fbpx

Მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში – ნაწილი III

CH1 1

ჭიათურის მერია კვლავ “ქართულ-ჯიგრულ პონტს” მიმართავს და მერიაში დასაქმებულთა ახლობლებს ბიუჯეტის ფულით ასარგებლებს. წელს თანამშრომლების ნათესავების და მეგობრების კომპანიებს მერიამ 720 ათასი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა.

შარშან გიყვებოდით, რომ Მათ ბიუჯეტიდან გასულ წელსაც კარგად იხეირეს. 2021 წელს ჭიათურის მერიამ იგივე კომპანიებს დაუკვეთა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. 

წელს “რევივალს”, “რგანს”, “ჯამოს”, “არქიმშენს”, “ინფრა ჯგუფს”, “ბიორს” და ინდ.მეწარმე ნანა წიწილაშვილს ჭიათურის მერიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები ისევ აქვთ დადებული. შესყიდვის ამ ფორმით მათ კონკურსში მონაწილეობა ან გამოცდილების ქონა არ ევალებათ. მერიაც თავის ჭკუაზეა მიშვებული და ფულს ვისაც უნდა, იმას უხდის. მათ შორის, ორი კვირის გამოჩეკილ კომპანიებს. 

შპს რევივალის მფლობელი ნუგზარ ჩიკვილაძე, ჭიათურის მერის მოადგილის, გიორგი ბიწაძის ნათესავი და ბავშვობის მეგობარია. ეს მერის მოადგილემაც დაგვიდასტურა. ჩიკვილაძის კომპანიას და მას, როგორც ინდ.მეწარმეს, ბოლო ორ თვეში ცხრა ხელშეკრულება გაუფორმეს. ჭიათურის მერია მას 208 ათას ლარს გადაუხდის სოფლებში გზების მოხრეშვისთვის, საფეხბურთო სტადიონის, საბავშვო ბაღების და სკოლის შენობების კეთილმოწყობისთვის. გასულ წელს რომ დავუკავშირდით, ვკითხეთ ჭიათურის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობა მისი და მერის მოადგილის მეგობრობას ხომ არ უკავშირდებოდა, რაზეც გვიპასუხა:

“გიორგი ბიწაძე არ მიფორმებს მე ხელშეკრულებებს, სამწუხაროდ. ეგრე ახლა ირაკლი ღარიბაშვილთანაც ვმეგობრობ და გასულ ხელისუფლებასთანაც, მაგრამ გამოცდილებაზეა აქ საუბარი და კარგად შესრულებაზე,”- გვითხრა ნუგზარ ჩიკვილაძემ. 

ჩიკვილაძის კომპანიები ჭიათურის მერიასთან პირდაპირ ხელშეკრულებებს 2020 წლიდან აფორმებს. ანუ მას შემდეგ, რაც მერის მოადგილედ მისი მეგობარი გიორგი ბიწაძე დაინიშნა. თუმცა, თავად ბიწაძე ვერ ხვდება, რა კავშირშია მისი სამსახური მეგობრის ბიზნესთან. 

“იქამდეც მუშაობდა, მეწარმეა და ასრულებს სამუშაოებს. უამრავ ადამიანს აქვს პირდაპირი ხელშეკრულება და რა კავშირში უნდა იყოს ჩემს დანიშვნასთან ჩიკვილაძის ხელშეკრულების გაფორმება, ვერ ვხვდები. მანამდეც ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება. ჭიათურაში შეიძლება არ ჰქონდა, არ ვიცი,”- გვითხრა მერის მოადგილე გიორგი ბიწაძემ. 

გოგი მოდებაძე ჭიათურის მერიის მიერ დაარსებულ ააიპ “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში” 2012 წლიდან მუშაობს. მის კომპანია “რგანს” წელს ჭიათურის მერიამ 218 ათასი ლარის ხუთი ხელშეკრულება გაუფორმა. აქედან სამი გამარტივებული ფორმით. ამ თანხით სოფლებში საყრდენი კედლები, გარე განათების ქსელი და სასაფლაოზე ფანჩატური უნდა მოაწყოს.

მოდებაძემ გვითხრა, ააიპ-ის თანამშრომელი ვარ, სახელწმიფო მოხელედაც არ ვითვლები, მაგრამ თუ აუცილებელია და რამეს ვაშავებ, მაშინ დავანებებ მუშაობას თავსო. 

ჭიათურის მერიამ განაგრძო თანამშრომლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, მერაბ ჯაოშვილის ნათესავთანაც. პეტრე ჯაოშვილის კომპანია “ჯამოს” Მერიამ წელს 8,800-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა სოფელში სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად. Პეტრე ჯაოშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ტელეფონზე არ გვიპასუხა.

ჭიათურის მერიასთან კვლავ წარმატებით საქმიანობს მერაბ ჯაოშვილის მეზობელი რამაზ ციცვიძეც. მის სამ კომპანიას, “არქიმშენს” “ინფრა ჯგუფს” და “ბიორს” წელს მერიამ 203 ათასი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. ამ თანხით უნდა მოხრეშოს სოფლის გზები, მოაწყოს საბავშვო სკვერები, ატრაქციონები და სარიტუალო დარბაზები. 

როგორც ჩანს, ციცვიძეს ბიზნესი გაუფართოვებია. შარშან მხოლოდ “არქიმშენს” ფლობდა, დანარჩენი ორი შპს კი წელს ივლის-აგვისტოში დაარეგისტრირა. მერიამ მათთვის ხელშეკრულებების დადება დაარსებიდან ორ კვირაში დაიწყო. მისთვისაც გვინდოდა დაგვესვა კითხვები, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მობილურის ნომერი, რომელიც რეესტრში აქვს მითითებული, გამორთულია. 

ისევ ჯაოშვილის საახლობლოში ვტრიალებთ. ამჯერად მალხაზ ლაბაძეზე გიყვებით, რომელსაც მერაბ ჯაოშვილთან საერთო მეგობარი ჰყავს. შარშან ლაბაძის შპს “მალენუმ” და მისმა ცოლმა მერიისგან 60 ათასი ლარი მიიღეს. ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერიას ლაბაძის კომპანიასთან აღარ უთანამშრომლია. თუმცა, წელს ჭიათურის მერიამ 83 ათასი ლარის ხელშეკრულებები დაუდო მის ცოლს, ნანა წიწილაშვილს. ამ თანხით უნდა შემოღობოს სასაფლაო, მოაწყოს საფეხბურთო სტადიონი, სკვერი, სარიტუალო დარბაზი და ამბულატორია. 

ჭიათურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსს ვკითხეთ, რატომ უფორმებენ ხელშეკრულებებს მერიაში დასაქმებულების ახლობლებს, მათ შორის გამოუცდელ, ახლად დარეგისტრირებულ კომპანიებსაც. გვიპასუხა, რომ ასე ხელს უწყობენ ახალბედა კომპანიებს, გამოჩნდნენ, დააგროვონ გამოცდილება და მომავალში ტენდერებში მიიღონ მონაწილოება.

“თუ ვინმე იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში, თვითონ უნდა აღნიშნონ. ვისაც უწევს ხელშეკრულების გაფორმება, კონტროლი და ა.შ… ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ეგრე ნამდვილად ვერ მოვიკითხავ, ვინ ვისი მეგობარი და ნათესავია. Საქართველოა და ყველა ვიღაცის ნათესავია. არ არის ეს დიდ რისკთან დაკავშირებული, რასაც ვუფორმებთ, სოფლის პროგრამები და მცირე-მცირე სამუშაოებია,”- გვეუბნება მირიან მაჭარაშვილი. 

საუბრის ბოლოს შესყიდვების სამსახურის უფროსს ვკითხეთ, როგორ შეარჩიეს ეს კომპანიები, რომელთაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კითხვის შემდეგ, მაჭარაშვილმა გვითხრა თქვენი ხმა ცუდად მესმის, ვმოძრაობო და ტელეფონი გაითიშა. ამის შემდეგ ჩვენი ზარებისთვის აღარ უპასუხია. 

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჭიათურის მერიის თანამშრომლები კანონს არღვევენ და ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. თუმცა, კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტი, რომ ამ საჯარო პირების მერიაში მუშაობის პერიოდს ემთხვევა მათ ნაცნობებთან კონტრაქტების დადებაც. 

უკანონობა არც ისაა, რომ საქმე გამოუცდელ კომპანიას დაავალო, თუმცა ასეთი შემთხვევებში საჯარო სამსახურში კორუფციის მაღალ რისკი არსებობს. ამას სანდრო ქევხიშვილი გვეუბნება.  ის “საერთაშორისო გამჭირვალობა საართველოს” ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი იყო. მისი თქმით, კიდევ ცალკე პრობლემაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მერიებს ხელ-ფეხს უხსნის,  რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები მათთვის სასურველ კომპანიებს გაუფორმონ.

“ეს პროგრამა ეხება ყველა სოფელს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველგან იგივე სიტუაციაა. არანაირი ზედამხედველობა, არანაირი კონტროლი, აძლევენ ფულს და ვისაც გინდათ მიეცით ეს კონტრაქტიო. ხშირად ეს კონტრაქტები არის მცირე, მაგრამ რაოდენობრივად ბევრია და ჯამში გროვდება ეს თანხები,”- ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

როგორც ვხედავთ, ჭიათურის მერიაში კარგად იციან გამონათქვამი – ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებიაო. კანონი არ აკონტროლებს, ვის და რატომ აძლევენ ბიუჯეტის ფულს. ისინიც ამით სარგებლობენ და აგრძელებენ ნაცნობების “გვერდში დგომას”. ამაში კი არიან ბეჯითები, ხალხი ავიწყდებათ თორემ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Როგორ შეამოწმა მერიამ შადრევნისთვის ჩატარებული სამუშაოების ხარისხი? 
vake shadrevani 1

Როგორ შეამოწმა მერიამ შადრევნისთვის ჩატარებული სამუშაოების ხარისხი? 

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share