fbpx
chokhatauri 1

ჩოხატაურში “დასანგრევად განწირული” შენობის რემონტისთვის 280 ათასი დაიხარჯა

ჩოხატაურში სოციალურ სააგენტოს ერთსართულიანი, მწვანე, ნესტიანი და ადგილ-ადგილ დაბზარული ოფისი აქვს. შენობა ძველი არ გეგონოთ, 2017 წელს დასრულდა მისი რემონტი, რაც გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს 280 ათას ლარამდე დაგვიჯდა. ახლა მის სარდაფში წყალი დგას. ნესტის გამო კედლები და ჭერი ჩამოცვენილია, იატაკი ამობურცული. შენობის გარეთა ფასადი კი დაზიანებული.

შენობა ჩოხატაურის ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნებთან და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულმა კომპანიამ გაარემონტა. 

“ვის მოეწონება ასეთ პირობებში მუშაობა. ჭერიდან გიბსოკარდონი და საღებავი ახლაც იშლება. გათბობა გვაქვს, მაგრამ დენის გამათბობლებს ვახმართ მაინც. ფანჯრების სახელურებს ძლივს ვწვდებით. 2017 წლიდან ვართ აქ. მანამდე ნაქირავებ ბინაში ვიყავით, იქ გაცილებით ცუდი პირობები იყო. ამდენი ადამიანი ერთ ოთახში ვიყავით, არც სველი წერტილი გვქონდა და არც სხვა რამე. იმასთან შედარებით აქ რომ გადმოვედით, პრობლემებს ვინღა ამჩნევდა,” –  გვიყვება სოციალური მომსახურების ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

პირველად შენობის გასარემონტებლად ტენდერი 2012 წელს გამოცხადდა, რომელიც  შპს “რეალმშენმა” მოიგო. პროექტის მთლიანი ღირებულება, 177,000 ლარი ავანსად აიღო და შემდეგ სამუშაო მიატოვა. მიტოვებული მშენებლობის გამო საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. დაკარგული თანხა სოციალური მომსახურების სააგენტომ დაიბრუნა თუ არა, არ გვეუბნებიან. 

სანამ  შპს “რეალმშენი” და “სოციალური მომსახურების სააგენტო” საქმეს არკვევდნენ, ნახევრად აშენებული შენობა ოთხი წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იდგა. სახურავის არ ქონის გამო კედლები ნესტითა და წვიმის წყლით გაიჟღინთა. სარდაფში კი გრუნტის წყალი ჩადგა. პრობლემის მოსაგვარებლად სადრენაჟო სისტემის დაყენება არავის უცდია.   

შენობის დასასრულებლად ახალი ტენდერი 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. სამუშაოების ღირებულება ახლა უკვე 90 ათასი ლარი იყო. პროექტი  ადგილობრივმა, შპს “ჯორჯიან კომპანიმ” მოიგო და მშენებლობაც დაიწყო. 

ვის ეკუთნის “ჯორჯიან კომპანი?”

“ჯორჯიან კომპანის” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  2012-2019 წლებში დაახლოებით 1.3 მილიონი ლარის ღირებულების  20 ტენდერი აქვს მოგებული. კომპანიის მფლობელები ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირები არიან. 

შპს “ჯორჯიან კომპანის” მფლობელები ტენდერის მოგების პერიოდში ვალერიან კაკურია, დავით კუტუბიძე და მისი სიძე (დის ქმარი), გია ლომინეიშვილი იყვნენ. 

შპს “ჯორჯიან კომპანის” თანამფლობელის, დავით კუტუბიძის და, მაია კუტუბიძე 2012-2014 წლებში ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე იყო. 2014 წლიდან დღემდე კი ჩოხატაურის საკრებულოს წევრი და ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარეა. მაია კუტუბიძე კომპანიის კიდევ ერთი თანამფლობელის, გია ლომინეიშვილის მეუღლეცაა. როგორც ირკვევა, ლომინეიშვილი 2012-2014 წლებში ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელისა და ახლანდელი მერის პირველი მოადგილის, თამაზ ჯინჭარაძის ახლო მეგობარი და “საქმეების მომგვარებელია”.

კომპანიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კავშირები ამით არ მთავრდება. კომპანიის თანამფლობელის, დავით კუტუბიძის ცოლი, ნატო ჯიბუტი, გამგეობის მიერ დაფინანსებული ა(ა)იპ “ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” ხელმძღვანელია. ჯიბუტი ამ ადგილზე  მაშინდელმა გამგებელმა და ახლანდელმა მერმა, ირაკლი კუჭავამ დანიშნა. 

კომპანიის დირექტორი, ვალერიან კაკურია კი 2015 წელს სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანის მიყენების გამო დააკავეს. მან და კიდევ ერთმა კომპანიამ, “შემოქმედმშენმა” სახელმწიფო თანხები უკანონოდ მიითვისეს. დაკავებული კაკურია ათიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმე მათ წინააღნმდეგ მხოლოდ “გურია ნიუსის” მომზადებული საგამოძიებო მასალის შემდეგ აღიძრა.

რა და როგორ შეასრულა “ჯორჯიან კომპანიმ”?

“ჯორჯიან კომპანიმ” სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ოფისის  სამუშაოები კარკასულ მდგომარეობაში ჩაიბარა. მათ შენობის დასრულება, გადახურვა, ეზოს მოსწორება და შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა ევალებოდათ. სამუშაოებს სამი თვის ნაცვლად ხუთი თვე მოანდომეს. წინა ტენდერის მსგავსად, სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ კომპანიასაც თანხა სრულად, ავანსის სახით გადასცა.

ერთი შეხედვით სამუშაოები დასრულდა, ექპერტიზაც ჩაუტარდა და შენობაც გაიხსნა.  

სამუშაოების ჩაბარებიდან 2-3 თვეში სააგენტოს ოფისში წყალი ჩამოვიდა. მაშინ “ჯორჯიან კომპანიმ” საგარანტიო ვალდებულებები შეასრულა და პრობლემა მოაგვარა.  

თუმცა, შენობაში მხოლოდ ჭერი როდია დაზიანებული: კედლები დაბზარულია, იატაკი ამობურცული, გიფსოკარდონი ჩამოტეხილი და ჩამოცვენილი, დენის წყაროები ბუდიდან ამოვარდნილი, განათების მოწყობილებები დაჟანგული, თეთრი კედლები გაყვითლებული. გარედან კი შენობის გასწვრივ მიწა დაწეულია. 

შპს “ჯორჯიან კომპანის” დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი, ვალერიან კაკურია ამბობს, რომ შენობის პრობლემები სარდაფში დაგროვებული გრუნტის წყლითა და გურიისთვის შეუსაბამო სწორზედაპირიანი გადახურვითაა გამოწვეული. 

წესით, ეს საკითხები საპროექტო დოკუმენტაციაში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროექტო ჯგუფმა, შპს “ახალი საქქალაქმშენპროექტმა” შეადგინა. მისი მფლობელი ბაკურ მირიანაშვილია, რომელიც სხვადასხვა დროს პროექტების ღირებულების გაზრდასა და ყალბი დოკუმენტების გაცემაშია შემჩნეული. ამისათვის 2015 წელს დააპატიმრეს კიდეც. გათავისუფლების შემდეგ საქმიანობას ისევ განაგრძობს, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთანაც.

“ჯორჯიან კომპანის” დირექტორის თქმით, სარდაფში გრუნტის წყალი მათ დახვდათ. მის გამოსატუმბად საპროექტო გეგმაში არაფერი იყო ნახსენები. არც სადრენაჟო სისტემის დაყენებაზე. კუტუბიძე კი ამატებს, რომ ახლა რომც ჩამოიშალოს და დაინგრეს შენობა, ეს მათი კომპანიის პასუხიმგებლობა არ იქნება. 

ჩოხატაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზურაბ კალანდაძე გვიყვება, რომ შენობის სარდაფში გრუნტის წყალია, რომელიც არსად გაედინება. ეს კი ნესტს წარმოშობს. შედეგად მთელ შენობა ზიანდება.

მშენებელი კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ შეუსაბამო გადახურვისა და გრუნტის წყლის არსებობის შესახებ მათ დამკვეთს, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიტყვიერად მიმართეს, თუმცა, მათგან პასუხი ვერ მიიღეს. 

სოციალური მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ. რამდენიმე კითხვა გვქონდა საპროექტო დოკუმენტაციის, სადრენაჟო სისტემისა და კომპანიებისთვის ავანსად მიცემული თანხის შესახებ. სააგენტოში ინტერვიუზე უარი გვითხრეს. წერილობით კითხვებზე კი პასუხები ორი თვის განმვალობაშიც არ გვაღირსეს.  

სტატია მომზადებულია თამუნა ქიმაძის, ანნა ტანდარიანის, ლიკა ერისთავისა და ია ასათიანის მიერ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

ჩოხატაურის ფოტო ეკუთვნის www.georgiantravelguide.com-ს

კომენტარები
Total
0
Shares
Next
OCCRP-მ Skoll Award მიიღო
OCCRP 1024x683 1

OCCRP-მ Skoll Award მიიღო

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share