fbpx
enka

რა ვიცით „ენკას“ შესახებ?

„ენკა“ არის თურქული წარმომავლობის კომპანია, რომელიც უმსხვილესი ინვესტორია რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია შარიქ ტარამ 1957 წელს დააარსა. რუსეთში საქმიანობა კი 1980-ანი წლებიდან დაიწყეს. მაშინ შარიქ ტარამ რუსეთში გავლენიან ხალხთან დაიწყო კავშირების დამყარება. მისი ერთ-ერთი პარტნიორი გრუ-ს ოფიცერი, ალექსანდრ ხომენკოც იყო. გრუ-ს ფუნქცია უცხოეთში ღია და საიდუმლო მასალების მოპოვებაა.  

90-იანი წლების დასაწყისში „ენკამ,“ მოსკოვის მერიასთან თანამშრომლობით, რუსეთში დააარსა კომპანია „მოსენკა.“ მიზანი მოსკოვში საოფისე და საცხოვრებელი კორპუსების განვითარება და მართვა იყო.

ხომენკო სწორედ „მოსენკას“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2007 წელს ფორბსში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ხომენკო ამბობს, რომ რუსეთის მიმართ ღიად გამოხატული სიყვარული დაეხმარა თურქს რუსეთში შეღწევასა და დახმარების მოპოვებაში.

რუსეთის სიყვარული „ენკას“ მატერიალურადაც დაუფასდა და მორალურადაც. ჯერ მატერიალური ნაწილი განვიხილოთ.

ბოლო 22 წლის განმავლობაში „ენკამ“ რუსეთში 113 პროექტი დაასრულა. საკონტრაქტო სამუშაოების საერთო ღირებულება 6.5 მილიარდი დოლარია. 1998 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ვოლსთრით ჟურნალი“ წერდა, რომ “ენკას” რუსული ქონება 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა.

რუსეთში “ენკამ” შემდეგი პროექტები შეასრულა:

  • “დომოდედოვოს” და “შერემეტოვოს” აეროპორტების ტერმინალების მშენებლობა;
  • სამედიცინო, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების მშენებლობა;
  • საოფისე და ადმინისტრაციული ტიპის შენობების მშენებლობა;
  • დუმის და მთავრობის სახლების რეკონსტრუქცია;
  • სამხედრო სახლების მშენებლობა;
  • ცემენტის ქარხნების, გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

“ენკას” პროექტები, განსაკუთრებით  სავაჭრო ცენტრები და საოფისე ტიპის შენობები, რუსეთში გამართულ კონკურსებში იმარჯვებენ.

2020 წელს ჟურნალ „ფორბსის“ რუსულმა გამოცემამ, ტრადიციულად, “რუსეთის უძრავი ქონების მეფეების” კვლევის 2019 წლის შედეგები გამოაცხადა. თურქული კომპანია “ენკა” მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. მანამდე კი, იგივე გამოცემის კვლევის ფარგლებში, „ენკა“ 2017 წელს მეხუთე ადგილზე იყო. 

„ენკას“ პრეზიდენტს, შარიქ ტარას რუსეთის მიმართ გამოხატული სიყვარული პირადადაც დაუფასდა. რუსეთის პრეზიდენტმა მეგობრობის ორდენი მას 2010 წელს გადასცა.

შარიქ ტარა 2018 წელს გარდაიცვალა. კომპანიას სათავეში მისი ვაჟი, მეჰმედ სინან ტარა ჩაუდგა.

ამჟამად “ენკას” 17 მიმდინარე პროექტი აქვს, აქედან ყველაზე მეტი რუსეთსა და ერაყში. რუსეთში აშენებს სამედიცინო ცენტრს, ბიზნესცენტრსა და ელექტროსადგურებს, ჯამში 5 პროექტს. ერაყში კონტეინერების ტერმინალს, ნავთობმოპოვებით ინფრასტრუქტურასა და ელექტროსადგურებს აშენებს, ჯამში 4 პროექტს.

ლიბიაში  “ენკას” საქმიანობა ასევე ენერგეტიკის სფეროსთანაა დაკავშირებული და იქ ორ ელექტროსადგურს აშენებს.

კოსოვოსა და სერბეთში ასრულებს თითო-თითო პროექტს, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება. ყაზახეთშიც ორი პროექტი აქვს ნავთობმოპოვების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული. ბაჰამაში პორტს აშენებს, საქართველოში კი ნამახვანჰესს.

როგორ გამოჩნდაენკასაქართველოში?

უცხოური საწარმოს ფილიალის სტატუსით „ენკა“ საქართველოში 2014 წლის 21 თებერვალს დაფუძნდა. თავდაპირველად დირექტორი იყო ჰაქან ქოზანი. კომპანიის საქმიანობა აქაც სამშენებლო სექტორს, ქარხნების მოწყობას, უძრავი ქონებით ვაჭრობას ეხებოდა. საჯარო რეესტრის თანახმად, ფილიალი დღემდე აქტიურია.

„ენკას“ ფილიალი საქართველოში სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტზე მუშაობდა. 2016 წლის ოქტომბერში მათ წალკაში ასფალტის ქარხნის მოწყობის უფლებაც მიიღეს.

2017 წლიდან კი ნამახვანჰესის პროექტზე გადაერთნენ. ეს ამბავი ნორვეგიელებთან გარიგებით დაიწყო. 

2016 წლის 1 თებერვალს ნორვეგიაში რეგისტრირებულმა Clean Energy Group-მა საქართველოში შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ დააფუძნა. კომპანიის დირექტორები ნორვეგიის მოქალაქეები, მეთიუ სტაინსვიკ ჰედლი და ბიორნ ბრანდტცაეგი იყვნენ. ეს უკანასკნელი 2008 წელს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კონსულტანტი იყო.

მას შემდეგ, რაც Clean Energy Group-მა მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, ბრანდტცაეგმა სამინისტროს კონსულტანტის პოზიცია დატოვა და სამუშაოდ ინვესტორ კომპანიაში გადავიდა. 2011 წელს, ის “აჭარისწყალ ჯორჯიას” დირექტორი, ხოლო 2014 წელს ნორვეგიული Clean Energy Group-ის თანამფლობელი გახდა.

2008 წელს, ბრანდტცაეგის ენერგეტიკის სამინისტროში კონსულტანტობის პერიოდში, ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008.” პროგრამას თავისი კონცეფცია და ენერგეტიკული პროექტების მუდმივად ცვალებადი სია ახლდა.

“აჭარისწყლის” ჰესის სამი პროექტი, “აჭარიწყალი 1“, „აჭარიწყალი 2“ და „აჭარიწყალი 3“ ამ  სიაში პირველად 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით შევიდა. 

Clean Energy Invest ამ ბრძანების გამოსვლამდე ორი დღით ადრე დაარსდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. „აი, ფაქტი“ ამ ამბავზე 2016 და 2017 წლებშიც წერდა.

ჩვენთვის უცნობია, როგორ დაუკავშირდა ნორვეგიულ კომპანიას თურქული „ენკა“. თუმცა, ჩვენი საჯარო რეესტრის თანახმად, მათი პირველი კავშირი ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი წლით ადრე შედგა. თურქეთში რეგისტრირებულმა “ენკამ” შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ 50 პროცენტი იყიდა, 2017 წლის 4 ივლისს. გარიგების ფასი, კომპანიების შეთანხმების შესაბამისად, კონფიდენციალურია.

2019 წლის 25 აპრილს „ენკასთვის“ მნიშვნელოვანი დღე იყო ორი მიზეზის გამო: 1. სახელმწიფოსა და „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ შორის ნამახვანჰესის ხელშეკრულება გაფორმდა; 2. „ენკამ“ დამატებით კომპანიის 40 პროცენტი შეიძინა. ამჯერადაც ფასი კონფიდენციალურად დატოვეს. ასე გახდა 2019 წლის აპრილში „ენკა“ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ 90 პროცენტის მფლობელი.

სამ კვირაში კომპანიას სახელი შეუცვალეს და შპს „ენკა რინიუებლზი“ უწოდეს. კომპანიის დირექტორები არიან თურქეთის სამი მოქალაქე და ნორვეგიელი ბიორნ ბრანდტცაეგი, რომელსაც, როგორც ჩანს, პროექტის შექმნა-დამტკიცებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

სტატია მომზადდა საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამასთან (GIIP) თანამშრომლობით. GIIP ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და მას ახორციელებს Zinc Network და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვასაძის იმპერია ცოლის სახელზე
vasadzw

ვასაძის იმპერია ცოლის სახელზე

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share