fbpx
რატომ ვერ აშენდა დროულად ზესტაფონის იუსტიციის სახლი

რატომ ვერ აშენდა დროულად ზესტაფონის იუსტიციის სახლი? 

ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე 

“გაგვიადვილდება ცხოვრება: პასპორტის აღება, საჯარო რეესტრში მისვლა, ადგილ-მამულების დამტკიცება… კარგია, რომ არ დაგვჭირდება აქეთ-იქით სიარული”- გვითხრა ზესტაფონის მკვიდრმა ქალაქში მშენებარე იუსტიციის სახლზე, რომელიც მეორე წელია შენდება და ჯერ საშველი არ დაადგა. 

2019 წელს დაწყებული იუსტიციის სახლის მშენებლობა პირვანდელი დათქმით, გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამისთვის ბიუჯეტიდან 5,8 მილიონი ლარი გამოიყო და საქმე სს “სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთს” დაევალა. მას თანხის ნახევარზე მეტი აღებული აქვს, სამუშაოების საბოლოო ვადა ამოიწურა, საქმე კი ბოლომდე მიყვანილი არ არის. 

მშენებარე იუსტიციის სახლი ერთი თვის წინ დავათვალიერეთ. სამუშაოები შეჩერებული არ არის, ადგილზე ორი მუშა შევნიშნეთ, რომელიც ნაგებობის წინ, სახელდახელოდ აგებულ ხის ქოხში ისვენებდა. შენობა დაგვათვალიერებინეს და თან დაგვპირდნენ, აგვისტოში ყველაფერს მოვრჩებითო. არადა, ვადა ჯერ გასული წლის დეკემბრამდე ჰქონდათ, შემდეგ კი ამ წლის ივნისის ბოლომდე. 

ვის აკისრია იუსტიციის სახლის აგების ვალდებულება, რატომ ჭიანურდება საქმე და რას ფიქრობენ ადგილობრივები, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ. 

როგორ იუსტიციის სახლს ელიან ზესტაფონელები?

ზესტაფონში იუსტიციის სახლი მუნიციპალიტეტის მერიასთან ახლოს, ასლანიკაშვილის სანაპიროზე შენდება. 2,292 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ სსიპ “იუსტიციის სახლს” 2019 წლის აპრილში გადასცა, მოსარგებლის არსებობის ვადით ანუ იქამდე, სანამ სახლი იფუნქციონირებს და ეს ტერიტორია დასჭირდება. 

მშენებარე იუსტიციის სახლის შენობა ორსართულიანია და ფასადი მთლიანად მინითაა შეფარული. ამ ეტაპზე მოწყობილია ნაგებობის კარკასი, კარ-ფანჯარა, ელექტროგაყვანილობა, გალესილია კედლები, ჭერი და საპირფარეშოები.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი - მშენებლობის პრობლემები
ზესტაფონის იუსტიციის სახლი. ფოტო: 2023 წლის 19 ივნისი

პროექტის მიხედვით, იუსტიციის სახლმა 175 ადამიანი უნდა დაიტიოს, სამუშაო სივრცის გარდა, აქ სასწავლო ცენტრი და ქორწინების სახლი განთავსდება. მშენებელ კომპანიას ევალება გათბობა-გაგრილების, განიავების სისტემის, ლიფტის, ხანძარსაქრობის, და კანალიზაციის მოწყობა. სამომავლოდ მოსაწყობია ოთახები, საერთო სივრცეები და კიბის მოაჯირებიც. 19 ივნისის მდგომარეობით, ეს სამუშაოები გაწეული არ იყო. ახლანდელი ვითარების გასაგებად კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ბოლოს ჩვენს ზარს აღარ უპასუხა. არადა, მანამდე რამდენჯერმე გვესაუბრა. 

ზესტაფონში 20-მდე ადგილობრივს ვესაუბრეთ. უმრავლესობამ მშენებლობის თაობაზე იცოდა და ეიმედებოდათ, რომ საბუთების მოწესრიგების პროცესი გაუმარტივდებოდათ. ისიც ახარებთ, რომ გაჩნდება დასაქმების შესაძლებლობა.

ზესტაფონელებმა გვითხრეს, ახლა დოკუმენტებისთვის სოფელ სვირში, შორაპანში, ან სულაც თბილისში უწევთ ჩასვლა. 

“სად მიწევს ხოლმე სირბილი… მივალ იქ კოხტად, ლამაზად, საჭიროა ნამდვილად. მე, მაგალითად უფრო თბილისში მომიწია ხოლმე მისვლა. არ ვიცი, ამბობენ, შემოდგომისთვის უნდა დასრულდესო და არ ვიცი დანამდვილებით,”- გვითხრა ზესტაფონის ბაზარში მომუშავე ქალმა, ვინაობის გამხელის გარეშე.

ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი
მშენებარე იუსტიციის სახლის ინტერიერი,
2023 წლის 19 ივნისის მდგომარეობით

“აღარ დამჭირდება სვირში წასვლა, ადგილზე მოვიგვარებთ ყველაფერს, დროის ფაქტორია, ყველანაირად გვაწყობს. ახლა დგახარ რიგებში, ერთი ადგილიდან გაგგზავნიან მეორეში, უნდა შემოიარო რეგიონები. არ ვიცი როდის უნდა ჩაბარდეს, არც ინფორმირებული ვართ. თუ გააკეთეს კარგია… ,”-შემოგვჩივლეს ადგილობრივებმა და მათაც კონფიდენციალურად დარჩენა ითხოვეს.

“ერთი ფანჯრის პრინციპი არ ჰქონდა ზესტაფონს, იყო მომსახურების ცენტრი, მაგრამ სხვადასხვა ადგილზე განლაგებული. მოხუცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია… სხვადასხვა ადგილზე მისვლა-მოსვლა ძალიან უჭირდათ,”- გვითხრა ადგილობრივმა მაია ქათამაძემ.

თუ გსურთ, რომ “აი,ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი

რატომ გაჭიანურდა მშენებლობა?

იუსტიციის სახლის ზესტაფონის ფილიალი კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორი წარმატებულია სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ ნაგებობამ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის და მუსიკალური სკოლის ბედი გაიზიარა – მოსახლეობა მოლოდინშია, კომპანია კი დათქმულ ვადებში ვერ ჯდება. 

დამკვეთმა, ამ შემთხვევაში იუსტიციის სახლმა სს “სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთთან” დადებული ხელშეკრულება შვიდჯერ შეცვალა. ხან გეგმა-გრაფიკს ასხვაფერებდნენ, ხან დაფინანსების წყაროს. ბოლოს კომპანიას ვადებიც კი  გადაუწიეს.

ბოლო, 22 დეკემბრის ცვლილებით, კომპანიას მიეცა უფლება სამუშაოები შარშან დეკემბრის ნაცვლად, წელს, 30 ივნისს დაესრულებინა. ამის მიზეზი კი არ ვიცით. შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ცვლილებების საფუძველი არ იძებნება. ამაში არც იუსტიციის სახლი გვარკვევს და არც კომპანია. 

ასლანიკაშვილის სანაპიროზე მშენებარე იუსტიციის სახლზე დასაქმებულებმა მოკლედ და მშრალად მოგვიგეს – გადაიწია, რაღაც პრობლემები შეიქმნაო. ამის შემდეგ კომპანიის დირექტორს, რუბენ ჩინჩალაძეს დავურეკეთ. მისი თქმით, საქმის გაჭიანურება საპროექტო ცვლილებების ბრალია და ფიქრობს, რომ 3 თვეში ყველაფერს მორჩებიან. ახსენა ცვლილებები გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სარწყავი სისტემის ნაწილში. დეტალურად რომ ჩავეკითხეთ, ასე გვიპასუხა: 

“იმდენი რამ შეიცვალა, ტელეფონზე სასაუბრო არ არის ეგ… იმდენი ცვლილება მოხდა, დაუთვლელი. ეგ უნდა შეისწავლოთ ადგილზეო.”

მას მოგვიანებით ხელახლა დავუკავშირდით, რომ პირისპირ შეხვედრა შეგვეთანხმებინა, თუმცა გვითხრა, არ ვიცი როდის ვიქნები ქალაქშიო. დაამატა: “არავის აინტერესებს ნიუსად ეს… ჩვენ ვერ ვხედავთ ვინმეს ინტერესს და დახმარებას მაგ საკითხში. მაპატიეთ, დავამთავროთ საუბარი მაგაზეო”. მორიგი ზარი კი გაგვითიშა.

ჩინჩალაძის მონაყოლის შემდეგ იუსტიციის სახლს მივმართეთ, რომ გაგვეგო, კონკრეტულად რა მიზეზით მისცეს კომპანიას, დამატებით, 6-თვიანი დრო. ჩვენს წერილზე პასუხისთვის კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა, თუმცა იუსტიციის სახლი ამას არ იმჩნევს.

შესყიდვების ელექტრონული პორტალიდან რასაც ვიგებთ ისაა, რომ სს “სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთს” გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო გადახდილი აქვს 23,748 ლარის პირგასამტეხლო. კერძოდ, 36 დღით დააგვიანეს შემინული ფასადის მოწყობა. 

ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი
ასე გამოიყურება მშენებლობა 2023 წლის 19 ივნისის მდგომარეობით

იუსტიციის სახლს კი 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე კომპანიასთან გაფორმებული აქვს ხუთი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სამუშაოები ნაწილ-ნაწილ ჩაიბარეს. უცნობია, როდის მიიყვანენ საქმე ბოლომდე და ბოლოსდაბოლოს გაიხსნება იუსტიციის სახლის ზესტაფონის ფილიალი.

იუსტიციის სახლს 6 ივლისს რომ დავურეკეთ, გვითხრეს, ზეპირად ვერაფერს გეტყვით, მოგვწერეთო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ ჩვენს კითხვებზე რეაგირება არ ჰქონიათ. Მიზეზი გადავამოწმეთ და გვითხრეს, არ მიგვიღია შეტყობინებაო. კითხვები ახლიდან გავგზავნეთ. თუ იუსტიციის სახლი თავის პოზიციას დააფიქსირებს, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ. 

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი,ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
საკვანძო რჩევები ჟურნალისტებისთვის საგანგებო სიტუაციებში
რჩევები საგანგებო სიტუაციებში მყოფ ჟურნალისტებს

საკვანძო რჩევები ჟურნალისტებისთვის საგანგებო სიტუაციებში

გზამკვლევი დაუცველ რეგიონებში მცხოვრები ჟურნალისტებისთვის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share