fbpx
anania

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია

🔍 #აიფაქტი: მიტროპოლიტი ანანია მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიას ხელმძღვანელობს. ბერად 1979 წელს აღიკვეცა. 2001 წელს კი მიტროპოლიტობა ებოძა.

საეკლესიო სამართალი გვეუბნება: “საბერო და სამონაზვნე პირი შედგომის წინ დებს უქორწინებლობის, უპოვარების და მორჩილების აღთქმას, რომლის დარღვევა წარმოადგენს საეკლესიო დანაშაულს.”

უპოვარი არაფრის მქონეს ნიშნავს, რასაც მიტროპოლიტ ანანიაზე ვერ ვიტყვით. მან უძრავი ქონების სახით ბინები და მიწის ნაკვეთები ბერობისას დააგროვა. გამოდის, რომ დადებული უპოვარების აღთქმაც დაარღვია.

მეუფე ანანიას (ერისკაცობაში თენგიზ ჯაფარიძე) საკუთრებაშია:

1. 94 კვ.მ ბინა ავტოსადგომით დიღომში, “მწვანე ალმასის” კომპლექსში. ეს ქონება მიტროპოლიტმა 2019 წელს, 81 ათას აშშ დოლარად იყიდა.
2. 77 კვ.მ ბინა ვარკეთილში. მასში 2016 წელს 56,593 აშშ დოლარი გადაიხადა.
3. 114 კვ.მ ბინა თბილისში, ჰუალინგის ვაზისუბნის კომპლექსში, რომელიც 2014 წელს 80,000 აშშ დოლარად შეიძინა.
4. 58 კვ.მ ბინა და 16 კვ.მ ავტოსადგომი დიდუბეში, რომელიც 1994 წელს შეიძინა. ბინაში 40 მილიონი კუპონი (40 ლარი) გადაიხადა.
5. 11 კვ.მ საცხოვრებელი ფართი თბილისში, თოიძის ქუჩაზე, რომელიც ასევე 1994 წელს, 1.5 მილიონ კუპონად (1.5 ლარად) იყიდა.
6. მიტროპოლიტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებსაც ფლობს. მან 1000 კვ.მ მიწა დიღომში, ხეხილსანერგე მეურნეობაში 2003 წელს, 1000 ლარად შეიძინა.
7. მანგლისში 1520 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი 1997 წელს მანგლისის საკრებულომ გადასცა.

მეუფე ანანიამ 1999 წელს 49 წლის ვადით იჯარით აიღო 91.5 ჰა სათიბი მიწა თეთრიწყაროში, სოფელ ღოლოვანში. იჯარის თანხა ჩვენთვის უცნობია, რადგან საჯარო რეესტრმა შესაბამისი დოკუმენტები ორჯერ მოთხოვნის მიუხედავად არ გამოგვიგზავნა.

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს 4 არაკომერციულ ორგანიზაციას:

1. მანგლისისა და წალკის ეპარქიის განვითარების ფონდი;
2. კოდის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა;
3. წალკის წმინდა ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი;
4. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

მეუფე ანანია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. ის ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრას და ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, ობიექტური ისტორიის შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობს. მიტროპოლიტი ლექციებს კითხულობს სასულიერო აკადემიაში. ის ასევე საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს.

მიტროპოლიტი 2005 წლიდან რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრია.

მეუფე ანანია საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრია. ის სახელმწიფო ჯილდოს მფლობელიცაა. 2013 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მღვდელმთავარს ღირსების ორდენი გადასცა.

უძრავი ქონებისა და ორგანიზაციების ამსახველი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1zYjjxAXsdUof1CbeJxMUC9dL7LZle8-d?fbclid=IwAR2Mp7mzSt06ry-SBD1iIKy3U3s0hOqJeP-wt9jDpDwSMGbT5ecOdRoybBo

anania

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნეპოტიზმი “კანონის ფარგლებში”
sighnaghi graphic 1

ნეპოტიზმი “კანონის ფარგლებში”

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share