fbpx
chokhosani

“ჩოხოსნის” თავგადასავალი 5 ივლისს

ავტორები: ია ასათიანი და მანანა ღოღობერიძე 

5 ივლისს რუსთაველზე გამოსული მოძალადეები ბაზალეთის ქუჩაზე მოზარდს დაედევნენ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/tabula.ge/videos/304644074688168

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოძალადეთაგან ერთ-ერთი, სვანურ ქუდსა და ჩოხაში გამოწყობილი, “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების” წევრია. 

ვიდეოში ისმის ქალების ყვირილი, რომ ვიღაც ბავშვს გაეკიდა. შემდეგ ჩანს წაქცეული ბავშვი, რომელსაც თავზე ადგას ჩოხაში გამოწყობილი წვერებიანი კაცი და პოლიცია, რომელიც გამოარიდებს ამ ადამიანს ბავშვისგან და უყვირის, რას აკეთებთ, ბავშვია, თქვენ ნორმალურები თუ ხართო. 

ბავშვის ბებია ქეთი დოლიძეა, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ ბავშვს ჩოხოსანი გამოეკიდა. ქეთი დოლიძემ გვითხრა, რომ ბავშვი დედამისმა ეზოს კუთხეში ჩამოსვა, საიდანაც მას გამოეკიდნენ. ვიდეოშიც სწორედ ეს მონაკვეთია აღწერილი. 

“საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების” თავმჯდომარე ზვიად სეხნიაშვილი გვეუბნება, რომ ჩოხოსანი ბავშვის გასაშველებლად მირბოდა. “ეს ადამიანი მივიდა იმისთვის, რომ გაეშველებინა და ვინმეს არ დაერტყა. თუ მე სადმე ვნახე, რომ მან ვინმეს ხელი მოუქნია და მითუმეტეს ბავშვს, მე პირადად ისე დავსჯი, რომ თქვენი თავი არ დამჭირდება და არც პოლიცია,” – გვითხრა სეხნიაშვილმა სატელეფონო საუბრისას. 

თუ ვიდეოს ყურადღებით ვუყურებთ, იქ ჩანს, რომ ბავშვი წაქცეულია და მას თავზე მხოლოდ ჩოხოსანი ადგას. დანარჩენები კი ამ დროს მირბიან, მათ შორის პოლიციელებიც. 

ზვიად სეხნიაშვილმა არ გვითხრა ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანის სახელი და გვარი. მისი თქმით, 5 ივლისს 1,500 ჩოხოსანი იყო რუსთაველზე და ყველას სახელები არ იცის. 

ა(ა)იპ “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განვითარების ფონდი” 2016 წელს საპატრიარქომ დააფუძნა. რეესტრის მონაცემებით, ორგანიზაციის ფაქტობრივი მისამართია სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ კარიბჭე. 

ფონდის თანადამფუძნებლები და დღეს გამგეობის წევრები არიან რუსთავის საკრებულოში “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი, გიორგი ტუხაშვილი და რუსთავის მერის მოადგილე, დავით იშხნელი. “ჩოხოსანთა საზოგადოების” თავმჯდომარე ზვიად სეხნიაშვილია, რომელიც 5 ივლისის აქციაზეც იმყოფებოდა.

ფონდის წესდების მიხედვით, მათი მიზანია ქართველი ერის ისტორიული ტრადიციების, ადათ-წესების, ტრადიციული ჩაცმულობისა და დარბაისლური ქცევების აღდგენა, შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია.

როგორც ჩანს, საპატრიარქოს ჩოხოსნები აქციისთვის რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ. შექმნეს ფეისბუქ ჯგუფი 28 ივნისს და გამოაქვეყნეს მოწოდება, რომ 5 ივლისის აქციისთვის მოსამზადებელ თათბირს ყველა, უკლებლივ ყველა დასწრებოდა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სახელმწიფოს მეტი სოც.მუშაკი სჭირდება
soc mushaki

სახელმწიფოს მეტი სოც.მუშაკი სჭირდება

ავტორები: თეკლა ადამია და ქრისტინე ქათამაძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share