fbpx
ekonomika

ეკონომიკის სამინისტროს დუმილის პოლიტიკა 

ავტორები: მანანა ღოღობერიძე და ნანუკა ბრეგაძე

ნამახვანჰესის მშენებლობა დროებით შეწყდა. ინვესტორი კომპანია საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს, ამ გზით კი მიღებული ზიანის ანაზღაურებას შეეცდება. ასობით ლარზე არ იქნება საუბარი თუკი საარბიტრაჟო დავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყდა. მილიონების გადახდა მოგვიწევს ჩვენ ყველას ერთად, ბიუჯეტიდან.

ნამახვანი პირველი პროექტი არაა, რომელიც ჩაიშალა და რომლის გამოც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები წავიდა. მაგალითად, ხუდონჰესის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაწყვეტისთვის იურისტებს 118,000 ევრო გადავუხადეთ

2010-2021 წლებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოებში 24 დავა მიმდინარეობდა. ამ დავებისთვის საქართველოს მხოლოდ იურისტების დაქირავება 161 მლნ ლარი დაუჯდა.

ჩვენ ვსვამთ კითხვას: ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანამ მსგავსი ზიანი არ მიიღოს, რას აკეთებენ ჩვენს მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეები პროექტების სწორად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის და რა ფორმით ისჯებიან ისინი, როცა პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტს აზიანებს ხოლმე.

2017 წლამდე ქვეყანაში ენერგოპროექტების განხორციელებასა და ენერგოსექტორის განვითარებაზე ენერგეტიკის სამინისტრო ზრუნავდა. 2017 წელს კი სამინისტრო გაუქმდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეერწყა.

ენერგოპროექტებს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი უძღვება. დეპარტამენტის უფროსი 2020 წლიდან თორნიკე ყაზარაშვილია.

ამ დეპარტამენტში განიხილავენ ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო, სამონტაჟო და სხვა დოკუმენტებს, შემდეგ კი ზრუნავენ, რომ ამ პროექტებმა დღის შუქი ნახონ. აქ ამზადებენ საინვესტიციო ხელშეკრულებების პირობებსაც, იღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და პასუხისმგებლები არიან ხელშეკრულებით თუ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 

საქმე სამ ჯგუფს აქვს გადანაწილებული: 1. ენერგეტიკული პროექტების განვითარებისა და მონიტორინგის სამმართველოს; 2. ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს; 3. ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს.

მთავრობა მუდმივად გვახსენებს, რომ ჰესები გვჭირდება, რომ ეკონომიკა მზარდია და რომ ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვებად რჩება. მთავრობა საქმით სხვას გვიჩვენებს. 

ყველა ჰიდროელექტროსადგური, რომლის ასაშენებლად კერძო კომპანია ხელშეკრულებას სახელმწიფოსთან დებს და ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას უკავშირდება, “საჯარო და კერძო თანამშრომლობის” პროექტია. თანამშრომლობის ეს ფორმა რეგულირდება კანონით “საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ. ამ თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები უნდა იყოს:  

  • გამჭვირვალობა
  • განჭვრეტადობა
  • თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა 
  • ხარისხის ფასთან თანაფარდობა 
  • რისკების ოპტიმალური განაწილება 
  • ფისკალური პასუხისმგებლობა
  • გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა. 

ნამახვანის შემთხვევაში კი, თითქმის, ყველა პუნქტის შესრულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ. აქამდე არსებული კვლევები და საზოგადოებრივი აქტივობა კი გვიჩვენებს, რომ სამინისტროს ამ პუნქტებიდან არც ერთი დაუცავს ბოლომდე.

პროცესს რომ თავიდან მოვყვეთ, უნდა დავაკვირდეთ, როგორ შეარჩია სამინისტრომ ინვესტორი და დაარღვია თუ არა გამჭვირვალობისა და თავისუფალი კონკურენციის პირობები. კანონის მიხედვით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი უნდა იყოს თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა. ანუ, თანასწორი მოპყრობა უნდა იყოს ყველა საჯარო და კერძო პირის მიმართ. ნამახვანჰესის ასაშენებლად და შემდგომში ოპერირება-ფლობის მიზნით ინვესტორი “ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” შეარჩია. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” აქციების 100%-ს სახელმწიფო ფლობს. ინტერესთა გამოხატვა 2015 წელის დეკემბერში გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია” ორი წლის შემდეგ გამოვლინდა. მთელი ეს პროცესი საზოგადოებისთვის დახურული იყო. სამინისტრო ამბობდა, რომ კონკურსში 26 სუბიექტი მონაწილეობდა, თუმცა, არასდროს დაუსახელებიათ, ვინ იყვნენ ისინი, რა პირობები წამოაყენეს და რა უპირატესობის გამო აირჩიეს “ქლინ ენერჯი გრუფი.” 

ურთიერთობა მოსახლეობასთან – 0 

ბოლო წლებში ჰესის რამდენი პროექტი გახსენდებათ, საზოგადოების წყენა და პროტესტი რომ გამოიწვია? ადგილობრივები აპროტესტებდნენ არასწორად დაგეგმილ და გაუმჭვირვალე პროექტებს, რომელიც მათ საცხოვრებელ გარემოს საფრთხეს უქმნიდა. მთავრობა კი ამ ადამიანებს პოლიციის ძალით ესაუბრებოდა. ასე იყო ნამახვანის შემთხვევაში, ლოპოტაჰესის ამბავზე თუ მესტიაში, მესტიაჭალაჰესის მშენებლობისას. 

734b0235 9be2 4423 a970 a4c4b62b68be w1597 n r0 st s
პოლიციის ჯაჭვი სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე.
წყარო:რადიო თავისუფლება

არადა, ამ პროცესის სწორად მართვა ეკონომიკის სამინისტროს მოვალეობაა. ისინი უნდა ზრუნავდნენ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია გამართული იყოს, საჭირო კვლევები ჩატარებული, პროექტის სარგებელი და რისკები მისხალ-მისხალ დათვლილი, აწონილი, შეფასებული და ხალხთან, განსაკუთრებით საპროექტო არეალში მცხოვრებლებთან სწორად მიტანილი.

ბოლო წლებში, დიდი ჰესების წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების ადრესატი ყველაზე ხშირად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო იყო. 

რიონის ხეობაში, კახეთში, რაჭაში და სვანეთში მცხოვრები ადამიანები, რომელთა მდინარეებზე მთავრობა ჰესის დადგმას აპირებდა, ერთსა და იმავე ამბებს ჰყვებიან იმაზე, თუ როგორ ურთიერთობდა სამინისტრო მათთან, როგორ შემთხვევით იგებდნენ ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ და როგორი ირონიით ექცეოდნენ მათ საჯარო მოხელეები. 

ლეჩხუმში, რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” მიძინებული პროექტი ისე გაცოცხლდა და კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის მომზადება ისე დაიწყო, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. ეკონომიკის სამინისტროს მათთან საუბრით თავი არ შეუწუხებია. ვარლამ გოლეთიანი გვიყვება, რომ რიონის ხეობაში კომპანიის მანქანები შენიშნეს და ჰესის მშენებლობის დაწყებაზე ასე იეჭვეს. 

“ლენდ კრუიზერის” ტიპის ავტომობილები ჰყავდათ და ხეობაში ამით მოძრაობდნენ. ისეთი ხეობაა, არასდროს არაფერი ხდება და რომ ხედავ, ამხელა მოძრაობა შეინიშნება, თავისთავად ინტერესდები, რა ხდება,” – გვიყვება გოლეთიანი. 

გოლეთიანმა, მისმა ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და თანამებრძოლებმა ერთად კარვებში 90 დღე ისე გაატარეს, ყურადღება მათთვის არავის მიუქცევია. იქამდე, სამინისტროში ოფიციალური წერილებიც ჰქონდათ გაგზავნილი, მაგრამ ისიც უშედეგოდ. ეკონომიკის სამინისტროდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდნენ კონტაქტზე, როცა სხვა გზა აღარ ჰქონდათ, მაგალითად, მასშტაბური, რეზონანსული აქციების შემდეგ. თუმცა, არც ეს საუბრები იყო შედეგისმომტანი. სამინისტროს და ხალხის კომუნიკაცია, ძირითადად ზედაპირული მსჯელობით და “რიონის ხეობის მცველების” თავიდან მოშორებით სრულებოდა.

“ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გამოჩნდა მხოლოდ მძიმე პროტესტების და ოთხჯერ დარბევის მერე, ძლივს. სამინისტროდან არ კონტაქტობდნენ, გუბერნატორი იყო ჩართული აქტიურად, რა ფუნქცია აქვს რომ ვერც მიხვდები. მაჟორიტარი დეპუტატიც იქცეოდა როგორც კომპანიის წარმომადგენელი ჩვეულებრივად. ამას არ გაცილებია [ურთიერთობა], მერე სანამ არ ატყდა მთელი მეორედ მოსვლა. საერთაშორისო გამოხმაურება რომ ჰქონდა ამბავს და ხვა გზა აღარ ჰქონდათ, მერე იყო სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა,” – ამბობს მარიტა მუსელიანი, მოძრაობის აქტიური წევრი. 

Screenshot 2022 08 03 at 11.51.12
აქცია ქუთაისში “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ.
2021 წლის 28 თებერვალი

როგორ ურთიერთობს ეკონომიკის სამინისტრო ხალხთან, რომელიც ჰესის აშენების არეალში ცხოვრობს, ამის თვალსაჩინო მაგალითია მათი ფარსი საჯარო შეხვედრები. 2019 წლის დეკემბერში “ნამახვანჰესის” გზშ-ს განსახილველად წყალტუბოს მერიაში მოსახლეობა შეიკრიბა. მათთვის პროექტის დეტალებზე სასაუბროდ ჩამოსული იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი. შეხვედრას რომ აპირებდნენ, ადგილობრივებისთვის წინასწარ არ უთქვამთ. “რიონის ხეობის მცველებმა” ეს ამბავი მაინც გაიგეს, თუმცა იქ მისულები კარში აღარ შეუშვეს. იყო ისეთი შემთხვევებიც, კითხვებზე პასუხს რომ ვერ სცემდნენ, შეხვედრას ჩაშლიდნენ და რამდენიმე თვის შემდეგ სამინისტროს ვებგვერდზე აქვეყნებდნენ, წარმატებით შევხვდით მოსახლეობას, ყველა კმაყოფილიაო.

“ძალით შევედი, მივაწექი კარში, იმიტომ რომ ორი ჯანიანი ტიპი ჩამდგარი, მეუბნება შიგნით ადგილი არ არისო და ვხედავ, რომ თავისუფალია, ყოველ შემთხვევაში, ფეხზე დასადგომი ადგილი არის. რადგან სამინისტროც  უძღვებოდა ამ პრეზენტაციას, გადავყავი თავი და ვკითხე, რა ხდება აქთქო. მერე ვეღარ დამალეს ეს ფაქტი. თან ამბობდნენ, ვისაც კითხვები გაქვს დასვითო, სპეკულირებენ, ჩვენ ღია ვართ კომუნიკაციისთვისო და არ გიშვებს დარბაზში. საბოლოოდ, შეხვედრა ჩაშლილად გამოაცხადეს ზუსტად მაშინ, კითხვების დასმა რომ დავიწყეთ,” – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ამ შეხვედრაზე დასასწრებად არ უშვებდნენ არც გარემოს დაცვის სპეციალისტებს და სეისმოლოგებს. სქემა იგივე იყო, თითქოს დარბაზი სავსეა და ვეღარ დაეტევითო. “მწვანეთა მოძრაობის” დირექტორი ნინო ჩხობაძე გვიყვება, რომ ამ ღონისძიებას გარემოს დაცვის სამინისტრო აორგანიზებდა და მთავარი პრეტენზიაც მათთან ჰქონდა. თუმცა, ხალხთან სასაუბროდ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილიც იყო ჩასული. საკითხავია, ვის გაესაუბრა, როცა დარბაზში ხეობის წარმომადგენლები არ ისხდნენ.

“შეხვედრა იწყებოდა 10 საათზე, მე ჩავედი 10-ის ნახევრისთვის და აღმოჩნდა, რომ მერიის შენობის კარი იყო დაკეტილი და ხალხი იყო გარეთ. იდგა პოლიციელი და რომ დავიწყე მოთხოვნა, გამიღეთ კარი-მეთქი, უარი მითხრეს. ძალიან ავღელდი და მოვითხოვე მერი ჩამოვიდეს-მეთქი, იმიტომ რომ საჯარო დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს. მერე შემომთავაზეს, მხოლოდ მე შევსულიყავი, რაზეც უარი განვაცხადე და ვინც ელოდებოდა გარეთ, ყველა შევიყვანეთ შიგნით. ფეხზე ვიდექით ძალიან ბევრი, თურმე მათ ჩამოყვანილი ჰყავდათ ხალხი,” – ამბობს “მწვანეთა მოძრაობის” დირექტორი ნინო ჩხობაძე. 

აღმოჩნდა,რომ აუდიტორია, რომელმაც დარბაზი გადაავსო, ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა, მოკრიბა მათი მხარდამჭერები სოფელ-სოფელ და მოსახლეობასთან საუბრის სპექტაკლი დადგეს. 

“არა ონის კასკადს”

ეთო არსანიძე ამბროლაურში ცხოვრობს და “ონის კასკადის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 2020 წლიდან შეუერთდა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობასთან უშუალო საუბრის მცდელობას ვერ იხსენებს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე გაიმართა მხოლოდ პროექტის პრეზენტაციები. ისიც ისე, რომ ხალხისთვის არ დაუანონსებიათ. შესაბამისად, დასწრებას ყველა ვერ შეძლებდა. ეთო არსანიძე გვეუბნება, რომ 2020 წელს რაჭველების ბრაზი გამოიწვია მემორანდუმის მოულოდნელად გაფორმებამ სწორედ მაშინ, როცა ხალხის მთავარი საფიქრალი პანდემია იყო.

მდინარე რიონზე იგეგმებოდა ონის ჰესების კასკადის მშენებლობაც. ჯამში, 206 მგვტ სიმძლავრის ორი ჰესის აშენებას “თანაინვესტირების ფონდი” და შპს “ფერი” აპირებდა. ეს თემა პანდემიისას, 2020 წელს გააქტიურდა, როცა გარემოს დაცვის სამინისტრომ პროექტს “მწვანე შუქი” აუნთო და გაფორმდა კასკადის შესახებ მემორანდუმიც. 

“ძალიან რთულია რაჭველებში რამემ პროტესტი გამოიწვიოს და მაშინ ასე მოხდა. 500-600 კაცი რომ საპროტესტოდ გამოვიდეს, საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ისეთი შეხვედრა, როგორიც ნამახვანის შემთხვევაში იყო, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ხვდებოდნენ აქციების და მოძრაობის ლიდერებს, მსგავსი რამ არ ყოფილა. რამდენიმე სოფელში მოხდა პროექტის პრეზენტაცია, მგონი, ერთხელ ამბროლაურში, ერთხელ ონში. უბრალოდ, პრეზენტაცია იყო, რაიმე კითხვა-პასუხის შემთხვევა არ მახსენდება,” – ამბობს “რაჭის სათემო ორგანიზაციის” ხელმძღვანელი და აქტივისტი ეთო არსანიძე.

onis kaskadi
პროტესტი “ონის კასკადის” წინააღმდეგ, 2021 წლის მარტში, ნამახვანჰესის აქციაზე.
წყარო: ფეისბუქ ჯგუფი “არა ონის კასკადს”

ისინი, ვინც ონის კასკადის აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ, ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გაერთიანდნენ. ჯგუფის ადმინისტრატორი, მოძრაობის “არა ონის კასკადს” დამფუძნებელი და აქტივისტი რატი მეტრეველი გვიყვება, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათთან უშუალო ფორმით არასდროს ურთიერთობდა. ძირითადად, მათი კომუნიკაცია ირონიით და ცინიზმით შემოიფარგლებოდა, ოფიციალურ მიმოწერაზეც “ადმინისტრაციული გულგრილობით” პასუხობდნენ. 

მეტრეველს ახსენდება რაჭაში გამართული ორი საჯარო შეხვედრა 2018 და 2020 წელს, როცა ეკონომიკის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოვიდა. თუმცა, ერთ-ერთ ასეთ შეკრებას კრიტიკულად განწყობილი რაჭველები არ ესწრებოდნენ, მათ არავინ დაუძახა და ამიტომ. სამინისტროს სოფელში შეხვედრის შესახებ არც დაუანონსებია, თუმცა დამსწრეები მაინც მოკრიბეს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ხარჯზე. 

“ისე არ არის, რომ ყველას მოხვიონ ხელი სოფლიდან და მიიყვანონ. ამ შემთხვევაში, აქცენტი კეთდება ადმინისტრაციულ რესურსზე, ანუ მერიები, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები… და შესაბამისად ახდენენ იმ ხალხის მობილიზებას,  რომელიც იქ უბრალოდ წყნარად იჯდება და არ გამოთქვამს ანარაირ აზრს, ჰესი აშენდება თუ სხვა რამე. მე და ჩემმა თემმა გავიგეთ “მწვანე ალტერნატივასგან” ეს ამბავი. უბრალოდ ხალხს ამას არ ეუბნებიან. როდესაც ჩვენები მწვავე კითხვებს სვამდნენ, იქიდან ცინიკურ პასუხებს იღებდნენ, რომ ნაციონალები ვართ, არაფრის გაკეთება არ გვინდა და სისულელეები…” – გვიყვება რატი მეტრეველი. 

პროტესტი “ლოპოტა 1” ჰესის წინააღმდეგ 

2016 წლიდან მოყოლებული უჩა ქორეულაშვილი თავის თანასოფლელებთან ერთად თელავის სოფელ ლაფანყურში, ლოპოტას ხეობაში “ლოპოტა 1” ჰესის აშენებას აპროტესტებს. 2019 წლის სექტემბერში სოფელში კარავიც კი დადგეს, რომ ხეობაში კომპანიის წარმომადგენლები აღარ შეეპაროთ. ჰესის მშენებლობისთვის  პროცესი ისე დაიწყო და განვითარდა, რომ არც მაშინდელ ენერგეტიკის და არც შემდგომ ეკონომიკის სამინისტროს მოსახლეობისთვის არ აუხსნია, რა სარგებლობის მოტანა შეეძლო ჰესს მათთვის.

“პირველი მთავარი შეხვედრა რაც იყო სოფლის მოსახლეობასთან, მოხდა ძველი კლუბის ეზოში. 50-მდე ადამიანი იყო შეხვედრაზე. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ გაკეთებულიყო ბაღი, სოფელი, სოფლის ბიუჯეტი შევსებულიყო. ჰესის დეტალებში არავინ შესულა, უბრალოდ, თქვეს, რომ გვინდა პროექტის განხორციელება და ექნება ესა და ეს სიკეთეები. მაგრამ არავის არაფერი უთქვამს კონკრეტულ სიმძლავრეზე, ადგილებზე, რისკებზე. იყო მხოლოდ საუბარი, რა სარგებელი შეიძლება მოეტანა ამას სოფლის ბიუჯეტისთვის,“ – გვიყვება ქორეულაშვილი.

მეორე საჯარო განხილვაზე კი სოფელმა პროტესტის ნიშნად მონაწილეობაზე უარი თქვა. მიზეზად დაასახელეს, რომ ჰესის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა ხეობის ეკოსისტემას, გაძლიერდებოდა ღვარცოფული პროცესები, სოფელი კი სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩებოდა. ასევე ფიქრობდნენ, რომ არის რისკი, დაზიანდეს ხეობის ისტორიული ძეგლები. ეს რისკები მაშინ გაიაზრეს, როდესაც თავად გადაწყვიტეს ჰესის მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია ენახათ და დეტალებში გარკვეულიყვნენ. გამოითხოვეს პროექტი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, დასკვნები. უჩა ქორეულაშვილმა დოკუმენტების კითხვას ორ კვირაზე მეტი მოანდომა.

“ვკითხულობდი და თან ვგუგლავდი, არ ვიცოდი ზუსტად, რა რას ნიშნავდა. პირველი კომუნიკაცია მქონდა ქალბატონ ნინო ჩხობაძესთან, ჩემით ვიპოვე. ხან მივდიოდი, ხან ვურეკავდი ტელეფონზე, აბა, ეს როგორ არის, ეს რას ნიშნავს. მერე გავარკვიე, რომ ეს პროექტი იყო ხარვეზიანი და საფრთხის შემცველი სოფლის მოსახლეობისთვის. დეტალებზე საუბარიც ჩვენი მხრიდან წამოვიდა, როდესაც გავეცანით ამ დოკუმენტებს,” – ამბობს ის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “ლოპოტა 1” ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ბრძანება 2018 წლის 3 ივლისს გამოსცა.

lopota
ჰესის მოწინააღმდეგეების კარავი ლაფანყურში.
წყარო:რადიო თავისუფლება

თუმცა, როგორც უჩა გვიყვება, კომპანიამ ბევრად ადრე დაიწყო ხეობაში ლაფნის ხეების მოჭრა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ინვესტორსაც პროტესტის შემდეგ შეხვდნენ. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა თელავში, თბილისში, უშუალოდ სოფელში. ესაუბრებოდნენ მერს, გუბერნატორს, მაგრამ საუბარი ყოველთვის “მოგვარებისკენ” მიჰყავდათ. უჩა ქორეულაშვილის თქმით, ასეთ შეხვედრებზე ეკონომიკის სამინისტრო არ აქტიურობდა.

“არ იყო აქ მცდელობა რომ რაღაცაში გავერკვიოთ და შევთანხმდეთ, უფრო – მოვგვარდეთ. რას ნიშნავს მოვგვარდეთ? რაღაცაზე მოვგვარდეთ ქართულ ჯიგრულ პონტში?! არ ესმით ამათ, რომ ყველგან ეს ქართული, ჯიგრული პონტი არ არის. ეკონომიკის სამინისტრო არც ვიცი, რომ გითხრათ იმ შეხვედრებზე რაიმე ფუნქცია ჰქონდათ არა. ერთადერთი ვიცოდით, რომ ესწრება სამინისტრო,” – გვიყვება უჩა ქორეულაშვილი.

კომპანიამ ხეობაში ტექნიკის შეყვანა ბოლოს 2021 წლის დეკემბერში სცადა, თუმცა მოსახლეობის პროტესტის ფონზე ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაერია და მათი თხოვნით, ტექნიკა უკან გაიყვანეს. ამ მცდელობის შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ხეობაში ჩასვლა გადაწყვიტა. მიქაუტაძეს სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულება აბარია. 2018 წელს კი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაც ეკავა

უჩა ამბობს, რომ ის სამი თვის წინ, ბოლო შეხვედრაზე ნახა: “5 მანქანა მოვიდა და ვხედავ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ინვესტორი, ბატონი იმნაძე ერთი მანქანიდან გადმოდიან.  ერთად იმგზავრეს თბილისიდან.”

ამ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოახერხა და პირიქით, დაპირისპირებაც მოუვიდა მოსახლეობასთან. უჩა ფიქრობს, რომ ინვესტორი ჰესის ასაშენებლად მცდელობას არ დააკლებს. თუმცა, არც თავად აპირებენ დანებებას, რადგან ვერავინ დაარწმუნათ, რომ ჰესის მშენებლობით მათი საარსებო გარემო არ გაუარესდება. 

პროტესტი “მესტიაჭალა ჰესი 1” და “ჰესი 2”-ის წინააღმდეგ  

უჩა ქორეულაშვილის და თავისი თანასოფლელების მსგავსად,  ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელ რომეო მიქაუტაძესთან კონფლიქტი მოუვიდათ სვანეთშიც. მანანა საღლიანი “მესტიაჭალა ჰესი 1” და  “მესტიაჭალაჰესი 2”-ის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტში აქტიურად იყო ჩართული. რომეო მიქაუტაძესთან ურთიერთობა არაერთხელ მოუწია, პირისპირ თუ სატელევიზიო ეთერებისას. ამბობს, რომ ირონიულ ტონზე საუბრობდა და ხალხის აზრს არ ისმენდა.  მასთან დისკუსიები ცხარე კონფლიქტშიც კი გადასულა. მანანა საღლიანი ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას მიქაუტიძის რეპლიკას იხსენებს: “რას აწვალებთ ამ ფეხებს, სახლში ვერ დაჯდებითო? პირდაპირ ამ სიტყვებით მითხრა, ცინიკური ღიმილით.” 

მანანა საღლიანმა “მესტიაჭალა ჰესის” აშენების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ხეობაში ტექნიკა შევიდა და მსხვილი მილების შეტანა დაიწყეს. გეცნობათ სურათი? ასე აღწერეს “ნამახვანჰესის” პროექტზე მუშაობის დაწყება რიონის ხეობის მკვიდრებმაც.

მესტიაში ხალხმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გარკვევა, რა ხდებოდა, რადგან წინა სცენარი აქაც სხვა ჰესების მსგავსი იყო, საჯარო განხილვას მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხი ესწრებოდა.  

“პროექტის პრეზენტაციაზე მე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ხალხი არ ეწრებოდა, არც ისინი ვიყავით, ვინც შემდეგ პროტესტში ჩავერთეთ. განხილვაზე იჯდა რაიონის ხელმძღვანელობა, მათი მომხრე, ლაქია ორი-სამი ადამიანი და დაარქვეს განხილვა. თუ განხილვა იყო მე არ ვეკუთვნი ამ რაიონს?! ზრდილობის გულისთვის მაინც დაუძახე ხალხს, მაგრამ არა, ჩვენ არ უნდა გაგვეგო, რადგან ჩვენი გაგება ნიშნავდა ჩაშლას. შემოპარებით, ქურდულად, აი, ასე გაკეთდა,“ – გვიყვება მანანა საღლიანი. 

ინვესტორს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს პროტესტის შემდეგ შეხვდნენ. ჰესიდან მომდინარე საფრთხეზე არავინ ესაუბრებოდათ, უყვებოდნენ მხოლოდ ინვესტორის მიერ დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე. სცენარის ეს ეპიზოდიც ყველა პროექტისას მეორდება. 

“იცით, რა არის არგუმენტები? ამას დიდი დადებითი მოჰყვება, შემოვა დაფინანსება რაიონში. ამით უნდათ ამიხვიონ თვალები და გამაბრიყვონ? ამბობდნენ, რომ ბიუჯეტში და რაიონის ინფრასტრუქტურისთვის შემოვიდოდა 2 მილიონი ყოველ თვე. რა არის ეს იცი? – მოქრთამვა ადამიანების,” – ამბობს საღლიანი. 

საბოლოოდ, მათ არავინ მოუსმინა. არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ხეობაში ორივე ჰესი აშენდა.   

“ჩვენ ვართ იმ ბუნებასთან შეზრდილი და ვიცით ხუთი თითივით იქაურობა. მე რა უნდა მასწავლოს მიქაუტაძემ, რომელია შლადი ქანი და რომელი ღვარცოფული მდინარე სვანეთში, ჩემი სახლის მეორე მხარეს?! მე და ჩემნაირებს უფრო შეგვიძლია ამის ახსნა და უნდა მოუსმინონ ხალხს,” – გვიყვება საღლიანი. 

როგორც ჩანს, ხალხი მართალი იყო. 2019 წელს მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და მესტიაჭალაჰესი 1 დატბორა. ის დღემდე არ ფუნქციონირებს. 

ყველა ამ ჰესის შემთხვევაში ხალხს სარგებელს კი ჰპირდებოდნენ მთავრობის წევრები, მაგრამ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროექტების სარგებლიანობის ანალიზი სათანადოდ არ აქვს შესრულებული.  

გაუანალიზებელი ფისკალური რისკები

ნამახვანის შემთხვევაში, არც ფისკალური პასუხისმგებლობა იყო ნათლად განსაზღვრული. აშკარა არ იყო ფინანსური სარგებელი, რომელიც ჰესს უნდა მოეტანა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეს ჩვენს მიერ გასაჯაროებულმა კონტრაქტმაც დაადასტურა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტები მის ანალიზში წერდნენ, რომ ხელშეკრულების პირობები მაქსიმალურად იყო მორგებული კომპანიის ინტერესებს და ნაკლებად იყო გათვლილი, როგორ დაზიანდებოდა ამით სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგალითად, ჰესის ოპერატორ კომპანიას შეეძლო 15 წლის შემდეგ წარმოებული ელ.ენერგია სხვა ქვეყნისთვის მიეყიდა და არა ჩვენთვის. თანაც, ექსპორტზე გატანა შეეძლო ნებისმიერ დროს, მათ შორის მოხმარების პიკური პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი).

“ნამახვანჰესის” შესახებ მთავრობისთვის ფისკალური რისკების შესახებ დასკვნა რომ არ მოუმზადებიათ, ამას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც გვიდასტურებს. თუმცა, მან ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. მისი თქმით, პროცედურულად, ასე ხდება –  ეკონომიკის სამინისტრო პროექტის მშენებლობის ეტაპზე გადასვლამდე მოკრებს დასკვნებს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროდან და წარუდგენს მთავრობას. “ნამახვანჰესის” პროექტზე კი მთავრობისთვის გაგზავნილ დასკვნების პაკეტში ფინანსთა სამინისტროს დასკვნა არ იყო ატვირთული, რადგან ის ფიზიკურად არ არსებობდა. 

“წერილი შემოსული იყო ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ჩვენ დასკვნა არ გაგვიცია. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ამ პროექტიდან მოდის ფისკალური რისკი და ეს ლარებში თუ დოლარებში გამოქვეყნებული უდევს საიტზე. თუმცა, მეორე მხრივ, კანონი რომ ამბობს, რომ ppp პროექტის ყველა ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს დასკვნას უნდა მოიცავდეს ნებისმიერი პროექტიო, აი, ეს დასკვნა, წერილობითი სახით, კანცელარიის ნომერი მინიჭებული და ასე შემდეგ, ეს არ არსებობს,”- გვითხრეს ფინანსთა სამინისტროში.

ფისკალური პასუხისმგებლობა გულისხობს, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების რისკი მაქსიმალურად უნდა აიცილოს მსხვილი ეკონომიკური პროექტების დაგეგმვისა და შესრულებისას. 

მთავრობას გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროც უნდა ეხმარებოდეს. მან უნდა შეაფასოს კონკრეტული პროექტის დოკუმენტაცია და ხელშეკრულების პირობები, გააანალიზოს ფისკალური რისკები, ანუ ხომ არ არის საფრთხე, რომ ბიუჯეტი მიიღებს დაგეგმილზე ნაკლებ შემოსავალს და გაიღებს დაგეგმილზე მეტ ხარჯს.  ამის მიხედვით ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოამზადოს რეკომენდაცია მთავრობისთვის. მთავრობა სხვა უწყებების დასკვნასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ანალიზსაც უნდა ითვალისწინდებდეს და ისე იღებდეს საბოლოო გადაწყვეტილებას, აუნთოს თუ არა “მწვანე შუქი”, მაგალითად, დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. 

რას გაითვალისწინებდნენ, როცა ფინანსთა სამინისტროს ამგვარი დასკვნა ნამახვანის პროექტზე არ მოუმზადებია? 

მთავრობას არ გაუთვალისწინებია არც იუსტიციის სამინისტროს შეფასება და შენიშვნები, რომელიც მათ ნამახვანის ხელშეკრულებაზე ჰქონდათ. 

მაგალითად, იუსტიციის სამინისტრომ დაიწუნა ხელშეკრულების ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც,  ფორს-მაჟორის შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია ინვესტორს ზიანი აუნაზღაუროს. თანაც მაშინ, როცა მხარეებს ფორს-მაჟორული გარემოებების კონტროლი არ შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტრო ამბობდა იმასაც, რომ გადასახედი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რადგან არსებობდა რისკი, რომ სახელმწიფოს მძიმე ფინანსური ვალდებულებები დააწვებოდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა. თუ “ენკა” საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯარიმის სახით, მილიონობით ლარის გადახდა მოგვიწიოს.

სამინისტროს დასკვნა 2021 წლის მაისში “მთის ამბებმა” გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ მათ ხელშეკრულების შესახებ 22 შენიშვნა ჰქონდათ, თუმცა ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ინვესტორთან ხელშეკრულება ისე გააფორმა, რომ შენიშვნების უმეტესობა არ გაუთვალისწინებია

“იუსტიციის სამინისტროს დასკვნა აფასებს ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებს, ამ ხელშეკრულებას რა შეიძლება მოყვეს, შეიძლება დააკორექტიროს ან მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს. ფინანსთა სამინისტროც არ ამბობს კი-ს ან არა-ს, თავის პერპექტივას ამატებს. ფინანსთა ნაწილი შევაფასეთ, ვფიქრობთ მინიმალური რისკებია, ან დიდი რისკებია, ან შემცირებადია ამ გზით… მერე მიდის მთლიანად  პროექტი მთავრობასთან განხილვაზე და მთავრობა ამას ითვალისწინებს, როცა მოიწონებს ან არ მოიწონებს მას,” – გვიხსნის გიორგი ცინცაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მწვანე პოლიტიკის მკვლევარი. 

სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე მთავრობამ პროექტი შეიძლება არ ჩააგდოს, მაგრამ ხელშეკრულების პირობები შეცვალოს. ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს არავის რჩევა-დარიგება და მოწოდება გაუზიარებია. 

მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ინვესტორს გზა გაუხსნა არბიტრაჟისკენ. “ენკასა” და მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებილია მისი გაუქმების პირობებიც. ინვესტორმა კონტრაქტი ისეთ ფაზაში გაწყვიტა, რომ აქვს უფლება, მთავრობას მოსთხოვოს გადაცემადი აქტივის შეძენა. გადაცემადი აქტივი არის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიწა, გზები, ლიცენზიები და ნებართვები. მთავრობამ “ენკას” პროექტის განსახორციელებლად საკუთრებაში გადასცა 325 ჰა ფართობის 121 მიწის ნაკვეთი. მათ შორის 296 ჰა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაა. “ენკამ” ამ მიწაში სიმბოლური ფასი, 121 ლარი გადაიხადა. ახლა კი თუ მოინდომებს, შეუძლია სახელმწიფოს მასში საბაზრო ფასის გადახდა მოსთხოვოს.

რაც შეეხება დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელშეკრულების მიხედვით, თუ მხარეები დავას ვერ გადაწყვეტენ მშვიდობიანი მორიგების გზით, საბოლოოდ, არბიტრაჟს უნდა მიმართონ.

კონტრაქტში წერია, რომ კონფიდენციალური იქნება არბიტრაჟთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის მისი არსებობაც. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, არბიტრაჟი ისე გაიმართოს, ვერც კი გავიგოთ. 

ვცადეთ დაკავშირება კომპანია “ენკას” წარმომადგენელთან, რომ გაგვეგო, რას აპირებენ ახლა, კონტრაქტის ოფიციალურად გაწყვეტიდან ოთხი თვის შემდეგ, მაგალითად, აპირებენ თუ არა მიმართონ არბიტრაჟს. მათ არც facebook-ის გვერდზე გვიპასუხეს და არც მეილზე გაგზავნილ კითხვებზე მოგვწერეს. მათი ყოფილი დირექტორი, მერაბ ლომინაძე კი გვეუბნება, რომ ის კომპანიისთვის აღარ მუშაობს და ვერც ჩვენს კითხვებს უპასუხებს. 

“აი, ფაქტი” დაინტერესდა აგებენ თუ არა პასუხს ენერგოპროექტების ჩავარდნაზე კონკრეტული საჯარო მოხელეები. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა ეკონომიკის სამინისტროსთვის უცნობია.

2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგიტიკის მიმართულებას კურირებდა დავით თვალაბეიშვილი. სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყო “ნამახვანჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები. ის პოსტზე იყო მაშინაც, როცა მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს მართავდა. საბოლოოდ, ჰესის პროექტი ჩავარდა, ინვესტორმა კომპანიამ ხელშეკრულება გაწყვიტა და სახელმწიფო ფინანსური რისკების წინაშე აღმოჩნდა. 

სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი კი ამ ყველაფრის ფონზე, ახალ საპასუხისმგებლო პოსტს იკავებს. 2021 წლის ბოლოს ის ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. “აი, ფაქტმა” სცადა დავით თვალაბეიშვილთან გასაუბრება, რომ გვეკითხა, გრძნობს თუ არა პირად პასუხისმგებლობას “ნამახვანჰესის” პროექტის ჩავარდნის გამო. მან ესკო-ს პრესსამსახურის საშუალებით შემოგვითვალა, ახლა ამ კითხვების ადრესატი მე კი არა, ეკონომიკის სამინისტროაო. დავით თვალაბეიშვილს პირად ელ.ფოსტაზეც მივწერეთ, მაგრამ უპასუხოდ დაგვტოვა. 

რასაკვირველია, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსაც დავუკავშირდით კითხვებით. როგორც ამ მთავრობის წესია, მათ პასუხების გაცემით თავი არ შეუწუხებიათ. 

Danida UK rgb
GEO Electornic use

სტატია მომზადებულია ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
NCDC-ის პრივილეგირებულთა ალიანსი ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს
NCDC

NCDC-ის პრივილეგირებულთა ალიანსი ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს

ავტორები: ია ასათიანი და ნონა ქვლივიძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share