საქართველოს ორი წელია ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აქვს. ქართველი მწარმოებლები ჩინეთში საბაჟო გადასახადებს არ იხდიან და ასეთივე შეღავათიან პირობებში არიან ჩინელებიც, პროდუქციის საქართველოში შემოტანისას.
შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის, 2017 წლის 13 მაისს დაიდო. როგორც ხელშეკრულების ტექსტში ვკითხულობთ, დოკუმენტს ორმხრივი სავაჭრო სარგებელი უნდა ჰქონოდა. ჩინეთის 1.4 მილიარდიან ბაზარზე გადასახადებისგან გათავისუფლებას, თითქოს, ქართული ბიზნესი უნდა წაეხალისებინა და გასაყიდად მეტი ადგილობრივი პროდუქტი გასულიყო, მაგრამ საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელი არამდგრადია.
ბოლო 3 წელია, ჩინეთი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშიც ვერ ხვდება. ყველაზე მეტი ქართული ნაწარმი მაინც დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში გაგვაქვს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩინეთში გასაყიდად ახალი სახის პროდუქტი არ გაგვიტანია.
ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას რომ მცირე მეწარმეები წაეხალისებინა, ახალი ბიზნესკომპანიები გაჩენილიყო და ექსპორტზე მეტი ქართული ნაწარმი გაგვეტანა, ხელშეკრულების რეალურ სარგებელზე ვისაუბრებდით, მაგრამ ასე არ მოხდა.
ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ქართული საწარმოების პროდუქტიულობის და ხარისხის დაბალი დონეა, რის გამოც, ერთი შეხედვით სასარგებლო ხელშეკრულებებით ვერ ვსარგებლობთ. გამოდის, რომ საერთაშორისო ბაზრების კარი ღიაა, მაგრამ არ ვიცით, ამ კარამდე რა და როგორ მივიტანოთ.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩინეთში ქართული პროდუქტის უმსხვილესი ექსპორტიორი, სულ 82 კომპანიაა. აქედან მხოლოდ 14 გავიდა ჩინურ ბაზარზე სავაჭრო ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამ ახალბედა კომპანიების დიდი ნაწილი მსხვილი ბიზნესებია. მათი მფლობელები და დირექტორები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან მათთვის ფულის შემწირველები არიან.
2017-2018 წლებში ჩინურ ბაზარზე ვაჭრობა სამმა კომპანიამ დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი “ნატექსი,” იგივე nutsge, თხილის გადამამუშავებელი და მწარმოებელი კომპანიაა, რომლის წილებიც 2019 წლის აგვისტოში gazelle finance-ის ფონდმა შეისყიდა. gazelle finance-ი საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური პარტნიორია. საპარტნიორო ფონდის აქტივებს კი სახელმწიფო კომპანიები ქმნიან, მაგალითად, სს თელასი, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემდეგ, პროდუქციის ჩინეთში გატანა დაიწყო “ქართული ვაზისა და ღვინის კომპანიამაც,” რომელსაც ცნობილი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის შვილები მართავენ. ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე 11 კომპანია გავიდა, მათგან ერთი ჩინური, ერთი თურქული და 9 ქართული ბიზნესია. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი კომპანია სამეგრელო – ზემო სვანეთის რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას ეკუთვნის. ამ პოსტზე ის მამუკა ბახტაძემ წარადგინა. მოწერელიას კომპანია, შპს “ქაპ ჯორჯია” 2010 წელსაა რეგისტრირებული. მას ჩინეთში თხილი გააქვს.
ჩინურ ბაზარზე ვაჭრობს შპს “კონჭო და კომპანიაც,” რომელსაც სს “ქინძმარაული” ფლობს. “ქინძმარაულს” 2017 წლის სექტემბერში “ქართული ოცნებისთვის” 15 ათასი ლარი აქვს შეწირული.
კიდევ ერთი ექსპორტიორი კომპანიაა შპს “გოლდ დაფნა,” რომელსაც ჩინეთში დაფნა გააქვს. მისი მფლობელის, იბრაჰიმ ოზჯანის ბიზნესპარტნიორმა, 2016 წლის ოქტომბერში “ქართულ ოცნებას” 15,000 ლარი შეწირა.
ადრე ჩინეთში ექსპორტი რთული იყო და გზები მხოლოდ ხელშეკრულების დადებით გამარტივდაო, ვერ ვიტყვით. შპს “აგროლენდს” ჩინეთში დიდი რაოდენობით დაფნა 2019 წლიდან გააქვს, თუმცა ამ ბაზარზე ადრეც ვაჭრობდა. კომპანიის დირექტორი, გიორგი ნადარაია ამბობს, რომ დაფნა ჩინეთში ვიეტნამის გავლით შეჰქონდათ, პოტენციურ მყიდველებს კი ინტერნეტმარკეტ b2b-ის საშუალებით პოულობდნენ.
ჩინეთში ვაჭრობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს შატო “შუხმანს”. კომპანიის დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ 2017 წლის შემდეგ ჩინეთში გაყიდვები 50 პროცენტით გაეზარდათ. თუმცა, არ შეცვლილა ექსპორტზე გასვლის გზები. პოტენციური მყიდველების მოსაძიებლად ისევ ძვირადღირებულ გამოფენებს უნდა დაესწრონ. ამაში “შუხმან ვაინს ჯორჯიას” სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ეხმარება.
ჩინეთის რამდენიმე გამოფენაზე კომპანია “გეფერინიც” იყო, თუმცა უშედეგოდ. კომპანია ტყავის ჩანთებს აწარმოებს. მისი დირექტორი ფიქრობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ, ასეთ გამოფენებზე წარმატების შესაძლებლობა გაეზარდათ. ჩინელები ქართული პროდუქციის შეძენისას იმპორტის გადასახადს არ იხდიან, ამიტომ მათთვის ჩვენი ბაზარი უფრო მიმზიდველი გახდა.
“წარმოიდგინეთ, რომ შემოგქონდეთ 100 ათასის პროდუქცია და 30 ათასს არ იხდიდეთ. გიმარტივებს იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, მეტი შანსი გაქვს,” – ამბობს ილია გეფერიძე.
კომპანია გამოფენაზე ბოლოს 2018 წლის ნოემბერში იყო, ხარჯების 80 პროცენტი აქაც სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” დაფარა. თუმცა, “გეფერინს” ჩინეთში ექსპორტი ჯერ არ დაუწყია.
2017 წლის შემდეგ ექსპორტი სტაბილურად არ გაზრდილა და არც ახალი პროდუქტი გაგვიტანია გასაყიდად. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობით ქართულმა ეკონომიკამ ჯერ დიდად ვერ იხეირა. მოგებული ისევ ისინი დარჩნენ, ვისაც ჩინეთთან ვაჭრობის გამოცდილება ხელშეკრულებამდეც ჰქონდათ.