fbpx

რა არის ნეპოტიზმი და როგორ გვაზიანებს ის?

ნეპოტიზმი გორის ბაღების სააგენტოში

ნეპოტიზმი არის სამსახურში ადამიანის დაქირავება არა მისი პროფესიონალიზმის,  გამოცდილებისა და უნარების, არამედ მისი ვინმესთან ნაცნობის ან ნათესავობის გამო.

ნეპოტიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როცა საჯარო მოხელეები  საკუთარი ნათესავებს თანამდებობაზე ნაცნობობით და “ჩაწყობით” ნიშნავენ და საქართველოში იშვიათად შეგხვდებათ ადამიანი, რომელსაც მსგავსი ისტორია არ სმენია ან თვითონ არ გადახდენია თავს.

ნეპოტიზმის გამო საჯარო სამსახურში ხვდებიან საქმის არმცოდნე ადამიანები, რომლებიც შემდეგ აზიანებენ მთელ უწყებას და საბოლოო ჯამში გაზარალებენ თქვენ, რადგან სახელმწიფო თუ კერძო სექტორის გამართულად მუშაობა გავლენას ახდენს ყველა მოქალაქეზე.

გსმენიათ, ხომ მინისტრმა თავისი ცოლი დაასაქმა, გამგებელმა თავისი ძმისშვილი, პარლამენტარმა ნათესავი და ა.შ.? ხომ არ გგონიათ, რომ ნეპოტიზმი მხოლოდ საჯარო სამსახურშია ფესვგადგმული? არა, ის ასევე “წარმატებითაა” ათვისებული კერძო სექტორში ანუ ბიზნესშიც. თუმცა, ბიზნესის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, მასში დასაქმებლებს სახელმწიფო ინტერესისთვის იმდენი ზიანის მიყენება არ შეუძლიათ, რამდენიც საჯარო სამსახურში მყოფებს.

გვითხარით, რომელ თემებზე გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” მეტი საგამოძიებო მასალა მოამზადოს? გადადით ბმულზე და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი საკითხები.

ნეპოტიზმი საჯარო სექტორში

ნეპოტიზმი საჯარო სექტორში

ისეთი საგამოძიებო მედიისთვის, როგორიც “აი, ფაქტია,” განსაკუთრებით საინტერესოა ნეპოტიზმის შემთხვევები საჯარო სექტორში, ვინაიდან აქ ნაცნობობითა და ნათესაური კავშირების წყალობით დასაქმებულები ვერ ან ცუდად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და ამის გამო არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო რესურსი და საბოლოოდ ზარალდება მოქალაქეთა ინტერესი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნეპოტიზმს “ქართულ ჯიგრულ პონტს” უწოდებდა. თუმცა, ის არც ქათულია და მითუმეტეს არც ჯიგრული. სიტყვა ნეპოტიზმი იტალიიდან იღებს სათავეს (სიტყვა nipote იტალიურ ენაზე ძმისშვილს ნიშნავს) და დაკავშირებულია პაპების ძმისშვილებისთვის პრივილეგიების მინიჭებასთან.

ნეპოტიზმს ყველა ქვეყანაში შეიძლება, წააწყდეთ. ზოგან დიდი დოზით, ზოგან ნაკლებით. რაც უფრო დემოკრატიული და განვითარებულია ქვეყანა, მით ფრო ნაკლებია ნეპოტიზმის შემთხვევები. ჩვენისთანა საზოგადოებაში კი ნეპოტიზმი ყველა ფეხის ნაბიჯზე დაგხვდებათ.

“ძალისხმევას არ დავიშურებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბაღების კეთილდღეობისთვის,” – თქვა გიორგი შათირიშვილმა, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2022 წლის 4 იანვარს, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნის დღეს. ქალაქის ბაღების მდგომარეობა არ მეტყველებს, რომ შათირიშვილმა მაქსიმუმი გააკეთა. სამაგიეროდ, ძალისხმევა არ დაუშურებია გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც მეგობარს სამსახური უჩალიჩა.

ის მერად სულ რაღაც ორი თვის არჩეული იყო, რომ “ქართულ ჯიგრულ პონტს” გემო გაუსინჯა და პირადი ბრძანების საფუძველზე, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თავმჯდომარედ მეგობარი დანიშნა. მათ ნათელმირონობაც აკავშირებთ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გიორგი შათირიშვილის ბავშვის ნათლიაა.

ამ თემაზე “აი, ფაქტმა” გამოძიება 2023 წლის მარტში გამოაქვეყნა.

რა არის ნეპოტიზმი

უფრო მაღალ დონეზე ნეპოტიზმის მაგალითია “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” შემთხვევა. 

სააგენტოს მიზანია წარმატებული და ქვეყნისთვის სასიკეთო ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა, 2021 წლის მაისში მისი თავმჯდომარე ამბობდა: “ჯერჯერობით, რაც სააგენტო არსებობს, ანუ 2019 წლიდან, კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო და ჩაეშვა, არ გვაქვს.”

ასე უხეიროდ მომუშავე უწყება 2022 წელს ბიუჯეტიდან 269 ათასი ლარით დავაფინანსეთ. აქედან მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარის, უფროსი ანალიტიკოსის და ადმინისტრაციული მენეჯერის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 182 ათასი ლარი.

სააგენტო დაკისრებულ ფუნქციებს ზედმიწევნით რომ ვერ ასრულებს, აუთვისებელი ბიუჯეტებითაც ნათელია. სააგენტოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ცოლი, ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს.

ვრცლად სააგენტოს შესახებ ჩვენს მიერ 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული გამოძიებიდან შეიტყობთ.

ნეპოტიზმი და კორუფცია

საგამოძიებო მასალებზე მუშაობისას ჩვენ ხშირად ვპოულობთ ისეთ ამბებს, როცა საჯარო მოხელეები ნეპოტისტური ნიშნით ერთვებიან კორუფციაში. მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების (იგივე ტენდერის) პროცესში ისინი უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავების ან მეგობრების კომპანიას. ამ გზით მათი ახლობლები იღებენ სარგებელს სახელმწიფო რესურსის გამოყენების ხარჯზე და ხშირად დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებენ.

საქართველოს საჯარო სექტორში არსებული კორუფციული ტენდენცია, ძირითადად, ამ ფორმითაა გადაჯაჭვული ნეპოტიზმთან. თუ რა არის კორუფცია, კიდევ რა სახით გვხვდება ის ჩვენს რეალობაში და როგორ რეაგირებს მასზე მთავრობა, იხილეთ ჩვენს ბლოგში.

ნეპოტიზმი და კანონი

ნეპოტიზმი, წესით, დასჯადი ქმედებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი ადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებსა და მოსალოდნელ ჯარიმებს.

ნეპოტიზმი და კანონი

აი, რა წერია კანონში:

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2015 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” წარმოადგინა კანონში ცვლილების პროექტი. მათი განმარტებით, მართალია, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი (თანამდებობის ბოროტად გამოყენება) თეორიულად მოიცავს საჯარო სამსახურში კონკურსის წესის განზრახ დარღვევას, თუმცა პრაქტიკაში თითქმის არ

ხდება აღნიშნული მუხლის ამგვარი ინტერპრეტაციით გამოყენება.

კანონპროექტის თანახმად, დანაშაული უნდა გამხდარიყო იმ პირის მიერ თანამდებობის დაკავება, რომლის სასარგებლოდაც მოხდა კონკურსის პირობების დარღვევა თუ მან აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა. ამ შემთხვევაში პირს ეცოდინება, რომ არამარტო ის თანამდებობის პირი დაისჯება, რომელმაც მიკერძოებულად ჩაატარა კონკურსი, არამედ – თვითონაც.

თუმცა, პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა გაკეთდა იმერეთში ევროკავშირის ფულით?
ევროკავშირის გრანტები იმერეთში

რა გაკეთდა იმერეთში ევროკავშირის ფულით?

იმერეთის მუნიციპალიტეტებში ევროკავშირმა ორ წელში 70 მილიონი ლარი დახარჯა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share