fbpx
archevnebi 2024

არჩევნების უცნაური შედეგები – 15 ოლქის შედარებითი ანალიზი

საქსტატისა და ცესკოს სიების შედარებამ ხალხში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ორივე უწყება ამბობდა, რომ საზოგადოება ამ შედარებისას შეცდომას უშვებდა, რადგან ისინი ორ სხვადასხვა მონაცემს ითვლიან და ბუნებრივია, რომ ერთმანეთს არ დაემთხვევა. ამიტომ, რეგიონებში “ქართული ოცნების” უპრეცენდენტო მხარდაჭერის ამოხსნა სხვა გზით გადავწყვიტეთ. წლევანდელი და ძველი არჩევნების მონაცემების შედარება საინტერესო სურათს გვიჩვენებს. 

აი, ფაქტი” საუბნო საარჩევნო ოქმებს 2020 და 2021 წლებშიც სწავლობდა. ამიტომ, უკვე დამუშავებული გვქონდა მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი იყო რეგისტრირებული ამა თუ იმ უბანზე, რამდენი მივიდა ხმის მისაცემად და რამდენმა დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას”. 

შევისწავლეთ 2024 წლის არჩევნების შედეგებიც და გამოკვეთილი ტენდენცია წინა წლებს შევადარეთ.

სულ გავაანალიზეთ 15 ოლქის მონაცემი ბოლო სამი არჩევნებისთვის. ოლქების შერჩევისას აქცენტი გავაკეთეთ იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც მმართველმა პარტიამ ან 60%-ზე მეტი ხმა მიიღო ან დამარცხდა. რამდენიმე ნეიტრალური ოლქიც გავურიეთ, რომ საერთო სურათი უფრო ნათელი ყოფილიყო. 

ჩვენს მიერ შესწავლილი ოლქებია: ვაკე, ქუთაისი, ნინოწმინდა, ბოლნისი, გლდანი, ხელვაჩაური, ახმეტა, კასპი, ახალქალაქი, მარნეული, ასპინძა, დმანისი, ცაგერი, ლენტეხი და ყაზბეგი. 

ამ ოლქებიდან ხუთში მკვეთრად არ გაზრდილა არც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა, არც აქტივობა, მაგრამ გაიზარდა “ქართული ოცნებისთვის” მიცემული ხმების რაოდენობა. 

მაგალითად, ყაზბეგში წელს აქტივობა 2.5%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წელს. მაგრამ “ქართულმა ოცნება” 12%-ით მეტი ხმა მიიღო. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ბოლო სამ წელში მხოლოდ 117 ადამიანით გაიზარდა, ანუ 2%-ით. 

აქტივობამ დაიკლო დმანისშიც, მაგრამ “ქართული ოცნების” ხმებმა 23.59%-ით იმატა. 2021 წელს აქტივობა იყო 57.33%, წელს კი – 55.37%. 

იგივე ტენდენცია შეინიშნება ბოლნისისა და მარნეულის ოლქებშიც. 

მაგალითად, ბოლნისში წელს ამომრჩეველთა აქტივობა 2020 წელთან შედარებით შემცირდა,  2021 წელთან შედარებით კი უმნიშვნელოდ, მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ 2021 წელთან შედარებით 9%-ით მეტი, 2020-თან შედარებით კი 13.5%-ით მეტი ხმა მიიღო. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორისაა სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, მარკირების გაკეთების პრობლემები, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრის ფაქტები, ამომრჩევლისთვის ორ-ორი ბიულეტენის მიცემის შემთხვევები და ა.შ. სია გრძელია და დარღვევის ეს შემთხვევები აღრიცხულია როგორც მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დამოუკიდებელი და პარტიული დამკვირვებლების, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერაც. 

მაგალითად, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ცესკოსა და ახლა უკვე სასამართლოსგან ითხოვს, რომ ბათილად ცნონ იმ 2 263 უბნის მონაცემები, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. მიზეზი არის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან გარშემომყოფთათვის ნათელი იყო, თუ ვის აძლევდა ხმას ამომრჩეველი. არჩევნების დღეს მედიასაშუალებები მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ, თუ როგორ უშლიდნენ საარჩევნო უბანზე მყოფ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ხელს სრულფასოვნად მუშაობაში. მედიები ავრცელებდნენ მასალას საარჩევნო უბნების გარეთ მდგომ აგიტატორებზე, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩეველზე.

ოდნავ განსხვავებული ტენდენციაა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. აქ აქტივობა, საშუალოდ, 2%-თაა გაზრდილი ამ წელს, თუმცა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 10%-ით მეტია ამ სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე.  

ეს არაბუნებრივი მატება არ ფიქსირდება დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე. ჩვენ შევისწავლეთ ქუთაისის, ვაკისა და გლდანის ოლქები. 

თბილისში, ვაკეში წელს 70 უბანი იყო გახსნილი. ყველა უბანზე ერთად რეგისტრირებული იყო 110 465 ამომრჩეველი. აქედან ხმის მისაცემად გამოცხადაა 69.6% და “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ამ ხმების 37.8%. 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნები. ამ დროს ვაკეში გაიხსნა 78 უბანი და სულ რეგისტრირებული იყო 103 827 ამომრჩეველი. მაშინ აქტივობა იყო 56.56% და “ქართული ოცნების” კანდიდატმა მიიღო ხმების 43.3%. 2020 წელს ვაკეში სულ რეგისტრირებული იყო 105 246 ამომრჩეველი, აქტივობა – 59.85% და “ქართული ოცნების” ხმები – 40.15%. 

ვაკის მაგალითზე ვხედავთ, რომ სხვაობა ამ წლისა და წინა წლების აქტივობაში და მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერაში თვალშისაცემი არაა. რასაც ვერ ვიტყვით მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ხელვაჩაურის, კასპის, ცაგერის, ახალქალაქის შემთხვევაში. 

ყველა ოლქის მონაცემის სრულად სანახავად შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ. 

მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია "აი, ფაქტი" და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას. 
signal 2024 04 23 144208 002

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გელათის 1-მილიონიანი ვიზიტორთა ცენტრი უფუნქციოდ დგას
გელათის ვიზიტორთა ცენტრი

გელათის 1-მილიონიანი ვიზიტორთა ცენტრი უფუნქციოდ დგას

ფული დაიხარჯა, სარგებელი კი არავის აქვს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share