fbpx
ნიკეას ნაგავსაყრელი

რატომ არ იხურება ნიკეას ნაგავსაყრელი?

ავტორები: შორენა ლაღაძე და ანა რობაქიძე 

“ის დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, არ იარსებებს,”- ამბობდა ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამი წლის წინ. დისკომფორტი არ აწუხებთო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ქუთაისში, ე.წ ნიკეას ნაგავსაყრელის მახლობლად მცხოვრებლებზე. მათ წლებია უწევთ ნარჩენების გროვიდან წარმოქმნილი გაუსაძლისი სუნის ატანა.

ნიკეას ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი გაშლილია 15 ჰექტარზე და იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის ნაგავს იტევს. ნაგავსაყრელი კარგა ხნის დახურული უნდა იყოს, ანტისანიტარიის და გაუსაძლისი სუნის გამო. 

“თაობები გაიზარდა მაგ სუნში ,” “ქარში ვნიავდებით ცოტა,” “ახლა რომ დაცხება და ფანჯრებს გავაღებთ, შინ და გარეთ ერთი სუნი დგება,’’ “ღამე გარეთ გასასეირნებლად ვერ გავდივარ,”- ამბობენ ადგილობრივები. 

მათ გასაჭირს მოევლება მაშინ, როცა მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რვა წლის წინ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ახალ, ევროსტანდარტების შესაბამის ნაგავსაყრელს მოაწყობს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიხურება ნიკეას ქუჩაზე მდებარე ძველი პოლიგონი. 

ნიკეას ნაგავსაყრელი 25 აპრილის ფოტო 2023 წელი
ე.წ ნიკეას ნაგავსაყრელი, ფოტო გადაღებულია 2023 წლის 25 აპრილს

იმერეთის ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისიდან 25 კილომეტრში, დასახლებიდან 500 მეტრის მანძილზე 2014-2017 წლებში უნდა აეგოთ და ნიკეას მცხოვრებლებიც ამოისუნთქავდნენ. თუმცა, ნარჩენების მართვის კომპანიამ ნაგავსაყრელისთვის შესაფერისი ადგილი დროულად ვერ იპოვა, საქმე გაჭიანურდა და 2026 წლამდე გადავადდა. 

პროექტისთვის 27,6 მილიონი ევროა გამოყოფილი. ამ დროისთვის, მოსამზადებელ სამუშაოებზე დახარჯულია 5 მილიონი ევრო, მშენებლობა კი დაწყებულიც არ არის. წყალტუბოს სოფელ უკანეთში, ნაგავსაყრელისთვის შერჩეულ ადგილას რომ მივედით, მავთულბადით შემოსაზღვრული ტყე დაგვხვდა, ადგილზე კი ერთი მუშისთვისაც არ მოგვიკრავს თვალი. 

რატომ ვერ ეღირსა დღის შუქი ახალ ნაგავსაყრელს, როდემდე მოუწევთ ნარჩენების სუნში ყოფნა ნიკეას ქუჩის მოსახლეებს და როგორ ატყუებს ნარჩენების მართვის კომპანია ხალხს, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ. 

რა პრობლემები აქვს ე.წ ნიკეას ნაგავსაყრელს? 

ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე ნარჩენების პოლიგონი ექსპლუატაციაში 1959 წელს შევიდა, 30-წლიანი ვადით. მას შემდეგ ორჯერ 30 წელიც გავიდა, მაგრამ ნაგავსაყრელი ისევ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიგონს რეაბილიტაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარეს, მოაწესრიგეს ნაგვის გროვები და ქუჩა მიმოფანტული ნარჩენებისგან გაათავისუფლეს, უსიამოვნო სუნს არაფერი ეშველა.

მართალია, უშუალოდ პოლიგონის მოსაზღვრედ არავინ ცხოვრობს, მაგრამ სუნი ასეულობით მეტრის მოშორებით მდებარე კორპუსებამდეც აღწევს.

“ზამთარში იმდენად არ იგრძნობა, უფრო ზაფხულში მოდის. სადღაც 15 წუთი არის მძაფრი სუნი და მერე გაივლის ხოლმე. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე აშენდება ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა,”- გვითხრეს ნიკეას ქუჩიდან, ვინაობის გამხელის გარეშე.

“უკვე გაბჟენილი მაქვს ცხვირში ეგ სუნი და ვეღარც ვგრძნობ. გასული რომ ვარ ქალაქიდან, როგორც კი გადმოვდივარ ავტობანით ნიკეაზე, იმ წამსვე ვგრძნობ განსხვავებას და მერე უკვე ეჩვევა ცხვირი. მეცინება, მაგრამ სულ არ არის სასაცილო,”- გვითხრა ნიკეას ქუჩის კიდევ ერთმა მოსახლემ, კვლავ ანონიმურად დარჩენის პირობით. 

ზოგი მოქალაქე გვეუბნება, ახლა სიტუაცია გამოსწორებულია, წლების წინ უარეს დღეში ვიყავითო. თუმცა, გაუსაძლის სუნს ახლა მაინც გრძნობენ, განსაკუთრებით, თბილ სეზონებზე. 

“სხვაობა ისაა, ადრინდელივით ნისლში არ ეხვევა უბანი. სუნი ისეთი დგას, მართლა შეუძლებელია სუნთქვა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ და რამდენ ვინმესთან მაქვს ნასაუბრები, თუმცა უშედეგოდ. წარმოგიდგენიათ? ეს მყრალი, მომწამვლელი, მხუთავი სუნი არავის ბრალი არაა, არც მერიის, არც დასუფთავების სამსახურის, არც გარემოს დაცვის,”- ამბობს ასმათ ნიქაბაძე, რომელიც ე.წ ნიკეას პოლიგონთან მდებარე კორპუსში ცხოვრობს.

“საშინელება იყო ადრე, დაახლოებით 20-25 წლის წინ. ახლა, შედარებით შემცირებულია ცივ ამინდებში. ზაფხულში და ქარში მაინც იგრძნობა,”- გვითხრა ნიკეას მოსახლემ გულიკო ბენაშვილმა.

ნიკეას ნაგავსაყრელის დასუფთავება
ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია, 2018 წელი. ფოტო: “მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”

არადა, ნაგავსაყრელის პრობლემების მოგვარებაზე ნარჩენების მართვის კომპანიამ 2014-22 წლებში 4 მილიონ ლარამდე დახარჯა.

პრობლემებს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაც” აღიარებდა. 2013 წელს ოფიციალურ ვებგვერდზე წერდნენ, ნარჩენები ქაოსურად და უწესრიგოდ ყრია, 12-15 მეტრის სიმაღლეზე, გზაც ნაგვიანდება და მოსახლეობა სერიოზულად ზიანდებაო. ეს არასახარბიელო სიტუაცია რომ გამოესწორებინათ, პოლიგონზე ხელის შევლება გადაწყვიტეს და შპს “ლ.დ. იუნიონს” მისი კეთილმოწყობის პროექტი მოამზადებინეს. 

იმავე წელს, ამ პროექტის მიხედვით ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა შპს “კალასს” დაუკვეთეს. კომპანიას 999 ათას ლარად ხუთ თვეში უნდა დაესრულებინა ნაგავსაყრელის შემოღობვა, არხების მოშანდაკება, დაყრილი ნაგვის დამუშავება და იზოლირება, საავტომობილო სასწორის, მანქანების ფარდულის და სახანძრო ფარის მოწყობა. ხელშეკრულებაში შვიდი ცვლილება შევიდა და საბოლოოდ, კომპანია საქმეს თავდაპირველად დათქმულ დროზე ხუთი თვით გვიან მორჩა. 

გადავამოწმეთ, ეტყობა თუ არა ნიკეას ნაგავსაყრელს ამ სამუშაოების კვალი. ტერიტორია შემოღობილი ნამდვილად დაგვხვდა და ქუჩაში ნარჩენები მიმოფანტული არ იყო, თუმცა შიდა სივრცეში დასათვალიერებლად დაცვის სამსახურმა არ შეგვიშვა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე მიღება-ჩაბარების აქტები ატვირთული არ არის, რომ გაგვეგო, როდის და კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაიბარა ნარჩენების მართვის კომპანიამ. ვნახეთ მხოლოდ 2014 წლის სექტემბერში ატვირთული გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ნიშნავს, რომ შემსრულებელს საქმე გაკეთებულად ჩაუთვალეს.

2014 წელს ნიკეას ნაგავსაყრელს კიდევ 1,5 მილიონი ლარი დაახარჯეს. ამ თანხით “ინშაათ საქართველომ” გაამაგრა მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტი, რომ შიგნით ნაგავსაყრელის ნარჩენები არ მოხვედრილიყო.

ეს ძალისხმევა გაიღეს სიტუაციის დროებით გამოსასწორებლად. მთავრობის წარმომადგენლები არ უარყოფდნენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების საუკუნოვანი პოლიგონი დასახური იყო. 

ნიკეას ნაგავსაყრელის შესასვლელი ქუთაისში
ნიკეას ნაგავსაყრელის ღობე, ფოტო: 2023 წლის 25 აპრილი

2014 წელს ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გვიანონსებდა, ნიკეას პოლიგონს დავაკონსერვებთ, მალე ახალს ავაშენებთ და ამას ევროპული სტანდარტებით დავხურავთო. 

მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და მოგვიანებით ქუთაისის მერი შოთა მურღულია კი ამ ადგილას სკვერის გაშენებას გვპირდებოდა. ფაქტია, ეს მიმზიდველი დაპირება ფუჭი გამოდგა.

ნიკეას პოლიგონი ვერ გაუქმდება, ვიდრე არ აშენდება მისი საპირწონე – საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგიონული ნაგავსაყრელი. მის გახსნას, ჯერჯერობით, პირი არ უჩანს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც გვეუბნება, რომ საჭიროა ე.წ ნიკეას ნაგავსაყრელის შემცვლელი ობიექტი დროულად აიგოს.

“ნიკეას ნაგავსაყრელი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ცოტა ხანში ვეღარ მიიღებს ნარჩენებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რეგიონალური ნაგავსაყრელი იმერეთის მხარეში, რომელიც მიიღებს ამ ნარჩენებს. უნდა აშენდეს თანამედროვე პოლიგონი. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას კი გზშ სჭირდება, სხვანაირად არ შეიძლება,”- გვითხრა ნინო ჩხობაძემ. 

რამ დააგვიანა ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა? 

2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ავიღეთ ვალდებულება, რომ მოვაწესრიგებდით ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, მოვლა-პატრონობის და დახურვის პროცედურებს; მივიღებდით კანონს ნაგავსაყრელების კლასიფიცირების, მათი რეგისტრაციისა და კონტროლისთვის. 

ნარჩენების მართვის კოდექსი იმავე წლის დეკემბერში მივიღეთ, რაც ერთი შეხედვით წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა, რომ არა ჩვენი ქვეყნის სენი – ინფრასტრუქტურული პროექტების უსასრულოდ გაჭიანურება

ოპერირებამდე რომ მივიდეთ და კანონი აღვასრულოთ, ჯერ ობიექტი ხომ უნდა ავაშენოთ? იქამდე კი ჯერ შორია. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია არასახიფათო ნარჩენებისთვის ახალი ნაგავსაყრელის აგებას 2014 წლის შემდეგ გეგმავს და ჯერაც ვერ მოაბა თავი, რადგან შესაბამისი ადგილი ვერ შეარჩია. თუ რატომ, ამაზე ვრცლად  ქვემოთ მოგიყვებით. 

ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს პროექტის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა“ ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2013 წელს, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის საერთო ხელშეკრულებით.

საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ აეგო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 27,6 მილიონი ევროა. აქედან 20 მილიონი ევრო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან ვისესხეთ, 3,6 მილიონი ევრო ევროკავშირმა მოგვცა გრანტის სახით, ჩვენი ცენტრალური ბიუჯეტიდან კი 4 მლნ ევროს დავხარჯავთ.

ამ ეტაპზე, გერმანული ბანკის სესხიდან ათვისებულია 1,5 მილიონი, ხოლო ევროკავშირის გრანტიდან – 3,5 მილიონი ევრო. სესხის თანხებიდან მომზადდა გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვებისთვის საჭირო დოკუმენტები, შეირჩა საკონსულტაციო კომპანია და გაიმართა საჯარო განხილვები. თუმცა, ზუსტად რას მოხმარდა ევროკავშირის გრანტი, “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისგან” ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
მოგვწერეს, რომ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიში მოამზადა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია „erm gmbh“-მა ხოლო დაინტერესებულ პირებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის პროცესი წარმართა ასევე გერმანულმა კომპანია “pem gmbh”-მა.

ახალი ობიექტის პროექტი ქუთაისში
ახალი ობიექტის არეალი. ფოტო: “ნარჩენების მართვის კომპანია”

საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შერჩეულ კომპანიას, რომელსაც უშუალოდ სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, 1,8 მილიონი ევრო გადავუხადეთ. თუმცა, ადგილის შერჩევა რომ გაძნელდა და სამუშაოები გადაიდო, კონტრაქტორმა კომპანიამ, ფრანგულ-სლოვენიურმა კონსორციუმმა sade-riko-მ 1,3 მილიონი ევრო უკან დააბრუნა. ეს ფული ახლა პროექტის ანგარიშზეა განთავსებული. 

“ტერიტორიის ცვლილებიდან გამომდინარე, კონტრაქტორთან გაფორმდა ხელშეკრულების დამატება (ე.წ „შუალედური შეთანხმება“), რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და კონტრაქტორის მიერ დაბრუნებულ იქნა აუთვისებელი თანხა,”- მოგვწერეს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან.” რატომ არ დააბრუნა კომპანიამ თანხა სრულად და რა სამუშაოები გაწია მან ტერიტორიის ცვლილებამდე, არ უთქვამთ. 

მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები უცნობია,  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კონტრაქტის ასლის გამოგზავნაზე უარი გვითხრა, კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.

ვიცით, რომ ახალი ნაგავსაყრელს ქუთაისიდან 25 კილომეტრის რადიუსში ეძებდნენ, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის მოშორებით უნდა მოეწყოთ და წელს ექსპლუატაციაშიც შესულიყო. თუმცა, ჯერ სამშენებლო სამუშაოები არც კი დაწყებულა. პროცესი გაწელა იმან, რომ ნარჩენების მართვის კომპანიას გაუჭირდა ნაგავსაყრელისთვის ტერიტორიის შერჩევა. რატომ?

კომპანიამ ხალხთან კომუნიკაციისთვის არაკეთილსინდისიერი გზა არჩია. სოფლებში, სადაც ნაგავსაყრელის აგება დააპირეს, ადგილობრივები მოატყუეს, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას ვაშენებთ, რომელიც ზიანს არ მოგიტანთო. ამ სიცრუეს ხალხში უნდობლობა და პროტესტი მოჰყვა, ახალი სივრცის ძიებისთვის კი დამატებითი დრო დასჭირდათ.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს გარემოს დაცვის თემების გამოძიება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

როგორ არჩევდნენ ადგილს ნაგავსაყრელისთვის?

“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს-ია. ის 2012 წელს დაფუძნდა და მისიად აქვს ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტებით, არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების დახურვა და ახლების მშენებლობა. 

დაარსებიდან დღემდე ამ კომპანიას დახურული აქვს 23 ნაგავსაყრელი, რომლის სანაცვლოდაც თანამედროვე ობიექტები უნდა ააგონ. 

ახლა მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იმერეთში 5 ნაგავსაყრელს მართავს – ქუთაისში(ნიკეაზე), თერჯოლაში, სამტრედიაში, საჩხერესა და ტყიბულში. 

სამტრედიის ნაგავსაყრელი
სამტრედიის ნაგავსაყრელი
ფოტო: “ნარჩენების მართვის კომპანია”

ახალ 27-მილიონიან პროექტს რომ დღის შუქი ეღირსება, ყველა ეს ძველი ობიექტი დაიხურება. “მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ნაგავს მუნიციპალიტეტებში სათითაოდ შეაგროვებს, გადამტვირთავ სადგურებზე მიიტანს, იქ ნარჩენებს კონტეინერებში დაპრესავენ და ბოლოს ქუთაისის მახლობლად, ახალ ნაგავსაყრელზე წაიღებენ.

ეს მწყობრი და მოწესრიგებული სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ გეგმად რჩება, რადგან ახალი ნაგავსაყრელისთვის ადგილის შერჩევის პროცესი გართულდა. 

ხალხის პროტესტი ჭოგნარში

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი რეგიონული ნაგავსაყრელისთვის თავიდან 8 ლოკაციას განიხილავდა. გაითვალისწინეს, რომ ახლო-მახლოს არ უნდა ყოფილიყო დასახლება, დაცული ტერიტორიები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, აეროპორტი, სეისმურად აქტიური და მეწყერსაშიში მონაკვეთი, ზედაპირული წყლები, დატბორვის საფრთხის ქვეშ მყოფი ზონები ან გაზისა და წყლის მილსადენები. 

ამ კრიტერიუმების მიხედვით, თავდაპირველად, შეჯერდნენ თერჯოლის სოფელ ჭოგნარსა და გოდოგანს შორის მდებარე მიწაზე, ქუთაისიდან 5-6 კილომეტრში. 

სამინისტრომ ზუსტი ლოკაცია და საკადასტრო კოდი არ მოგვაწოდა. ადგილს ჩვენით მივაკვლიეთ და დავათვალიერეთ კიდეც. ტერიტორია დასახლებასთან ახლოსაა, E-60 ავტობანთან 250 მეტრის მანძილზე.

თუმცა, მიმდებარე სოფლების, გოდოგნის, ოდილაურისა და ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის აშენების წინააღმდეგი იყო. ამიტომ, მათი საპროტესტო აქციების შემდეგ ეს თემა დაიხურა. 

ჭოგნარის ნაგავსაყრელი
ნაგავსაყრელისთვის შერჩეული ლოკაცია სოფელ ჭოგნარში

ადგილობრივებს აწუხებდათ ნაგავსაყრელთან სიახლოვე და ეშინოდათ, რომ ნიკეას ქუჩის მცხოვრებლების ბედს გაიზიარებდნენ. ხედავდნენ საძოვრების და სასმელი წყლის დაკარგვის რისკსაც. 

“აგერაა მოსახლეობა და იქვეა ნაგვის საყრელი. ჯერ საბალახო ხო გვინდა? მერე იქ წყაროები გვაქვს ჩვენ… აღარც წყალი ივარგებს აქ და არაფერი,”- გვითხრა სოფელ ჭოგნარის მოსახლებ ვინაობის გამხელის გარეშე.

მათი შიშების გაქარწყლებაზე არავის უზრუნია. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ არ დააზარალებდათ თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი, გადაწყვიტა მათ გასაჩუმებლად ტყუილი ეთქვა. მოსახლეობას უთხრეს, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას ვაშენებთო. 

“საქმე საქმეზე რომ მიდგა უკვე და დოკუმენტაცია მოვითხოვეთ, არ გვაძლევდნენ, ხან რაღაც სხვა მოგვცეს. დოკუმენტში რაც ეწერა და სიტყვით რასაც გვეუბნებოდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა. სულ სხვა რაღაცა იყო დამტკიცებული და ზეპირად სხვა რამეს გვეუბნებოდნენ,”- გვითხრა ბერდია ცხადაბერიძემ, რომელიც ჭოგნარის მოსახლეობის პროტესტს მეთაურობდა.

ის ეჭვობს, რომ არც გეოლოგიური კვლევები არსებობს, რადგან ადგილის შესასწავლად ფიზიკურად ვერავინ მოვიდოდა. მაშინვე მოსახლეობის წინააღმდეგობას ეჩეხებოდნენ. ამიტომ, ფიქრობს, მოსახლეობას აჩვენეს არა ჭოგნარის, არამედ სულ სხვა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა. 

“აქ გეოლოგებს არ უმუშავიათ, ჩვენ არ მივეცით საშუალება. რამდენიც შევხედეთ, რომ ტრაქტორი შევიდა, ან რაღაცა ტექნიკა, ხალხი უცებ გამოვცვივდებოდით , წინ ვუდგებოდით და არ ვამუშავებდით. საერთოდ ერთი ბურღი არ დავარტყმევინეთ. იმხელა კვლევა ჰქონდათ და იმდენი რამე ეწერათ, ერთი ექვსი თვე სისტემატურად ნამუშევარი უნდა ჰქონოდათ,’’- გვითხრა ბერდია ცხადაბერიძემ.

პროტესტი ჭოგნარში 2019 წელი
აქცია ნაგავსაყრელის წინააღმდეგ, 2019 წლის 20 მარტი. ფოტო: რადიო თავისუფლება

კანონის მიხედვით, ნარჩენების მართვის კომპანიას მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები უნდა ჩაეტარებინა, ერთად განეხილათ სკოპინგის და გზშ/გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები. ეს პროცესი ჰგავს წესს, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შედგეს ჰესების შესახებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია

თუმცა, როგორც ჰესების მშენებლობის პრაქტიკა აჩვენებს, აქ ჩატარებული შეხვედრებიც ზედაპირული იყო და ადგილობრივების შიშების გაქრობას ნამდვილად არ ემსახურებოდა. პირიქით, დოკუმენტების არარსებობამ ხალხში პროტესტი გააღვივა. მათ ნაგავსაყრელის აგების საპირწონედ გზების დაგებას, გაზისა და სასმელი წყლის შეყვანას დაჰპირდნენ, თუმცა ადგილობრივების გული ვერც ამით მოიგეს.

საერთო ჯამში, ჭოგნარის ერთ პატარა ქუჩაზე გურგენიძეებისა და ბერდია ცხადაბერიძის ჩათვლით 7 ადამიანს ვესაუბრეთ. განსხვავებული აზრი არავისგან მოგვისმენია.

2016 წლის 29 ივლისს ინფრასტრუქტურის იმდროინდელი მინისტრი ჭოგნარის მოსახლეობას შეხვდა. ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ნაგავსაყრელი ადგილობრივებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენსო. ობიექტზე დაგროვილი წყალი სპეციალურ ავზში ჩაედინება და დანადგარებით გაიწმინდებაო. თუმცა, მისი სიტყვების უტყუარობას ვერც ერთი დოკუმენტით ვერ ამტკიცებდა. 

ბერდიას და მის თანასოფლელებს არც საჯარო განხილვების სტილი მოსწონდათ. აქაც განმეორდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი პრაქტიკა, საჯარო განხილვებს სახელდახელოდ რომ ატარებენ, ვალის მოხდის მიზნით, სინამდვილეში კი სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის ინფორმირებით თავს არ იწუხებენ.

ჩვენი კანონმდებლობით არც ისაა განსაზღვრული, რამდენი ადამიანი უნდა ესწრებოდეს ამ ტიპის განხილვებს. შესაბამისად, ერთი ადამიანიც რომ მივიდეს, შეხვედრა ჩატარებულად ჩაითვლება. 

“რაიონი დაავალებდა სოფლის გამგეობას, 10 კაცი შემიგროვეო. შეუგროვებდა 10-15 კაცს, რომლებმაც არ იცოდნენ რაზე მიდიოდნენ. მივიდოდა ეს ხალხი, უსმენდნენ, უსმენდნენ, წამოვიდოდნენ . [ეტყოდნენ] შეხვედრას რომ ესწრებოდით, ხელი მოგვიწერეთო. მე და ჩემი ბიძაშვილიც დავესწარით შემთხვევით შეხვედრას. მერე ჩავეძიე და ჩვენი ხელმოწერილი საბუთი დადეს ოფიციალურად, რომ ხალხი თანახმა. იყო ნაგავსაყრელის აშენებაზე,”- ამბობს ბერდია ცხადაბერიძე.

შეხვედრისას, ნოდარ ჯავახიშვილმა თავისი პირით თქვა, ტერიტორიის კვლევა და გზშ-ს მომზადება ჯერ არ დაწყებულაო. 

ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ხალხმა მინისტრს არ დაუჯერა, პროტესტი გააგრძელეს და საბოლოოდ, ნარჩენების მართვის კომპანიას ჭოგნარში ნაგავსაყრელის აგების გეგმა ჩაეშალა. 

გამოდის, წყალში გადაყრილია ფული, რომელიც ამ ადგილის ნაგავსაყრელისთვის მოსამზადებლად დავხარჯეთ. 2015 წელს ბრიტანულ კომპანია “ჰალო თრასთს” ბიუჯეტიდან 71 ათასი ლარი გადავუხადეთ, რომ ჭოგნარში განაღმვით სამუშაოებზე კონსულტაცია გაეწიათ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვკითხეთ, თუ ნაგავსაყრელი ნამდვილად უსაფრთხო იყო, რატომ არ ეცადნენ დაეყოლიებინათ ხალხი და რატომ არ გააცნეს ჩატარებული კვლევები?

ამაზე მშრალად გვიპასუხეს – მოსახლეობასთან არაერთი საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა გავმართეთ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გავავრცელეთ ბროშურები და ვიდეორგოლებიო.

ხალხის პროტესტი უკანეთში 

რახან ჭოგნარში არ გამოუვიდათ, რეგიონული ნაგავსაყრელისთვის ადგილის ძიება ახლიდან დაიწყეს. 2020–21 წლებში “მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” განიხილავდა ლოკაციებს წყალტუბოში, ზესტაფონსა და თერჯოლაში. საბოლოოდ კი შეჯერდნენ წყალტუბოზე, სოფელ უკანეთში მდებარე ტერიტორიაზე. 

უკანეთში ნაგავსაყრელისთვის შერჩული ლოკაცია
ნაგავსაყრელისთვის შერჩეული ლოკაცია სოფელ უკანეთში.
ფოტო: 2023 წლის 10 მარტი

ამ პროცესს უძღვებოდა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტი, რომელშიც ადგილობრივებიც იყვნენ გაწევრიანებული. 

ვიფიქრეთ, რახან საბოლოოდ გადაუწყვეტიათ, სად უნდა მოაწყონ ნაგავსაყრელი, ალბათ, მოსახლეობაც დაითანხმესთქო. თუმცა, ადგილზე ჩასულებს სხვა რეალობა დაგვხვდა. 

მოსახლეობის განწყობის გასაგებად უკანეთს ვესტუმრეთ. პირველივე ჭიშკართან შევჩერდით და გავიგეთ, რომ თურმე აქაურები მათ სოფელში ნაგავსაყრელის აგებას სულაც არ მიესალმებიან.

“აქ საქონელი თუ არ იყოლიე, ძროხა არ გადადენე, ქათამი არ იყოლიე, რად მინდა? ჯერ, ბუზი შეგვჭამს… სადაც აპირებენ აშენებას, იმ ადგილს საძოვრად იყენებენ. ტყე განადგურდება, ხალხმა ხომ უნდა ისუნთქოს? გვპირდებიან, ევროსტანდარტებიო მარა არ მგონია მაგის გამკეთებლები იყვნენ… ”- გვითხრა სოფელ უკანეთის მკვიდრმა სახელის და გვარის გასაჯაროების გარეშე. 

უკანეთელების აქცია ნაგავსაყრელის ლოკაციის გამო
აქცია უკანეთის ნაგავსაყრელის წინააღმდეგ.
2021 წლის 10 დეკემბერი. ფოტო: “მეგატივი”

სოფელში ნაგავსაყრელის აგებას აქტიურად აპროტესტებდა სულიკო გაბუნია. მოგვიყვა, რომ ადგილობრივებმა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსაც შესჩივლეს, რომ პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ საძოვრების, საკარმიდამო ნაკვეთების და საქარე ზოლის დაკარგვის გამო. თუმცა, იქედან უკუკავშირი არ მიუღიათ.

სულიკო გაბუნიას თქმით, ჭოგნარის მსგავსად, მათი შეცდომაში შეყვანაც სცადეს და ეუბნებოდნენ, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას გიშენებთო:

“მარტო გადამამუშავებელი ქარხანა რომ იყოს, არ ამოვიღებთ ხმას, კი ბატონო. გადამამუშავებელი კი არა, იგივეა, რასაც ნიკეაზე ვხედავთ. რომ გვანახეს მაკეტი, ზუსტად ისეთია და ეს დაუშვებელია ყოვლად. ხალხი შეეწირება და არ მიცემენ მაგის გაკეთების უფლებას… გვითხრეს, თუ გინდათ, ბიზნესზე დაგეხმარებით, სათბურებს გაგიკეთებთო. რის სანაცვლოდ, ნაგავსაყრელი რომ გაკეთდეს? არა, ეგ გამორიცხულია-მეთქი.”

უკანეთში ჩვენთან სასაუბროდ 15-მდე ადგილობრივმა მოიყარა თავი. თავიდან, ხელისუფლების მიერ მიგზავნილები ვეგონეთ და გვეჩხუბნენ – აქ ნაგავსაყრელს არ აგაგებინებთო. რომ დარწმუნდნენ ჟურნალისტები ვიყავით, გვიამბეს, რაში ხედავდნენ საფრთხეს.

უკანეთელები ამბობენ, რომ გარშემო ბევრი მეწყრული ზონაა და იქ ნაგავსაყრელის აგება კარგი იდეა არ არის. მეწყრულ ზონაში რომ ნარჩენები არ უნდა განთავსდეს, ამაზე კანონიც გვაფრთხილებს.

“ქალაქში რომ მიდის ის სასმელი წყალი და მეწყრის წყალი ზუსტად იმ ადგილზე მიდის. იქ რომ სანაგვეს ააშენებ, 5 მეტრზე მიწას მოთხრი და ნაგავს ჩაყრი, ზამთარში წყალი რომ ამოიწევს ზევით… წაიღებს იმ ბაქტერიას წყალსაცავში და მთელ ქალაქს მოწამლავს,”- შიშობს ადგილობრივი კარლო მებაღიშვილი. 

უკანეთელების აქცია წყალტუბოს საკრებულოსთან
უკანეთის მოსახლეობის აქცია წყალტუბოს საკრებულოსთან.
2023 წლის 31 მარტი, ფოტო: ქუთაისიპოსტი

სოფელ უკანეთში ნაგავსაყრელის მომხრე ვერავინ ვიპოვეთ. გამოდის, ხალხთან ხეირიანი კომუნიკაცია ჭოგნარის მსგავსად ვერც აქ შეძლეს. სოფელში სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა უკვე გაიმართა. წესით, უკანეთელების ყველა კითხვას იქ უნდა გასცემოდა პასუხი. თუმცა, ფაქტია, ადგილობრივებს კითხვები ისევ აქვთ, სიტყვა ნაგავსაყრელის ხსენებაზეც ცხარდებიან და კამათს იწყენენ. 

სოფელში გამართულ განხილვას ესწრებოდა მწვანეთა მოძრაობის დამფუძნებელი ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, ეს შეხვედრა კი შედგა, მაგრამ დიდი ქაოსის ფონზე – ადგილობრივები ღია ცის ქვეშ, ფეხზე იდგნენ, მიკროფონები არ იყო და არ ესმოდათ, რასაც უხსნიდნენ პროექტზე. ზოგისთვის კი ისიც უთქვამთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ, შეგიძლიათ არაო. 

ნინო ჩხობაძის თქმით, პირისპირ შეხვედრამდე, ნაგავსაყრელისთვის ადგილი “ზუმშიც” განიხილეს, მაგრამ იმ ჩართვას სოფლის მოსახლეობა არ დასწრებია. 

“მერე ჩნდება კითხვის ნიშნები და ჯობს განხილვას მთელი სოფელი ესწრებოდეს. მე რომ არ ვყოფილიყავი იქ დამსწრე, მოსახლეობა აბსოლუტურად გაუგებრობაში წავიდოდა იქედან. იძულებული გავხდი, ჩავრეულიყავი მენტორად, რომ თქვით, ვინ რა პრობლემებს ხედავთ. აღმოჩნდა, რომ იქ ვიღაცას კერძო ნაკვეთი აქვს, ვიღაცას ეკლესიაა… და არ იყო აღრიცხული, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სპეციალურად ჰყავდა დაქირავებული ჯგუფი, რომელსაც მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა ეწარმოებინა,”- გვითხრა ნინო ჩხობაძემ.

ამ ფონზე, საკითხავი ისაა, რისი იმედით აანონსებს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, რომ ნაგავსაყრელს სამ წელში გახსნის. თუ მოსახლეობასთან დიალოგს არ დაიწყებენ და არგუმენტებით არ აუხსნიან, რა სიკეთე და ზიანი შეიძლება ახლდეს პროექტს, პროცესი უსასრულოდ გაიწელება. ამასობაში კი ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მაცხოვრებლებს ნარჩენების გაუსაძლის სუნში მოუწევთ ყოფნა. 

მასალაში გამოყენებული წყაროები 

მასალის გამოყენების პირობები 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს გარემოს დაცვის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ვიქტორ სანიკიძე
ვიქტორ სანიკიძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

ვიქტორ სანიკიძე

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share