fbpx

ჭიათურაში სამი სოფელი უწყლოდაა – მერიას ფული აქვს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

mosaxleoba scaled e1606896734893 1

“ძალაც აღარ მაქვს ხელებში, რომ ვრეცხო, დავბერდი შვილო. სარეცხის მანქანა თუ როდისმე მეღირსება, მაინც ვერ ვამუშავებ, რადგან წყალი არ მექნება გამდინარე. ხომ უნდა შედიოდეს წყალი შიგნით, სისტემატიურად და წყალი არ გვაქვს. ვართ ასე საცოდავად,” – შემოგვჩივის სოფელ კალაურში ჩასულებს ადგილობრივი ზინა ზობიანი. 

წლებია, ზინას და მის მეზობლებს მუდამ წყლის მოსვლა-წასვლაზე უწევთ თავიანთი ცხოვრების აწყობა. კალაურში ორას ოჯახზე მეტი ცხოვრობს. ზოგიერთ ოჯახს ეზოში ჭა აქვს და ამით სარგებლობს. ზაფხულში ჭები შრება და სოფელს წყალი აღარ აქვს. 

“წესით, ორ დღეში ერთხელ მოდის, მაგრამ ისიც არ მოდის ან მოდის ძალიან ცოტა. უცებ ამოიცლება ხოლმე, რომ ვერ იკავებს ბასეინი წყალს,” – გვიხსნის ზინა ტყემალაძეც. 

კალაურს თავისი ბუნებრივი წყალი აქვს, რომელიც სათავე ნაგებობაში უნდა გროვდებოდეს  და შემდეგ ნაწილდებოდეს მოსახლეობაზე. პრობლემისა და უწყლობის სათავე სწორედ ეს ნაგებობაა, რომელიც დაცხრილულია და მოძველებული. ამიტომაც მასში წყალი ვერ გროვდება. 

ამ რეზერვუარიდან უნდა მარაგდებოდეს მეზობელი სოფლებიც, მერევი და ითხვისი. სამივე სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფელი კალაური ჭიათურიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. 

სოფელში იციან, რომ ადგილი, სადაც რეზერვუარი დგას, “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაა. მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. არც ის იციან, უწყლობის პრობლემის გადაწყვეტა ვის შეუძლია. 

ჩვენ თემის მოკვლევა ჭიათურის მერიიდან დავიწყეთ. კალაურში მერის წარმომადგენელს, დავით წერეთელს ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ “ჯორჯიან მანგანეზს” აგვისტოში შეხვდნენ და წყლის საკითხი განიხილეს.

satave nageboba 1
სათავე ნაგებობა

“შეაკეთეს ამის შემდეგ, იყვნენ ამოსული, შეასრულეს ჭრა-კერვითი სამუშაოები. ის ლითონის ავზები მწყობრიდანაა გამოსული. საერთო ჯამში, მთლიანად შესაცვლელია, ეს დაკერვა არ შველის და ვისაუბრეთ. დაგვპირდნენ, რომ ამ სიტუაციას გააკონტროლებდნენ და გააკეთებდნენ,” – ამბობს წერეთელი.

მან ისიც დაამატა, რომ რეზერვუარი “ჯორჯიან მანგანეზის” ბალანსზეა და მუნიციპალიტეტი მის შესაკეთებლად ან შესაცვლელად ხარჯებს ვერ გაწევს. ჭიათურის მუნიციპალიტეტი კი მხოლოდ მიმწოდებელ მილებზეა პასუხისმგებელი. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის თებერვალში შპს “ჭიათურის წყალი” დაარსა. კომპანიის დანიშნულებაა მოსახლეობისა და დაწესებულებების სასმელი წყლით მომარაგება, წყალგაყვანილობისა და წყალანირების სისტემის პროექტირება, მშენებლობა, მონტაჟი, შეკეთება და ექსპლუატაციაა. სოფელ კალაურში ამ კომპანიამ  რეზერვუარიდან მოსახლეობისკენ მიმავალი მილები შეაკეთა. კომპანიის დირექტორი როინი კუსიანი გვეუბნება, რომ რეზერვუარი “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაშია და ამიტომ ვერ ერევიან. თუმცა, კომპანიას თხოვეს, რომ შეკეთდეს ეს ნაგებობა და პრობლემა აღმოიფხვრას. როინ კუსიანი ადასტურებს, რომ სამი კვირის წინ ადგილზე სამუშაო ჯგუფიც იყო, 5-6 დღე აკეთებდნენ ამ რეზერვუარს, მაგრამ ისეთი შედეგი, რაც წყლის გამართულად მიწოდებას სჭირდება, მაინც არ აქვთ. 

ამის შემდეგ ჩვენ “ჯორჯიან მანგანეზის” წყალმომარაგების პროექტების მენეჯერსაც ვესაუბრეთ. ალეკო ქვაბელაშვილი რეზერვუარის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ შეცვლის შემთხვევაში მერევსა და კალაურს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება. ვკითხეთ, აპირებენ თუ არაა მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, რეზერვუარის მუნიცპალიტეტისთვის მიყიდვას. 

“მე მივესალმები იმას, თუ მერია წაიღებს კალაური-მერევის მთლიან წყალმომარაგებას თავისი რეზერვუარით, თავის სატუმბი სადგურით  და უზრუნველყოფს იმ ხალხის მომარაგებას, რაც ევალება მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს კეთილი ნება, რომ გადავცეთ უსასყიდლოდ,” – გვეუბნება ალეკო ქვაბელაშვილი. 

ჭიათურის მერიას ბოლო წლებში საკუთარი ბიუჯეტიდან აუთვისებელი მილიონობით ლარი რჩება. მაგალითად, 2018 წელს დარჩათ 10 მილიონ ლარზე მეტი, 2019 წელს კი – 4.5 მილიონი ლარი. შპს “ჭიათურის წყლის” დირექტორმა გვითხრა, რომ ამ სათავე ნაგებობის მოწესრიგებას, დაახლოებით 160,000 ლარი დასჭირდება. ამის რესურსი კი ჭიათურის ბიუჯეტს ნამდვილად აქვს.    

თუმცა, ჭიათურის ამ სოფლების პრობლემა მხოლოდ ფულით ვერ აღმოიფხვრება. საჭიროა სწრაფი კომუნიკაცია მერიასა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის, რომ სათავე ნაგებობა მერიის მართვაში გადავიდეს. ჩვენ ამ კომუნიკაციის მსვლელობას თვალს ვადევნებთ და გვინდა, სწრაფად ვიხილოთ შედეგი, რომელიც ასობით ადამიანს შეუმსუბუქებს ყოველდღიურ მძიმე ყოფას. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ხონის ბიუჯეტის პრიორიტეტები
khoni cover e1606904925952 1

ხონის ბიუჯეტის პრიორიტეტები

2020 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტები ასე გამოიყურება

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share