fbpx

მახუნცეთის თეატრი თავიდან გასაკეთებელია

მახუნცეთის თეატრი

ავტორები: ანა რობაქიძე და მარიამ გამზარდია

ქედაში, სოფელ მახუნცეთში ხუთი წლის წინ ღია თეატრი გაიხსნა, რომლის მოწყობაც ადგილობრივ ბიუჯეტს 169 ათასი ლარი დაუჯდა. სოფელში ათზე მეტ ადამიანს ვკითხეთ, თუ იცოდნენ სად იყო მათი სოფლის თეატრი და როგორ მივსულიყავით იქამდე. ადგილობრივები ჩვენს კითხვას კითხვითვე პასუხობდნენ – “სად აგვიშენეს თეატრი? რომელი თეატრი?” ზოგიერთმა ისიც გვითხრა, არ აუშენებიათო.

საზაფხულო თეატრად ჩაფიქრებული შენობა სოფელში ნამდვილად დგას – აწჰესის დასახლებაში. ქედის მერიამ მის მოწყობაზე ზრუნვა 2016 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, აქ თანამედროვე საესტრადო სცენა უნდა გაეკეთებინათ დამხმარე შენობებით, სცენის მიმდებარედ 150-200 მაყურებელზე გათვლილი საკმებით, პარკის ტერიტორიის გარე და დეკორატიული განათებითა და ფასადების დიზაინერული გაფორმებით. ამ პროექტის შექმნაში კომპანია “Arch-Style”-ს 4 ათასი ლარი გადაუხადეს.

მახუნცეთის თეატრის რენდერები
ფოტოზე მოცემულია, როგორი უნდა ყოფილიყო თეატრი პროექტის მიხედვით.

ფოტოზე, რომელიც მაისში გადავიღეთ, ხედავთ, როგორ გამოიყურება თეატრი დღეს. ადგილზე ღია ტიპის შენობა დაგვხვდა, წითელი თუნუქით დახურული, დაჯღაბნილი სალათისფერი კედლებითა და დაზიანებული სცენის ფიცრებით. ამფითეატრის იერსახე მიმსგავებულიც კი არ არის საპროექტოს ნახაზთან. აქ არ დაგხვდა არც 150-200 მაყურებელზე გათვლილი სკამები და არც გარე განათებები, რომლებიც თავდაპირველი პროექტით იყო გათვალისწინებული.

სოფელში ზოგიერთმა გვითხრა, თეატრის რა მოგახსენოთ და ბანქოს სათამაშოდ კი იყენებენ ბავშვები ამ ადგილსო.

მახუნცეთის თეატრი
ასე გამოიყურება საზაფხულო თეატრი ახლა

რომელმა კომპანიებმა “გააკეთეს” საზაფხულო თეატრი მახუნცეთში?

ქედის მერიამ საზაფხულო თეატრის მოსაწყობად თავიდან შპს “ახალშენი” დაიქირავა. მას შენობა ბოლომდე უნდა დაესრულებინა და მოეწყო. კომპანია სამუშაოს აჯანჯლებდა, ამიტომ მერიამ მას ხელშეკრულება 2018 წლის მარტში შეუწყვიტა. ამ ეტაპამდე სამუშაოებში გადახდილი იყო 133 ათასი ლარი, თუმცა კომპანიას კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შესრულებული არ ჰქონდა.

მაგალითად, არ დაუმონტაჟებია კარები, არ მოუპირკეთებია კიბის საფეხურები, არ შეუღებავს იატაკი და ჭერი, არ გააკეთა ლამინირებული იატაკი, არ მოაპირკეთა შენობის ფასადი და ა.შ.

ჯამში, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 32 ათას ლარს აღწევდა. ქედის მერიამ შპს “ახალშენს” 46 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დააკისრა, კომპანიამ კი მხოლოდ 18 ათასი ლარი გადაიხადა, 28 ათასი ლარი დღემდე გადაუხდელი აქვს.

მერიამ საზაფხულო თეატრის შენობის დასრულებაზე ხელი არ აიღო და შემდეგი ტენდერი 2018 წელსვე გამოაცხადა. მონაწილეობის სურვილი ხუთმა კომპანიამ გამოთქვა. ხელშეკრულება ყველაზე მაღალი ფასის მქონე შპს “ჯიჯი-13”-ს გაუფორმეს. დანარჩენ ოთხს კი მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

თუმცა, დაწუნების მიზეზი აქ სულ სხვა რამაა.

ჩვენ ერთ-ერთი დაწუნებული კომპანიის, შპს “მშენებელი 777-7”-ის დირექტორს, ბადრი ხარაბაძეს ამ ტენდერის შესახებ ვესაუბრეთ. “მე მოვიგე ეგ პროექტი, მაგრამ ქედაში მაცხოვრებელმა ადამიანმა მითხრა, ადამიანურად დამითმეო და მეც დავუთმე. ნაღდად არ ვიცი, ვინ იყო. მოვიგე, მაგრამ აღარ შემისრულებია, დისკვალიფიკაცია მომცეს სიტყვიერი, რადგან იმას დავუთმე. ეს იყო ადამიანური სათხოვარი. ვის დავუთმე ისიც არ ვიცი, არ მახსოვს,” – გვითხრა ხარაბაძემ.

გამარჯვებული კომპანიის, შპს “ჯიჯი-13”-ს წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფენ და მსგავს შემთხვევას გამორიცხავენ. ამ კომპანიას მერიამ 31,800-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. წესით, კომპანიას დაუსრულებელი სამუშაოები უნდა გაეკეთებინა და თეატრის შენობა ბოლომდე გაერემონტებინა.

მახუნცეთის თეატრის იატაკი
საზაფხულო თეატრის სცენა

კომპანიისთვის განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ შპს “ჯიჯის” ევალებოდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, შიდა კედლების შელესვა ცემენტის ხსნარით, ჭერებზე ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილების აკვრა ლითონის კარკასზე, ჭერების დამუშავება ფითხით და შეღებვა წყალემურსიული საღებავით, კიბის საფეხურების და ბაქნების მოპირკეთება ბაზალტის ფილებით, მაღალხარისხოვანი ლამინირებული იატაკების მოწყობა აქსესუარებით, გარე კედლების შელესვა და შეღებვა ფერდოების ჩათვლით და სხვა ელ.სამონტაჟო სამუშაოებიც. ანუ, ყველაფერი ის, რაც წინა კომპანიამ არ დაასრულა.

თეატრის დღევანდელი მდგომარეობითაც კარგად ჩანს, რომ შპს “ჯიჯი-13”-ს მიერ შესრულებული ეს სამუშაოები ხარისხით ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად ამისა, მერიამ კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 15 ივნისს გაუფორმა და მას შემდეგ მათთან პრეტენზიაც აღარ ჰქონია.

შპს “ჯიჯი-13”-ის დირექტორს, მანუჩარ ჯიჯავაძეს ქედაში შევხვდით. იგი 2019 წლიდან მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ “ქედის სასპორტო სკოლის” დირექტორია. ჯიჯავაძე ამ პოზიციას 2008-2014 წლებშიც იკავებდა.

მან გვითხრა, რომ კომპანია კი იყო მის სახელზე, მაგრამ სამუშაოებს თავად არ ასრულებდა. ”აკეთებდა ჩემი მეგობარი, გიორგი სოლომონიძე,” – გვიპასუხა ჯიჯავაძემ და გაკვირვებულმა იქეთ გვკითხა, ვინ გითხრათ თქვენ, მანუჩარი რომ აკეთებდაო.

მისგანვე გავიგეთ, რომ ხანდახან ჩადიოდა მახუნცეთის ამფითეატრში შესრულებული სამუშაოების სანახავად. არადა, ყველა მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერაა.

“იმიტომ აღარ ვარ მაგ სამშენებლო საქმეში ჩართული, რომ არც ჩემზე აისახებოდა კარგად და არც ჩახედული ვიყავი. ახლა, კი იცი… მეგობარი თუ მეგობარია, შპს-ს გაუხსნი, ანგარიშს მისცემ და მაგდენ ნდობას გამოუცხადებ,” – გვიპასუხა ჯიჯავაძემ და დააყოლა, მთელი ცხოვრება სპორტში ვარ, სპორტის უკეთ გამეგება, ვიდრე სამშენებლო საქმისო. მან ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა მისივე კომპანიის შესრულებულ სამუშაოებზე.

მახუნცეთის ამფითეატრის სამშენებლო სამუშაოებს, სინამდვილეში ორი ადამიანი ასრულებდა: რამაზ ბოლქვაძე და გიორგი სოლომონიძე. პასუხების მისაღებად სოლომონიძეს რომ დავუკავშირდით, გვითხრა, რა მახსოვს, ხუთი წლის წინ იყო, მაგის მერე ათასი საქმე ვაკეთეთო. ის კი ახსოვდა, რომ ყველაფერი გააკეთეს, რაც გათვალისწინებული იყო.

აქვე ისიც ვკითხეთ, რაში დასჭირდა მეგობრის სახელზე დარეგისტრირებული კომპანია. “მე არ მქონდა ფირმა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, პირველი ხომ არ ვარ, ასე აკეთებს, თითქმის, 90 პროცენტი,” – გვიპასუხა სოლომონიძემ.

ქედის ადგილობრივ თვითმმართველობას 16 მაისს ვესტუმრეთ. გვინდოდა, პირადად გავსაუბრებოდით როლანდ ბერიძეს, ვინც მიღება-ჩაბარებისს აქტებზე აწერდა ხელს. იგი თეატრის მშენებლობის დროს მერის პირველი მოადგილე იყო, 2021 წლიდან კი ქედის მერად აირჩიეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ინდირა გორგაძემ გვითხრა, რომ მერი ვერ შეგხვდებოდა ვერც იმავე და ვერც მეორე დღეს, რადგან დაკავებული იყო.

ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში როლანდ ბერიძემ დერეფანში გამოიარა, ვთხოვეთ, ხუთი წუთი დაეთმო, მაგრამ გვიპასუხა, რომ შეხვედრაზე აგვიანდებოდა. იქვე ისიც თქვა, რომ წერილობით უპასუხებდა ჩვენს კითხვებს, თუმცა დანაპირები არ შეასრულა. მაისში გაგზავნილ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სჭირდებოდა თუ არა მახუნცეთელებს თეატრი?

“მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხოელმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობა არაერთხელ მოინდომეს, სწორედ აქედან გაჩნდა საზაფხულო ამფითეატრის მოწყობის იდეა,” – ასე ამბობდა ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე “ბათუმელებისთვის”  2017 წელს მიცემულ ინტერვიუში.

თეატრის ინტერიერი
მაგიდა ბანქოს სათამაშოდ თეატრის სცენაზე

ამავე ინტერვიუში ბერიძემ ისიც თქვა, რომ ქედის მუნიციპალიტეტს წარმატებული ანსამბლები ჰყავს და ეს ანსამბლები კონცერტს ზაფხულში პერიოდულად, ყოველ კვირას გამართავენო.

სოფელში ყოფნისას ხალხს ვეკითხებოდით, რამდენად კმაყოფილები არიან და როგორ იყენებენ ამ თეატრის შენობას. უმეტესობა პასუხს თავს არიდებდა. ერთმანეთს თვალებით ანიშნებდნენ, რომ არაფერი ეთქვათ. ზოგიც ხუმრობით გვპასუხობდა, აღფრთოვანებულები ვართო.

მერე ვიფიქრეთ, რომ იქნებ, ის ადგილობრივი კულტურული გაერთიანებები მაინც მოგვეძებნა, ვინც ამ თეატრს ფუნქციურად იყენებდა. ქედაში მოქმედი ცეკვის ანსამბლის “ბეთლემის” ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ამ სცენაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონცერტი მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ ჩატარებული.

ამფითეატრი ქედის მუნიციპალიტეტმა შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს“ 2020 წელს გადასცა. ტურისტული ცენტრის დირექტორი რაულ ცინცაძეა. მას პირადად შევხვდით, გვითხრა, რომ თავდაპირველად, პანდემია უშლიდათ ხელს ღონისძიებების ჩატარებაში. 2022 წლის ზაფხულზე კი ხუთი კონცერტი გაიმართა ამ სცენაზე.

ცინცაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ამფითეატრის მოწყობა სურს, სადაც კარგი იატაკი ექნებათ მოცეკვავეებს. ასევე, სურს შენობას ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი. ამისთვის პროექტი კი არსებობს, მაგრამ ფინანსებია მოსაძიებელი.

მასალის გამოყენების პირობები

FNF

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რაში დახარჯა ქედის მერიამ 169 ათასი ლარი?
მახუნცეთი-თეატრი

რაში დახარჯა ქედის მერიამ 169 ათასი ლარი?

ადგილობრივებმა გვითხრეს, ბავშვები შენობაში ბანქოს თამაშობენო

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share