fbpx

ჯვრის მონასტერი – წულუკიანის შემდეგი მსხვერპლი

tsuluka

მცხეთის ჯვრის მონასტერი ფასადის გაწმენდას, გამაგრებას, შევსებას და კონსერვაციას საჭიროებს. შესაბამისი პროექტიც მზადაა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც მოწონებულია და საჭირო თანხაც მოძიებულია. თუმცა, კულტურის სამინისტრო პირადი ინტერესის, უფრო სწორად კი პროექტის ავტორზე შურისძიების გამო სამუშაოების დასაწყებად საჭირო ნებართვის გაცემას წელიწადნახევარია აჭიანურებს.

ჯვრის მონასტრის შენობას კი ამ დროში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს.

მცხეთის ჯვარი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მისიამ ძეგლი ბოლოს 2018 წელს შეამოწმა და ანგარიშში დაწერეს რომ: 

  • როგორც დიდი, ისე მცირე ტაძრის ფასადის ქვებს პრობლემები აქვს და კონსერვაციაა საჭირო;
  • უნდა შემოწმდეს შენობის მდგრადობა და წარედგინოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის საკონსულტაციო ორგანოებს;
  • უნდა შეიქმნას კედლის ბლოკების მოვლა-პატრონობისა და აღდგენის ვრცელი პროექტი, ასევე სპეციალური პროგრამა ტაძრის ფასადის დანარჩენი ისტორიული რელიეფების შენარჩუნებისა და დაცვისათვის.
Screenshot 2023 03 28 at 10.25.10 1
ჯვრის მონასტერი. ფოტო: იუნესკო

ანგარიშის მიხედვით, ტაძარს აქვს იგივე კომპლექსური პრობლემები, რაც გამოვლინდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მიერ ძეგლის წინა შემოწმებისას, 2014 წელს. უფრო კონკრეტულად ეს არის სამშენებლო ქვების გაწმენდის, გამყარების, დამაგრების, შევსების, გამოცვლის და კონსერვაციის პრობლემები. 

მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროექტი მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა. ეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართ დაქვემდებარებული სსიპ-ია. მათ მუშაობისას გაითვალისწინეს საერთაშორისო მისიების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ჩვენ პროექტის ხელმძღვანელს, დავით ხოშტარიას ვესაუბრეთ. ის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ჩუბინაშვილის ცენტრში ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგეა.

“მომზადდა პროექტი, რომელიც წარედგინა შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდს. გვირჩიეს ორად გაყოფა, პირველი ეტაპი ყოფილიყო საკონსერვაციო პროექტის მომზადება და მეორე ეტაპი ყოფილიყო უკვე ფიზიკური სამუშაოები. ორივე ეტაპი დაფინანსდა ელჩის ფონდიდან,” – გვეუბნება ხოშტარია.

მისივე თქმით, პირველი პროექტის ანუ კვლევითი სამუშაოსთვის საელჩოს მიერ ჩუბინაშვილის ცენტრზე გრანტის სახით გაიცა 100,000 აშშ დოლარი. მეორე პროექტის, ანუ უშუალოდ საკონსერვაციო სამუშაოსთვის გამოყოფილი გრანტი კი 506,000 აშშ დოლარია. 

დაზიანება ჯვრის მონასტრის ფასადზე
დაზიანება ჯვრის მონასტრის ფასადზე

რადგან ჯვრის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, საკონსერვაციო პროექტს სამუშაოების ფიზიკურად დაწყებამდე გარკვეული ეტაპები და პროცედურები უნდა გაევლო. 

პროექტი თავდაპირველად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაემტკიცებინა. ასეც მოხდა. პროექტი განიხილეს და დადებითად შეაფასეს სააგენტოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ 2020 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე. 

27 ნოემბერს სააგენტომ წერილი გაუგზავნა ჩუბინაშვილის ცენტრის იმჟამინდელ დირექტორს, თამარ ბელაშვილს. წერდნენ, რომ მცხეთის ჯვრის სამშენებლო მასალის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, საბჭო მიესალმება პროექტის განხორციელების წინადადებას, როგორც ძეგლის გადარჩენის აუცილებელ პირობას.

“წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შესწავლილი და შეფასებულია მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის სამშენებლო მასალის მდგომარეობა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულია ქვის საკონსერვაციო პროექტი, რომელიც შეესაბამება საკონსერვაციო პროექტის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს,“ – წერია დოკუმენტში. 

ამავე წერილით მათ ჩუბინაშვილის ცენტრს უფლება მისცეს, დაეწყოთ წინარე სამუშაოები, ხარაჩოს აგება და ფასადების ბიოციდით დამუშავება, რაც ცენტრმა და მისმა ქვეკონტრაქტორებმა შეასრულეს კიდეც. 

სააგენტოს წერილში მითითებული იყო ისიც, რომ საკონსერვაციო სამუშაოების სრულად დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოებიდან დადებითი შეფასების მიღების შემდეგ. შესაბამისად, პროექტი მათაც გაუგზავნეს. 

Screenshot 2023 03 28 at 10.25.32
ჯვრის მონასტრის დიდი ტაძარი, აღმოსავლეთ ფასადი.
ფოტო: იუნესკო

ამასობაში, პროექტს რეკომენდაცია გაუწიეს საპატრიარქოშიც. 

 “საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ განიხილა და შეითანხმა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ფასადის ქვის კონსერვაციის პროექტი,” – წერია რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, მიტროპოლიტ აბბა ალავერდელის წერილში, რომელიც 2021 წლის 25 თებერვლით თარიღდება. 

2021 წლის 18 ოქტომბერს კი იუნესკოს დასკვნაც ჩამოვიდა და ხოშტარიას თქმით, “ამის მერე დაიწყო პრობლემები.” 

“ჩამოვიდა ძალიან პოზიტიური, ძალიან კარგი დასკვნა და პირდაპირ წერია, რომ იუნესკო ულოცავს საქართველოს მთავრობას ასეთი წარმატებული პროექტის მომზადებას. ასევე წერია, რომ მოუწოდებს სასწრაფოდ დაიწყონ ამ პროექტის განხორციელება, გამომდინარე პრობლემის სიმძიმიდან,“ – გვითხრა ხოშტარიამ. 

როგორ ადარდებს სამინისტროს ჯვრის მონასტერი

ხოშტარიას ვარაუდით, პროექტზე ნებართვის გაცემა იმიტომაც ჭიანურდება, რომ კულტურის სამინისტროში მმართველობაც შეიცვალა და პროცედურებიც. მაშინ, როდესაც პროექტზე იუნესკოდან დადებითი შეფასება ჩამოვიდა, თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრად შვიდი თვის დანიშნული იყო. 

ხოშტარია ამბობს, რომ ამ დროს პროექტებზე ნებართვის გაცემა ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაგივრად სამინისტროს ხელში გადავიდა. სამინისტრო კი ნებართვას საკუთარ ორგანიზაციას, ანუ ჩუბინაშვილის ცენტრს აგერ უკვე წელიწადნახევარია არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის მიერ მომზადებულ საკონსერვაციო პროექტს ყველა მხრიდან დადებითი შეფასება აქვთ. 

დაზიანება ჯვრის მონასტრის ფასადზე
დაზიანება ჯვრის მონასტრის ფასადზე

ამის ფონზე უნდა გავიხსენოთ გელათის მთავარი ტაძარი, რომლის სახურავის სარეაბილიტაციო სრულყოფილი პროექტიც კი არ არსებობდა და რა თქმა უნდა, ის იუნესკოს არათუ დადებითად შეუფასებია, თვალითაც კი არ უნახავს. ამას სამინისტროსთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ გელათში ექსპერიმენტების კეთების უფლება გამოუცდელი ჯგუფებისთვის არაერთხელ მიენდოთ. 

პროცესის ამგვარად გაჭიანურების მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ კულტურის სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული ჩუბინაშვილის ცენტრი ვერ თანხმდებიან. 

ხოშტარიას ვერსიით, თავიდან სამინისტროს პროექტის სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა უნდოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდებოდა, რადგან გრანტი ჩუბინაშვილის ცენტრმა მოიპოვა და პროექტებიც მან შექმნა.

შემდეგ, საუბარი იყო იმაზე, რომ საგრანტო პროექტში სამინისტროს წარმომადგენლებით ჩანაცვლებულიყვნენ ჩუბინაშვილის ცენტრის ფინანსისტი და იურისტი. ცენტრმა ამ პირობაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ პირობები კიდევ ერთხელ შეიცვალა, კერძოდ, მენეჯმენტს უნდა დამატებოდა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე რესტავრატორ-კონსერვატორი, ერთიც ფინანსისტი და ერთი იურისტი, რომლებიც გააკონტროლებდნენ საკონსერვაციო ჯგუფის საქმიანობას. ცენტრი არც ამას დათანხმდა, რადგან ფიქრობენ, რომ ამის საჭიროება არ არის. ცენტრი პროექტის ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს წარადგენს როგორც სახელმწიფოსთან, ისე გრანტის გამცემ ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ამერიკის საელჩოს ფონდთან. 

“რაღაც ირაციონალური სურვილია, რომ აკონტროლო. ამ სამ ადამიანს, რომელიც უნდა “ჩამჯდარიყვნენ”, პირდაპირ ეწერათ, რომ ისინი აკონტროლებენ, რომ პროექტი განხორციელდეს სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად. ასეთი რამე არ არსებობს. სამინისტროს პრიორიტეტები კულტურის სფეროში ეს არის სახელმწიფო პრიორიტეტები. სამინისტროს არ შეიძლება ცალკე პრიორიტეტები ჰქონდეს. გვიწერდნენ მუხლს, რომ პროექტის ხელმძღვანელს ანუ მე არ მაქვს უფლება მათი ნებართვის გარეშე შევიტანო ცვლილება ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებს შორის თანხის გადაადგილებაზე, ან ადამიანების შეცვლაზე,“ – ჰყვება ხოშტარია “აი, ფაქტთან” საუბრისას. 

ხოშტარია იმასაც ვარაუდობს, რომ სამინისტროს მხრიდან კონტროლის მწვავე სურვილი შეიძლება ტენდერის გამოცხადების პროცესსაც უკავშირდებოდეს. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ დაწერილი პროექტი რომ განხორციელდეს, ამისათვის მათ ქვეკონტრაქტორი კომპანია ტენდერით უნდა დაიქირაონ. ამიტომ, შესაძლოა, სამინისტრო ცდილობდეს, რომ ტენდერი მათთვის არასასურველმა კომპანიამ ვერ მოიგოს. 

ჩვენ კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით, გვინდოდა გაჭიანურებული პროცესის მიზეზებზე და ამის გამო ძეგლისთვის მიყენებულ ზიანზე გვესაუბრა. ისე როგორც სხვა შემთხვევებში, სამინისტროდან პასუხად კვლავ დუმილი მივიღეთ. 

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი

ინტერვიუს დროს ხოშტარიამაც გვითხრა, რომ კომუნიკაციის პრობლემა ცენტრსაც ჰქონდა და მათ ურთიერთობაში შუამავალი აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე იყო. თუ სამინისტრო საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციასთან ვერ ურთიერთობს სათანადოდ, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს კითხვებზე პასუხების ძიებისას?

“უშუალო კომუნიკაცია სამინისტროსთან იყო დასაწყისში და ბოლოში, დეკემბერში. პირადი საუბარი მქონდა დეკემბერში მინისტრის მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან. მან კიდევ ერთხელ შემომთავაზა ეს მოდელი და ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელია. უბრალოდ შეურაცხყოფა და უნდობლობაა. მან მითხრა, როგორც ჩანს, ვერ ვთანხმდებითო და აქ შეწყდა საუბარი. ეს იყო დეკემბრის ბოლოს, შემდეგ კომუნიკაცია არ ყოფილა,” – გვიყვება ხოშტარია. 

ვცადეთ მოგვეპოვებინა მტკიცებულება, რომ აშშ-ს საელჩოს ატაშე იყო შუამავალი კულტურის სამინისტროსა და მის სსიპ-ს შორის. დავით ხოშტარიამ გვითხრა, ეს პირადი მიმოწერის ან სატელეფონო საუბრების დონეზე ხდებოდა და ჩანაწერებს ვერ გავასაჯაროვებო. 

ვიდრე სამინისტრო დუმს, ჯვრის მონასტრის არამარტო ფასადი, არამედ შიდა ინტერიერიც ზიანდება. ტაძარში ჩადის წყალი, ჩამოვარდა ქვაც. ამაზე მონასტერში მსახურმა სასულიერო პირმა ტ/კ “მთავარის” ეთერშიც ისაუბრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში ქვის ცვენის პრევენციული ღონისძიებებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა შპს “კონექსს” დაავალა. ამისთვის, 14 მარტს 60,000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. უცნობია, როგორ შეარჩია სამინისტრომ ეს კომპანია, რადგან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით დაუდეს. “კონექსმა” ივნისის ბოლომდე უნდა შეისწავლოს რა საჭიროებები აქვს ტაძარს და მოამზადოს პროექტი, რომლის მიხედვითაც შემდეგ სამუშაოები დაიწყება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეს კულტურის სამინისტროსა და  შპს “კონექსის” თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. კომპანიას აქამდე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ძეგლზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს. უმუშავიათ მრავალფუნქციური შენობების, გზების, ჰესების, აეროპორტის და ღვინის ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტებზეც კი. მათი პროექტების გრძელ სიაში მხოლოდ ერთია ტაძარი – ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი.

გელათის არ იყოს, ბოლოს არ აღმოჩნდეს, რომ მეექვსე საუკუნის ტაძრის საჭიროებები სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტებისთვის უცხო ხილია. 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ვიქტორ ჯაფარიძე
ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატი - რუსული კანონის ხელმომწერი

ვიქტორ ჯაფარიძე

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share