fbpx
კლანური მმართველობა სასამართლოში

კლანური მმართველობა სასამართლოში

სასამართლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოსამართლეების პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე დგას. წესით, მოსამართლეებს ორი თვისების, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე უნდა ვირჩევდეთ. ასე წერია საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც.

თუმცა, კლანური მმართველობა სასამართლოში, იგივე სასამართლო კლანი კანონის უზენაესობას არ აღიარებს. 

როგორ მუშაობს სასამართლო კლანი?

როგორ მუშაობს სასამართლო კლანი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, უმაღლესი იუსტიციის საბჭოს ხელშია სამი მექანიზმი, რომლითაც ე.წ. სასამართლო კლანი მთელ სისტემას მართავს:

  • მოსამართლეების დანიშვნის ნეპოტისტური სისტემა, რომელზეც ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ;
  • სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა, რომელიც ასევე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე. სასამართლოს თავმჯდომარეები ზედამხედველობენ სასამართლოს აპარატისა და მოსამართლეების მუშაობას, შესაბამისად, მათ ზეგავლენის მოხდენის ბერკეტიც აქვთ;
  • დისციპლინარული სამართალწარმოება, რომელიც საბჭომ შეიძლება გამოიყენოს დამოუკიდებლად მოქმედი მოსამართლეების დასასჯელად. “იმის გათვალისწინებით, რომ სისტემაში მთავარი გამოწვევა გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურებაა, დისციპლინური სამართალწარმოება ყველა მოსამართლის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია,” – აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეები

ლევან მურუსიძე - მოსამართლე
https://hcoj.gov.ge – ის ფოტო

აშშ-ს მთავრობამ 5 აპრილს სანქციები დაუწესა ქვემოთ ჩამოთვლილ მოსამართლეებს:  

  • ლევან მურუსიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია 2022 წლის ოქტომბრიდან. სასამართლო სისტემაშია 2000 წლიდან. ის იყო სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეც.
  • მიხეილ ჩინჩალაძე – 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით. სასამართლო სისტემაშია 1999 წლიდან.
  • ირაკლი შენგელია – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2017-2021 წლებში. 2021 წლის ივლისიდან ჩინჩალაძის მოადგილეა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
  • ვალერიან ცერცვაძე – ყოფილი მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ “აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.”

ოთხ მოსამართლეს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი ელიტური კორუფციული საქმიანობის გამო. სანქციები შეეხოთ მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორი უნდა იყოს მოსამართლე?

სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, კეთილსინდისიერება პროფესიული სინდისით, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციით, ქცევით, დამოუკიდებლობით, მიუკერძოებლობით, სამართლიანობით და ფინანსური ვალდებულებებით ფასდება. კომპეტენტურობა კი სამართლის ნორმების ცოდნით, აკადემიური მიღწევებით, წერის, ზეპირი კომუნიკაციის და დასაბუთების უნარით.

როგორი უნდა იყოს მოსამართლე

ყოფილი მოსამართლეების თქმით, ვაკანსიები კი ცხადდება, მაგრამ კადრები წინასწარ ჰყავთ შერჩეული, იმის მიხედვით, ვინ უფრო კეთილგანწყობილი იქნება სასამართლოს მმართველი ჯგუფის, ე.წ. კლანის მიმართ. ამბობენ, რომ ხშირად კომპეტენტურ იურისტებს კონკურსზე განაცხადის შეტანის სურვილიც არ აქვთ, რადგან იციან, პროფესიულ თავისუფლებას არავინ დაჰპირდება:

“ეს ხომ რეალურად თავისუფალი სპეციალობაა და წარმოიდგინეთ, იმის შეთანხმებასაც რომ მოგთხოვენ, სასამართლოს არჩევნებში ხმა ვის მისცე, რაზე ამოიღო ხმა და რაზე არა. რა თქმა უნდა, ეს თავისუფალი პროფესიის მოყვარული ადამიანებისთვის სულაც არ არის მიმზიდველი,” – ამბობს “მოსამართლეთა ერთობის” დამფუძნებელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე.

მოსამართლეებს რომ მათი კვალიფიკაციის მიხედვით არ ირჩევენ, ამას თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც გვიდასტურებს. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა. ყოფილი მოსამართლის თქმით, სასამართლოში იშვიათად ხვდებიან ადვოკატები, თავისუფალი იურისტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ამის მიზეზი ის არის, რომ იმ პირებს, ვინც კადრებს საგულდაგულოდ არჩევს, სასამართლოში ნამუშევარი, მათთვის სასურველი და ერთგული კადრი ურჩევნიათ. ასეთების მისაღებად კი გასაუბრებაზე განსხვავებულ კითხვებსაც სვამენ.

“დანიშვნები ჩაბარებული აქვს ერთ ადამიანს, ის ერთი ადამიანი არის მიხეილ ჩინჩალაძე. მის გარეშე არაფერი ხდება, სასამართლო სისტემის რუხი კარდინალია. მათთვის სასურველი კანდიდატებისთვის სვამენ ჩვეულებრივ შეკითხვებს, რომელზეც თავისუფლად შეუძლიათ საუბარი, ხოლო არასასურველი კანდიდატებისთვის, აშკარად განსხვავებული შეკითხვებია, რთულად გასაცემი, ან შენს აზრს გეკითხებიან, მაგალითად, პოლიტიკაზე,” – ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

უფრო ვრცლად სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესსა და გამოვლენილ დარღვევებზე “აი, ფაქტის” გამოძიებიდან შეიტყობთ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო), ასევე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს. მოსამართლედ

გასამწესებლად (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) საკვალიფიკაციო გამოცდის

ჩაბარება, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა და მისი დამთავრებაა საჭირო.

სამივე ეს საფეხური მთლიანად საბჭოს ხელშია, რაც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, მას ფართო შესაძლებლობას აძლევს სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს თვითნებურად, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თანამდებობაზე გაამწესონ მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები.

მოგვიანებით ეს პირები ანგარიშვალდებულად იგრძნობენ თავს მათი მეურვეების მიმართ და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც დამკვეთს აწყობს. სწორედ ესაა კლანური მმართველობა სასამართლოში, რომელსაც დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ და რომლის გამოც ე.წ. კლანის მესვეურები აშშ-ს მთავრობამ დაასანქცირა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ახალი მოსამართლეების შესარჩევად სულ 18 კონკურსი ჩატარდა. ჯამში მოსამართლეობის სურვილი 1,157 კანდიდატს ჰქონდა. ყველაზე მეტი – 131 კანდიდატი 2016 წლის მაისში დარეგისტრირდა. ამის შემდეგ მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2021 წლის მარტში კი კონკურსზე მხოლოდ 17 განაცხადი იყო.

2013-2020 წლებში, კონკურსებში დარეგისტრირებული 904 კანდიდატიდან, დაინიშნა მხოლოდ 279 მოსამართლე. ყველა მათგანი მოქმედი/ყოფილი მოსამართლეები ან  იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები იყვნენ.

სასამართლო კლანი

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებზე კანდიდატებთან გასაუბრებები გამჭვირვალე პროცესია,  ვიდეოჩანაწერებს აკეთებენ და შემდეგ “იუთუბზეც” ტვირთავენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ხელს არ უშლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, კონკურსები ისე ჩაატაროს, როგორც უნდა. ნაზი ჯანეზაშვილი გვიყვება, რომ კლანის წევრები უსამართლო გადაწყვეტილებებს გამჭვირვალობის შემთხვევაშიც თამამად იღებენ.

“დამსწრეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და დააკვირდეს პროცესს ცოცხლად, მაგრამ შინაარსობრივად ეს არ ნიშნავს არაფერს. წლებია ასე ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. კლანური მმართველობა სასამართლოში უნდა დაიშალოს, ესაა გამოსავალი. პროცედურები იმისთვის გვჭირდება, რომ ამ ადამიანებს გავუზარდოთ ანგარიშვალდებულება.

მოხელეს, თანამდებობის პირს უნდა შერცხვეს ცუდი გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ეს ღიაა, ხალხი ხედავს. იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებს არ რცხვენიათ,” – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი  არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ყოფილი მოსამართლეები გვიდასტურებენ, რომ მოსამართლეების დაწინაურებისას მათ პირად შეხედულებებს, სასამართლოს ხელმძღვანელების მიმართ ლოიალურობას ითვალისწინებენ. კანონში კი სულ სხვა რამ წერია მოსამართლეთა კარიერული წინსვლის კრიტერიუმებზე.

“არ სრულდება ისინი, რაც წერია კანონში. თუ მოსწონხარ სათავეში მყოფ პირებს შენ დაწინაურდები, თორემ კვალიფიკაციას არავინ უყურებს. არის კონკურსები ჩვეულებრივ, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კონკურსში ბევრმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ აირჩეს,” – ანონიმურად ამბობს საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 60 მოსამართლე დაწინაურდა. ისინი რაიონული ან საქალაქო სასამართლოებიდან სააპელაციოში გადაიყვანეს და პირდაპირ, კონკურსის გარეშე დანიშნეს. ერთადერთი პირობა ისაა, რომ მოსამართლეს რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში, მინიმუმ, 5 წელი უნდა ემუშავა.

კლანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული მოსამართლეთა დაწინაურება ან თავიდან დანიშვნაც. ამაზე “აი, ფაქტი” დაწვრილებით ადრეც წერდა.

რატომ ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილებები?

ქართულ სასამართლოებში ცოტა მოსამართლე და ბევრი საქმეა. ამიტომ, მათ დროულად განხილვას თავს ვერ ართმევენ. პროცესები ჭიანურდება და მოქალაქეები განაჩენს წლობით ელოდებიან.

სასამართლო გადაწყვეტილებები ჭიანურდება

საია-ს იურისტი, გიორგი ანთაძე გვიყვება, რომ არ ჰქონია შემთხვევა, როცა საქმე დადგენილ ვადებში დასრულდა და არც კოლეგებისგან სმენია მსგავსი. ადვოკატის თქმით,  გაჭიანურების მიზეზად ყოველთვის უსახელებენ მოსამართლეების გადატვირთულობას.

მოსამართლეების დეფიციტი და სასამართლოს გადატვირთულობა  მოქალაქეებსაც აზარალებთ. იმდენი ხანი იცდიან ხოლმე, რომ ბოლოს აღარც აინტერესებთ, როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება.

“მაგალითად, თუ უკვე აშენდა ის, რაც გაპროტესტებული ჰქონდათ, თუ ბოლომდე აშენდა კორპუსი, ექსპლუატაციაში შევიდა, შიგნით უკვე მოქალაქეებიც ცხოვრობენ, იმ შენობას ხომ აღარ დაანგრევენ? უამრავია ასეთი შემთხვევა,”- ამბობს საია-ს იურისტი გიორგი ანთაძე.

სასამართლოების გადატვირთულობისა და ამ პროცესის თანმდევ გართულებებზე ვრცლად “აი, ფაქტის” გამოძიებაში წაიკითხავთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ არ/ზრუნავს ქუთაისის მდინარეების დასუფთავებაზე?
მდინარეების დასუფთავება - ქუთაისი

ვინ არ/ზრუნავს ქუთაისის მდინარეების დასუფთავებაზე?

რიონის და ოღასკურას სანაპიროები სტიქიურ ნაგავსაყრელადაა ქცეული

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share