fbpx
რა არის რეფერენდუმი - აი დაქტის ბლოგი

რეფერენდუმი – მისი მნიშვნელობა, გავლენა და როლი დემოკრატიებში

“თანახმა ხართ თუ არა…?” – ხშირად სწორედ ამ ფრაზით იწყება რეფერენდუმის ბიულეტენი, რომელიც მოქალაქეს აძლევს შანსს, სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტაში პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს. 

რეფერენდუმი ლათინური სიტყვაა და სიტყვა სიტყვით ასე ითარგმნება — ,,ის, რაც უნდა გახმოვანდეს”. ეს არის პროცესი, როცა კონსტიტუციური, საკანონმდებლო თუ პოლიტიკური დილემები არა სახელმწიფო კაბინეტებში, არამედ უშუალოდ მოქალაქეების მიერ წყდება.

რეფერენდუმზე სვამენ კონკრეტულ, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კითხვას, მაგალითად,  თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს? მოქალაქეებს კი შეუძლიათ პირდაპირ გასცენ პასუხი – დიახ ან არა. ასე, გვერდს აუვლიან პოლიტიკურ შუამავლებს და თავად განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს. 

შედეგად, რეფერენდუმი ხდება ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს პოლიტიკურ რეალობაზე. 

როგორ განვითარდა რეფერენდუმი ისტორიულად?

ხალხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებდა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა პირდაპირი დემოკრატიის ფორმები. ძველ ათენში მოქალაქეები დიდ მოედანზე იკრიბებოდნენ, სადაც მნიშვნელოვან საკითხებს კოლექტიურად განიხილავდნენ და ხმის მიცემის გზით, ოპტიმალურ კანონსა თუ რეგულაციას ირჩევდნენ.

თუმცა, თანამედროვე რეფერენდუმის რატიფიცირება პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მასაჩუსეტსის შტატში, 1778 წელს მოხდა. 1800-იან წლებში კი შვეიცარიის კანტონებში იმართებოდა რეფერენდუმის სხვადასხვა ფორმა – არასავალდებულო და სავალდებულო კენჭისყრები, ასევე ინიციატივები. 

აშშ-ში რეფერენდუმი მე-19-20 საუკუნეებში, მხოლოდ შტატების დონეზე გახდა პოპულარული.  ამ დროს ამერიკელები საკანონმდებლო ორგანოებზე პოლიტიკური პარტიებისა და ავტორიტეტების გავლენების შემცირებას ცდილობდნენ.

საინტერესოა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია რეფერენდუმს ფედერალურ დონეზე დღემდე არ ითვალისწინებს — ეს მხოლოდ შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებად რჩება.  მაგალითად, კალიფორნიის კონსტიტუციის მეორე მუხლი მოქალაქეებს აძლევს რეფერენდუმის პეტიციის წარდგენის უფლებას — ამომრჩევლებს აქვთ უფლებამოსილება, დაამტკიცონ ან უარყონ კანონები ან კანონების ნაწილები (გარდა არჩევნების დანიშვნისა და გადასახადების აკრეფის კანონმდებლობისა).

კალიფორნიის შტატში რეფერენდუმი ტარდება მაშინ, როცა ამომრჩეველთა მინიმუმ 5% შესაბამის პეტიციას ხელს მოაწერს. 2020 წლის ნოემბერში ასეთი რეფერენდუმით კალიფორნიელებმა გააუქმეს კანონი, რომელიც Uber-ისა და Lyft-ის მძღოლებს მიიჩნევდა დაქირავებულებად და არა დამოუკიდებელ კონტრაქტორებად. 

მე-20 საუკუნის შუა პერიოდში სახალხო კენჭისყრის პრაქტიკა შემცირდა, მაგრამ 1970-ანი წლებიდან კვლავ აქტუალური გახდა. მოქალაქეები იმ პროცესებში ჩართვას მოითხოვდნენ, რომლებიც მათ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახებოდა. ამ მექანიზმმა ადამიანის უფლებებით, სიკვდილით დასჯით, აბორტით, იარაღის კონტროლით, საგადასახადო პოლიტიკითა და გარემოს დაცვით დაინტერესებულ მოქალაქეებს განსაკუთრებული ბიძგი მისცა. 

ისტორიამ ასევე აჩვენა, რომ რეფერენდუმები, რომლებიც ხშირად დემოკრატიულ პრინციპებთან ასოცირდება, ზოგჯერ ავტორიტარული რეჟიმების მიერ ხალხის მხარდაჭერის იმიტაციისა და ლეგიტიმურობის შესაქმნელად გამოიყენებოდა. ამის მაგალითია ჰიტლერის დროინდელი ნაცისტური გერმანია, სადაც 1933 წელს რეფერენდუმი გერმანიის ერთა ლიგიდან გასვლის შესახებ ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, 94% ამ პროცესის მომხრე იყო. 

1936 წელს კი სახალხო კენჭისყრა რაინის მხარის სამხედრო ზონად ცნობას ისახავდა მიზნად, რომელსაც მოქალაქეების თითქმის 98.8%-მა დაუჭირა მხარი. ორივე რეფერენდუმი ძლიერი პროპაგანდისა და დაშინების პირობებში ჩატარდა. შედეგებით კი ჰიტლერმა შექმნა ილუზია, თითქოს, ხალხი დიქტატორის პოლიტიკას ემხრობოდა. 

თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს მაგალითები, რომლებიც მოწმობს იმას, თუ როგორ შეიძლება რთული პოლიტიკური საკითხების ამომრჩეველთა ჩართულობით გადაწყვეტა. ამის ნათელი მაგალითია შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელიც  2014 წელს ჩატარდა. 

ამ კენჭისყრაში შოტლანდიელი ამომრჩევლების 55.3%-მა გაერთიანებული სამეფოს ნაწილად დარჩენა ამჯობინა, ხოლო 44.7%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

როდის ჩატარადა რეფერენდუმი საქართველოში

რეფერენდუმის სახეები და მექანიზმები

რეფერენდუმები სხვადასხვანაირია, ისინი მიზნებისა და ჩატარების წესის მიხედვით განსხვავდება. ძირითადად, არსებობს ორი ტიპი: სავალდებულო და არასავალდებულო.

სავალდებულო რეფერენდუმი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს. მაგალითად, როცა საქმე კონსტიტუციის შეცვლას, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერას ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხება.

არასავალდებულო რეფერენდუმები არ არის კანონით სავალდებულო, მაგრამ მოთხოვნის შედეგად იმართება. ეს მოთხოვნა შეიძლება მოდიოდეს აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, ან თავად მოქალაქეებისგან,  გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის (18 წლის და ზემოთ) მოთხოვნით.

რეფერენდუმები ასევე იყოფა სავალდებულო და საკონსულტაციო კატეგორიებად. სავალდებულო რეფერენდუმებს პირდაპირი სამართლებრივი შედეგი აქვს. იგულისხმება, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკა ძალაში დაუყოვნებლივ შედის. 

საკონსულტაციო რეფერენდუმები კი, ძირითადად, საზოგადოებრივ აზრს ამოწმებს და გამოკითხვას უფრო ჰგავს. ამ დროს მთავრობას რჩება უფლება თავად გადაწყვიტოს, მოიქცეს თუ არა რეფერენდუმის შედეგის შესაბამისად. თუმცა, საქართველოში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით რეფერენდუმის შედეგებს გააჩნია იმპერატიულად სავალდებულო ხასიათი. ანუ, მისი შედეგები აუცილებლად გაფორმდება იურიდიულად.

რეფერენდუმები შეიძლება იყოს მოქალაქეთა მიერ (ქვემოდან-ზემოთ) ან ხელისუფლების მიერ (ზემოდან-ქვემოთ) ინიციირებული. მოქალაქეების მიერ ინიციირებული რეფერენდუმები მოიცავს სახალხო ინიციატივებს. ისინი ახალი კანონის მიღებას ან ძველის გაუქმებას ითხოვენ. 

რეფერენდუმი და პლებიცისტი

რეფერენდუმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რეფერენდუმსაც აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა კონტექსტში გამოიყენება ის.

დადებითი მხარეებიუარყოფითი მხარეები

პირდაპირ გამოხატავს ხალხის ნებას და გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაციას ანიჭებს
შესაძლოა პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც დროს, ფორმულირებასა და ინტერპრეტაციას აკონტროლებენ, მანიპულაციებს ჰქონდეს ადგილი

 შეუძლია გადალახოს პოლიტიკური ჩიხი მაშინ, როცა წარმომადგენლობითი ინსტიტუტები ვერ თანხმდებიან
ხშირად გამოიყენება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკუთარი ძალაუფლების გასაზრდელად და არა დემოკრატიული გაძლიერებისათვის
აძლევს მოქალაქეებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში პირდაპირი მონაწილეობის საშუალებას და ზრდის სამოქალაქო ჩართულობასვერ უზრუნველყოფს ნიუანსირებულ გადაწყვეტილებებს კომპლექსური პრობლემებისთვის (დიახ/არა ფორმატი ზღუდავს ვარიანტებს)

შეუძლია უზრუნველყოს სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა
შეიძლება გამოიწვიოს ცუდად შემუშავებული კანონების მიღება, ბუნდოვანი ფორმულირების ან ექსპერტთა ჩართულობის ნაკლებობის გამო
რეფორმების საჭიროების დროს გვერდს უვლის არაეფექტურ საკანონმდებლო ორგანოებსშეიძლება რთული იყოს შედეგების გაუქმება ან შეცვლა
უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც პოტენციურად ამცირებს პოლიტიკურ გაუცხოებასრეფერენდუმის შედეგების იმპლემენტაცია შეიძლება დაბლოკილი იქნას ოპონენტების მიერ, რაც ქმნის პოლიტიკურ არასტაბილურობას
შეიძლება დაიცვას პოლიტიკური პროცესი ელიტარული გავლენებისაგანშეიძლება სადავო სიტუაციებში კომპრომისის ნაცვლად, პოზიციების გამყარება განაპირობოს

რეფერენდუმის გამოცდილება საქართველოში

საქართველოს ისტორიაში 1991 წლის 31 მარტი განსაკუთრებული თარიღია. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციისგან გაათავისუფლა. საყურადღებოა, რომ დღევანდელი კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ ამ რეფერენდუმს ეფუძნება.

ისტორიულ რეფერენდუმზე გამოტანილ კითხვას: ,,თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” დადებითი პასუხი 3,3 მილიონმა ადამიანმა გასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ყუთებთან მისული მოქალაქეების 99.08%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა.

რეფერენდუმი საქართველოში - თანახმა ხართ თუ არა

1991 წლის რეფერენდუმი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ეს იყო უკანასკნელი საყოველთაო კენჭისყრა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა —  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი სრულად ვერ ჩატარდა, ცხინვალის რაიონის შვიდ სასოფლო საკრებულოში ადგილობრივი მოსახლეობა (როგორც ქართველები, ისე ოსები) აქტიურად მონაწილეობდა.

შედეგად, განისაზღვრა, რომ ,,საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით…”.

რეფერენდუმით დადგენილი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა ისეთი სამართლებრივი ძალის მატარებელია, რომლის გადასინჯვა მხოლოდ იმავე ხარისხის და ლეგიტიმურობის მქონე გადაწყვეტილებას, ანუ ისევ რეფერენდუმს შეუძლია.

ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ საქართველოში კიდევ ორი მნიშვნელოვანი რეფერენდუმი გაიმართა. 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურით, ამომრჩეველთა ხელმოწერის საფუძველზე დანიშნა.

რეფერენდუმზე გამოტანილი იყო კითხვა, სურდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირება. მოქალაქეების უმრავლესობამ ამ ცვლილებას მხარი დაუჭირა — 1,590,309 მოქალაქემ (89.61%) დადებითი პასუხი გასცა, მაშინ როცა 184,209 (10.39%) წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1,904,105 ადამიანმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 60%-ს შეადგენდა.

2008 წლის 5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პლებისციტი გაიმართა. ერთი მათგანი ეხებოდა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენას, მეორე — საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. ნატოსთან დაკავშირებულ პლებისციტზე დასმული იყო კითხვა:

“უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?”

  • მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ – 1,355,328 მოქალაქემ (77%) მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას,
  • ხოლო 404,943-მა (23%) უარყოფითი პასუხი გასცა.
  • პლებისციტში მონაწილეობა მიიღო 1,760,271-მა ადამიანმა.

მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში

თანამედროვე სამყაროში რეფერენდუმები კვლავ დემოკრატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება, თუმცა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. 1970-იანი წლებიდან რეფერენდუმების პოპულარობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ მოქალაქეები ნაკლებად ენდობიან პარტიებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა სურთ. 

დღეს ტრადიციული მედია საშუალებები და სოციალური ქსელები საზოგადოებრივ აზრზე დიდ გავლენას ახდენს. პროპაგანდისტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა არჩევანზე. ამასთან, სოციალურ მედიაში განთავსებული მიზნობრივი რეკლამით კონკრეტულ აუდიტორიამდე  მიღწევა ძალიან მარტივია.

ამ კონტექსტში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა დეზინფორმაციის გავრცელებაა. სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის სწრაფი გავრცელება პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ აზრზე და, საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგებზეც ახდენს გავლენას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი წლების მნიშვნელოვან რეფერენდუმებში. 

ბრექსიტის რეფერენდუმის მაგალითი ნათლად აჩვენებს ამ პრობლემას. “სიტი სენტ ჯორჯის” უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის დროს ტვიტერზე 13,493 ავტომატიზებული ანგარიში (ბოტი) პოლიტიკური გზავნილების გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.

ეს ბოტები მოქმედებდნენ რეფერენდუმამდე და მის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გაუჩინარდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ რეფერენდუმამდე გავრცელებული გზავნილების დაახლოებით მესამედი წაიშალა, რომელთა ძირითადი ნაწილი ევროკავშირიდან გასვლას ემხრობოდა.

პირდაპირი დემოკრატიის მომხრეები თვლიან, რომ რეფერენდუმები ზრდის მოქალაქეების ჩართულობას პოლიტიკაში და ქმნის უფრო მჭიდრო კავშირს ხალხის ნებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის. მეორე მხრივ, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რთული პოლიტიკური საკითხების ,,დიახ/არა” ფორმატში გადაწყვეტა ხშირად ასუსტებს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტებს, რომლებიც უკეთ არიან აღჭურვილნი დეტალური, ექსპერტული ანალიზისთვის. 

თუმცა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ რეფერენდუმი არ არის მხოლოდ არჩევანის გაკეთება —  ეს პროცესი მოქალაქეების კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხარისხს ზომავს. საცარაუდოა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ინსტრუმენტს სათანადოდ იყენებენ, საბოლოოდ უფრო მდგრად, სამართლიან და დემოკრატიულ საზოგადოებებს აშენებენ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ მოიპარა “ოცნებამ” სახალხო დამცველის ინსტიტუტი 
როგორ მოიპარა ქართულმა ოცნებამ სახალხო დამცველის აპარატი

როგორ მოიპარა “ოცნებამ” სახალხო დამცველის ინსტიტუტი 

გაცნობთ ლევან იოსელიანის გუნდს, მათ საქმიანობას და კომპეტენციას

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share