fbpx
occrp

დამალული მაგნატი, აფრიკული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სესხი არასანდო რეპუტაციის მქონე ბანკიდან: ბეირუთის აფეთქების საეჭვო გარემოებები

ავტორი: OCCRP და პარტნიორები

ბეირუთის პორტში ამონიუმის საცავის დამანგრეველმა აფეთქებამ შოკში მყოფი, მგლოვიარე ლიბანელები ქუჩაში გამოიყვანა.

ისინი ითხოვენ პასუხს კითხვებზე: საიდან მოვიდა მათ ქალაქში 3,000 ტონამდე ფეთქებადი ნივთიერება და ვინ ფლობდა მას? რატომ დაასრულა თავისი მარშრუტი ქიმიური ნივთიერებების გადამზიდავმა, დაზიანებულმა გემმა ქალაქის პორტში 2013 წლის ბოლოს? და როგორ მოხდა, რომ ჩამორთმეული ქიმიური ნივთიერება ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა საწყობში?

ლიბანში ამ აფეთქების მიზეზი ბიუროკრატიული გაუგებრობაა. საწყობის აფეთქებამდე ორი კვირით ადრე, ლიბანის პრეზიდენტმა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო გაფრთხილება, რომ სიტუაცია კრიტიკულად საშიში იყო.

ამ ამბის საერთაშორისო  მხარე კი სწრაფად ჩაიკარგა კორპორაციული და ფინანსური ინტრიგების ლაბირინთში. იგორ გრეჩუშკინი, რუსეთის მოქალაქე ფლობდა და მართავდა მოლდოვის დროშისქვეშმცურავ გემს სახელად „როსუსი.“ მან გემი გაკოტრების შემდეგ ლიბანში მიატოვა. გემზე მყოფი ტვირთი, რომელმაც შემდეგ აფეთქება გამოიწვია, მოზამბიკურმა ქარხანამ შუამავალი კომპანიის (ბრიტანული კომპანია უკრაინული კავშირებით) მეშვეობით საქართველოში შეიძინა.

„როსუსის“ მფლობელისა და ამონიუმის შემსყიდველი კომპანიის შესახებ ინფორმაცია ბურუსითაა მოცული. როგორც აღმოჩნდა, ლიბანის მთავრობამ ისიც არ იცოდა, ვინ ფლობდა გემს სინამდვილეში.

მაგრამ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა ახალი ფაქტები, რაც წინ უძღვოდა აფეთქებას, რომლის დროსაც დაიღუპა, სულ მცირე 182 ადამიანი, 6,000-ზე მეტი დაშავდა და ასობით ათასმა საცხოვრებელი დაკარგა.

ჟურნალისტებმა იპოვეს, რომ ამ ტრაგედიის ფესვები მიუღწევად, ჩახლართულ ოფშორულ გარიგებებშია, სადაც გასაიდუმლოებული კომპანიები და დამთმობი მთავრობები საეჭვო პირებს ჩრდილში საქმიანობის საშუალებას აძლევენ.

მათ შორისაა „როსუსთან“ და მის ბოლო ვოიაჟთან დაკავშირებული საიდუმლოებებიც: დამალული გადამზიდავი მაგნატი, არასანდო ბანკი და აღმოსავლეთ აფრიკული ბიზნესები, რომლების წინააღმდეგაც გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის მიდიოდა. 

ამ საერთო გამოძიებაში, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავდა, ჟურნალისტებმა შემდეგი იპოვეს:

  • იგორ გრეჩუშკინი არ ფლობდა „როსუსს.“ ის ქირაობდა მას მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მეშვეობით. გემის ნამდვილი მფლობელი იყო კარალამბოს მანოლი, კვიპროსელი გადამზიდავი მაგნატი. მანოლი ამას უარყოფს, თუმცა, საკუთარ პოზიციას დოკუმენტებით ვერ ამყარებს.
  • მანოლი ამ გემს პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით ფლობდა. მან გემი დაარეგისტრირა მოლდოვაში, სადაც საეჭვო და სუსტი რეგულაციებია ხომალდების მფლობელთათვის. გემის რეგისტრაცია მან მისივე კომპანიის, „ჯეოშიპის“ საშუალებით მოახერხა. მოგვიანებით, მანოლის კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებულია, გემს სერთიფიკატი მისცა და დაასკვნა, რომ მას ზღვაში გასვლა შეეძლო. ამ დროს გემი ისეთ ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაში იყო, რომ ესპანეთში კონფისკაციას დაუქვემდებარეს.
  • „როსუსის“ ბოლო ვოიაჟის დროს, მანოლის ლიბანური ბანკის FBME-ს ვალი ჰქონდა. ამ ბანკმა რამდენჯერმე დაკარგა ლიცენზია ფულის გათეთრების ბრალდების გამო, მათ შორის მას ბრალად ედებოდა ჰეზბოლასთან და მასობრივი განადგურების პროგრამასთან კავშირში მყოფ სირიულ კომპანიასთან თანაშმრომლობა. „როსუსი“ ამ ბანკს მფლობელმა შესთავაზა სესხის უზრუნველსაყოფად.
  • ამონიუმის ნიტრატის საბოლოო მიმღები, „მოზამბიკის ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანა“ იმ ქსელის წევრია, რომელსაც გამოძიება იარაღის ტრეფიკინგსა და ტერორისტებთან თანამშრომლობას ედავებოდა. ქარხანას ლიბანში დაკარგული ტვირთის შესახებ არასდროს განუცხადებია.
  • ამ გადაზიდვის შუამავალმა, ბრიტანულმა კომპანიამ 2015 წელს ლიბანური სასამართლო დაარწმუნა, რომ საჭირო იყო ნიტრატის ხარისხის შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ტვირთი ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა შპს „სავაროს“ მის უკან წასაღებად არაფერი გაუკეთებია.

ახალი გარემოებები ყველა ეტაპზე გვიჩვენებს, რომ „როსუსის“ საქმიანობა დაკავშირებული იყო გაუმჭვირვალე ოფშორულ სქემებთან და დამთმობ მთავრობებთან, რომლებიც ამ მოთამაშეებს ჩრდილში საქმიანობის უფლებას აძლევდნენ.

ჰელენ სემფსონის, კარდიფის უნივერსიტეტის მეზღვაურთა საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორის თანახმად, ახალი აღმოჩენები ხაზს უსვამს საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში არსებულ საფრთხეებს, რასაც გაუმჭირვალობა იწვევს.

„როსუსის“ ნამდვილი მფლობელები

მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი, ტექნიკურად გაუმართავი გემი ბათუმის პორტიდან 2013 წლის სექტემბერში დაიძრა მოზამბიკისკენ, სადაც ქართულ საწარმოში დამზადებული 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი მიჰქონდა. მისი გემბანი კოროზირებული იყო, ძრავისა და რადიოკომუნიკაციის პრობლემებიც ჰქონდა. გემი ბეირუთში საწვავის შესავსებად გაჩერდა და ქალაქი აღარც დაუტოვებია. გემი ჯერ იმ კრედიტორებმა დაატყვევეს, რომელთა ვალიც გემის ოპერატორს ჰქონდა, შემდეგ კი პორტის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ჩათვალა, რომ ის მეზღვაურობისთვის საფრთხისშემცველი იყო. 

გემის მიტოვებისა და კონფისკაციის შემდეგ, უკრაინელი და რუსი მეზღვაურები ბორტზე 10 თვის განმავლობაში რჩებოდნენ. ამ დროს გემის ტვირთი, ამონიუმის ნიტრატი პორტის საწყობში გადაიტანეს. გემი კი მოგვიანებით ჩაიძირა.

აფეთქების შემდეგ მედია და ხელისუფლება ეძებდა იგორ გრეჩუშკინს, როგორც გემზე პასუხისმგებელ პირს. 43 წლის გრეჩუშკინი რუსეთის მოქალაქეა და კვიპროსში ცხოვრობს. ის მუდმივად მოიხსენიებოდა გემის მფლობელად. გრეჩუშკინმა უარი თქვა OCCRP-სთან და სხვა მედიებთან საუბარზე. კვიპროსის პოლიციამ  ის 6 აგვისტოს, ლიბანის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, დაკითხა.

გემის მფლობელი, რომელიც მას არ ფლობდა

იგორ გრეჩუშკინი, საჯარო დოკუმენტების თანახმად, წარმოადგენდა კომპანიებს, რომლებსაც სხვები ფლობდნენ. ის ბრალდებული იყო 2000-ან წლებში რუსეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისთვის. ამ ამბის დეტალები უცნობია.

2006 და 2013 წლებს შორის, სხვადასხვა დროს გრეჩუშკინი იყო კვიპროსში რეგისტრირებული ორი კომპანიის მდივანი: „ლინკოტ ენთერპრაიზი“ და „ჰოგლა ტრეიდინგი,“ რომლებიც ხომალდებს სხვადასხვა საჭირო მომსახურებას უწევდნენ. ორივე კომპანიის დირექტორად დოკუმენტებში რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრე გალაკტიონოვია დასახელებული.

გრეჩუშკინი ცოლთან, ირინასთან ერთად კვიპროსში რამდენიმე წელია ცხოვრობს. ის ხშირად დადის მოსკოვში.

გრეჩუშკინი 1977 წლის აგვისტოში რუსეთის საპორტო ქალაქში, ვანინოში დაიბადა, სადაც მისი ოჯახის წევრები დღესაც ცხოვრობენ. 

გრეჩუშკინი, დოკუმენტების თანახმად, „როსუსს“ არ ფლობდა. მან  მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის, შპს „ტეტო შიპინგის“ მეშვეობით გემი იქირავა პანამაში რეგისტრირებული „ბრეარვუდ ქორფორეიშენისგან.“

პანამა საეჭვოდ გასაიდუმლოებული ოფშორული ზონაა, რომელიც კომპანიების ნამდვილი მფლობელების  შესახებ ინფორმაციას ხელმისაწვდომს არ ხდის. მაგრამ OCCRP-ს ჟურნალისტებმა იპოვეს  სასამართლოს დოკუმენტები, რომელიც „ბრეარვუდ ქორფორეიშენის“ მფლობელად მანოლის ასახელებს.

მანოლის სამი სხვა კომპანია დაეხმარა „როსუსს“ მოლდოვური დროშის, ზღვაოსნობის სერთიფიკატისა და სხვა სერვისების მიღებაში, რომელმაც გემს, მიუხედავად ტექნიკური გაუმართავობისა, ზღვაოსნობის უფლება მისცა.   

მანოლის „როსუსთან“ კავშირი აქ არ სრულდება. ჩანაწერები აჩვენებს, რომ მანოლის კიდევ ერთი კომპანია, „ჯეოშიპი“ პასუხისმგებელი იყო გემის მოლდოვაში დარეგისტრირებაზე, სადაც კანონმდებლობა მოქნილია.

იდუმალი მანოლი

კარალამბოს მანოლი 1960 წელს ფამაგუსტაში, ზღვისპირა ქალაქში დაიბადა, რომელიც ახლა თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიეკუთვნება. მანოლიმ გემთმშენებლობა შოტლანდიაში ისწავლა და  კვიპროსში დაბრუნდა, სადაც მუშაობა გემის  ინსპექტორად დაიწყო და რამდენიმე გადამზიდავი კომპანიაც დააფუძნა.

მანოლი კვიპროსში ადგილობრივ ფეხბურთში მონაწილეობის გამოა ცნობილი. 2014-2017 წლებში ის ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბს „ანორთოსის ფამაგუსტას,“ რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ გუნდებში მოიაზრება. 2015 წელს ის ვერ გახდა კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი.

2002 წელს მანოლიმ ლიმასოლში დააფუძნა შპს „ეჩეონ აქტი ნავიგეიშენს ლიმიტედ,“ რომელიც გემების მენეჯმენტის სერვისს სთავაზობდა მომხმარებელს. 2007 წელს მან კიდევ ერთი კომპანია, „ინტერფლიტ შიფმენეჯმენტ ლიმიტედი“ დაარსა.

ქართული კომპანია „მერითაიმ ლოიდიც“ მანოლიმ დააფუძნა. ამ კომპანიას შეეძლო გემებისთვის საჭირო სერთიფიკატების გაცემა, რომელიც მოწმობდა, რომ ხომალდი ზღვაოსნობისთვის გამოდგებოდა. მანოლიმ კომპანიის წილები 2019 წელს გაყიდა.

2013 წლის ივლისის ბოლოს „მერითაიმ ლოიდმა“ „როსუსს“ მისცა  ზღვაოსნობისთვის საჭირო სერთიფიკატი. მაგრამ რამდენიმე დღეში, სევილიას პორტში ინსპექტირებისას გემს აღმოაჩნდა 14 დეფექტი, მათ შორის ძრავშიც.

ეს პრობლემები გემს მანოლის კიდევ ერთმა კომპანიამ მოუგვარა. 2013 წლის აგვისტოში, ბათუმიდან გასვლამდე ორი თვით ადრე, მანოლის კვიპროსულმა კომპანიამ, „ეჩეონ აქტი ნავიგეიშენს ლიმიტედმა“ გემისთვის ახალი გენერატორი იქირავა „აგგრეკოსგან.“ სწორედ ამ გარიგების თანხის გადაუხდელობის გამო გააჩერეს „როსუსი“ ბეირუთის პორტში. 

სემფსონის თქმით, როსუსის გარშემო არსებული კომპანიების სქემა ხარჯების შესამცირებლად და მფლობელისთვის პასუხისმგებლობის ასაცილებლად იყო შექმნილი.

„როდესაც ნაოსნობაში გაგყავს გემი, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მფლობელს ვინაობის დასამალად საკმარისი მოტივი აქვს,“ ამბობს სემფსონი. „ის ფაქტი, რომ როსუსის მფლობელს აქვს კომპანია, რომელიც გემისთვის საჭირო სერთიფიკატს გასცემს, ნიშნავს რომ ეს მოწმობები არაფრისთვის გამოდგება.“

საეჭვო ბანკის ვალი

როგორც OCCRP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, როსუსის ბოლო ვოიაჟამდე ორი წლით ადრე მანოლიმ FBME-სგან 4 მილიონი დოლარი აიღო სესხად. ტანზანიაში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტი მხოლოდ კვიპროსის ფილიალით ფუნქციონირებდა, რომელიც ორგანიზებულ კრიმინალთან, ტერორიზმთან და იარაღით ვაჭრობასთან კავშირის გამო დაიხურა.

მანოლიმ ამ ბანკიდან სესხი 2011 წლის ოქტომბერში აიღო ახალი გემის საყიდლად, რომელსაც „MV სახალინი“ ერქვა. ერთი თვის შემდეგ, მანოლის კომპანიამ „სიფორს მარინ ლიმითედმა“ თანხის პირველად გადახდის ეტაპი გამოტოვა. მანოლიმ ბანკს უზრუნველყოფისთვის გემი „როსუსი“ შესთავაზა. 2012 წლის მარტში FBME-მ მანოლის კვიპროსული ანგარიშები და უძრავი ქონება გაყინა.

OCCRP-ის მეირ მოპოვებული FBME-ს შიდა დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2014 წლის ოქტომბერში კომპანიის ვალი, რომელიც 962,000 დოლარს შეადგენდა, კვლავ გადაუხდელი იყო. ეს ნიშნავს, რომ „როსუსის“ ბოლო ვოიაჟის დროს მანოლის კვლავ ამ ბანკის ვალი ჰქონდა.

2014 წლის შუა პერიოდში ამერიკის მთავრობამ FBME-ს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აშშ-ს ხაზინის თანახმად, FBME-ს კლიენტებს შორის იყო ჰეზბოლას ფინანსისტი, რომელიც დაკავშირებული იყო ლიბანელი შიიტების სამხედრო დაჯგუფებასთან და მათ ტანზანიურ კომპანიასთან. FBME-ს კიდევ ერთი კლიენტი კი დაკავშირებულია სირიულ კომპანიასთან, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს აგროვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მანოლიმ ბანკს „როსუსი“ სესხის უზრუნველსაყოფად შესთავაზა, საბოლოოდ გემი ამ მიზნით არ გამოუყენებიათ, როგორც მანოლიმ და ბანკის წარმომადგენლებმა უთხრეს OCCRP-ს.

ინტერვიუს სერიებში, რომელიც მანოლიმ რეპორტიორებს მისცა,  ამბობდა, რომ მისმა პანამურმა კომპანია „ბრეარვუდმა“ გემი გრეჩუშკინის კომპანიას 2012 წლის მაისში მიჰყიდა.

როდესაც ჟურნალისტების მიერ მოპოვებულმა დოკუმენტებმა ცხადყო, რომ „ბრეარვუდი“ გემს კვლავ ფლობდა და მან მხოლოდ მიაქირავა გრეჩუშკინის კომპანიას, მანოლიმ თავისი ჩვენება შეცვალა. მან დაადასტურა, რომ „ბრეარვუდი“ ნამდვილად ფლობდა როსუსს, თუმცა 2013 წლის აგვისტოში, ბოლო რეისამდე ადრე, მან გემი გრეჩუშკინის პანამურ კომპანიას გადასცა, რადგან თვლიდა, რომ რუსი მფლობელი გემს უფრო ეფექტიანად მართავდა.

თავიდან მანოლი ჟურნალისტებს დათანხმდა, რომ ამ ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტები ეჩვენებინა. მოგვიანებით კი ვიდეო ზარით მათ ჩვენებაზე უარი განაცხადა.

მანოლი ითხოვდა, რომ გემის მფლობელი, მისი თქმით გრეჩუშკინი, ჟურნალისტებს არ გაეხვიათ აფეთქების ამბავში და მისი ბრალეულობის საკითხი არ წამოეწიათ წინ.

„ტვირთი ლიბანში წავიდა 2013 წელს და არა ახლა. გემი მფლობელს ჩამოერთვა იქვე. და მან თავი გაკოტრებულად სწორედ გემის დაკარგვის გამო გამოაცხადა,“ გვითხრა მანოლიმ. „ამის გათვალისწინებით, რატომაა გრეჩუშკინი დამნაშავე, თუკი ლიბანურმა მთავრობამ წესების დაცვით ვერ შეინახა სასუქი?“

მანოლიმ უარყო, რომ ამ ამბავში მისი კომპანიები ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდნენ, რადგან ერთი მეორეს ეხმარებოდა როსუსისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერთიფიკატების მიღებაში.

რეესტრის დოკუმენტები აჩვენებს, რომ ბრეარვუდი, პანამური კომპანია, რომელიც როსუსს ფლობდა, თავის ოფიციალურ მისამართად ინარჩუნებს ბულგარეთში მყოფი, უკვე უფუნქციო კომპანიის „ინტერფლიტ შიფმენეჯმენტის“ მისამართს. მისმა მფლობელმა, ნიკოლაი პეტროვ ჰრისტოვმა დაგვიდასტურა, რომ „ინტერფლიტ შიფმენეჯმენტი“ კვიპროსში მდებარე, ამავე სახელწოდების მქონე ფირმის პარტნიორია. „ინტერფლიტ შიფმენეჯმენტს“ კი კვიპროსში მანოლი ფლობს.

ჰრისტოვმა გვითხრა, რომ მან ბულგარული კომპანია 2012 წელს მას შემდეგ გაყინა, რაც გაიგო  რომ მანოლიმ მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა კომპანიის სახელი FBME-დან სესხის მისაღებად.

ბოლო გაჩერება

როგორც OCCRP-ის გამოძიება აჩვენებს, „როსუსი“ გრეჩუშკინის საკუთრება არ იყო, თუმცა გემს ის მართავდა. გემის კაპიტანი იხსენებს, რომ ბოლო მოგზაურობისას, გრეჩუშკინმა პირადად უბრძანა მას მოზამბიკისკენ მიმავალი გემი ბეირუთში გაეჩერებინა.

გაჩერების მიზეზად კაპიტანი, ბორის პროკოშევი ტვირთის დამატებას ასახელებს, რომლითაც სუეცის არხის გავლის ხარჯები უნდა დაეფარათ. მაგრამ ეს გეგმა მაშინვე ჩაიშალა, როცა პირველმა სატვირთომ გემბანი, თითქმის, სულ დააზიანა, გვიყვება პროკოშევი.   

კაპიტანის ეს მონათხრობი გამყარებულია ლიბანის საჯარო სამუშაოებისა და ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტებითაც.

ამ ამბიდან მალევე გრეჩუშკინმა გემი მიატოვა. კაპიტანი და კიდევ სამი მეზღვაური გემზე 10 თვის განმავლობაში იყვნენ დატყვევებული, რადგან ლიბანის ხელისუფლებას გრეჩუშკინისგან ვალის ამოღება სურდა. ლიბანელმა ინსპექტორებმა გემი 2014 წლის აპრილში დაათვალიერეს და აღწერდნენ, რომ მეზღვაურებს საჭმელი და ფული, თითქმის, აღარ  ჰქონდათ და მთელი გემბანი ნაგავით იყო სავსე.

ლიბანის მთავრობის ჩანაწერები აჩვენებს, რომ გრეჩუშკინმა მეზღვაურების გადარჩენა 2014 წლის მარტში სცადა. თუმცა, კაპიტანი პროკოშევი ჩივის, რომ გრეჩუშკინის კომპანიამ მათთვის ხელფასის გადახდაც მალევე შეწყვიტა და მათთან კომუნიკაციასაც არიდებდა თავს.

ლიბანის მთავრობას და გემის მოვალეებს იმ დროს აზრადაც კი არ ჰქონდათ, რომ გემის ნამდვილი მფლობელი მანოლი იყო. რეპორტიორების მიერ მოპოვებულ არც ერთ დოკუმენტში ნახსენებიც კი არაა გემის ნამდვილი მეპატრონე და მასთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა.

მოზამბიკური კავშირები

მას შემდეგ, რაც „როსუსი“ ბეირუთში გააჩერეს, მოზამბიკურმა ქარხანამ დაკარგული ამონიუმის მოძებნაც კი არ სცადა. 

OCCRP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მოზამბიკური ქარხანა იმ კომპანიების ქსელის წევრია, რომელიც ქვეყნის მმართველ ელიტასთანაა დაკავშირებული. ამ კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება მიდიოდა იარაღით ტრეფიკინგისა და ტერორისტებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების გამო.

ქარხნის 95 პროცენტს პორტუგალიელი ბიზნესმენის, ანტონიო მოურა ვიეირას ოჯახი შპს „მოურა სილვა & ფილჰოსის“ მეშვეობით ფლობს.

ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, ანტონიო კუნჰა ვაზმა ჩვენთან მიმოწერაში ახსენა, რომ მათ ამონიუმის ნიტრატი შპს „სავარო ლიმიტედის“ მეშვეობით შეუკვეთეს. როცა ტვირთი ვერ მიიღეს, ახალი შეკვეთა განათასვსეს.

კომპანია „მოურა სილვა & ფილჰოსის“ წინააღმდეგ გამოძიება მიდიოდა და მას 2004 წელს ტერორისტებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებას ედავებოდნენ. მატარებლების აფეთქებამ მადრიდში 200 ადამიანი იმსხვერპლა. მომდევნო წელს პორტუგალიის პოლიციამ ესპანელი კოლეგებისგან მინიშნება მიიღო და შეამოწმა კომპანიის საწყობები, საიდანაც 785 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. 

კომპანია ასევე დაკავშირებულია მოზამბიკის სამხედრო ძალებთან და ქვეყნის მმართველ ოჯახთან. ქარხნის ახლანდელი ხელმძღვანელი,  ნუნო ვიეირა 2012 წლიდან ჯაკინტო ნუისის ბიზნესპარტნიორია. ნუისი მოზამბიკის პრეზიდენტის შვილია.

ანტონიო კუნჰა ვაზის წერილში ვკითხულობთ, რომ ქარხნის თანამშრომლები პოლიციამ დაკითხა, თუმცა მათ საქმიანობაში საეჭვო არაფერი დაუდგენიათ. მან ისიც განმარტა, რომ ქარხნის კავშრები პრეზიდენტის შვილთან სრულიად გამჭვირვალე და საჯაროა.

შუამავალი

მაშინ როცა მოზამბიკურ ქარხანას დაკარგული ტვირთის ძებნა არ დაუწყია, მისი პოვნა სხვა კომპანიამ სცადა: შუამავალმა, რომელიც ამ გარიგებას აწარმოებდა.

კომპანიის დოკუმენტები მოწმობს, რომ შუამავალმა, ბრიტანეთში დაფუძნებულმა „სავარო ლიმიტედმა“ შეუკვეთა ამონიუმის ნიტრატი. თუმცა, ამ დროს კომპანია გაერთიანებული სამეფოს მთავრობას უცხადებდა, რომ ბიზნეს აქტივობას არ ეწეოდა. კომპანია ამ გარიგების შემდეგ არააქტიურ მდგომარეობაშია.

„სავარო ლიმიტედი“ დაკავშირებულია კიდევ ერთ შპს „სავაროსთან,“ რომელიც დნიპროში, უკრაინულ ქალაქშია რეგისტრირებული ამერიკელი და კვიპროსელი მეწილეების მიერ. უკრაინული სავაროს დირექტორია ვლადიმირ ვერბონოლი, ადგილობრივი ბიზნესმენი. მან OCCRP-ს უთხრა, რომ „როსუსის“ ამ გადაზიდვასთან მას კავშირი არ აქვს.

სასამართლოს დოკუმენტები აჩვენებს, რომ სავარომ 2015 წლის თებერვალში დაიქირავა ლიბანელი ადვოკატები, რომლებსაც უნდა მიემართათ ადგილობრივი სასამართლოსთვის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატის ინსპექტირების მოთხოვნით. ამ შემოწმების ანგარიშში წერია, რომ ადგილზე დახვდათ 1,900 შეკვრა ამონიუმი ერთტონიან პაკეტებში. მათი დიდი ნაწილი დახეული იყო და შიგთავსი დაბნეული.

დოკუმენტების თანახმად, სავარომ უარყო ქიმიური ნივთიერებების გატანა და ამის შემდეგ კომპანიას აღარც უცდია ამ თემაზე ვინმესთან კომუნიკაცია.

სავაროს ნაცვლად უკვე იძებნებოდა ამ ტვირთის ახალი მყიდველი.

ლიბანის საბაჟო დეპარტამენტმა, იმის ნაცვლად, რომ ტვირთი ადგილობრივი ბიზნესმენისთვის, მაჯიდ შამმასისთვის შეეთავაზებინათ, რომელიც ლიბანის ასაფეთქებელ ნივთიერებათა ქარხანას ფლობს, ეს ტვირთი ჯარს შესთავაზა. ჯარმა უარით უპასუხა.

არმიამ მთავრობას ურჩია, ეს ტვირთი უკან, საქართველოში გაეგზავნათ და ხარჯები იმპორტიორს დაეფარა. ტვირთი არსად გაუგზავნიათ.

2018 წლის თებერვალში ლიბანის ხელისუფლება დანებდა და ტვირთის გასხვისებაზე ზრუნვას მოეშვა. ამონიუმი დაუცველ საწყობში დარჩა – აფეთქების მოლოდინში. 

2020 წლის ივლისში ლიბანის პრეზიდენტმა და პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილება მიიღეს, სადაც ატყობინებდნენ, რომ ამონიუმი უსაფრთხოდ არ იყო შენახული და მისი მოპარვის რისკიც მაღალი იყო. დაუცველი საწყობის ერთი კარი დაკარგული იყო, სამხრეთის კედელზე კი დიდი ხვრელი დახვდათ, წერია ანგარიშში. „მოპარვის შემთხვევაში, ქურდი ამ ნივთიერებისგან  ასაფეთქებელ მოწყობილობას დაამზადებს,“ აფრთხილებდა უსაფრთხოების სამსახური მთავრობასა და პრეზიდენტს.

სამი ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების (ისინი ანონიმურად ესაუბრნენ ჟურნალისტებს) თანახმად, აგვისტოში საწყობში საწყის წონაზე, 2,750 ტონაზე ნაკლები ამონიუმი იყო დარჩენილი. მათი თქმით, აფეთქების სიმძლავრით თუ ვიმსჯელებთ, იქ 700-დან 1,000 ტონამდე ნივთიერება უნდა ყოფილიყო.

მაგრამ აფეთქება საკმარისი იყო ბეირუთის აღმოსავლეთის დიდი  ნაწილის დასანგრევად. ეს იყო ყველაზე ძლიერი არა-ატომური აფეთქება კაცობრიობის ისტორიაში.

————-

რეპორტიორები:  ობრი ბელფორდი, რანა საბაგი, სტელიოს ორფენიდის,  სარა ფაროლფი, ელი მოსკოვიც, სარუნას ცერნიაუსკას, ანტონიო ბაქუერო, რომან შლეყნოვ, რიად კობეისსი, დიანა მუკალლედ, ემან ქაისი, ჯიანინა სეგნინი,  ანა პოენარიუ, ატანას ცობანოვ, ასენ იორდანოვ, იონ პრეასკა, იანინა კორნიიენკო, დმიტრი ველიკოვსკი, კარინა შედროფსკი, ხადიჯა შარიფე, ნინო ბაქრაძე, ადერიტო კალდეირა, ჯულიეტ ატელაჰ, ალექსეი კოვალევ, ფრიც შააპ, ქრისტოფ როიტერ.

ეს ამბავი მომზადდა შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:  Daraj.com (ლიბანი), ARIJ.NET (იორდანია), Meduza (რუსეთი), iStories (რუსეთი), Der Spiegel (გერმანია), RISE მოლდოვა, RISE რუმინეთი, Bivol (ბულგარეთი), ifact.ge (საქართველო), aVerdade (მოზამბიკი)

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია
grigol kacia

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share