fbpx
iobi

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

🔍 #აიფაქტი: სინოდის წევრებში მიტროპოლიტი იობი ერთ-ერთია, ვინც ანტიდასავლური განწყობითაა ცნობილი. 2008 წლის სექტემბერში მისი ლოცვა-კურთხევით გამოცემული ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი წერდა, რომ აგვისტოს ომი და რუსეთის აგრესია სასჯელია ჩვენს ქმედებებზე. აქვე ვკითხულობთ ტექსტს: „უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა… იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად დასავლური ინტეგრაციის გზაზე?!”

მიტროპოლიტ იობის ეპარქიაში მთლად სულიერებას რომ ეკადრება, ისეთი ამბები არ ხდება. ასეთი შემთხვევა 2020 წლის აპრილში მოხდა, როცა ყინწვისის მონასტრის მსახური, მიტროპოლიტ იობის შვილობილი, მამა დავით აქიაშვილი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას ცეცხლი გაუხსნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით იობმა განაცხადა, რომ “გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი” და რომ სასულიერო პირებიც ისევე სვამენ, როგორც საერო პირები.

იობი საერო კანონზე უპირატესად ქრისტიანულ მოძღვრებას მიიჩნევს. მიტროპოლიტი ქადაგებისას მრევლს ეუბნებოდა, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა თუ ქრისტიანულ სწავლებაზე არ იქნება დამყარებული, მაშინ ხალხს ტექნოლოგიებითა და “ჩიპებით” გვმართავენ.

ქადაგება იხილეთ ამ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=zovybdyqgia

მიტროპოლიტი იობი და მისი ქონება

საჯარო რეესტრი გვიჩვენებს, რომ თავად იობი არც ქრისტიანულ კანონს იცავს. წესით, მას როგორც ბერად აღკვეცილს (1988 წელი), საკუთარ სახელზე ქონება არ უნდა ჰქონდეს. დღეს კი მასზეა რეგისტრირებული 20 ათასი კვ.მ. მიწა შენობა-ნაგებობებით და ერთი ბინა თბილისში:

1. 9,300 კვ.მ. ქარელში, სოფელ ელბაქიანთკარში 2009 და 2015 წლებში 2,000 ლარად შეიძინა;

2. 75 კვ.მ. ბინა თბილისში, ორთაჭალაში 2016 წელს 12,000 ლარად შეიძინა;

3. 2,280 კვ.მ. მიწა ურეკში 2016 წელს 500 ლარად შეიძინა;

4. 1,983 კვ.მ. მიწა ყაზბეგში, სოფელ სნოში 2017-2018 წლებში დათვალიერების ოქმების საფუძველზე მიიღო;

5. 6,500 კვ.მ. მიწა, ორი შენობით სამტრედიაში, სოფელ მელაურში 2019 წელს 15,000 დოლარად შეიძინა.

მიტროპოლიტი იობი ხელმძღვანელობს სამ არაკომერციულ ორგანიზაციას:

1. მაცხოვრის აღდგომის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი;
2. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ხაშურის სასულიერო გიმნაზია;
3. ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების აღორძინების კავშირი.

მიტროპოლიტს ცუდი ურთიერთობა არც სახელმწიფო სტრუქტურებთან აქვს. მისი რეზიდენციის მოსაწყობად სახელმწიფომ 2018 წლის მარტში ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე 7,000 კვ.მ.-ზე მეტი მიწა და მასზე არსებული 1,153 კვ.მ შენობა-ნაგებობა საპატრიარქოს აჩუქა.

მომდევნო წლებში კი ქარელის მერიამ მიტროპოლიტს შენობის შესარემონტებლად 250,000 ლარი გადასცა, მათ შორის 100,000 ლარი 2020 წლის დასაწყისში, როცა ქვეყანა პანდემიის გამო საგანგებო ვითარებაში უნდა ყოფილიყო.

04

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სამართალი იგვიანებს, დასაქმებულთა ჯანმრთელობა კი სამსახურს ეწირება
kharagauli mushebi

სამართალი იგვიანებს, დასაქმებულთა ჯანმრთელობა კი სამსახურს ეწირება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share