fbpx

რატომ არ გამოადგა მეღვინეებს სესხით აშენებული იყალთოს ქვევრის სახლი?

სესხით აშენებული იყალთოს ქვევრის სახლი და მისი პრობლემები

“ყოველ წელიწადს შეშინებული ვარ, ჯერ წყლით ვავსებ ქვევრს, ვერ ვენდობი ბოლომდე და ვტესტავ. მეც ბევრჯერ გამისკდა და ჩემს მეგობრებსაც… მევენახეები და ოჯახური მეღვინეობები ვისხედით და ველოდებოდით იყალთოს ქვევრის სკოლას. აი, როგორც იქნა, სტანდარტი დადგინდება, გამომწვარი ქვევრი იქნება… გვაჩვენეს ერთი რომ გამოიწვა და დამთავრდა თქვენი იყალთოს თავი-ბოლო,”- ამბობს კახელი მეღვინე მირიან ნიკოლაძე.

15 წლის წინ საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მარანი “მირიანული” გახსნა, სადაც ღვინოს ქვევრში ასხამდა და ქართულ ბაზარზე ყიდდა. თუმცა, ხარსხიანი და საიმედო ქვევრის პოვნა უჭირდა. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე ამ თიხის ჭურჭლის დამზადების სტანდარტი არ არსებობს. ზოგჯერ ისეთ უვარგისს ყიდულობენ, ღვინის ჩასხმამდე უტყდებათ.

ამიტომ, როგორც თვითონ გვითხრა, განაბული ელოდებოდა იყალთოში სკოლა-აკადემიის გახსნას, რომელიც ქართული მექვევრეობის საწყისი წერტილი იქნებოდა. თიხას შეშის ღუმელის ნაცვლად თანამედროვე ტექნოლოგიებით, გაზქურაზე გამოწვავდნენ და ამ საქმეს ახალგაზრდებსაც შეასწავლიდნენ. თუმცა, მეღვინეებს იმედი გაუცრუვდათ.

“ვიცოდით, რომ გრანტი იყო გამოყოფილი, სახსრები დაიხარჯა ამაზე და მერე არაფერი. გაზის ქურები იქნებოდა… გიხარია როცა უყურებ, 21-ე საუკუნეა და არ კარგავ 8 ათასწლოვან ტრადიციას. ბოლოს ხვდები, აქედან არაფერი გამოვიდა და როგორია?”- ამბობს მირიან ნიკოლაძე.

მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიის პრეზენტაციაზე
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი სკოლის გახსნაზე.
2016 წლის 23 სექტემბერი.
ფოტო: “იყალთოს ქვევრის სახლის” ფეისბუქი

იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო საზეიმოდ გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში და ამ ცერემონიით დაიწყო ქართული ღვინის კვირეულიც.

“როგორც მომლოცველთათვის იერუსალიმი არის სანატრელი ადგილი, ისე მევენახე-მეღვინეთათვის და სპეციალისტებისთვის, იყალთოს ხევი უნდა გახდეს მეორე იერუსალიმიო,”- იხსენებდა მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის სიტყვებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, 2016 წლის ოქტომბერში, “ტვ რელიგიას” ეთერში.

“ეს არის ის პროექტი, რომელიც დიდი ხანია ყველას ეოცნებებოდა…”- ეს სიტყვებიც ლევან დავითაშვილს ეკუთვნის. ამაში ტყუილი არაფერია, სანდო ქვევრებზე მეღვინეები ნამდვილად ოცნებობდნენ და ასეა ახლაც. სკოლა-აკადემია კი გაიხსნა, მაგრამ იქ გამომწვარ ჭურჭელში ღვინო ჯერ არავის ჩაუსხამს და არც ეს ხელობა შეუსწავლია ვინმეს.

ერთადერთი, რაც აქაურ ქვევრებზე გავიგეთ ისაა, რომ 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს გამოფენაზე „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, წარმოადგინეს იყალთოში გამომწვარი 2-ტონიანი ქვევრი, რომელიც ახლაც დგას საგამოფენო სახლის წინ.

სკოლას პროფესიული სასწავლებლის სტატუსი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა მიეღო, მაგრამ “განათლების ხარისხის მართვის ცენტრში” გვითხრეს, რომ “იყალთოს ქვევრის სახლი” პროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალში ახლაც არ არის.

იყალთოში ქვევრის სკოლამ თითქმის ერთი წელი იმუშავა, საცდელად გამოწვეს და გამოიფინეს რამდენიმე ერთეული ქვევრი, უმასპინძლეს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსს, 2017 წლის სექტემბრის მერე კი შენობა უფუნქციოდ დგას.

არადა, სკოლა-აკადემიის მშენებლობასა და აღჭურვაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 2,3 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკისგან ვისესხეთ, დანარჩენი ჩვენი ბიუჯეტის ფულია. ვალი კი დაფარულია, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად ჭკვიანურად დავხარჯეთ ეს ფული.

“…ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეისწავლიან არა მარტო ქვევრის დამზადების ტრადიციულ წესს, არამედ ძველი ქართული სასმისების და ღვინის ჭურჭლების დამზადების მეთოდებს. მსურველთათვის ჩატარდება სალექციო კურსები და პრაქტიკული მეცადინეობები,”- წერია სკოლის პროექტში, რომელიც 2014 წელს მომზადდა. ეს გეგმა სისრულეში ვერ მოვიდა.

გვითხარით, რომელ თემებზე გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” მეტი საგამოძიებო მასალა მოამზადოს? გადადით ბმულზე და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი საკითხები.

როგორ აშენდა “იყალთოს ქვევრის სახლი”?

იყალთოში ქვევრის სკოლა-აკადემიის აშენება მიტროპოლიტ აბბა ალავერდელის იდეა იყო. 2013 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ იდეის ხორცშესხმა გადაწყვიტა და სექტემბერში 50,000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ხელშეკრულება შპს “სტუდია-4”-ს გაუფორმეს

პროექტის მიხედვით, სკოლის მიზანი იყო ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიციის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივების დასაქმება, უბნის გამოცოცხლება და სოფელ იყალთოს განვითარება კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით.

იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემია
საცდელად გამომწვარი ქვევრები.
ფოტო: “ქვევრის სახლის” ფეისბუქი, 2017 წელი

“იყალთოს ქვევრის სახლისთვის” შეირჩა ჯამში 5,400 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყალთოს მონასტრის, წმინდა ნინოს და წმინდა სტეფანეს ტაძრებთან ახლოს. აქედან 1,500 კვ.მ ალავერდის ეპარქიას ეკუთვნოდა და 2014 წლის ივნისში თელავის მუნიციპალიტეტს აჩუქა.

რატომ გაიღეს ეს სიკეთე, გასაკვირი არ არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლა-აკადემია ეპარქიამ გახსნიდან ერთი წლის შემდეგ უზუფრუქტით მიიღო და შემოსავლების განკარგვის უფლება მოიპოვა.

სკოლის შენობის მოწყობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის იანვარში შპს “დაგი” დაიქირავა. კომპანიას 2,3 მილიონ ლარად ევალებოდა “იყალთოს ქვევრის სახლის” აგება და იქ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა. როდის და ვინ ჩაიბარა “დაგის” სამუშაოები, უცნობია. შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ატვირთული არ არის, მაგრამ ვიცით, რომ სკოლა 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.

პროექტის მიხედვით “იყალთოს ქვევრის სახლი” მოიცავს აგურით მოპირკეთებულ სამსართულიან შენობას, თიხის მოსამზადებელ და შესანახ საამქროს; ქვევრის საამქროს ვიტრინის კედლით, რომ სტუმარმა მუშაობის პროცესზე დავკვირვება შეძლოს; ღვინის სადეგუსტაციო დარბაზს, საგამოფენო სივრცეს, მუზეუმს, ბიბლიოთეკასა და ტერასას.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი იმასაც ამბობდა, “იყალთოს ქვევრის სახლში” ქართული ფაიფურის, მინანქრისა და საოქრომჭედლო სახელოსნოებიც იქნებაო.

საბოლოოდ, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის შენობა და მისი კეთილმოწყობა 2,6 მილიონი ლარი დაჯდა, თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი იტალიური ღუმელის შეძენა და მონტაჟი კი დამატებით 2 მილიონი ლარი.

ქვევრის ღუმელი იყალთოს ქვევრის სკოლაში
“იყალთოს ქვევრის სახლის” ღუმელი. ფოტო: ფეისბუქი

სკოლის გახსნიდან ერთ წელში ის ხელიდან ხელში გადავიდა. 2017 წლის 20 სექტემბერს საპატრიარქომ ქონების ეროვნულ სააგენტოს სთხოვა გადაეცათ თელავის მუნიციპალიტეტში, ეკლესია-მონასტრებთან ახლოს მდებარე ხუთი ობიექტი. მათ შორის იყო ქვევრის სკოლა.

თხოვნიდან ერთ თვეში კი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა მთავრობის განკარგულება, რომლითაც “იყალთოს ქვევრის სახლი” საპატრიარქოს 49-წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში საპატრიარქოს უფლება აქვს სკოლის ქონება და შემოსავლები განკარგოს.

საპატრიარქომ სკოლა სამართავად იდეის ავტორს, მიტროპოლიტ აბბა ალავერდელს გადააბარა. 2022 წელს კი “იყალთოს ქვევრის სახლის” მმართველი კომპანია “ბადაგონი” გახდა. როგორ, ამაზე ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით.

ვისთვის უნდა მოეტანა სიკეთე ქვევრის სკოლას?

საქართველოში მექვევრეობის ტრადიცია იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლია. უძველესი საღვინე ქვევრი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულში დაგვიმზადებია და მრეწველობის ეს დარგი დღემდე გრძელდება. ამჟამად ამ თიხის ჭურჭელს ოთხ რეგიონში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 50-მდე მექვევრე ამზადებს. მათი უმეტესობა კი იმერეთში მოღვაწეობს.

ტრადიციულ დარგს განვითარება და ხელის შეშველება სჭირდება, რომ თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხოს, ქვევრები ხარისხიანიც გამოვიდეს და ქართული მარნებისთვის სამყოფიც.

იყალთოს სკოლა-აკადემიას სწორედ დარგის გადამრჩენელის მისია უნდა ეტვირთა. ხელობას ახალბედა ოსტატები ისწავლიდნენ და ბაზარზე მეტი მექვევრე გამოჩნდებოდა. ეს ხსნა იქნებოდა მეღვინეებისთვის, რომლებიც ქვევრის ძიებაში დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ.

“ჩვენ ვისგანაც შევიძინეთ ქვევრები, უკვე გამოცდილი ოსტატები არიან ჭიათურაში, ტყემლოვანად. Ბევრი ვიფიქრეთ და სამთვიანი ძიების შემდეგ, რჩევა-რჩევით მივაკითხეთ ამ ადამიანებს… ხარისხიან ქვევრზე რიგი დგას. შეიძლება ერთი წელიც იყო რიგში. კრეფ ყურძენს, გინდა შექმნა პროდუქტი, ერთია გიყვარს საქმე და მეორე – ეს არის ბიზნესი. როცა ქვევრში ჩაასხამ წმინდა სითხეს და მერე შედეგით კმაყოფილი არ იქნები, ან საერთოდ აღარ დაგხვდება ქვევრში… ბუნებრივია, ეს კატასტროფა იქნებოდა,”- ამბობს სოფიო სამთელაძე.

ის ხვანჭკარაში, “ლომთაძეების მარნის” თანადამფუძნებელია. აქ ალექსანდროულს, წულუკიძის თეთრას და ცოლიკაურს ქვევრში 2017-2018 წლიდან ასხამენ.

italiuri ghumeli
იტალიური ღუმელის დატესტვა.
ფოტო: “იყალთოს ქვევრის სახლის” ფეისბუქი

აი, ფაქტთან” საუბარში მარნების მფლობელები ამბობენ, რომ არ არსებობს ქვევრის დამზადების სტანდარტი, ისევ ძველი, არქაული მეთოდებით წვავენ, შესაბამისად ნაკლებად მდგრადი და ხანგრძლივი გამოყენებისთვის უვარგისი ჭურჭლის ყიდვა უწევთ.

“ჩვენ რომ ვიცით 200-300-400 წლის ქვევრები რომ არსებობს, მაგდენი კი არა, შეიძლება 10 წელი ვერ გაძლოს… ტელევიზორში ვნახეთ, ერთი ქვევრი გამოიწვა. ვიფიქრეთ, მორჩა, დაიწყო რაღაც სტანდარტიზაციის პროცესი და დამთავრდა იქვე… ყველა კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი გეუბნება, რადგან ენდემური ჯიშები გაქვთ, ორიენტაცია უნდა აიღო ბუტიკური ღვინოებისკენ, ისწავლო და დაამზადო მცირეტირაჟიანი. ეს გინდა არ გინდა, ქვევრს უკავშირდება,”- გვითხრა მირიან ნიკოლაძემ, რომელსაც საგარეჯოში მარანი “მირიანული” აქვს.

მეღვინეებს არასაკმარისი რაოდენობის გარდა აწუხებთ ჭურჭლის ხარისხიც. კონკრეტულად კი მისი სისქე და გამოწვის მეთოდი. თელავში, სოფელ ვარდისუბანში “ჯაყელების მარნის” დამფუძნებელი ზაზა ჯაყელი გვეუბნება, რომ ცუდი ქვევრი კედლებზე იჩენს ფორებს, სადაც ბაქტერია ბუდობს და ღვინოსაც აფუჭებს.

“ქვევრს აკლია კარგი გამოწვა, რომელიც კუსტარულად უფრო ხდება, ვიდრე წესების დაცვით… ხშირად მიწევს ძველი ქვევრების ნახვა, უფრო სქელია იმათი კედლები, უფრო მყარი. როგორ ვთქვა ახლა, რომ 100 წლის წინ უკეთეს ქვევრებს აკეთებდნენ, ვიდრე დღეს? ამოუცნობია, მიკვირს ცოტა,”- გვითხრა ზაზა ჯაყელმა.

ის ქვევრის ღვინოს 2015 წლიდან აწარმოებს და უცხოეთის ბაზარზე 10-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს. ქვევრები მასაც ტყემლოვანაში აქვს შეძენილი, თუმცა ჭიათურიდან კახეთში ჩატანა გაუძნელდა. Ტრანსპორტირებისას ჭურჭელი შესაძლოა დაზიანდეს კიდეც. ამიტომ, ერჩივნა ქვევრი აქვე, კარის ყურეში ეყიდა. იყალთოს ქვევრის სახლი მისგან 10 წუთის სავალზეა.

ქვევრის მზადების პროცესი
სატესტო ქვევრის მზადების პროცესი, 2016 წლის დეკემბერი.
ფოტო: “იყალთოს ქვევრის სახლის” ფეისბუქი

ოცი წელია ქვევრის ღვინოებს აწარმოებს ზურაბ თოფურიძეც, “ბუნებრივი ღვინის ასოციაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩოხატაურში საოჯახო მარან “იბერიელის” მესაკუთრე. გვიყვება, რომ ფრთხილობს ცუდი ქვევრი არ იყიდოს და ამიტომ, თიხის გამოწვის პროცესს თავზე ადგას ხოლმე. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ უხარისხო ქვევრი კარგად არ ირეცხება და ამის გამო ღვინოც გაფუჭებია.

ზურაბ თოფურიძე ხუთი წლის წინ იყალთოს სკოლა-აკადემიაში ქვევრების შესათვალიერებლად ჩავიდა, მაგრამ შენობა უფუნქციო დახვდა.

“მეთუნეობის, ანუ მექვევრეობის სკოლა აუცილებელი და სასარგებლოა… ჩემი სურვილით მივედი, მაინტერესებდა როგორი ქვევრები ჰქონდათ და რომ ჰქონოდათ, ალბათ შევისყიდდი. დამხვდა კაცი და გამცა პასუხი, დღესდღეობით არ ვმუშაობთ და არ გვაქვს ქვევრებიო… “- ამბობს ზურაბ თოფურიძე.

ივანე ნარეკლიშვილს მარანი გურჯაანში, სოფელ ველისციხეში აქვს. ქვევრის ღვინოს მისი ოჯახის ხუთი თაობა აწარმოებდა და ამ საქმეს თვითონაც გაჰყვა. Მისი თქმით, ქართული ქვევრების მთავარი პრობლემა ისაა, რომ არასასურველი გამოწვის, თიხის და სილის არასწორი პროპორციების გამო ბზარები უჩნდება ან საერთოდ სკდება და მასში მოთავსებულ ღვინოს ზარალობენ. ბზარების დასაფარად კი ქვევრს თაფლის სანთელს უსვამენ. ნარეკლიშვილს ეს მიდგომა არ მოსწონს, რადგან ღვინო დუღილის პროცესში თიხას ვეღარ ეხება.

“თიხა არის ძალიან კარგი, მრავალი მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველი სტრუქტურისგან შექმნილი, ღვინის დუღილის და დავარგებისთვის ძალიან კარგი ჭურჭელი. როცა უხარისხობის გამო მაგას ვფარავთ თაფლის სანთლით, ჩავთვალოთ რომ ჭურჭელს ვუკარგავთ იმ ღირსებას, რისთვისაც არის შექმნილი საუკუნეების განმავლობაში,”- ამბობს მეღვინე ივანე ნარეკლიშვილი.

ქვევრის სკოლის შენობა იყალთოში
სკოლა-აკადემიის უფუნქციო შენობა იყალთოში.
ფოტო: “იყალთოს ქვევრის სახლის” ფეისბუქი

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე ჩვენი რესპონდენტი ყველა მეღვინე ამბობს, რომ იყალთოს ქვევრის სახლის გახსნას დიდი იმედებით ელოდნენ. მაგალითად, ივანე ნარეკლიშვილმა გვითხრა:

“ …რა თქმა უნდა, ველოდებოდით. ზოგადად, ქვევრის წარმოების ტექნოლოგიაში იყო ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდებოდით ყველა, როგორ იქმნება ქვევრი, რომ პრობლემები აღარ შეგვქმნოდა, არც ქვევრის მწარმოებელს და არც შემსყიდველს.”

“იყალთოს ქვევრის სახლში” ქვევრები რომ არ მზადდება და არ იყიდება, გავიგეთ. გვაინტერესებდა, ღვინოსთან დაკავშირებული სხვა რაიმე ღონისძიება ხომ არ ჰქონიათ და გავეცანით ქვევრის სკოლა-აკადემიის ფეისბუქ გვერდს. აღმოჩნდა, რომ შენობის მსგავსად ისიც უფუნქციოა. მარტივად გადათვალიერებითაც ჩანს, რომ 2017 წლის შემდეგ სკოლას არაფერი გაუკეთებია. 2020 წლამდე გვერდზე ზიარდებოდა სიუჟეტები ქვევრის ღვინის მწარმოებლების შესახებ.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს მსგავს თემებზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი

ვინ უნდა აამუშაოს ქვევრის სკოლა-აკადემია?

2016 წელს სკოლა-აკადემიის გახსნის შემდეგ მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი ამბობდა, ყველაფერი ზედმიწევნით შეიძლება არ ვიცოდეთ და გზადაგზა დავიხვეწებით, უფრო ნათელი გახდება სირთულეებიო. სკოლის მთავარ სირთულედ ის იქცა, რომ ვერ ამოქმედდა.

2016 წელს მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი კი ამბობდა, იყალთოს ქვევრის სახლი სულიერი და მატერიალური ოაზისი იქნებაო, მაგრამ აქაურობას ჯერ ამის პირი არ უჩანს.

ახლა სკოლა-აკადემიის ამუშავებაზე საპატრიარქოსთან ერთად ღვინის კომპანია “ბადაგონმაც” უნდა იზრუნოს. 2022 წლის თებერვალში მათ ალავერდის ეპარქიასთან და usaid-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

იყალთოს ქვევრის სკოლაზე მემორანდუმის გაფორმება
მემორანდუმის გაფორმება, 2022 წლის თებერვალი. ფოტო: spnews.io.
მარცხნიდან: მარკ მაკკორდი, გიორგი სალაყაია და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი

“ბადაგონმა” თავის თავზე აიღო იყალთოს ქვევრის სახლის მართვა, ინფრასტრუქტურული განვითარება და საინვესტიციო გეგმის შემუშავება, USAID კი მის ეკონომიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს გულისხმობს, რომ ბიზნესს დაეხმარებიან სამუშაო უნარებში დახელოვნებასა და საჯარო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობაში.

ალავერდელი მიტროპოლიტის და “ბადაგონის” პარტნიორობას კარგად გადგმული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ 2006 წელს ამ ღვინის კომპანიამ ალავერდის მონასტრის ისტორიული მარნის რესტავრაცია დააფინანსა და შემდეგ იქ თავისივე ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყო.

სქემამ მომავალშიც წარმატებით იმუშავა. მთავრობა პროექტებს ბიუჯეტიდან ან სესხად აღებული ფულით აფინანსებს, შემდეგ რამდენიმეწლიანი მართვის უფლებით საპატრიარქოს გადასცემს, ბოლოს კი ეს პროექტები “ბადაგონის” ხელში აღმოჩნდება.

მაგალითად ასე მოხდა 2019 წელს, როცა “მაწვნის სახლი”, რომელიც საპატრიარქოს საკუთრებაშია, სამართავად “ბადაგონს” გადაეცა. 2022 წელს კი “ქვევრის სახლთან” ერთად “ბადაგონის” ხელში გადავიდა “შუამთის კარიბჭის” ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრიც.

“ბადაგონმა” უნდა აამუშაოს წლების განმავლობაში უფუნქციოდ მყოფი სკოლა-აკადემია. სახელმწიფო კი ამ ამბავში განზე გადგა. მან თითქოს ხიდის ფუნქცია შეასრულა მსოფლიო ბანკსა და ალავერდის ეპარქიას შორის. შენობის ბედით კი აღარ დაინტერესებულა.

ქვევრის სკოლის პრეზენტაცია
“ქვევრის სკოლის” გახსნა, ფოტო:ფეისბუქი.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, ლევან დავითაშვილი, გიორგი სალაყაია და გელა სამხარაული

ამით ჩვენ დავინტერესდით, ალავერდის ეპარქიის წინამძღოლ მიტროპოლიტ აბბასთან დაკავშირებაც ვცადეთ.

მღვდელმთავარმა გვითხრა, მობილურით ინტერვიუებს არ ვწერო და გაგვითიშა. მეორე დღეს ხელახლა გადავურეკეთ, რომ ერთი კითხვა დაგვესვა, რატომ ვერ მოუნახეს ფუნქცია 5-მილიონიან სკოლას. მღვდელმთავარმა ამჯერად ჩვენს ზარსაც არ უპასუხა.

ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოსულა არც “ბადაგონის” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია. ღვინის კომპანიის სათაო ოფისში ოფიციალური წარმომადგენლის ან პრესსამსახურის ნომერი არ მოგვცეს. ინტერვიუს კითხვები მათ ელექტრონული ფოსტითაც გავუგზავნეთ და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გვიპასუხეს.

Მასალის გამოქვეყნებიდან ორ დღეში კომპანია “ბადაგონმა” მოგვწერა, ქვევრის სახლის მართვით იმიტომ დავინტერესდით, რომ წლების განმავლობაში უფუნქციოდ იდგა და გვინდოდა მისი ამოქმედება საკუთარ თავზე აგვეღოო. 

გვითხრეს, ქვევრების აშენებას და წვის სწავლებას, დაახლოებით, ერთ წელში დავიწყებთ, პროფესიული სასწავლებლის მინიჭების პროცესი კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვევრის აშენების და გამოწვის ტექნოლოგიის სტანდარტი დამტკიცდებაო. Როდის მოხდება ეს, არ უთქვამთ.

არც ის დაგვიკონკრეტეს, რა რაოდენობის ქვევრის დამზადებას გეგმავენ, ან რა ხანგრძლივობის იქნება აკადემიაში სწავლის პროცესი. არც ის მოგვწერეს, რა ბედი ეწია საცდელად გამომწვარ ქვევრებს.

“Ბადაგონის” თქმით, ეს ინფორმაციები კომერციული, ტექნოლოგიური და სამეწარმეო საიდუმლოებაა. Როგორც ჩანს, ალავერდის ეპარქიასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტებით ამაყობენ, მოგვწერეს: “ეს არის ყველაზე წარმატებული და ფართომასშტაბიანი კერძო ინვესტიცია, რომელიც აქამდე განხორციელებულა რეგიონშიო”, ამ პროექტების ინსპირირებაში აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ღვაწლს კი შეუფასებელს უწოდებენ.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ისკო დასენი
deputati isko daseni

ისკო დასენი

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share