ ბიორნ ბრანზეგს მივწერეთ. ბრანზეგს ამ კითხვაზე არ უპასუხია.

ბრანზეგმა ჩვენთვის მოწერილ პასუხში აღნიშნა, რომ საინვესტიციო წინადადების შეტანამდე, კომპანიამ დამატებით შეიტანა ენერგეტიკის სამინისტროში მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის პროექტის წინარეეკონომიკური შესწავლა [pre-feasibility study].

“ეს დოკუმენტი საჯარო ინფორმაცია არაა და სამწუხაროდ, ამას ვერ გაგიზიარებთ კომპანიის სხვა მფლობელებთან  და პროექტის კრედიტორებთან შეთანხმების გარეშე”, –  აღნიშნა ბრანზეგმა.

ჩვენ ბრაბზეგს მივწერეთ, რომ მზად ვიყავით დავლოდებოდით შეთანხმების პროცესს. თუმცა, შემდეგ ამ საკითხზე პასუხი არ გაუცია.

ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტის პირველი გვერდი აღწერს, რომ კომპანია დაინტერესებულია პროექტით.  პირველი გვერდის დანარჩენი ნაწილი აღწერს ოთხ ჰესს და მათ დადგმულ სიმძლავრეებს. წერილი ასევე უთითებს პარტნიორების შესახებ ინფორმაციას, რომელიც, წესით, წერილს უნდა ხლებოდა, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.  წერილის მესამე გვერდი გრაფიკულად აღწერს კონცეფციას იმაზე, თუ როგორ ააშენებს კომპანია ჰესების კასკადს.  წერილს ხელს აწერს კომპანიის გენერალური დირექტორი რაგნარ ნოეგარდი.  

“სამ გვერდზე, ძალიან ჭკვიანური რამ უნდა დაწეროს ვინმემ, რომ რამე გამოუვიდეს. ასეთი რამეები სამ ფურცელში კი არ იწერება, არამედ სამ ტომში – სამი ტომიც არ ეყოფა, იმიტომ, რომ წინასწარ უნდა იყოს გაწერილი ყველაფერი: არა მხოლოდ ჰიდროენერგეტიკა, არამედ ის, თუ როგორ მოხდება ენერგიის ტრანსმისია – ენერგეტიკული რესურსების შესყიდვის ხელშეკრულებების გარანტიებით [purchasing agreement] და ასე შემდეგ”, – ამბობს მამუკა გვილავა, გარემოსდაცვითი კონსულტანტი.  – “არანაირ კრიტიკას არ უძლებს ის, რასაც საქართველოს სახელმწიფო ინვესტორებისგან ითხოვს.  არც ჰგავს ინვესტორების შერჩევის პროცესს ეს ყველაფერი. ”

Kolin Construction Tourism Industry and Trade, Inc-ს საინვესტიციო წინადადება 56 გვერდისგან შედგება.  აქედან მხოლოდ ცხრა გვერდი ეძღვნება პროექტის აღწერას.  დოკუმენტის დანარჩენი ნაწილი ეძღვნება კომპანიის შესახებ ინფორმაციას.  

ენერგეტიკის სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია მესამე ინვესტორის – Limak Yatirim, Işletme Hizmetleri ve Inşaat A.Ş-ს საინვესტიციო წინადადება.

ენერგეტიკის სამინისტრომ გვითხრა, რომ კომპანიების საბანკო გარანტიების ოდენობა ფიქსირებული არ ყოფილა. მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტროს არ მოუწოდებია საბანკო გარანტიების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც, წესით, საინვესტიციო წინადადებებს უნდა ხლებოდა თან.

ენერგეტიკის სამინისტრომ მოგვაწოდა საბოლოოდ დაჯამებული ქულები, რის მიხედვითაც სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი კომპანიის საინვესტიციო წინადადება მოგვაწოდა, გაუბეგარია, რის საფუძველზე დაუწერა სამინისტრომ ამა თუ იმ კომპანიას ესა თუ ის ქულა.

Clean Energy Invest AS დაარსების ისტორია

2010 წლის 28 აპრილის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ გამარჯვებულად ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest AS გამოაცხადა.

Clean Energy Invest AS სადენტიფიკაციო ნომრით 995144409, გამარჯვებამდე ორი თვით ადრე, 2010 წლის 8 თებერვალს, ნორვეგიის ქალაქ ოსლოში  შეიქმნა

შექმნის მომენტში, კომპანიას სხვა სახელი ჰქონდა: TEKÅGEL INVEST 438 AS. კომპანიას სახელი ერთ თვეში შეეცვალა. 2010 წლის 1 მარტს, აჭარისწყლის პროექტის მიღებამდე,  კომპანიას დაერქვა Clean Energy Invest AS.  

სახელის შეცვლიდან ოთხ დღეში, კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საინვესტიციო წერილი შეიტანა.

ამჟამად, Clean Energy Investment AS-ს აქციების 20%-ს მფლობელი მსოფლიო ბანკიცაა.

ბიორნ ბრანზეგი Econ-დან მიდის და შპს “აჭარიწყლის” დირექტორი ხდება   

ბიორნ ბრანზეგი საკონსულტაციო კომპანია Econ Poyry 2010 წლის 1 მაისს დატოვა. ამ დროს, Clean Energy Invest AS-ს უკვე ჰქონდა მიღებული მდინარე აჭარიწყალზე ჰესების კასკადის პროექტი განვითარებითვის.

შპს “აჭარისწყალი ჯორჯია”,  Clean Energy Invest-ს შვილობილი კომპანია, 2011 წლის 8 ივნისს საქართველოში დარეგისტრირდა.  კომპანიის ექვსი დირექტორიდან ერთ-ერთი ბიორნ ბრანზეგია.  ბრანზეგი “აჭარისწყალ ჯორჯიას” მმართველი საბჭოს წევრიც გახდა.    

Clean Energy Invest ფლობს PLLC Adjaristsqali Netherlands B.V-ს 40 პროცენტს.  PLLC Adjaristsqali Netherlands B.V კი – “აჭარისწყალ ჯორჯიას” 100 პროცენტს.  

კომპანია Clean Energy Invest AS-ის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიორნ ბრანზეგი არ იყო კომპანიის მეწილე. ბრანზეგი Clean Energy Invest AS-ს  2,1 პროცენტის მფლობელი 2014 წელს გახდა.  ერთი აქციის ღირებულება 2014 წელს 100 ნორვეგიული კრონა იყო (29 ლარამდე).  

გარდაცვლილი მუშების საქმე 

აჭარაში ჰესის მშენებლობის დროს დაღუპული პაატა იაკობიძის და აჰმედ ჩაქმაქის საქმეს აჭარის პროკურატურა იძიებს.  საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.  

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა ჩიჩუას თქმით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელის ეხება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას,  რომელსაც მოჰყვება ადამიანის სისცოცხლის მოსპობა.

ქართული კანონმდებლობით, ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

შპს “აჭარისწყალი ჯორჯია” ამბობს, რომ მუშები არა მათი, არამედ “აგე ბათუმის” კონტრაქტორები იყვნენ. კითხვაზე, როცა მათი ქვეკონტრაქტორი კომპანია არღვევს უსაფრთოების ნორმებს, რა ზომებს იღებენ, “აჭარისწყალ ჯორჯიაში” ასე გვიპასუხეს:

“აგე ბათუმი ‘აჭარისწყალი ჯორჯიას’ ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, ცხადია და ეს გარკვეული პასუხისმგებლობებს აკისრებს, მაგრამ ‘აგე ბათუმი’ საქართველოშია დარეგისტრირებული და ქართული კანონმდებლობით ხელმძღვანელობს.  შესაბამისად, მისი საქმიანობა ქართული კანონმდებლობით რეგულირდება”, – ნათქვამია კომპანიის წერილობით პასუხში.

შპს “აგე ბათუმის” იურისტი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ გამოძიება ამჟამად ელოდება ბოლო, სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის პასუხს, რომელიც გამოძიებისთვის საჭირო 5-6 სხვადასხვა სახის ექსპერტიზიდან ერთ-ერთია.

ამწე კრანი

ფოტო გადაღებულია უბედური შემთხვევის ადგილას, 2015 წლის 18 აპრილს . ფოტო ეკუთვნის ლევან გურგენიძეს

ბოლქვაძის თქმით, უბედური შემთხვევის დროს სამი მუშა ბეტონის საყრდენზე მიმაგრებულ პლატფორმაზე იდგა.  ამწე კრანს პლატფორმა ჩამოჰქონდა. ამ დროს, პლატროფრმა, სადაც მუშები იდგნენ, ჩავარდა. ორი მუშა გარდაიცვალა და ერთი დაშავდა.

იურისტის თქმით,  რომ ისინი ბოლო ექსპერტიზის პასუხს ამ თვის ბოლოს მიიღებენ.

პაატა იაკობიძის ცოლის, ირინა ცერცვაძის თქმით, მის ქმარს თერთმეტსაათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, რომელიც დილის შვიდ საათზე იწყებოდა და საღამოს ექვს საათზე სრულდებოდა. ცერცვაძის თქმით, უბედური შემთხვევა დაახლოებით ექვსი საათიდან შვიდის ნახევრის შუალედში უნდა მომხდარიყო.   

წესით, უსაფრთხების სამსახურს უნდა შეემოწმებინა, კრანი იმ სიმძიმეს აიტანდა თუ ვერა”, – ამბობს ირინა ცერცვაძე, რომელსაც მესამე შვილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა.    

 

 

One thought on “აჭარისწყალი: გაუმჭვირვალე კონკურსი – შანსი გამოუცდელი კომპანიისთვის

  1. დავაბრუნოთ ბიორნი ენერგეტიკის სამინისტროში და შეწყდება ინვესტიციების შემცირების ტრენდი ენერგეტიკაში…
    არა, ვთხოვოთ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატში აიყვანონ ბიორნი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *