#აიფაქტი: თავდაცვის სამინისტრომ რუსეთუმე ლევან ვასაძის დის კომპანიისგან 129,800 ლარის ღირებულების ჩოხა-ახალუხი 18 მაისს გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.
სამინისტროს ჩოხების შესყიდვა უფრო ადრე, ნოემბერსა და თებერვალშიც უნდოდა. მაშინ ტენდერი გამოაცხადეს და მონაწილეობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა, შპს „სამოსელმა პირველმა“ და ინდმეწარმე გიორგი კალმახელიძემ. თებერვალში გამოცხადებული ტენდერი 14 მაისს შეწყდა, რადგან გიორგი კალმახელიძემ საჩივარი შეიტანა. სატენდერო კომისიამ კალმახელიძის სარჩელი დააკმაყოფილა და შეწყვეტის ოქმში ისიც ითქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა პანდემიის პირობებში თანხა უფრო რაციონალურად გამოეყენებინათ.
4 დღეში კი თავდაცვის სამინისტრომ შპს „სამოსელი პირველთან“ პირდაპირ გააფორმა ხელშეკრულება, ტენდერის გარეშე. ისევ 80 ჩოხა შეიძინეს, ოღონდ თებერვალში თუ 112,900 ლარი უნდა გადაეხადათ, ახლა ფასმა 16,900 ლარით აიწია და 129,800 ლარი გახდა.