fbpx
რუსული პროპაგანდა - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

რა არის რუსული პროპაგანდა – როგორ ამოვიცნოთ და დავუპირისპირდეთ მას

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ინფორმაცია ძალაუფლების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, პროპაგანდა (მათ შორის რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდა) სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. მედიის, სოციალური ქსელებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების განვითარებასთან ერთად, პროპაგანდის ტექნიკები და მეთოდებიც იხვეწება. 

მაგრამ რა არის პროპაგანდა? როგორ მუშაობს და ვის ინტერესებში შედის მისი გამოყენება?  ამ ბლოგში სწორედ მის არსზე, მუშაობის პრინციპებზე და გავლენაზე ვისაუბრებთ. 

რა არის პროპაგანდა?

პროპაგანდა კომუნიკაციის ფორმაა, რომლის მიზანიც ადამიანების შეხედულებებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევებზე გავლენის მოხდენაა.

პროპაგანდის ძირითადი მახასიათებლებია:

  1. მიზანმიმართულობა: პროპაგანდას აქვს კონკრეტული მიზანი – დაარწმუნოს აუდიტორია გარკვეული იდეის ან მოქმედების სისწორეში;
  2. ინფორმაციის სელექციური გამოყენება: მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად პროპაგანდისტები შერჩევით იყენებენ ფაქტებს, არგუმენტებსა და სიმბოლოებს;
  3. ემოციური ზემოქმედება:  ლოგიკური არგუმენტების ნაცვლად, ხშირად ემოციებზე აპელირებს; 
  4. გამეორება: პროპაგანდისტული გზავნილები ხშირად მეორდება სხვადასხვა ფორმით.
რუსული პროპაგანდა

პროპაგანდა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. გვხვდება პოლიტიკაში, რეკლამაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, იდეოლოგიურ კამპანიებსა თუ დიპლომატიურ ურთიერთობებში. თითოეულ ამ სფეროში ემსახურება კონკრეტულ მიზნებს, იქნება ეს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება, პროდუქტის გაყიდვა თუ იდეოლოგიის გავრცელება.

გავრცელების ძირითადი საშუალებებია მასმედია, სოციალური მედია, საჯარო გამოსვლები, პლაკატები, ბანერები, ფილმები, მუსიკა და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროპაგანდის გავრცელების არეალი და გაზარდა მისი ეფექტურობა.

აღსანიშნავია, რომ ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. პოზიტიური მაგალითია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ხოლო ნეგატიურის – დეზინფორმაციის გავრცელება პოლიტიკური მიზნებისთვის. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება რუსული პროპაგანდაც, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.  

როგორ მუშაობს და რა არის რუსული პროპაგანდა?

რუსული პროპაგანდის ცენტრში არის მულტილინგვური მედია პლატფორმა RT (ყოფილი Russia Today) RT-ის კონტენტი მოიცავს როგორც სტანდარტულ საინფორმაციო ჟურნალისტიკასა და გასართობ პროგრამებს, ისე ოსტატურად შენიღბულ ანტიდასავლურ ნარატივებს. ამ მიდგომით RT ახერხებს მაყურებლის მოზიდვას და შემდეგ მის შენარჩუნებას პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. “ტროლების არმია”. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, Internet Research Agency, ასაქმებენ ასობით ადამიანს, რომლებიც სოციალური ქსელების ყალბ ანგარიშებს მართავენ. “ტროლები” აქტიურად მონაწილეობენ ონლაინ დისკუსიებში, ავრცელებენ დეზინფორმაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ.

რუსული პროპაგანდის ტაქტიკა ეფუძნება ე.წ. ოთხი D-ს პრინციპს: კრიტიკის უარყოფა (Dismiss), ფაქტების დამახინჯება (Distort), ყურადღების გადატანა (Distract) და აუდიტორიის დაბნევა (Dismay).

ამ სტრატეგიის ნათელი მაგალითია Malaysia Airlines Flight 17-ის ჩამოგდების შემთხვევა, როდესაც RT-მ მომხდარის შესახებ ერთდროულად გაავრცელა რამდენიმე განსხვავებული, ურთიერთგამომრიცხავი ვერსია.

ამგვარი მიდგომა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული ნარატივის დამკვიდრებას, არამედ ზოგადად ჭეშმარიტების კონცეფციის დისკრედიტაციას. 

რუსული პროპაგანდა საქართველოში

კრემლის პროპაგანდა ორმხრივ სტრატეგიას იყენებს: საერთაშორისო არენაზე მიზნად ისახავს სხვა ქვეყნებში შიდა დაპირისპირებების გაღვივებას, ხოლო ქვეყნის შიგნით –  წარმოსახვითი “გარე მტრების” წინააღმდეგ მოქალაქეების გაერთიანებას.

ამის ნათელი მაგალითია რუსეთში მიღებული აგენტების კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარებლებად ასახელებს. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის, რუსული კანონი ახლახან საქართველოშიც მიიღეს.

ასეთი მიდგომით,  საზოგადოება თავს გრძნობს მუდმივი საფრთხის ქვეშ და მიიჩნევს, რომ გარე სამყარო მტრულადაა განწყობილი მის მიმართ. რეჟიმი ნერგავს შიშს, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გაამართლოს საკუთარი აგრესიული პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე.

ამავდროულად, ეს სტრატეგია ემსახურება ნებისმიერი შიდა კრიტიკის ჩახშობას, რადგან მას მტრის წისქვილზე წყლის დასხმად წარმოაჩენს.

აქვე აღსანიშნავია, საზოგადოებაში ზიზღის დათესვა, რომელიც მიმართულია დასავლეთის, როგორც ფუნდამენტურად მიუღებელი ცხოვრების წესისა და ღირებულებების სისტემის წარმოჩენისკენ.

მაგალითად, რუსული პროპაგანდა საქართველოში აქტიურად ატარებს ნარატივს, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ებრძვის მართლმადიდებლობას, ოჯახის ცნებას, ტრადიციებს და ახალგაზრდობას თავს ახვევს “გარყვნილ” ცხოვრების წესს.

ამგვარად, რუსული პროპაგანდა წარმოადგენს მრავალშრიან, კომპლექსურ სისტემას, რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს და ინფორმაციული ომის ტაქტიკას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და გადავამოწმოთ ახალი ამბავის სიყალბე

დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების ამოცნობის მთავარი საშუალება ინფორმაციის კრიტიკული შეფასებაა. აი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმაციის გადამოწმებაში:

  1. შეამოწმეთ წყარო: დააკვირდით ვებგვერდის მისამართს. ყალბი ამბების გამავრცელებლები ხშირად იყენებენ სანდო მედიასაშუალებების მსგავს სახელებს;
  2. გადაამოწმეთ ავტორი: მოიძიეთ ინფორმაცია ავტორის შესახებ და გაეცანით მის სხვა ნაშრომებს. ყალბი ამბების წყაროები ხშირად არ უთითებენ ავტორს;
  3. შეისწავლეთ სტატია: ყურადღება მიაქციეთ თარიღს და დამადასტურებელ წყაროებს. დეზინფორმაციის წყაროები ხშირად იყენებენ ზოგად ფრაზებს წყაროების დასახელების გარეშე;
  4. გადაამოწმეთ სხვა წყაროებში: მოიძიეთ იგივე ინფორმაცია სხვა სანდო მედიასაშუალებებში;
  5. ყურადღება მიაქციეთ სათაურს: ხშირად დეზინფორმაციის წყაროები იყენებენ პროვოკაციულ სათაურებს, რომლებიც არ შეესაბამება სტატიის შინაარსს;
  6. შეამოწმეთ ვებგვერდის სტრუქტურა: სანდო წყაროებს, როგორც წესი, აქვთ “ჩვენს შესახებ” და “კონტაქტის” სექციები. მათი არარსებობა უკვე ეჭვის საფუძველია.
რა არის რუსული პროპაგანდა

ფოტო და ვიდეო მანიპულაციების ამოსაცნობად:

  1. მოძებნეთ ორიგინალი მასალა: გამოიყენეთ Google-ის სურათების ძიება (ასევე Google Lens) ფოტოს ID-ს ან URL-ის მეშვეობით;
  2. შეამოწმეთ, სად გავრცელდა პირველად: პირველწყარო დაგეხმარებათ კონტექსტისა და შესაძლო მიკერძოებების დადგენაში.
  3. დააკვირდით, რომელი წყაროები იყენებენ მასალას: თუ მხოლოდ არასანდო წყაროები ავრცელებენ, ეს შეიძლება მანიპულაციის ნიშანი იყოს.

გახსოვდეთ, რომ კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის გადამოწმება საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მასალაში გამოყენებული წყაროები

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share