სააკაშვილის ხელისუფლების ნაბიჯმა პრომეთეს მღვიმის განათებისა და აკუსტიკური სისტემის რეკონსტრუქციის შესახებ ბევრი რამ დატოვა ბნელით მოცული. ამ გადაწყვეტილებამ უარყოფითად იმოქმედეა არა მარტო მღვიმის ეკოსისტემაზე, არამედ ზიანი მიაყენა ქვეყნის ბიუჯეტსაც.
პრომეთეს მღვიმე თბილისიდან 300 კმ-ის მოშორებით, წყალტუბოს რაიონში მდებარეობს. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მღვიმეს ყოველდღიურად 1 100 დამთვალიერებელი ჰყავს. მღვიმეში საფეხმავლო ბილიკთან ერთად მოქმედებს 300 მეტრის სიგრძის სანაოსნო მონაკვეთი, რომლის დათვალიერება მნახველს ნათებისა და მუსიკის თანხლებით შეუძლია.
მღვიმე 1983 წელს გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს. თავდაპირველად მას ყუმისთავის მღვიმე ეწოდებოდა, პრომეთეს სახელობისა კი მიხეილ სააკაშვილის ინიაციატივით გახდა. მღვიმეს რვა სხვადასხვა ზომის დარბაზი და უნიკალური ეკოსისტემა აქვს.
2007 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა გადაწყვიტა მღვიმის ტურისტულ ობიექტად ქცევა და პროექტი განსახორციელებლად ასოციაცია „ატუს“ გადაეცა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ასოციაცია „ატუს“ მიერ შერჩეული სპეციალისტები მღვიმეში 4 წელიწადი მუშაობდნენ. 2011 წელს კი მღვიმის პირველი სტუმარი მიხეილ სააკაშვილი იყო.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ასოციაცია „ატუმ“ მღვიმეში მიმდინარე სამუშაოებისთვის 5 041 150 ლარი დახარჯა. 2012 წლის 25 იანვარს კი პრომეთეს მღვიმე საჩუქრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა.
ორი თვის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მღვიმე სამართავად დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მღვიმის მთელი ინფრასტრუქტურა (განათების, ხმოვანი და უსაფრთხოების სისტემები) გამართულად მუშაობდა, სააგენტომ გადაწყვიტა რეკონსტრუქციის ჩატარება.
თეიმურაზ ჩოჩუა იმ პროექტის მენეჯერია, რომელსაც ასოციაცია „ატუ“ ახორციელებდა. ის ამბობს, რომ ერთი ფერის, ე.წ. ცივი ტიპის განათებისა და ხმოვანი სისტემები მღვიმეში გერმანულმა კომპანია „გერმტეკმა“ დაამონტაჟა. „გერმტეკმა“ განათების სისტემა სპეციალურად ამ მღვიმისთვის დაამზადებინა,“ – აღნიშნავს ჩოჩუა. „როცა ჩვენ დავიქირავეთ გერმანელები, ჩვენი მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა მღვიმის ეკოსისტემისთვის. სამუშაოების დაწყებამდე ჩავატარეთ მეცნიერული კვლევა. ჩვენ ვიცოდით, რომ მღვიმეს ჰქონდა საკუთარი ეკოსისტემა და არ გვინდოდა მისი განადგურება.“
მისივე თქმით, გერმტეკის მიერ დამონტაჟებული განათების სისტემა გამოყოფდა მინიმალურ სითბოს. მიუხედავად ამისა, სანათების წინ, იმ ადგილებში, სადაც სინათლის სხივი ახლო მანძილიდან ეცემოდა მიწის ზედაპირსა და ნაღვენთ ფორმებს, მაინც დაიწყო მცენარეების ზრდა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს სანათებისთვის დამცავი ფრთების იმგვარად დამაგრება, რომ სხივი პირდაპირ მიმართული ყოფილიყო ნაღვენთი ფორმებისკენ და უშუალოდ არ შეხებოდა მიწის ან კარსტული ფორმების ზედაპირს. ჩოჩუა ამბობს, რომ ამის შემდეგ მცენარეების ზრდა მღვიმეში შეწყდა.
როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მღვიმე 2011 წელს ქართველი ჟურნალისტების თანხლებით საზეიმოდ გახსნა, მღვიმის განათებისა და ხმოვანი სისტემა გამართულად მუშაობდა. დარბაზებში დამონტაჟებული აკუსტიკური სისტემის მართვა გიდებს დისტანციური მართვის პულტით შეეძლოთ. ეკოსისტემისთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით დარბაზში შესვლისას გიდებს თავად უნდა ჩაერთოთ მუსიკა და განათების სისტემა, დარბაზიდან გასვლისას კი გამოერთოთ.
ასოციაცია „ატუმ“ კომპანია „გერმტეკს“ 521 193 ლარი გადაუხადა მღვიმის 900 მეტრიანი მონაკვეთის განათებისა და აკუსტიკური სისტემის დაყენებისთვის. საგარანტიო პერიოდი, მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, სანათებისთვის 25, მთლიანი სისტემისთვის კი 1.5 წელი იყო. მაგრამ 2012 წლის იანვარში ყოფილმა ხელისუფლებამ სხვა რამ გადაწყვიტა და 659 000 ლარი დამატებით დახარჯა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ქართულ კომპანია შპს „გესკოს“ 309 757 ლარი გადაუხადა მღვიმის 1450 მეტრიან მონაკვეთზე ფერადი განათებისა და ხმოვანი სისტემის თავიდან დამონტაჟების სანაცვლოდ. კონტრაქტი პირდაპირი შესყიდვის გზით ტენდერის გარეშე გაფორმდა.
თუმცა შპს „გესკომ“ პრომეთეს მღვიმეში დამატებით 350 000 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, რომელიც საჩუქრად გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. გოგა დადიანი, „გესკოს“ დირექტორი ამბობს, რომ 2010 წელს სახელმწიფომ მისი კომპანია ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმა. მან შეძლო 150 000 ლარის გადახდა, მაგრამ ჯარიმის მეორე ნაწილის დაფარვის სანაცვლოდ მღვიმის სამუშაოების დიდი ნაწილი შეასრულა. დადიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას ფული უსამართლოდ გამოსძალა. იმის გასარკვევად, თუ რა გახდა შპს „გესკოს“ დაჯარიმების მიზეზი, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ, თუმცა გვითხრეს, რომ საქმე ჟურნალისტებისთვის დახურულია.
საერთო ჯამში, გერმანული და ქართული კომპანიების მიერ მღვიმეში ორგზის დამონატაჟებული განათებისა და ხმოვანი სისტემის ღირებულება 1 180 193 ლარია. ასოციაცია “ატუს” მიერ დაქირავებულმა გერმანელმა სპეციალისტებმა მღვიმეში განათების ის სისტემა დააყენეს, რომელიც მინიმალურ სითბოს გამოყოფდა, ქართული კომპანიის მიერ დაყენებული სანათები კი სითბოს შედარებით მეტ რაოდენობას გამოყოფს. ამასთან ერთად, დაცული არ არის სანათების უძრავად ყოფნის პრინციპი, რაც ამ სისტემის მიერ მღვიმის ეკოსისტემისთვის მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ზრდის.
თუკი პრომეთეს მღვიმეში შესვლის შესაძლებლობა გექნებათ, დააკვირდით სანათების განლაგებას. შეამჩნევთ, რომ ისინი ნაღვენთ ფორმებსა და მიწის ზედაპირთან ახლოს არის დაყენებული და მათ სიახლოვეს მცენარეებიც მომრავლებულან. გიორგი დვალაშვილი, სპელეოლოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტიდან ამბობს, რომ სანათები მღვიმეში არასწორად არის დამონტაჟებული და ეს იწვევს მცენარეების ამოსვლას მათ სიახლოვეს. „სანათები არ უნდა იყოს მიწასთან, სტალაქტიდებთან და სტალაგმიტებთან ახლოს, ვინაიდან ეს იწვევს მღვიმის მიკროკლიმატის ცვლილებას. ზოგადად, ყველა უცხო სხეული, რომელიც შედის მღვიმეში, უარყოფითად მოქმედებს იქაურ ეკოსისტემაზე, რომელიც მილიონობით წლის მანძილზე ყალიბდებოდა.“
ზოგიერთ ადგილზე სანათებსა და მღვიმურ სხეულებს შორის მანძილი 20 სანტიმეტრი ან უფრო ნაკლებია. ამასთან ერთად დამთავლიერებელს შეუძლია გიდის უყურადღებობის შემთხვევაში შეცვალოს სანათის მდგომარეობა და სინათლის სხივიც სხვა ადგილზე დაეცეს.
მღვიმის რეინჯერთა სამსახურის ხელმძღვანელის, გოჩა ყუბანეიშვილის ცნობით, მღვიმის შიდა ტემპერატურა 13.4-13.8 გრადუსს შორის მერყეობს, თუმცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან მიღებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მღვიმეში ტემპერატურა ხანდახან 17.3 გრადუსსაც კი აღწევს. ყუბანეიშვილის თქმით, ფერადი განათების მღვიმეში შეტანა დამთვალიერებელთა სურვილმა განაპირობა, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ერთი ფერის განათებას მოსაწყენს უწოდებდა.
დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური პასუხი ფერადი განათების სისტემის საჭიროების შესახებ იგივეა – ტურისტების მოთხოვნა და მათი სურვილების დაკმაყოფილების მცდელობა.
მღვიმეში ტემპერატურის მატებას განათების სისტემის არსებობასთან ერთად ხელს უწყობს საწყალოსნო მონაკვეთის ღია გასასვლელი, რომლის მეშვეობითაც მღვიმეში ჰაერის მასები თავისუფლად აღწევენ. თავის დროზე სააგენტომ გასასვლელის დაფარვის მიზნით 5 393 ლარი გადაიხადა კარში, რომელიც ავტომატურად გაატარებდა ნავებს. სააგენტოს ცნობით, კარი სათანადოდ ვერ მუშაობდა და ნავების მოძრაობას ხელს უშლიდა, ამიტომ მისი გაუქმება გადაწყვიტეს.
კართან ერთად მღვიმეში გაქრა სხვადასხვა სახის ნივთები. ჩვენ შევადარეთ ინვენტარის ორი ნუსხა: ერთი, რომელიც ასოციაცია „ატუს“ მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემულ ქონებას ასახავდა და მეორე, დღეს მღვიმეში არსებული აღჭურვილობის სია. შედარებიდან ჩანს, რომ გამქრალი ნივთების საერთო ღირებულება, 2012 წლის 25 იანვარს მინიშნებული ფასების მიხედვით, 14 500 ლარია. ვიდეოპროექტორი, კომპიუტერის 7 მონიტორი, კომპიუტერის 2 მოდემი, 2 ტელევიზორი, ერთი დვდ მაგნიტოფონი, კომპიუტერის 7 უწყვეტი დენის წყარო, 6 სკვერის სკამი და ბავშვების სათამაშოებიც კი გამქრალ საგანთა ნუსხაშია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მესვეურებმა ეს ფაქტი შეცდომას დააბრალეს და გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაციის მოწოდებისას შემთხვევით ინვენტარის ნუსხის სამუშაო ვერსია გამოგზავნეს.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს მღვიმეში მოგზაურობა ნავით გასეირნებით დაასრულოს. სააგენტომ მხოლოდ სიფონებში (წყალქვეშა კლდის) გვირაბის გაყვანისთვის 430 563 ლარი დახარჯა.
ელგუჯა ჯამრიშვილი წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარეა, რომელიც გვირაბის გაყვანის საწყის ეტაპზე ინჟინრებთან ერთად მუშაობდა და მათ მინიშნებას აძლევდა, თუ სად დაემაგრებინათ ასაფეთქებელი ნივთიერებები. მან სანაოსნო გზის სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენჯერმე ჩაყვინთა მღვიმის მიწისქვეშა მდინარეების ფსკერზე და ნაშალი მასალა იპოვა, რომელიც სიფონების აფეთქების შედეგად მღვიმის მდინარეების ფსკერზე დარჩა. პროექტის ბიუჯეტის ამსახველი დოკუმენტებიდან კი ირკვევა, რომ მხოლოდ ამ ნარჩენების ამოღება-გატანისთვის 157 760 ლარი დაიხარჯა. სააგენტოს ინფორმაციით, მდინარის ზედაპირი ბოლომდე გაიწმინდა და ახლა იქ მხოლოდ კლდეების ბუნებრივი ნაშალია. ელგუჯა ჯამრიშვილი ამბობს, რომ მდინარეების ფსკერზე სიფონების აფეთქების შედეგად ჩამოშლილი მასალის ნახევარია დარჩენილი და ამის დამტკიცებას ნებისმიერ დროს შეძლებს ფსეკრზე ჩაყვინთვის საშუალებით.