fbpx

საკრებულოს წევრებთან მეგობრობა, როგორც წარმატების ფორმულა

საკრებულოს წევრებთან მეგობრობა როგორც წარმატების ფორმულა

ავტორი: ანა რობაქიძე

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება თუ გინდათ, საახლობლო წრე უნდა გიწყობდეთ ხელს, ლადო ხვარეშიას მსგავსად. ის თერჯოლის საკრებულოს წევრების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი თანამშრომელია. მისმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით, ცხრა თვეში ნახევარი მილიონი ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

ხვარეშიას კუთვნილმა “გოლდ ფაუერმა” წარმატებას მარტივად მიაღწია. Პირველი ტენდერი დაარსებიდან სულ რაღაც ორ თვეში მოიგო. მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში კი დამატებით რვა ხელშეკრულება გააფორმა.

რა გზებით მოახერხა ეს ახალბედა, გამოუცდელმა კომპანიამ და როგორ გამოიყენა მეგობრობა “გზად და ხიდად”, სტატიაში მოგიყვებით.

როგორ მოიგო ტენდერი ერთი თვის დაფუძნებულმა კომპანიამ?

ლადო ხვარეშიას სამეგობრო წრეში არიან თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე, ამავე საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ბიძინა ბუცხრიკიძე,  საკრებულოსა და მერიაში  ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ლანჩავა.

“საქმე საქმეა და ურთიერთობა და მეგობრობა სხვა,”- ასე ფიქრობს ხვარეშია. თუმცა, დოკუმენტები მეტყველებს, რომ საქმიანი და პირადი ცხოვრება მთლად გამიჯნული ვერ აქვს. ტენდერში გამარჯვების ოქმზეც თავისი მეგობარი, ლაშა ლანჩავა უწერს ხელს.

signal 2023 02 15 102603 002
ლაშა ლანჩავა და ლადო ხვარეშია.
ფოტო: ფეისბუქი, 2022 წლის 9 მაისი

ლადო ხვარეშიამ 2022 წლის მაისში დაარეგისტრირა შპს “გოლდ ფაუერი”. ივლისში კი თერჯოლის მერიამ 42,000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ანდო. ამ სახელმწიფო შესყიდვაში საეჭვო გარემოებები ვიპოვეთ.

ორ მათგანს, Შარქი “888”-ს და “ზულეს”. “გოლდ ფაუერზე” დაბალი ფასი და შესაბამისად, გამარჯვების შანსიც ჰქონდათ. თუმცა, თერჯოლის მერიამ ორივე დაბალფასიანი კომპანია დაიწუნა. დისკვალიფიკაციის მიზეზად ერთი და იგივე “ხარვეზი” დაასახელეს – სამუშაოების ნაწილი განუფასებლად აქვთ დატოვებულიო.

შემდეგი, ვისაც შედარებით დაბალი ფასი ჰქონდა შემოთავაზებული, ლადო ხვარეშიას კომპანია იყო და გაიმარჯვა კიდეც.

საქმე ისაა, რომ თერჯოლის მერია დისკვალიფიცირებულ კომპანიებს ედავებოდა, რატომ არ ჰქონდათ გაწერილი ხელფასის ოდენობები სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად  კი პრობლემა ჰქონდათ ექვს გრაფასთან – ჩამჭერი შურუფი, სახურავის წყალშემკრები ღარები, წყალჩამომშვები მილები, წყალშემკრები ძაბრები, მუხლები და ნაჭედი.

ამ შემთხვევაში არსად იკვეთება ადამიანური მუშახელის საქმე, არ არის ნახსენები სიტყვები – მოწყობა, დამონტაჟება, დამაგრება და ასე შემდეგ. ამიტომ, გაუგებარია, რატომ ითხოვდა მერია ხელფასის მითითებას სამშენებლო მასალაზე.

დისკვალიფიცირებული კომპანიის, “შარქი 888”-ს დირექტორმა ნიკოლოზ კვაშილავამ გვითხრა, რომ მასალაში ხელობის ფასის ჩაწერა არალოგიკურია. იგივეს ამბობს ტენდერის კიდევ ერთი მონაწილე შპს “მბი”-ის წარმომადგენელიც.

“არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ სჭირდებოდა [ხელფასის] მითითება.  ჩემს მომდევნოს,  მაღალფასიან კომპანიასაც იგივენაირად ჰქონდა განფასებული. რომ წერია ბეტონი და იწერება მასალის ფასი, იქ ხელობის ფასი აღარ იწერება. Პრობლემა იყო ჩანაწერში,”- განგვიმარტა ნიკოლოზ კვაშილავამ.

რომ გაგვერკვია, სამართლიანი იყო თუ არა ლადო ხვარეშიას კონკურენტების დისკვალიფიკაცია, შევამოწმეთ ანალოგიურ სამუშაოებზე გამოცხადებული სხვა ტენდერი. თერჯოლის სამ სოფელში, საზანოში, ახალთერჯოლასა და თუზში შპს” იდეალმშენი” საცხოვრებელ სახლებს აშენებს.

მასაც ზუსტად ის სამუშაოები ჰქონდა განუფასებელი, რაც დისკვალიფიცირებულ კომპანიებს. მაგალითად, “იდეალმშენს” არ ეწერა ხელფასის ოდენობა შურუფების, მილების, ღარების და ძაბრებისთვის. ფაქტია, ეს ხარჯთაღრიცხვა არავის დაუწუნებია, კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა, მუშაოება დაიწყო  და უკვე 180 ათასი ლარიც ჩაურიცხეს.

გამოდის, რომ თერჯოლის მერიაში შერჩევითი სამართალი აქვთ და როგორც აწყობთ, ისე ადგენენ, რა არის “ხარვეზი.”

Screenshot 2023 02 15 at 10.29.54
ლადო ხვარეშია და ბიძინა ბუცხრიკიძე. ფოტო:ფეისბუქი, 2022 წლის 11 სექტემბერი

თერჯოლის შესყიდვების განყოფილების უფროსს ზურაბ გოგნაძეს ვკითხეთ, რა ლოგიკით ითხოვდნენ ხელფასის მითითებას, მაგალითად, შურუფზე. Მან გვითხრა – “მასალა როცა არის, იგულისხმება მოწყობაო.” როგორც ჩანს, მერიას ამ ნაგულისხმევს მხოლოდ ლადო ხვარეშია მიუხვდა.

კითხვებს ბადებს ისიც, რომ მერიამ ორი შპს ტენდერიდან ისე ჩახსნა, რომ აღმოჩენილი “ხარვეზის” გამოსწორების შანსი არც ერთს მისცა. “Ზულეს” და “შარქი 888”-ს წარმომადგენლები გვიდასტურებენ, რომ დისკვალიფიკაციის მინიჭებამდე ისინი არავის გაუფრთხილებია.

მერიამ აქაც იპოვა მარტივი გამოსავალი და თავი იმართლა კანონის ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც “პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.”

ამ ჩანაწერის გაგებაც ისე შეუძლიათ, როგორც აწყობთ. ვცადეთ მათ ლოგიკას მივყოლოდით, მაგრამ ფაქტია, მერია თავად წყვეტს, რა არის განსაფასებელი და რა არა. ერთ ტენდერში რასაც იწუნებენ, მეორეში პრობლემად არ მიაჩნიათ. ამას მოწმობს “იდეალმშენის” მაგალითიც.

Საბოლოოდ, ამ ჩახლართული პროცესების ფონზე, გამარჯვებულად ლადო ხვარეშიას კომპანია გამოცხადდა და 42 ათასი ლარიც მიიღო.

რას ფიქრობენ ხვარეშიას მეგობრები?

“გოლდ ფაუერმა” სახელმწიფო ტენდერებში წარმატებას დაარსებიდან ორ თვეში მიაღწია. მომდევნო შვიდ თვეში კი კიდევ რვა ხელშეკრულება გაუფორმეს. Ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველა ახალბედა ბიზნესს ასე უმართლებს.

თუმცა, თერჯოლის მაკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე არ ფიქრობს, რომ ლადო ხვარეშიას მასთან მეგობრობა წაადგა და ტენდერებშიც ამიტომ იმარჯვებს. გვინდოდა კითხვები დაგვესვა ხვარეშიასთან დაძმობილებული კიდევ ერთი საჯარო მოხელისთვის, ლაშა ლანჩავასთვის. ხან კითხვებზე არ გვიპასუხა და გვირჩია, საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა. არადა, პირადად მასთან გვსურდა საუბარი. Მითუმეტეს, რომ “გოლდ ფაუერის” გამარჯვების შესახებ ოქმსაც აწერს ხელს.

მეგობრები
ლადო ხვარეშია, ბიძინა ბუცხრიკიძე და ჯემალ ისაკაძე. ფოტო: ფეისბუქი

‘‘ჩემი მეგობარი და თანამშრომელი იყო, მუშაობდა დეპუტატის ბიუროში, შემდეგ წავიდა და ნაკლებად გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. კომპანიას რა ჰქვია ისიც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ… ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ვინც საქმეს აკეთებს კეთილსინდისიერად, გინდა ლადო იყოს და გინდ სხვა,”- გვითხრა ჯემალ ისაკაძემ. ფიცი კი გვწამს, მაგრამ ფაქტები სხვას გვეუბნება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით აშკარაა, რომ ხვარეშია ყოფილ თანამშრომლებთან დღემდე ახლობლობს.

თერჯოლის შესყიდვების განყოფილების უფროსი ზურაბ გოგნაძე გვიმტკიცებს, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაზე “გოლდ ფაუერის” მფლობელის სამეგობრო წრე გავლენას ვერ მოახდენდა.

“ეს არის სრულიად გამჭვირვალე პროცესი, მინიმუმამდეა დაყვანილი, რომ აქ რაიმე ხარვეზი და შეცდომა მოხდეს. ამიტომ, ის რომ ლადო იყო, ან არის საკრებულოს მოქმედი წევრების მეგობარი, არაფერ კავშირშია,”- გვითხრა ზურაბ გოგნაძემ.

თუ გსურთ, გავაგრძელოთ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, მაშინ დააფინანსეთ “აი, ფაქტი.” გადარიცხვისთვის დააჭირეთ ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციას.

ბუნებრივია, თავად ლადო ხვარეშიასაც ვკითხეთ, მისი “წარმატების ფორმულაზე”. თანაც გვითხრა, საქმეს და პირად კავშირებს ერთმანეთში არ ვურევო. ისიც გვკითხა, ვინმეს დავალებით მუშაობთ თუ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციებსო.

“ტენდერის მოგების მთავარი არსი ხომ ვიცით, რა არის. კომპანია დაბალ ფასს სთავაზობს მიმწოდებელს და იგებს ეს კომპანია. საკრებულოს მეგობრობა ჩემს პირად საქმიანობასთან გამორიცხული თემაა,”- გვითხრა შპს “გოლდ ფაუერის” დირექტორმა.

ლადო ხვარეშიამ თან გვისაყვედურა, “მოგებული ტენდერი რომ დამითვალეთ, წაგებული რამდენი მაქვს, ესეც მითხარითო”. მის კომპანიას მართლაც დავუთვალეთ წაგებული ტენდერები, ასეთი სულ ოთხი აქვს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს იურისტს ვკითხეთ, რა საეჭვო გარემოებებს ხედავდა ამ ამბავში. Ბესო ნამჩავაძემ გვითხრა, რომ ყოველთვის სარისკოა, როცა მერიები გამარტივებული შესყიდვებისას უპირატესობას ანიჭებენ გამოუცდელ კომპანიებს, შესაძლოა, ამის უკან რაიმე ინტერესი იყოსო.

“Როდესაც არის ახალი კომპანია, ერთი-ორი თვის დარეგისტრირებული, იღებს სახელმწიფო შესყიდვებიდან კონტრაქტს და განსაკუთრებით პირდაპირი შესყიდვით, ეგ აჩენს კორუფციაზე ეჭვებს. თუ გადაწყვიტეს პირდაპირი შესყიდვა, რატომ აარჩიეს გამოუცდელი კომპანია? როგორ შეარჩიეს ეს კომპანია? ასეთი ფაქტების დროს, წესით, საგამოძიებო უწყებები უნდა ინტერესდებოდნენ და შესყიდვები კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი,”- გვითხრა ბესო ნამჩავაძემ.

პროკურატურა რომ ასეთი ამბებით დაინტერესდება, მაგის ილუზია არ გვაქვს. თუმცა, ისიც საქმე იქნება, საჯარო მოხელეებს და მათ მეგობრებს რომ თავი უხერხულად ვაგრძნობინოთ.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, გავაგრძელოთ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, მაშინ დააფინანსეთ “აი, ფაქტი.”
Next
ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 2
ქადაგება რუსეთის საამებლად - ნაწილი 2

ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 2

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share