შეუფასებელი ბალნეოლოგიური კურორტის გასაჭირი

სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს ყიდის. კომპანიის 100%-ს სახელმწიფო ფლობს, დირექტორი კი 2000 წლიდან მოყოლებული ნიკოლოზ სააკაშვილია. კურორტის შენობა და ტერიტორია იმ გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში მოხვდა, რომელთა გასხვისებით ლარი და ქართული ეკონომიკა უნდა გამყარდეს.

შპს „თბილისი-SPA”-ში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული. 2014 წელს კი კომპანიის შემოსავალი  620 ათას ლარზე მეტი იყო.

ნიკოლოზ სააკაშვილი, ბალნეოლოგიური კურორტის, „თბილისი-SPA”-ს დირექტორი ამბობს, რომ კომპანია მომგებიანია, სრულიად ფარავს საკუთარ ხარჯებს და სახელმწიფო ბიუჯეტშიც დროულად რიცხავს თანხას, ამიტომ, მისი გასხვისების საფუძველი არ არსებობს.

12180935_1219144331448737_2134172532_o„ჩემი დირექტორად დანიშვნის პერიოდში, შევარდნაძის მთავრობასაც უნდოდა ამ შენობის გაყიდვა, მაგრამ ბევრი ვიბრძოლე და არ დავანებე. მე მქონდა შანსი, რომ დამესაკუთრებინა კომპანია, მაგრამ ეს შეგნებულად არ გავაკეთე. ახლა ინვესტორები ისე მოჰყავთ არც კი მაფრთხილებენ. მე კითხვას ვუსვამდი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რატომ გვყიდიან. მოგვიანებით პერსონალმაც გაუგზავნა მათ წერილი, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.“

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ „გამოხატულია ინვესტორთა საკმაოდ მაღალი ინტერესი დასახელებული ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, აღნიშნულის გათვალისწინებით  სააგენტო განიხილავს მისი პრივატიზების საკითხს.“

სააგენტომ კომპანიის გაყიდვის შესახებ 2015 წლის 25 თებერვალს განაცხადა, თუმცა გასაყიდი ფასი ჯერ კიდევ არ იცის. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ხათუნა ტეტუნაშვილის თქმით, მიმდინარეობს კომპანიის აუდიტორული შემომწება და ამ პროცესის დასრულების სავარაუდო თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

შპს „თბილისი-SPA” ძველი თბილისის რაიონში, ვ. გორგასლის12194358_1219144318115405_10806251_o №9-ში 10,469 კვ.მ.-ზე მდებარეობს. შენობა-ნაგებობების ფართი კი 3,988 კვ.მ.-ა. სახელმწიფომ კომპანიის საბალანსო ღირებულებად ამჟამად 965,325 ლარი მიიჩნია. ამ ციფრით თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ 1 კვ.მ. მიწის ღირებულება (შენობის ფართის ჩათვლის გარეშე) 92 ლარია, მაშინ, როცა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მონაცემებით ამავე ზონაში მიწის ნორმატიული ფასი 170 ლარია.

სააკაშვილი კი ამბობს, რომ კომპანიის საბალანსო ღირებულების (საწესდებო კაპიტალის) გაზრდა შეგნებულად არ ხდება, რადგან სახელმწიფო კომპანიის მიყიდვას მათთვის სასურველი კანდიდატისთვის დაბალ ფასად აპირებს. „გავხსენით ახალი განყოფილება და მივმართეთ სააგენტოს, რომ შეეცვალათ საწესდებო კაპიტალის ოდენობა, მაგრამ არ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. ახალ განყოფილებაში ახალი დანადგარებია, რომელთა საბაზრო ღირებულება საკმაოდ მაღალია და ეს საწესდებო კაპიტალს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.“

სააკშვილის თქმით, მას ჰპირდებიან, რომ კომპანიის გაყიდვის შემდეგაც დირექტორის თანამდებობას შეინარჩუნებს. „მე ძალიან კარგად ვიცი აქ რაც მოხდება თუ კომპანიას სახელმწიფო გაყიდის. ინვესტორი მოვა, 6-8 თვე ამუშავებს აქაურობას, მერე ან სასტუმროდ გადააკეთებს, ან ჩვენს მიერ შეთავაზებულ სამედიცინო მომსახურებას იმდენად მაღალ ფასს დაადებს, რომ საშუალო ფენის ხალხისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. დღეს ჩვენთან ნებისმიერი მომსახურების ფასი, რასაც ბალნეოლოგიური კურორტი სთავაზობს მოსახლეობას (ბალნეოთერაპია, კლიმატოთერაპია, ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი, სამედიცინო გამოკვლევები, სადიაგნოსტიკო საქმიანობა) გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა კლინიკებში.“

სააკაშვილმა ინტერვიუს დროს გადმოგვცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები. იგი, როგორც კომპანიის დირექტორი კომპანიის ერთადერთ მფლობელს, სახელმწიფოს 2015 წლის მაისში სთხოვდა ნება დაერთოთ მიუსაფარ ბავშვთა ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის გასახსნელად იაპონიის მთავრობიდან 90 000 აშშ დოლარი გრანტის სახით მიეღო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე სისაურმა ამ წერილს უარით უპასუხა იმ მოტივით, რომ კომპანია საპრივატიზებო საგანთა ნუსხაში იმყოფება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *