ამ ზაფხულის დასაწყისში აბასთუმანში პირადი მიზეზების გამო ისევ მოვხვდი. ათი დღე ბიძინა ივანიშვილის სასახლის მეზობლად ვცხოვრობდი. ვაკვირდებოდი იქაური ადამიანების ქცევას და განწყობებს, მათ შიშებს, იმედებსა და მოლოდინებს. სულ ვაწყდებოდი იმის ნიშნებს, თუ როგორ იქცა ეს პატარა კურორტი მთელი ქვეყნის მაკეტად.
ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნით გატაცების ამბით ორი წლის წინ დავინტერესდი, როცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში რამდენიმე ნაცნობი სახელი ვიპოვე.
ეს კომპანიები “პანამის დოკუმენტებიდან” მახსოვდა, როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ქონება. აღმოვაჩინე, რომ 2018 წლიდან ამ კომპანიებს აბასთუმანში ჰექტრობით მიწა სახელმწიფოსგან საბაზრო ფასზე იაფად შეუძენიათ.
პირველად აბასთუმანში 2022 წლის გაზაფხულზე ჩავედი და ამ სტატიის დაწერაც მაშინ მინდოდა. ვაპირებდი, აღმეწერა, როგორ დაისაკუთრა ოლიგარქის ბიზნესმა კურორტი.
მერე, ხან ობიექტური, ხან კი სუბიექტური მიზეზების გამო ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. ამ ზაფხულს, აბასთუმანში ყოფნისას მივხვდი, რომ ეს ამბავი წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ამიტომ ახლა უნდა გიამბოთ პატარა, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეულ კურორტზე, რომელიც ოლიგარქის საკუთრება გახდა, მის ნება-სურვილზე მოეწყო და რომელშიც ბევრი ქართული ამბავი “ჯიგრულ პონტში” კვეთს ერთმანეთს.
საქართველოს სამხრეთში, წიწვოვან ტყეში ჩაფლული კურორტი აბასთუმანი, თავისი ჰაერის გამო, ცნობილი რუსეთის იმპერიის დროს, მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა. მაშინ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მე-3 რომანოვმა აქ სასახლე და მარმარილოს აბანოები შვილისთვის, გიორგი რომანოვისთვის ააშენა. გიორგის ფილტვების მძიმე დაავადება ჰქონია და იმ დროს აბასთუმანში გადასახლებულა.
ორი საუკუნის თავზე რომანოვების სასახლის გვერდით ახალი, მისტიკური სასახლე გამოჩნდა, რომელიც ისეა აშენებული, რომ უცხო თვალი მას ვერ იხილავს. სასახლე არც ერთი მხრიდან ჩანს. წინა კარიბჭიდან მხოლოდ კარგად მოვლილი გაზონი და საფეხმავლო ბილიკები მოსჩანს.
გარშემო სასახლეს ხელოვნური კლდე აკრავს. ჭიშკარიც კი ამ კლდეში ისეა ჩაშენებული, რომ ერთი შეხედვით ვერავინ მიხვდება მის არსებობას. მე აბასთუმანში ყოფნისას მხოლოდ ორჯერ, ივანიშვილის ჩამოსვლისას ვნახე როგორ იხსნებოდა ეს კლდე და შავი ჯიპები შედიოდნენ მასში.
თავად სასახლისთვის თვალი ადგილობრივებსაც კი არ მოუკრავთ. სასახლის მეპატრონე ვერტმფრენით გადაადგილდება და აბასთუმნელები ამ ხმის მიხედვით ხვდებიან, როდის იმყოფება ის აბასთუმანში.
ბიძინა ივანიშვილი კურორტზე 2018 წელს ოჯახთან ერთად ისვენებდა. გამოცდილმა ბიზნესმენმა დანგრეულ კურორტში პოტენციალი მაშინვე დაინახა და აბასთუმნისთვის გრანდიოზული გეგმები დააანონსა. “აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში,” – თქვა მაშინ ივანიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა უკვე აღარ ეკავა, მთავრობას დაავალა, შეექმნა საკურორტო ზონის განვითარების გენერალური გეგმა, რაც მალევე მომზადდა და პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობისას დაამტკიცეს.
ივანიშვილის მრჩეველი, სოსო ტყემალაძე 2022 წლის ივნისში bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, რომ მაშინ ივანიშვილმა, როგორც სჩვევია, ისე თქვა “ფული ჩემი, საქმე თქვენი და აბა, წამოვწიოთ აქაურობაო.”
მომდევნო თვეებსა და წლებში დაიწყო მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის ძირეული განახლება, დაიგო ახალი გზები და ტროტუარები, მთავარ გზაზე რამდენიმე ძველ სახლს ხის ფასადებიც აღუდგინეს. აბასთუმნის განახლების პროცესი დღესაც გრძელდება.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ინფრასტრუქტურას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა განახლება და ეს გაუმჯობესება გარკვეულ სარგებელს ყველას მოუტანს. თუმცა, ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც ივანიშვილი ისარგებლებს, როგორც კურორტის უმსხვილესი ინვესტორი და როგორც პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი და არაფორმალური მმართველი.
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ბიუჯეტიდან დღემდე 263 მილიონი ლარია დახარჯული. ამაზე ადგილობრივებმა ცოტა თუ იციან. აბასთუმნელები მიმდინარე სამუშაოებს ხშირად ივანიშვილის ქველმოქმედებას მიაწერენ.
ფეისბუქზე აბასთუმნის ჯგუფში შეგხვდებათ პოსტები და კომენტარები იმაზე, თუ რამდენი რამ გაუკეთა ივანიშვილმა კურორტს. იშვიათად თუ ახსენებს ვინმე იმას, რომელი ფულით გაკეთდა ეს სამუშაოები.
ამ მოარულ ხმებს ივანიშვილის ხელგაშლილობაზე მთავრობისა და მიკერძოებული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებიც ამყარებს, თითქოს ეს ყველაფერი აბასთუმანში ივანიშვილის წყალობით ხდება და დადებითად წარმოაჩენს მის არაფორმალურ მმართველობასაც.
ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში ივანიშვილის ქველმოქმედების პოპულარიზაციას ეწევა, ახალი ამბავი სულაც არ არის. მის ბიზნესწამოწყებებს, რომელიც ხშირად მოგებაზეა ორიენტირებული, ხალხისთვის გაკეთებულ საჩუქრად ასაღებენ ხოლმე.
შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე აბასთუმნელები საარჩევნო ყუთთან რას გადაწყვეტენ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს. ერთ-ერთმა რესპონდენტმა აბასთუმანში მითხრა, რომ იქ არჩევნებს მმართველი პარტია მოიგებს და ამაში ეჭვი არავის ეპარება.
გარდა ელექტორალური სარგებლისა, ივანიშვილმა აბასთუმანში პირადი სარგებელიც მიიღო. 2018 წლიდან დღემდე მასთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 4.2 ჰა მიწა შეიძინა. ეს მაშინ, როცა აბასთუმანში მიწის თავისუფალი ნაკვეთი, თითქმის, აღარაა დარჩენილი.
ამ მიწების ნაწილზე ივანიშვილმა თავისი სასახლე ააშენა, ნაწილზე კი ორი სასტუმრო დღემდე შენდება.
2012 წლის არჩევნებამდე ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მთავრობაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო რესურსისა და ბიუჯეტის მითვისებას არ დაიწყებდა. წიწვოვან ტყეში ჩაფლული კურორტის დღევანდელი დღე კი საპირისპიროს გვიმტკიცებს.
ბიძინა ივანიშვილის ქონება აბასთუმანში
ადრე, როცა ამ სტატიაზე მუშაობა დავიწყე, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე: უძრავი ქონების კერძო შემფასებელ კომპანიას დავუკვეთე იმ ქონების შეფასება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ იყიდა.
ნაკვეთი შპს “სანაპიროს ხედს” ეკუთვნის, მისი კოდია 61.11.21.020 და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს ამ მიწის 1 კვ.მ. საშუალოდ 150 ლარად გაყიდა. კერძო შეფასებამ 2022 წლის სექტემბერში 1 კვ.მ. მიწის საბაზრო ღირებულებად 276 დოლარი, ანუ იმ დროისთვის 770 ლარი დაადგინა.
ამ თავში სწორედ იმაზე უნდა მოგიყვეთ, საბაზრო ფასთან შედარებით, რამდენად იაფად მიიღო სახელმწიფო ქონება ოლიგარქის გარემოცვამ.
2013 წლიდან დღემდე მთავრობამ აუქციონზე აბასთუმანში მდებარე 49 ნაკვეთი გაყიდა. აქედან 2013-2017 წლებში მხოლოდ 5 მათგანი. აბასთუმანში მიწებზე მოთხოვნის ზრდა კურორტით ივანიშვილის დაინტერესების პარალელურად, ანუ 2018 წლიდან შეინიშნება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონებს ვებსაიტის გამოყენებით ატარებს. გავაანალიზე საიტზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება, რომელიც აბასთუმანს ეხებოდა.
მონაცემების დამუშავებით ვნახე, რომ ამ წლებში სააგენტომ გაყიდა 64 344 კვ.მ. მიწა აბასთუმანსა და მის შემოგარენში. აქედან 42 458 კვ.მ. მიწა, ანუ 66 პროცენტი ივანიშვილმა და მისმა კომპანიებმა შეიძინეს.
ოლიგარქის მიერ შეძენილი 14 ნაკვეთის შესახებ დეტალებს ინტერაქციული რუკიდან შეიტყობთ:
2018 წლის 30 აგვისტოს შპს “ემერალდი” ირაკლი კაცაძემ დააფუძნა და 24 სექტემბერს 100 ლარად “ქართუ ჯგუფს” მიჰყიდა. კომპანიის გაყიდვამდე კაცაძემ მოასწრო, რომ სახელმწიფოსგან აუქციონის გზით შეესყიდა 3 128 კვ.მ. მიწა აბასთუმანში. ნაკვეთში მან 257 000 ლარი ანუ 1 კვ.მ.-ში საშუალოდ 82 ლარი გადაიხადა.
2020 წელს ამ ტერიტორიაზე კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა. ბინები იმ ოჯახებს გადასცეს, რომელთაც ივანიშვილის პროექტების გამო საკუთარი სახლებიდან გამოსვლა მოუწიათ.
ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს “ცისარტყელამ” 2018-2020 წლებში სახელმწიფოსგან 7 836 კვ.მ. მიწა 820 500 ლარად შეიძინა. საშუალოდ, 1 კვ.მ. მიწაში 104 ლარი მისცეს.
შპს “ცისარტყელამ” სახელმწიფოსგან ნაყიდი მიწა მის საკუთრებაში არსებულ სხვა ნაკვეთებს მიუერთა და ახლა ამ ტერიტორიაზე (18 545 კვ.მ. მიწაზე) ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი სასტუმრო “პარაგრაფს” აშენებს.
აბასთუმანში ივანიშვილის სასტუმრო საბოლოოდ 150-ნომრიანი იქნება აუზით, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით. იქვე იქნება სპა და ტერასა 360-გრადუსიანი ხედით. ადგილობრივებმა ჯერ არ იციან, როდის დაიწყებს ეს სასტუმრო ფუნქციონირებას. თანაინვესტირების ფონდის საიტზე პროექტის სტატუსი ჯერ კიდევ მიმდინარეა და მასზე 60 მილიონი დოლარი იხარჯება.
აბასთუმნის “პარაგრაფის“ სარეკლამო ბანერები გვამცნობს, რომ სასტუმროს ექნება საუცხოო ხედები ტყეზე. ამ ძვირადღირებული სასტუმროს სამეზობლოში კი დანგრეული სახლებია. მდიდრული სპა-ს აივნებიდან გადახედვისას, სტუმრები ადვილად შეამჩნევენ გოფრირებული ლითონის სახურავებს.
იქ მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მათ სახლებს დაანგრევენ და გადასახლება მოუწევთ იმისათვის, რომ “პარაგრაფში” დამსვენებლებს შთაბეჭდილებები არ გაუფუჭონ.
ლანა (სახელი შეცვლილია) მეუღლესთან და შვილებთან ერთად “პარაგრაფის” ქვემოთ მდებარე უბანში ცხოვრობს. მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ოთახების დამსვენებლებზე მიქირავებაა. გარდა ამისა, ლანა ტყეში ფიჭვის გირჩებიდან ყვავილის მტვერს აგროვებს. ამბობენ, ფიჭვის მტვერი ფილტვებს უხდებაო და ისიც, თითო კოვზს ხუთ ლარად ყიდის.
„გაგვაგდებენ ამ უბნიდან“, – ამბობს ლანა. „ჩვენ თავზე ისეთი ლამაზი 7 თუ 9 სართულიანი შენობები შენდება… და ამის მერე შეხედეთ ჩვენს დანგრეულ, განადგურებულ სახლებს… არ აფუჭებენ ხედს?”
ჯერჯერობით, ლანასა და მისი მეზობლებისთვის “პარაგრაფის” მიმდებარე ტერიტორიიდან განსახლების შესახებ არავის არაფერი უთქვამს. საუბარია, მათი სახლების რეაბილიტაციაზეც, თუმცა ლანამ დანამდვილებით ჯერ არ იცის, რა ბედი ეწევათ.
ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა, რომლისთვის საჭირო მიწები 2019 წელს შეიძინეს.
შპს “სანაპიროს ხედმა” 2019 წლის მარტში 23 585 კვ.მ. მიწა სახელმწიფოსგან 3 540 000 ლარად შეიძინა, ანუ კვადრატულ მეტრში 151 ლარი მისცა.
2019 წლის ოქტომბერში ამავე კომპანიამ შეიძინა 1 751 კვ.მ. მიწა ფალიაშვილის ქუჩაზე. ამჯერად 1 კვ.მ. მიწის შეძენა მხოლოდ 42 ლარი დაუჯდათ, ჯამში, 72 000 ლარი. ამ ტერიტორიაზე წარსულში საბჭოთა დროს აშენებული, ამორტიზებული სანატორიუმი “ზეკარი” იდგა, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულებს მკურნალობდა. სანატორიუმის შენობა დაანგრიეს და მის სანაცვლოდ “ქართუ ჯგუფმა” ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ აბასთუმანში ააშენა.
ძველი სანატორიუმის შენობის ადგილზე კი ახლა მშენებლობა მიდის. თუმცა, რა შენდება, ადგილობრივებმა არ იციან. ტერიტორიას გარშემო მიჯრით მიწყობილი მაღალი კვიპაროსების ღობე ისე აკრავს, რომ მის მიღმა გახედვა რთულია. ჩემი იქ ყოფნისას ერთ ადგილზე კვიპაროსებს ცვლიდნენ და შემთხვევით თვალი მოვკარი მოვლილ მდელოებს, დეკორატიულ მცენარეებსა და გაკრეჭილ ბალახს.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, რომელიც ჩვენ საჯარო რეესტრიდან მოვიპოვეთ, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა შენდებოდეს. მშენებლობის უფლება ადიგენის მერიამ 2019 წლის მაისში გასცა.
შპს “სანაპიროს ხედის” 100-პროცენტიანი წლის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული კომპანია “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალია.” ეს კომპანია ფლობდა შპს “ბლექ სი არენასაც,” რომელიც შეკვეთილში არსებული საკონცერტო დარბაზია.
შპს “სანაპიროს ხედის” ხელში მოხვდა კიდევ ერთი ნაკვეთი, რომელიც 2018 წელს ბელიზის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. სს Gavelton Investments Limited-ს 4 613 კვ.მ. მიწა ქონების ეროვნულმა სააგენტომ 373 000 ლარად, ანუ კვადრატული მეტრი 81 ლარად მიყიდა.
ბელიზის ოფშორული ბაზა მკვლევრებისა და ჟურნალისტებისთვის დახურულია, თუმცა რთული არაა იმის მტკიცება, რომ კომპანია ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ალბათ, ამიტომაც სს Gavelton Investments Limited-მა სახელმწიფოსგან მიღებული ნაკვეთი შპს “სანაპიროს ხედს” 2020 წლის სექტემბერში 382 000 ლარად გადასცა.
აბასთუმანში ყველაზე ცნობილი ადგილი რომანოვების სასახლეა, რომელიც ახლა საპატრიარქოს ეკუთვნის. ივანიშვილის სახლიც აბასთუმანში ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, ოღონდ ისეთი განლაგებით, რომ უცხო თვალისთვის უხილავია. ადგილობრივებსაც კი არასდროს დაუნახავთ, როგორ გამოიყურება ის.
რომანოვების სასახლესთან მიწა პირველად ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინე ხვედელიძემ 2018 წელს ოთარ თათეშვილისგან იყიდა. 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთში ხვედელიძემ მაშინ 150 000 დოლარი მისცა. შემდეგ გარშემო, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები კომპანიის საშუალებით შემოიმტკიცეს.
2019-2020 წლებში რომანოვების მიმდებარე ტერიტორიაზე შპს “აბასთუმანი 2019-მა,” რომელსაც ასევე პანამაში რეგისტრირებული “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი” ფლობს, სახელმწიფოსგან 1 505 კვ.მ. მიწა 213 499 ლარად იყიდა, ანუ 1 კვ.მ. მიწის ფასი ამ შემთხვევაში 142 ლარს აღწევდა.
გამოდის, რომ კერძო მესაკუთრემ ივანიშვილს 1 კვ.მ. მიწა 840 ლარად მიჰყიდა, სახელმწიფომ კი 142 ლარად.
ამ ტერიტორიაზე კომპანიას პატარა ნაკვეთის ყიდვა კერძო პირისგანაც მოუწია. 450 კვ.მ.-ში გოგი დარციმელიას 2019 წელს 67 500 დოლარი გადაუხადეს. ანუ 1 კვ.მ. მიწაში 414 ლარი. სახელმწიფოს ფასზე კვლავ სამჯერ ძვირი.
აბასთუმანში ჩასულებმა ადგილობრივებს ვკითხეთ, რა ღირს მიწა კურორტზე ახლა და თუ არის თავისუფალი ნაკვეთები, რომლის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გვითხრეს, რომ ყველა სხვადასხვა ფასს ადებს მიწას და ბოლო წლებში ძალიან გაძვირდა. თავისუფალი ნაკვეთის პოვნაც გაგიჭირდებათო, დააყოლეს.
2022 წლის გაზაფხულზე რომანოვების სასახლესთან ახლოს შევამჩნიე ბანერი, რომელიც გვაუწყებდა, რომ მესაკუთრე მიწას ჰყიდდა. მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და ფასი ვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ მიწა უკვე გაყიდულიყო, 1 კვ.მ. 300 დოლარად.
და მაშინ როგორ ითვლის სახელმწიფო ივანიშვილისთვის მისაყიდი უძრავი ქონების ფასს?
მიწები, რომელიც ივანიშვილმა სახელმწიფოსგან იყიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განკარგულებაში იყო. სააგენტო განკარგავს სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ნებისმიერ ქონებას და მის გასხვისებაზეც სააგენტო ზრუნავს. გასხვისებამდე, როგორც წესი, სააგენტომ უნდა მიმართოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და ქონების საბაზრო ფასი დაადგენინოს.
სამხარაულის ბიუროდან მიღებული დოკუმენტის საფუძველზე კი უნდა გადაწყვიტოს, რა ფასად გაიტანს ქონებას გასაყიდად. ჩვენ ამგვარი დასკვნები ყველა იმ ნაკვეთისთვის გამოვითხოვეთ, რომელიც ოლიგარქის კომპანიების საკუთრებაში გადავიდა. სააგენტოს ჩვენთვის პასუხი არ გამოუგზავნია.
არ გვიპასუხეს არც სხვა კითხვებზე, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა ვითარებაში მიიღეს აბასთუმანში მიწების გასხვისების გადაწყვეტილება და როგორ მოხდა ის, რომ სახელმწიფო ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან დაკავშირებულ კომპანიებს მიწებს საბაზრო ფასზე სამჯერ და მეტჯერ იაფად აძლევდა.
მოულოდნელი სულაც არ იყო ის, რომ სააგენტომ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა. ასევე მივწერეთ “ქართუს” და “თანაინვესტირების ფონდს”, რადგან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასმის სხვა გზა ვერ ვიპოვეთ. “ქართუსგან” საპასუხო მეილი არ მიგვიღია, “თანაინვესტირების ფონდმა” კი, როგორც მოსალოდნელი იყო, გვიპასუხა, რომ ეს საკითხები მათ არ ეხებოდათ. ჩვენი თხოვნა, რომ იქნებ კითხვების ივანიშვილამდე მიტანაში დაგვხმარებოდნენ, უპასუხოდ დატოვეს.
რას აშენებს ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში?
სახლი, რომელშიც აბასთუმანში ვცხოვრობდი, ხუთსართულიანი, საბჭოთა შენობა იყო. გარედან შელესილი, გაღებილი, პეწიანი. შიგნით კი ავარიული, გადახსნილი კედლებით და უძველესი რემონტით, რომელზეც ხელი ათწლეულებია აღარავის უხლია.
ამ სახლის წინ ასეთივე მეორე კორპუსიც იდგა. ორივე “ქართუს” გაუკეთებია გარედან, შიგნით კი ისე დაუტოვებიათ, როგორც ფოტოებზე ხედავთ. “ქართუ” ამ სახლებით იმიტომ დაინტერესდა, რომ ისინი პირდაპირ უყურებენ იმ კლდეს, რომელიც ივანიშვილის სამყოფელს დანარჩენი სამყაროსგან ჰყოფს.
ამ კლდის გახსნა ათი დღის განმავლობაში ორჯერ ვნახე. პირველად, 13 ივნისის საღამოს და მეორედ – 14 ივნისს. 13 ივნისის საღამოს უბანში შავი ჯიპები გამოჩნდნენ, პატრულის მანქანებიც იქვე მოძრაობდნენ. მანამდე, ერთი კვირის განმავლობაში პატრულის მანქანები იმ ტერიტორიაზე კი არა, მთელ აბასთუმანშიც არ დამინახავს. მივხვდი, რომ ოლიგარქი მოდიოდა, რადგან მანამდე აბასთუმნელებისგან გამეგო, რომ პატრული მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ივანიშვილი აქ არისო.
14 ივნისს დილით უკვე ვერტმფრენის ხმაც გავიგე და დავინახე, როგორ დაჯდა საფრენი მოწყობილობა მისთვის სპეციალურად მომზადებულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი ჯიპებით მილიარდერი სასახლეში მიაცილეს.
აბასთუმნელი მეზობლები მეუბნებოდნენ, რომ ივანიშვილი ადრე უფრო ხშირად სტუმრობდა მათ პირადად, ფოტოებს იღებდა, დაპირებებს გასცემდა. ამ ბოლო ხანებში კი აღარ გამოჩენილაო, ესეც დაამატეს.
მრავალი დაპირებიდან, რომელიც აბასთუმნელებს მოუსმენიათ, ერთ-ერთი ელექტრომობილების ამბავს შეეხებოდა. 2018 წელს ივანიშვილმა დააანონსა, რომ აბასთუმანი სამხრეთ კავკასიაში იქნებოდა პირველი ქალაქი, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებდა და რომელიც გახდებოდა საქართველოს სავიზიტო ბარათი.
ივანიშვილის მოსაზრებით, კურორტზე სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად იქ მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ და გარემო არ დააბინძურონ. ოლიგარქის დაპირებით, ელექტრომობილები ადგილობრივებს უფასოდ გადაეცემოდა. ჯერ კურორტზე ელექტრომობილები არ ჩანს.
აბასთუმნისკენ მიმავალ გზაზე სოფელი აბასთუმანი შეგხვდებათ, სადაც ელექტრომობილების სადგომი მეხუთე წელია შენდება. სადგომს 4 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს და მასში 93 მილიონამდე ლარს ხარჯვს.
სადგომი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება. თუ პროექტი ბოლომდე მივა, მაშინ აბასთუმანში თქვენი მანქანით გამმგზავრების შემთხვევაში, ავტომობილს ამ სადგომზე დატოვებთ, იქირავებთ ელექტრომობილს და კურორტამდე ასე ჩახვალთ.
ოლიგარქის სურვილის ასრულება და კურორტზე ბოლომდე სუფთა ჰაერის უზრუნველყოფა ბიუჯეტს დამატებით მილიონები უჯდება და ხარჯებს, ძირითადად, მუნიციპალური განვითარების ფონდი სწევს. თუმცა, 2023 წელს პარკინგის მიმდებარედ საევაკუაციო გზის მოსაწყობად ადიგენის მერიამაც დახარჯა 251 877 ლარი. 2023 წელს, ადიგენის ბიუჯეტი 13 მილიონ ლარს ოდნავ აღემატებოდა.
რაში იხარჯება ეს დამატებითი მილიონები? საქმე იმაშია, რომ აბასთუმანში დაგეგმილი იყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბაღდათში გადასასვლელი გზის მოწყობა. მშენებლობა ივანიშვილის აბასთუმანში გამოჩენამდე უკვე დაწყებული იყო და 3 მილიონზე მეტი ლარი უნდა დახარჯულიყო სამუშაოებზე.
ივანიშვილის სურვილის გამო ეს მშენებლობა შეწყდა, პროექტი შეიცვალა ისე რომ გზის ნაწილმა აბასთუმანს გვერდი აუარა და გადაწყდა შემოვლითი გზის მშენებლობა.
აბასთუმნის შემოვლითი გზის 12 კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობა 92 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. ამ მონაკვეთმა დაცულ ტერიტორიაზე, “ზურმუხტის ქსელს” მიკუთვნებულ ტყეში უკვე გაიარა და გაიკაფა ტყის საფარი. თუმცა, ჯერ არც შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულებულა და არც აბასთუმანი-ბაღდათის დამაკავშირებელი ძირითადი გზის.
როგორც ეკონომიკის მინისტრი აანონსებს, აბასთუმანი ტურისტების სრული დატვირთვით მისაღებად მზად 2025 წლის სეზონისთვის იქნება. თავიდან ამბობდნენ, რომ კურორტზე მანქანების გადაადგილება უკვე 2024 წლისთვის შეიზღუდებოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილი ამ კურორტის გახსნას უფრო ადრიანად გეგმავდა, თუმცა საქმე გეგმას ჩამორჩა.
2018 წელს აბასთუმანში მყოფმა ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, რომ ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი პირადად მას ეკუთვნოდა და ფონდი “ქართუს” მხარდაჭერით განხორციელდებოდა.
თუმცა, “ქართუს” დაფინანსება ახლოსაც ვერ მივა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან, რომლის დიდი ნაწილი, ტენდერების გავლით ისევ “ქართული ოცნების” ერთგული ბიზნესმენების ჯიბეში წავიდა. ამაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს წერდა.
კორუფციისა და გამჭვირვალობის თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაადგინა, რომ აბასთუმანში 2012-2022 წლებში გაწეული მთელი სახელმწიფო ხარჯებიდან 93 პროცენტზე მეტი ივანიშვილის 2018 წლის აგვისტოს ვიზიტის შემდეგ დაიხარჯა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის “ქართუს” აბასთუმანში 7 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, რომლის დიდი ნაწილი ისევ იმ პროექტებს მოხმარდა, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის მიზნებს ემსახურება.
მაგალითად, “ქართუმ” სოფელ აბასთუმანში ააშენა ფილტვის ცენტრი, რადგან ის ძველი სანატორიუმი, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობდნენ, ივანიშვილის კომპანიამ იყიდა და დაანგრია.
ამ ადგილზე ივანიშვილის კომპანია სასტუმროს აშენებას აპირებს. ფილტვის ცენტრი კი სოფელ აბასთუმანში გადაიტანეს, რომლის ლანდშაფტი კურორტ აბასთუმნისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ფონდ “ქართუს” დაფინანსებით გარემონტდა რომანოვების სასახლე, რომელიც მნახველებისთვის საგულდაგულოდ დაკეტილია და ტერიტორიის ოფიციალური მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა. “ქართუმ” დააფინანსა აბასთუმანში ამბულატორიის რეაბილიტაციაც, რომელზეც 655 000 ლარი დაიხარჯა.
სამი დღის განმავლობაში ვცდილობდით აღმშენებლობაზე ადგილობრივების აზრები შეგვეგროვებინა, მათთვის მოგვესმინა და გაგვეგო, როგორ უყურებენ მომავალს. ჯამში, თხუთმეტამდე ადამიანს ვესაუბრეთ.
საჯაროდ რაიმეს თქმა არც ერთ მათგანს უნდა, ჟურნალისტის ხსენებაზეც კი სახე ეცვლებოდათ. ვინც ორი სიტყვა მითხრა, ისინიც მთხოვდნენ, რომ მათი არც ციტატა გამომეყენებინა, არც სახელი მეთქვა ღიად.
თუ საუბარს ისე დავუწყებდი, როგორც დამსვენებელი, მაშინ შედარებით უფრო გულწრფელად მელაპარაკებოდნენ. ადამიანების განწყობიდან ჩანს, რომ მათ დიდ ნაწილს ივანიშვილის მიმართ მადლიერების გრძნობა აქვს, რადგან მიტოვებული კურორტით დაინტერესდა.
თუ ჩემთან, როგორც ჟურნალისტთან სიტყვა დასცდებოდათ, ამბობდნენ, რომ კარგია, რასაც ოლიგარქი აბასთუმნისთვის აკეთებს, თუმცა, პირდაპირ შედეგს ჯერ ვერ გრძნობენ. აბასთუმანში ყველას მაინც იმის იმედი აქვს, რომ კურორტის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, ამ აღმშენებლობას საკუთარ ჯიბეზეც იგრძნობენ.
მასალაში გამოყენებული წყაროები
მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია "აი, ფაქტი" და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას.