Media logo
როგორ არ იძიებს პოლიცია ქურდობას
სტატისტიკა

როგორ (არ) იძიებს პოლიცია ქურდობის დანაშაულებს? - შეჯამება

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქურდობა ეკონომიკური დანაშაულია და ის ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საქართველოს პოლიცია კი ამ დანაშაულზე ხშირად არ რეაგირებს.

განყოფილებაში დასახმარებლად მისულ დაზარალებულებს ეუბნებიან, ჯობს მოპარული ნივთი დაკარგულად დაარეგისტრიროთო და შემდეგ საქმეს არ იძიებენ. მოქალაქეების ნაწილი პოლიციას უჯერებს და ასე ხელოვნურად იცვლება ქურდობის დანაშაულების სტატისტიკა. 

ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირადი ნივთები, საფულე და მობილური ტელეფონები სხვადასხვა დროსა და ადგილას მოპარეს. მათთან საუბარში ირკვევა, რომ ნაქურდალი ნივთის დაკარგულად რეგისტრირება ერთეული შემთხვევა არ არის და ვერც ცალკეული პოლიციელის ბრალეულობას ვუწოდებთ. ეს გავრცელებული ტენდენციაა, რომელზე ადვოკატებსაც ხშირად სმენიათ.

შსს-მ გასულ წელს ქურდობის 16,000-მდე შემთხვევა დააფიქსირა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სტატისტიკა რეალობას ვერ ასახავს. კეთილსინდიერი პოლიციელები რომ გვყავდეს, ოფიციალურად, გაცილებით მეტი დანაშაული იქნებოდა აღრიცხული. 

სამართალდამცველები დამნაშავის ძიებას არ იწყებენ მაშინაც კი, როცა დაზარალებული წარუდგენთ მტკიცებულებებს, მაგალითად სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებს, ასევე დეტალურად უყვებიან, როდის და სად მოხდა დანაშაული, როგორ გამოიყურებოდა ან რა ეცვა სავარაუდო ქურდს. 

იურისტების შეფასებით, შესაძლოა პოლიციელებს არ სურთ გაზარდონ გაუხსნელი საქმეების სტატისტიკა, ან უბრალოდ საქმეს იმარტივებენ. ეს ყველაფერი კი აწყობს მათ ხელმძღვანელობასაც, რათა ოპოზიციის თუ სამოქალაქო საზოგადოებისგან არ ისმინონ კრიტიკა უხეირო მუშაობაზე და მძიმე კრიმინოგენურ სიტუაციაზე. არადა, ადვოკატების თქმით, გამომძიებელმა დანაშაულზე სულ რომ ტელევიზიით შეიტყოს, საქმე მაინც უნდა დაიწყოს, ამას კანონი ავალდებულებს. 

ამ ამბავზე ყურადღების გამახვილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პოლიციელი თავისი არსით ხალხის მსახურია, მოქალაქების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. მითუმეტეს, რომ მათ ხელფასებსაც ჩვენ ვიხდით, გადასახადების ფულით და არც სხვა წახალისებები აკლიათ, პრემია-დანამატების სახით. 

“აი, ფაქტის” სტატიაზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. მასალის მომზადებისას ყველაზე დიდი სირთულე კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია იყო. გვსურდა მასალაში მათი პოზიციაც აგვესახა, თუმცა ჟურნალისტმა პასუხი ვერც სატელეფონო საუბრისას მიიღო და ვერც წერილობით, საჯარო ინფორმაციის განცხადებაზე. 

სრულ მასალას ქვემოთ მოცემულ ბმულზე წაიკითხავთ.

https://ifact.ge/ratom-ar-idziebs-policia-kurdobas/

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა