“აი, ფაქტმა” ამჯერად ქუთაისისა და სამტრედიის რამდენიმე საჯარო მოხელის დეკლარაცია შეისწავლა. ორივე მუნიციპალიტეტში, ჯამში, 50 ადამიანს აქვს დეკლარაციის შევსების ვალდებულება. აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მხოლოდ სამ საჯარო მოხელეს აქვს დეკლარაცია არასრულად შევსებული, ქუთაისის მთავრობაში კი ათს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ქუთაისის მერის მოადგილეს, ირაკლი ქარქაშაძეს არასრულად აქვს შევსებული დეკლარაციის უძრავი ქონების ნაწილი. მის დეკლარაციაში ვერ მოხვდა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მდებარე 135 კვ.მ. ბინა და 3,000 კვ.მ. მიწა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, პეტრე ადამაძის ქონებაც არასრულადაა მოცემული დეკლარაციაში. საჯარო რეესტრის მიხედვით, მის სახელზეა ქუთაისში, ჭუმბურიძის ქუჩაზე მდებარე 350 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც 179 კვ.მ. შენობა-ნაგებობა დგას. გარდა ამისა, მის სახელზეა რეგისტრირებული 2,940 კვ.მ. მიწა წყალტუბოში, სოფელ პატრიკეთში. ეს ორი ქონება დეკლარაციაში ასახული არაა.
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჯონდო არაბიძე 2005 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა და ეს დეკლარაციაში არ აღუნიშნავს. ასევე, შპს “ბაღის კიდე XXI”-ის მმართველია და ეს დეკლარაციაში არაა მითითებული.
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსს, დავით ნიშნიანიძეს დეკლარაციაში არ შეუტანია ორი მიწა. ერთი, 7,236 კვ.მ. მიწა ზესტაფონში, სოფელ ცხენთაროში მდებარეობს, მეორე, 2,871 კვ.მ. კი სოფელ როდინაულში.
სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, ზურაბ მარგველაშვილი წილის 33 პროცენტს ფლობს შპს “გლობალ ნათს თრეიდინგში” და ეს დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს. მისი მეუღლის, მაია ჩაჩავას სახელზეა 34 კვ.მ ბინა თბილისში, ვაზისუბანში. დეკლარაციაში მარგველაშვილს ეს ქონებაც უნდა შეეტანა.
თავიანთ დეკლარაციებში არ ასახეს ოჯახის წევრების ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი შემდეგმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საქმიანობენ:
- საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ბოჭორიშვილმა;
- ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჭეიშვილმა;
- იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯომარემ, ვლასი გარდაფხაძემ;
- განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლორთქიფანიძემ.
ფრაქცია “უკეთესი მომავლისთვის” თავმჯდომარე, იმედა საღინაძე 2012 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა, ხოლო მისი შვილი ბექა საღინაძე შპს “ელ თი ბი ჯგუფის” მფლობელია. არც ერთი ეს ინფორმაცია დეკლარაციაში ასახული არ არის.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ქუთაისელი საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, სამტრედიელი მოხელეების დეკლარაციებში მხოლოდ მინიმალური დარღვევებია.
სამმა საჯარო პირმა თავიანთ დეკლარაციაში არ ასახა ოჯახის წევრების ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი:
- ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მერაბ უღრელიძის შვილი ვლადიმერ უღრელიძე ინდივიდუალური მეწარმეა და ეს დეკლარაციაში არაა აღნიშნული;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მიხეილ ლეჟავა 2006 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა და ეს დეკლარაციაში არ ჩაუწერია;
- შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, პაატა ხარებავა და დედამისი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, თუმცა ეს ხარებავას დეკლარაციაში არ აღუნიშნავს.