სახელმწიფო როგორც წინაღობა

სამშენებლო კომპანია, რომელიც წლების მანძილზე ფინანსურად მომგებიანი იყო, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ გაკოტრდა.
შპს “იუნიორმშენი” 1997 წელს ოთხმა კერძო პირმა (ჯამში 40%) და სახელმწიფომ (60%) დააფუძნეს. კომპანია დაარსებიდან მშენებლობის სფეროში მოღვაწეობდა და სხვადასხვა შეკვეთებს ასრულებდა. კომპანიის დაფუძნების იდეის ავტორი ოლეგ სადუნიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა და მისი წილი (10.3%) მემკვიდრეს, ნანა სადუნიშვილს გადაეცა. კომპანიის დირექტორი კი მისი ძმა, გურამ სადუნიშვილი გახდა. კომპანიის დანარჩენმა მფლობელებმა თემირ კუპატაძემ (9.9%), ლევან დონაძემ (9.9%) და გელა ძინძიბაძემ (9.9%) თავიანთი წილი ნანა სადუნიშვილს აჩუქეს, თუმცა დღემდე საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ისინი კომპანიის წილის თანამფლობელები არიან.
კომპანია 2007 წლის ჩათვლით ფინანსურად აქტიური და მომგებიანი იყო. მხოლოდ 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 20 ათას ლარამდე თანხა შეიტანა. კომპანიის ბალანსზე დღეისთვის თბილისში, გორგასლის შესახვევ №5-ში მდებარე 1222 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ირიცხება.
კომპანიის ისტორიაში მოვლენები შემდეგი ქრონოლოგიით ვითარდებოდა:
  • პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 1999 წელს მიღებული ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უნდა მოემზადებინა იმ კომპანიების ნუსხმა, რომელთა წილის გასხვისებაც შესაძლებელი იყო. ამის საფუძველზე, 2006 წლის დეკემბერში სახელმწიფომ ოფიციალურად გამოთქვა შპს „იუნიორმშენში“ საკუთარი წილის გასხვისების სურვილი და „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ რამდენიმე წერილით მიმართა კერძო მფლობელებს, მოემზადებინათ კომპანიის პრივატიზებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. საწარმოს დირექტორმა შესაბამისი მასალები სააგენტოს წარუდგინა.
  • 2008 წლის აპრილში კომპანიის წილის მფლობელებს „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ წერილი მისწერა (მათ შორის ორი წლის წინ გარდაცვლილ მეპატრონეს), სადაც აცნობებდა პარტნიორთა კრების გამართვის შესახებ. სახელმწიფოს წარმომადგენლებს განეზრახათ საწარმოს კაპიტალის გაზრდა, რაც გამოიწვევდა სახელმწიფოს წილის ზრდას და ფიზიკური პირების წილის კლებას. ამ იდეას კერძო მფლობელებმა მხარი არ დაუჭირეს და კომპანიის ბალანსი კვლავ უცვლელი დარჩა;
  • 2008 წლის ივნისში სახელმწიფოს ინიციატივით ჩატარდა პარტნიორთა კრება, რომელსაც 5 პარტნიორიდან მხოლოდ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ წარმომადგენელი ესწრებოდა. კრებაზე გაათავისუფლეს დირექტორი, გარდაცვლილი დამფუძნებელის ძმა, გურამ სადუნიშვილი.
  • მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, გურამ სადუნიშვილმა „სახელმწიფო ხაზინის“ ანგარიშზე (სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე) 2008 წელს 1 761 ლარი შეიტანა;
  • 2008 წლიდან კომპანიის საქმიანობა შეჩერებულია და იგი მხოლოდ ფურცელზე არსებობს;
  • 2009 წლისა და 2010 წლის მარტში კომპანიის კერძო მესაკუთრეებმა წერილის მისწერეს ეკონომიკის მინისტრს, სადაც ითხოვდნენ სახელმწიფოს მათთვის ეცნობებინა სახელმწიფოს კუთვნილი წილის გასხვისების ფორმისა და ფასის შესახებ, რათა მისი შეძენის საშუალება ჰქონოდათ. ორივე წერილზე მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხათ, რომ ობიექტის საპრივატიზებოდ გამოცხადების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება სამინისტროს ვებ-გვერდსა და გაზეთ „მესაკუთრეში“ შეეძლოთ;
  • იგივე თხოვნით კერძო მფლობელებმა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 20013 წლის მაისშიც მიმართეს, თუმცა ამ წერილზე პასუხიც არ მიუღიათ.
გურამ სადუნიშვილის თქმით, სახელმწიფო ამ პირობებში კომპანიის ლიკვიდაციას ვერ მოახერხებს. „ახლა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შეუძლია გამოიტანოს სახელმწიფოს წილი საპრივატიზაციოდ, რასაც ჩვენ წლების მანძილზეა ვითხოვთ. სახელმწიფო წილის გასხვისება უნდოდა „საწარმოთა მართვის სააგენტოსაც,“ მაგრამ როცა საჭირო დოკუმენტები მიიღეს, მე გამათავისუფლეს დირექტორობიდან, საქმეს ჩამომაშორეს. მე არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა სახელმწიფოს, მაგრამ ფაქტია, რომ მომგებიანი საწარმო კი გაჩერდა და მისი ქონების ნაწილი განადგურდა. ფაქტობრივად, ახლა სახელმწიფოს კომპანიაში წილი აღარ აქვს, რადგან მე და ჩემმა ოჯახმა გადავიხადეთ ფული საკუთრების უფლების აღიარებისთვის იმ მიწაზე, რომელიც კომპანიის მთელ კაპიტალს შეადგენს. სახელმწიფოს ამისთვის ერთი თეთრი არ დაუხარჯავს და როცა წილს ითხოვს საწარმოდან, მაშინ ხარჯიც თანაბრად უნდა გაიყოს.“
სადუნიშვილი ამბობს, რომ მან ეკონომიკის მინისტრის სახელზე რამდენჯერმე დაწერა წერილი მისი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.  მისი თქმით, თუკი ისევ დირექტორი გახდება კომპანიის ბედი უფრო მალე გაირკვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *