სახელმწიფო ფლობს ქონებას, მაგრამ ვერ მართავს

კომისია, რომელმაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიების მოგება უნდა გაანაწილოს 2011 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი 2015 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით კომისიის სხდომები უნდა ჩატარდეს რეგულარულად (სულ მცირე ყოველწლიურად).“
ამჟამად სახელმწიფო 314 კომპანიაში ფლობს წილს, რომელთაგან აქტიურია მხოლოდ 67. კომისიამ 2010 წელს 115 მლნ ლარი გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტსა და კომპანიების ანგარიშებს შორის. 2013 წელს კი მხოლოდ 585 ათასი, ანუ კომპანიების მოგებამ დაახლოებით 95%-თ იკლო. 2013 წლიდან კი დღემდე კომისიას არც ერთი სხდომა არ გაუმართავს.
წმინდა მოგების გამანაწილებელი კომისიის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინსიტროების მაღალჩინოსნები შედიან.  ორგანო 2004 წელს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.
ვინაიდან კომისიის თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრია, მის უწყებას ოფიციალური წერილით მივმართეთ ეცნობებინათ თუ რატომ ვერ ან არ ტარდებოდა სხდომები გასულ წლებში. პასუხად მოგვწერეს, რომ „სახელმწიფო მიდგომის გათვალისწინებით და ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკიდან გამომდინარე, აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს საწარმოების წმინდა მოგებიდან დივიდენდების სახით თანხების წამოღება. პრიორიტეტულად მიჩნეულია აღნიშნული თანხების საწარმოების განკარგულებაში დატოვება, მათი ეკონომიკური სტიმულირებისა და აქტივობის წახალისების მიზნით, რაც შემდგომ უფრო მეტ ეფექტს მოიტანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. რაც შეეხება 2016 წელს, ზემოთ აღნიშნული კომისიის სხდომის ჩატარება დაიგეგმება საჭიროებიდან გამომდინარე.“
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში კი ხაზგასმულია, რომ კომისია დროულად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას თანხების განკარგვაზე. მათი გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების მოგება ვერც ბიუჯეტში მიიმართება და ვერც კომპანიები გამოიყენებენ. ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია ფაქტი, როცა კომისიამ 2011 წლის მოგების განაწილების შესახებ 2013 წელს იმსჯელა და ამის გამო 2012 წელს თანხები გაყინული იყო.
დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში 10,158 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საერთო ხელფასი (კომპანიების შემოსავლებიდან გადახდილი) 2014 წელს 65 მლნ ლარზე მეტი იყო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილის თანახმად, მათ არ აქვთ წინა წლების ხელფასების შესახებ ინფორმაცია, რადგან საწარმოებისგან სრულყოფილ ანგარიშს ვერ იღებდნენ.
***
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 1990-ანი წლებიდან მოყოლებული 2012 წლამდე ფუძნდებოდა ქვეყნისთვის სტრატეგიულად ნაკლები მნიშვნელობის მქონე კომპანიები, რადგან საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა და დღემდე არ აქვს განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო ფლობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) წილს.
„სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, მსგავსი ტიპის საწარმოები უნდა დაფუძნდეს იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფოს მიზანია საზოგადოებას შესთავაზოს განსაკუთრებული სერვისი ან პროდუქცია, დაარეგულიროს ან წაახალისოს ბაზარი. საქართველოში კი ფუძნდებოდა ისეთი საწარმოები, „რომლებსაც სახელმწიფოსთვის არც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ, არც ბაზრის სტიმულირება შეეძლოთ და არც სხვა რაიმე ზემოთჩამოთვლილი მოტივით იყო მიზანშეწონილი.“
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სამართავად 2012 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შეიქმნა. ამ დროისთვის 1129 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო არსებობდა. 2012 წლიდან მათი ლიკვიდაცია და რეოგრანიზაცია დაიწყო, შედეგად დღეისთვის საერთო ჯამში სახელმწიფოს (2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით) წილი აქვს 314 კომპანიაში. ათი ყველაზე მომგებიანი კომპანია სამართავად სს „საპარტნიორო ფონდს“ აქვს გადაცემული. ფონდი მთავრობის განკარგულებით შეიქმნა ინვესტიციების მოსაზიდად და სხვადასხვა სფეროში პროექტების დასაფინანსებლად. ამჟამად ფონდი განაგებს ისეთი კომპანიების მოგებას, როგორიცაა შპს „საქართველოს რკინიგზა,“ სს „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია,“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამჟამად მართავს 281 საწარმოს, დანარჩენები კი სხვადასხვა სამინისტროებსა და კერძო ინვესტორებს აქვთ გადაცემული.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საწარმოთა მართვის პროცესის გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა, მას ურთიერთობის პრობლემა აქვს როგორც კომპანიებთან, ისე სახელმწიფო ორგანოებთან. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამინისტროები დროულად არ აწვდიან ინფორმაციას სააგენტოს მათ დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების საქმიანობის შესახებ. ამასთან ერთად, სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების შესახებაც, რაც აფერხებს კომპანიებში წარმოქმნილი პრობლემების დროულად გამოვლენასა და გადაჭრას.
ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის პრობლემის საჩვენებლად აუდიტის ანგარიშში მოყვანილია შპს „თუშეთგზის“ მაგალითი. კომპანია, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით არ ფუნქციონირებს, სახელმწიფოს მიერ 2014 წელს გამოცხადებულ ხუთ ტენდერში მონაწილეობდა და რამდენიმე მოიგო კიდეც.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კითხვაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს მათი უწყება კომპანიებთან და სახელმწიფო ორგანოებთან სათანადო ურთიერთობას და ინფორმაციის დროულად მოპოვებას შემდეგით უპასუხა: „სააგენტომ სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგის მიზნით რეპორტინგის სისტემა დანერგა. კერძოდ, მონაცემთა შეგროვების ფორმის მეშვეობით ხორციელდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში მყოფ საწარმოთა მონიტორინგი და ფინანსური ინფორმაციის სისტემატიზება.“
თუმცა, აუდიტის ანგარიშში ისიცაა ნათქვამი, რომ სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა დახვეწოს რეპორტინგის სისტემა, ვინაიდან ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს.
აუდიტის სამსახური სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკითხს 2012-2014 წლებში სწავლობდა. კვლევამ რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოავლინა:
  • სახელმწიფოს არ აქვს ნათელი და ორგანიზებული პოლიტიკა ამგვარი კომპანიების სამართავად;
  • სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების მართვის სისტემა დეცენტრალიზებულია, კომპანიებისგან ინფორმაციის მიღების სისტემა არ არის მოწესრიგებული; ამასთან ერთად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ აქვს მონაცემტა ერთიანი ბაზა, სადაც ყველა კომპანიის შესახებ ექნებათ ინფორმაცია. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ სააგენტომ საერთოდ არ იცოდა 75 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს არსებობის შესახებ;
  • სააგენტოს არ აქვს დანერგილი ქმედითი სისტემა საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დროულად მისაღებად.
როგორც ჩანს, სააგენტოს დღემდე არ აქვს საწარმოების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  (2015 წლის ნოემბერი) სააგენტო 202 საწარმოს მართავს. რეალურად კი ეს ციფრი 281-ა. 2015 წლის მაისში ჩვენ სააგენტოდან გამოვითხოვეთ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ნუსხა, სადაც მოცემული იყო 326 კომპანია. 2015 წლის ოქტომბერში ჩვენ კომპანიები საჯარო რეესტრის ბაზაში შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ მაისის შემდეგ მხოლოდ 45 კომპანიაა ლიკვიდირებული, რეორგანიზებული ან გაკოტრებული, რაც ნიშნავს, რომ სააგენტოს ბაზაში 202-ს ნაცვლად 281 კომპანია უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *