მასალის ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.
2019 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალურმა ქსელმა (GIJN) პირველად გამოაქვეყნა მსოფლიოს მასშტაბით თვითმფრინავებზე დაკვირვებისა და ფრენების თვალთვალის სახელმძღვანელო. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ რუსი ოლიგარქებისა და მათი აქტივების დიდი მიგრაცია გამოიწვია; ამას დაერთო ილონ მასკის მცდელობა, დაებლოკა Twitter-ის ბოტები, რომლებიც თვითმფრინავის გადაადგილებას რეალურ დროში აკვირდებოდნენ. ამრიგად, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, განვაახლეთ რეპორტიორის სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოს განახლებაში შეტანილი წვლილისთვის GIJN მადლობას უხდის დამოუკიდებელ ჟურნალისტს, Dictator Alert-ის დირექტორს, ემანუელ ფროიდენტალს.
მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.
თვითმფრინავების თვალთვალი შეუფასებელი საგამოძიებო ინსტრუმენტია.
გამომძიებელ ჟურნალისტებს არაერთხელ გამოუყენებიათ თვითმფრინავებთან დაკავშირებული მონაცემები კორუფციის მხილების, ომის გაშუქების, სამთავრობო მოხელეების გადაადგილებაზე დაკვირვებისა თუ ატმოსფეროში ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების დონის შესწავლის პროცესში.
ყველა საჰაერო ხომალდს აქვს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მის მიერ შესრულებულ ფრენებზე დაკვირვება და მესაკუთრეების იდენტიფიცირება. ყოველ შემთხვევაში, ხანდახან მაინც.
რეისის შესახებ ინფორმაციას გასცემს სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აგროვებს და ასაჯაროებს რეისებთან დაკავშირებულ უამრავ მონაცემს, რაც შესაძლებელს ხდის კონკრეტული თვითმფრინავების თვალთვალს, ცალკეულ, სპეციფიკურ ადგილებზე დაკვირვებას, სქემების (მოდელების) გამოვლენას და ა. შ.
თვითმფრინავების თვალთვალის ხიბლმა ბევრი მოყვარული დააინტერესა… ენთუზიასტები, რომლებიც რეპორტიორებისთვის ინფორმაციის შესაძლო წყაროა.
ფრენებზე დაკვირვება შესაძლებელია ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემების საშუალებით, რომლებიც თვითმფრინავების გადაადგილებას აღრიცხავს. ერთ-ერთი ძირითადი ტექნოლოგიაა ADS-B _ ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება-მაუწყებლობის სისტემა. ADS-B-ის სიგნალები საჯაროა და ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია მასზე დაკვირვება ADS-B-ის თვალთვალის იაფიანი სადგურების გამოყენებით ($10-$200).
არაერთ ვებგვერდზე თავსდება სხვადასხვა რეისის მარშრუტი, რაც აადვილებს სამოყვარულო (ბაზისურ) თვალთვალს, თუმცა, სქემების გამოვლენისა და სიახლეების შესახებ შეტყობინებების („alerts”) ფორმირებისთვის აუცილებელი უფრო კომპლექსური ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა ნედლი მონაცემების კომპიუტერული ანალიზი.
თვითმფრინავების თვალთვალს, როგორც წესი, რამდენიმე დაბრკოლება ართულებს. შეიძლება, პილოტმა გამორთოს თვალთვალის სიგნალი (“tracking signal”). სხვადასხვა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზოგჯერ თვითმფრინავს არ მოეთხოვება კოორდინატების გამჟღავნება გარკვეულ ტერიტორიაზე ფრენისას. სამხედრო თვითმფრინავების თვალთვალი განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება (თუმცა, შეუძლებელი არ არის). შეერთებული შტატების რეგულაციები უშვებს კერძო თვითმფრინავით ანონიმურ გადაადგილებას. ასევე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ADS-B-ის დაფარვა შეზღუდულია მიმღები სადგურების სიმცირის გამო.
თვითმფრინავების თვალთვალის ხიბლმა ბევრი მოყვარული (რომლებსაც თვითმფრინავის მოთვალთვალეებს („planespotter”) ან ავიაციის გიკებს ვუწოდებთ) დააინტერესა. ისინი რეპორტიორებისთვის ინფორმაციის პოტენციურ წყაროს წარმოადგენს.ზოგიერთი მოთვალთვალე აეროპორტების სიახლოვეს ბანაკდება, რათა უცნაურ თვითმფრინავებს ფოტოები და ვიდეოები გადაუღოს. არსებობს საიტი სახელწოდებით Airport Spotting (აეროპორტების თვალთვალი), რომელიც მკითხველს აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტში დაკვირვებისთვის ხელსაყრელი წერტილების შესახებ.
ზოგი მოთვალთვალე კომპიუტერულ მეთოდებს მიმართავს. პოპულარულია ცნობილი ადამიანების, დიდი კომპანიების აღმასრულებლებისა და პოლიტიკური ფიგურების გადაადგილებაზე დაკვირვება. ზოგიერთი მოთვალთვალე დეტალურად იკვლევს საომარ ზონებში განხორციელებულ რეისებს.
იხილეთ ასევე 👇
ერთ-ერთი ასეთი მოთვალთვალე პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა მისმა საქმიანობამ წყობიდან გამოიყვანა მილიარდელი ილონ მასკი.
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მეორეკურსელმა სტუდენტმა, ჯეკ სუინიმ, შექმნა Twitter-ის ბოტი, რომელიც ასაჯაროებდა ილონ მასკის მთავარი თვითმფრინავის (N628TS) ადგილსამყოფელს. როგორც კი მასკი Twitter-ის ახალი მფლობელი გახდა, ლამის მაშინვე დახურა სუინის და, ასევე, მისი ინფორმატორი მოთვალთვალეებისა და კომპანიის სიახლეების სვეტი.
სუინიმ Subreddit-ის ანგარიშზე (r/ElonJetTracker) გადაინაცვლა, შემდეგ კი ხელახლა, ახალი სახელით (@elonjetnextday) დაბრუნდა Twitter-ზე. ამჟამად მის „ფიდზე“ 24-საათიანი დაყოვნების შეზღუდვა მოქმედებს Twitter-ის ახალი წესის შესაბამისად, რომელიც კრძალავს ადგილმდებარეობის გასაჯაროებას რეალურ დროში.
თებერვლის დასაწყისში Twitter-მა კიდევ ერთი შეზღუდვა დააწესა, როცა გამოაცხადა, რომ აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის (API) გამოყენება ფასიანი ხდება. რამდენადაც ბევრი მოთვალთვალისთვის ინფორმაციის განთავსება თავშესაქცევი და არაკომერციული საქმიანობაა, Twitter-ის განცხადების შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ახლად დაწესებული ხარჯები შეასუსტებდა მათ საქმიანობას.
ფოტო: Pixabay
ფრენის შესახებ ინფორმაციის პირველადი წყაროები
ფრენის შესახებ უახლესი ცნობები (რეალური დროის მონაცემები) საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და, მეტწილად, უფასოა.
თვითმფრინავების თვალთვალის საიტები ფუნქციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გამოწერა, როგორც წესი, საჭიროა რეისების ისტორიის სანახავად. თუმცა, ბაზისურ ინფორმაციასა და უფრო მნიშვნელოვან კომპონენტებზე წვდომის გადასახადი, ჩვეულებრივ, საკმაოდ დაბალია (5-10 აშშ დოლარი თვეში).
ეს ვებგვერდები მასიურად დამოკიდებულები არიან ენთუზიასტებზე, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ ანტენები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვინც საკუთარი ანტენების საშუალებით ვებგვერდს ინფორმაციით „კვებავს“, უსასყიდლოდ სარგებლობს მომსახურების ყველაზე ძვირიანი პაკეტებით.
თვალთვალის ზოგიერთი საიტი გამომძიებელი ჟურნალისტებისადმი კეთილგანწყობილია და უფასო ინსტრუქციებს სთავაზობს. თხოვნით არაფერი შავდება. ასევე, შეიძლება გამოგადგეთ ზოგიერთი საიტის მიერ შემუშავებული სასაუბრო პანელი („chatboard”) და სასწავლო ბლოგები.
ქვემოთ ჩამოთვლილია თვითმფრინავების თვალთვალის რამდენიმე მთავარი საიტი:
ADS-B Exchange – აქ განთავსებულია ინფორმაცია ბევრად მეტი რეისის შესახებ, ვიდრე თვითმფრინავების თვალთვალის ნებისმიერ სხვა საიტზე და, ზოგადად, უპირატესობასაც ანიჭებენ, რადგან არ ფილტრავს იმ ამერიკული თვითმფრინავების მონაცემებს, რომლებიც ითხოვენ ანონიმურობას აშშ-ის რეგულაციების შესაბამისად (ამის თაობაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.) ყველა თვითმფრინავის რეისების ისტორია უფასოდ იძებნება.
გახსენით თვალთვალის რუკა, შემდეგ, აირჩიეთ ან მოძებნეთ ნებისმიერი თვითმფრინავი. მარცხენა პანელზე, მოძებნეთ „history”. ნედლი მონაცემების მოთხოვნა, როგორც წესი, ფასიანია. აქ შეგიძლიათ იხილოთ რუკის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები. 2023 წლის იანვარში, ADS-B Exchange შეისყიდა JetNet-მა, რამაც ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა JetNet-მა საქმიანობის გაგრძელების პირობა დადო.
ქვემოთჩამოთვლილი სამი ვებსაიტი მიესალმება ჟურნალისტებთან თანამშრომლობას.
Icarus Flights – რეისების თვალთვალის ეს ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია არაკომერციული ორგანიზაციის, თავდაცვის გაძლიერებული კვლევების ცენტრის (C4ADS)-ის მიერ, იყენებს ADS-B Exchange-ის მონაცემებს და, ასევე, ურთავს სპეციალურ ფუნქციებს, რომლებიც მოიცავს კონკრეტული ტერიტორიების მონიტორინგს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქცირებული თვითმფრინავის საჰაერო აქტივობაზე დაკვირვებას, თვითმფრინავის მფლობელთან დაკავშირებული მონაცემების მოძიებას და სხვ.
Icarus Flights საჯაროდ ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი მომსახურებით დაინტერესებული გამომძიებლები C4ADS უნდა დაუკავშირდნენ უფასო მომსახურებაზე წვდომისთვის.
The OpenSky Network წარმოადგენს არაკომერციულ ასოციაციას, რომელიც განთავსებულია შვეიცარიაში. ასოციაცია აცხადებს, რომ საჰაერო მიმოსვლის მეთვალყურეობის უდიდეს და უნიკალურ მონაცემთა ბაზას ფლობს, რადგან, როგორც ერთმა მოხალისემ აღნიშნა GIJN-თან საუბარში, “ვინახავთ თვითმფრინავიდან მიღებულ თითოეულ გზავნილს.
“ თვითმფრინავების მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს თვითმფრინავების კუდებზე დატანილი ნომრების საძიებელს, აჩვენებს თვითმფრინავის სარეგისტრაციო მონაცემებს, ფრენის ბოლოდროინდელ ისტორიას და ფრენის სტატუსს [არის თუ არა თვითმფრინავი ჰაერში იმ კონკრეტულ მომენტში]. Explorer-ის ფუნქციაში იძებნება ჰაერში მყოფი თვითმფრინავები.
ასევე, ხელმისაწვდომია თვალთვალის ქვეშ მყოფი თითოეული თვითმფრინავის გადაადგილების 30-დღიანი ისტორია და ყველა განგაშის სიგნალის ჩამონათვალი.
OpenSky განკუთვნილია აკადემიური საზოგადოებისა და კვლევის განმახორციელებელი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ასოციაცია დაეხმარა ჟურნალისტებს, რომლებმაც მკაფიოდ ფორმულირებული თხოვნით მიმართეს;
მედიასთანაც ითანამშრომლა ვიზუალიზაციისა „და სხვა ასპექტებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ასოციაციის ცნობადობის გაზრდას”.
მას შემდეგ, რაც JetNet-მა შეისყიდა ADS-B Exchange, აღმოცენდა ორი ახალი საიტი, რომელთაგან ორივეს ბევრად ნაკლები წყარო (ე. წ. „feeder”) და, შესაბამისად, ვიწრო დაფარვა აქვს. მინიმუმ, ასე იყო 2023 წლის თებერვლის დასაწყისში. კომპანია პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს შემდეგი საიტების გაუფილტრავ მონაცემებს:
Theairtraffic.com – ჯეკ სუინისა და „Ground Control Discord-ის სერვერის წევრების“ მიერ დაარსებული საიტი, რომელიც პირობას დებს, რომ „ყოველთვის ღია და გაუფილტრავი იქნება.“
Adsb.fi – რეისების თვალთვალის საიტი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 500 აქტიური წყარო („feeder”) ჰყავს და პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს ღია და გაუფილტრავ წვდომას გლობალური საავიაციო მიმოსვლის მონაცემებზე.
თვალთვალის სხვა წყაროები
არსებობს თვალთვალის რამდენიმე მომსახურება, რომლებიც მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს რეალურ დროში დაკვირვების რუკებს, თვითმფრინავის ბოლოდროინდელ მარშრუტებს და ა. შ.
თუმცა რეისების თვალთვალის ეს მომსახურებები ითვალისწინებენ მფლობელის მოთხოვნას თვითმფრინავის მონაცემების საიტიდან აღებასთან დაკავშირებით. ამისდამიუხედავად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (მაგ., აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებში) დაფარვის უკეთესი მასშტაბი აქვთ, ვიდრე ADS-B Exchange-ს .
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ფასიანი ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს შეტყობინებებს თვითმფრინავის აფრენის დროების შესახებ, ასევე, ფრენის ისტორიას და სხვა მონაცემებს.
მეთვალყურეობის სხვა სერვისები მოიცავს შემდეგს: Airfleets, AVDelphi, Flight Stats, Flight Board, FlightView, Freedar, Plane Mapper, Planeplotter, და https://skyscanworld.com.
ასევე, არსებობს სხვა საიტები, რომლებიც ემსახურება კომერციულ ავიამგზავრებს.
ამასთან, გვაქვს რამდენიმე სასარგებლო სპეციალიზებული საიტი, მათ შორის:
- Dictator Alert – პროექტი, რომელიც თვალს ადევნებს ავტორიტარული რეჟიმების კუთვნილი თვითმფრინავების გადაადგილებას მთელს მსოფლიოში და ფლობს Twitter-ის რამდენიმე ბოტს, რომლებიც იტყობინებიან, როდის ჯდება ეს თვითმფრინავები პარიზში, ლონდონში, ჟენევასა თუ ბაზელ-მულჰაუს-ფრაიბურგის ევროაეროპორტში.
- Bellingcat – ღია მონაცემთა ბაზა, რომელიც გამოიყენება „ქვეყნის აეროპორტებიდან და აეროპორტებისკენ განხორციელებულ მნიშვნელოვან ფრენებზე“ დასაკვირვებლად.
- Advisory Circular Bots იტყობინება იმ თვითმფრინავების თაობაზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის, ლოს-ანჯელესის, ბალტიმორის, პორტლენდის, მინეაპოლისისა თუ ლონდონის თავზე დაფრინავს.
სოციალური მედია, ასევე, გადავსებულია თვითმფრინავების მოთვალთვალეებით, რომლებიც საკუთარ მიგნებებს ასაჯაროებენ. იხილეთ Twitter-ის ჰეშთეგები: #aviation, #avgeek, #planespotting, #flight, და #MilAvGeek. Tweeter-ზე უამრავი აქტიური დამკვირვებელია, მათ შორის Evergreen Intel @vcdgf555, Gerjon @Gerjon, Aircraft Spots @AircraftSpots, SkyScanWorld @scan_sky, და Avi Scharf @avischarf. ასევე, იხილეთ Bellingcat Discord-ის არხი გემებისა და თვითმფრინავების შესახებ.
თვითმფრინავების თვალთვალის ძირითადი პრინციპები
თვალთვალის ვებსაიტებზე მოცემულია თვითმფრინავის საიდენტიფიკაციოდ საჭირო ინფორმაცია.
ერთ-ერთ იდენტიფიკატორს ეწოდება “ჰექადეციმალური კოდი“ (თუმცა, ხანდახან, უწოდებენ S-რეჟიმს ან იკაოს კოდს). ექვსი ან შვიდი ასოსა და ციფრისგან შემდგარი ეს ნომერი წარმოდგება იკაოს _ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ თითოეული ქვეყნის მთავრობისთვის მინიჭებული 24-ერთეულიანი მისამართიდან, რომლითაც შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელ ქვეყანაშია რეგისტრირებული თვითმფრინავი.
ჰექსადეციმალური კოდი, როგორც წესი, არ შეიცვლება, თუ თვითმფრინავი არ გაიყიდა. პრინციპში, სათვალთვალო ანტენები, ძირითადად, სწორედ ამ მონაცემს აგროვებს, რადგან ეს კოდი თვითმფრინავის უნიკალური იდენტიფიკატორია.
მეორე, ყველა თვითმფრინავს აქვს (ან უნდა ჰქონდეს) ფიზიკური აღნიშვნა, ე.წ. „კუდის ნომერი“, რომელიც განთავსებულია თვითმფრინავის ბოლო ნაწილში და თვალსაჩინოებისთვის გამოსახულია სულ მცირე 12 ინჩის სიმაღლის ასოებით.
ეს რიცხვები წარმოადგენს მოკლე ალფანუმერულ მწკრივს, რომელიც იწყება სარეგისტრაციო ქვეყნის აღმნიშვნელი ასოებით (N აღნიშნავს აშშ-ს, D _ გერმანიას და ა. შ.). „ვიკიპედიას“ აქვს თვითმფრინავების სარეგისტრაციო პრეფიქსების ჩამონათვალი. პირველ ასონიშანს მოსდევს თვითმფრინავისთვის სპეციფიკური რამდენიმე ციფრი ან ასო (სამხედრო თვითმფრინავები სხვაგვარ საიდენტიფიკაციო სისტემას იყენებენ).
ასევე, უნდა იცოდეთ მოსახმობი რადიოსიგნალები. მოსახმობი რადიოსიგნალი, მეტ-ნაკლებად, წარმოადგენს პილოტის მიერ კონკრეტული რეისისთვის შერჩეული ციფრებისა და ასოების კომბინაციას. კომერციული ფრენების შემთხვევაში, ეს იქნება რეისის ნომერი, მაგალითად, DAL307, რომელიც აღნიშნავს ჰონოლულუდან მინეაპოლისამდე Delta Airlines-ის რეის 307-ს.
ჰექსადეციმალურ კოდებსა და სარეგისტრაციო ნომრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მფლობელის შესახებ ინფორმაციის ძიებისას. საფრანგეთში კერძო თვითმფრინავის მოსახმობი რადიოსიგნალი ხშირად ემთხვევა თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერს. ზოგჯერ იცვლება მაღალი რანგის საჯარო მოხელეების მომსახურე თვითმფრინავების მოსახმობი რადიოსიგნალი, მაგალითად, CMR001 კამერუნის პრეზიდენტის, ან COTAM001 – საფრანგეთის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის.
Citation-ის თვითმფრინავი, “RA” (რუსეთში რეგისტრირებული) კუდის ნომრით MAKS 2019-ის საერთაშორისო ავიაშოუზე.
მფლობელის იდენტიფიცირების სირთულე
თვითმფრინავის მფლობელის იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუმცა, ხანდახან რთული.
ბევრი სახელმწიფო არ ასაჯაროებს შესაბამის რეესტრს. უამრავი თვითმფრინავია დარეგისტრირებული ისეთ ქვეყნებში, რომელიც ანონიმურობის გარანტიას უზრუნველყოფს, მათ შორისაა, მაგალითად, არუბა (დამატებით ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). ამასთან, არ არის აუცილებელი რეგისტრაციის ადგილი ემთხვეოდეს მფლობელის საცხოვრებელ ტერიტორიას.
მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 60 მთავრობა ასაჯაროებს საკუთრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ზოგიერთი ქვეყნის სისტემა მომხმარებელზე მორგებულია, ონლაინძიებისა და მასალის ჩამოტვირთვის საშუალებას იძლევა. სხვები, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო და აშშ, უზრუნველყოფენ ამომწურავ ინფორმაციას თვითმფრინავის მფლობელებისა და თვითმფრინავზე განხორციელებული ნებისმიერი ფიზიკური ცვლილების შესახებ.
თუმცა, ხელმისაწვდომი ინფორმაციაც კი ხშირად არასაკმარისია: მხოლოდ თვითმფრინავის ტიპი და მფლობელის სახელი. ზოგიერთი რეესტრი ყოველდღიურად ივსება და ახლდება, ზოგიც მხოლოდ ყოველთვიურად ან ყოველწლიურად.
საკუთრების შესახებ ინფორმაცია შეიძლება შენიღბულიც იყოს. ბევრ შემთხვევაში, მითითებული მფლობელი წარმოადგენს ფასადურ კორპორაციას ან თვითმფრინავის მართვის კომპანიას, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა დამატებითი ძიება თვითმფრინავის რეალური მფლობელის ვინაობის დასადგენად. აშშ-ის მთავრობა უცხოელ მესაკუთრეს უფლებას აძლევს, საკუთრების განკარგვის უფლება გადასცეს აშშ-ში რესგისტრირებულ სუბიექტს (სატრასტო ხელშეკრულების საფუძველზე).
იხილეთ ასევე 👇
თვალთვალის ზოგიერთი ვებსაიტი მოიცავს საკუთრების შესახებ ინფორმაციას, თუმცა წყაროები, როგორც წესი, მითითებული არ არის და, შესაძლოა, ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ იყოს ხელმისაწვდომი.
ზოგიერთი სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორი:
თვითმფრინავის მფლობელი ყოველთვის ბორტზე არ არის. ზოგჯერ თვითმფრინავებს ქირაობენ ან ტექმომსახურების პუნქტებში მიჰყავთ. თუ ილონ მასკის კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდა, არ ნიშნავს, რომ მასკი თვითმფრინავშია. მგზავრთა სიები არ საჯაროვდება, ასე რომ, მგზავრების იდენტიფიცირება რთულია. მგზავრების ვინაობის დასადგენად, როგორც წესი, საჭიროა სოციალურ მედიაში ჩხრეკვა ან ჟურნალისტიკის ძველი სკოლა. უშუალო დაკვირვება შეიძლება, ნაყოფიერი აღმოჩნდეს ან აეროპორტის პერსონალმა ისურვოს ინფორმაციის გაზიარება. ამასთან, მგზავრებმა შეიძლება Instagram-ზე იტრაბახონ და თავადვე გაასაჯაროონ ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ინფორმაციის წყაროები
არსებობს საკუთრების ინფორმაციის მომცველი გარკვეული წყაროები, რომლებიც უფასო და ფასიანი ინფორმაციის სხვადასხვაგვარ კომბინაციას სთავაზობს მომხმარებელს.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ყველაზე იოლად საძიებელი ეროვნული რეესტრი:
- აშშ – ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA)
- ავსტრალია – სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სამმართველო
- გაერთიანებული სამეფო – სამოქალაქო ავიაციის სამმართველო
კიდევ რამდენიმე სხვა შესაძლებლობა:
- „ვიკიპედიას“ აქვს ავიაციის სახელმწიფო სამმართველოების ვრცელი ჩამონათვალი.
- CorporateJetInvestor-მა თვითმფრინავის რეგისტრაციის ოფიციალურ სახელმძღვანელოში (2023) მოკლე მიმოხილვების სახით წარმოადგინა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი სარეგისტრაციო მოთხოვნები.
- RussianPlanes.net წარმოადგენს რუსული თვითმფრინავების საძიებო საიტს. საიტს დართული აქვს კომენტარი: „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის დასრულებამდე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ავიაციის ამსახველი ფოტოები არ გამოქვეყნდება საიტზე.“
სამხედრო რეისების თვალთვალისთვის განკუთვნილი სპეციალური საიტები
ზემოთ ჩამოთვლილი საყოველთაო საძიებო საიტები სამხედრო რეისებსაც მოიცავს. ADS-B Exchange-ს აქვს ფილტრი, რომელიც აჩვენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავებს.
აქვე მოცემულია რამდენიმე სხვა ვებსაიტი, რომლებიც ორიენტირებულია კონკრეტულად სამხედრო რეისების თვალთვალზე:
ADS-B.NL არის საიტი, რომელიც ეყრდნობა ADS-B Exchange-დან გადმოცემულ განახლებად (რეალურ დროში მიღებულ) მონაცემებს და ფოკუსირდება მთელს მსოფლიოში სამხედრო თვითმფრინავების თვალთვალზე.
Radarbox მომხმარებელს უფასო ძიების და, ასევე, საკუთარი ვიჯეტების შექმნის საშუალებას აძლევს. ამ ვიჯეტებით მომხმარებელს შეუძლია, პირდაპირ რეჟიმში ადევნოს თვალი რეისებს. სამხედრო ოპერაციების ოპერაციული უსაფრთხოების, ასევე, ცალკეული კერძო ავიაოპერატორების კუთვნილი ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად, Radarbox თვალთვალს ბლოკავს ან ცენზურას უწესებს.
Scramble ფლობს ევროპის, აშშ-ის, კანადის, ასევე, სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალების კუთვნილი თვითმფრინავების მონაცემთა ბაზებს. საიტს აქვს რამდენიმე აქტიური ფორუმი და მას მართავს ნიდერლანდების ავიაციის საზოგადოება. Scramble-ს, ასევე, აქვს საბჭოთა ტრანსპორტის მონაცემთა ბაზა.
Planeflightracker ორიენტირებულია NATO-სა და რუსეთის კუთვნილ სამხედრო თვითმფრინავებზე.
თვითმფრინავის სერიული ნომრის საძიებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავების ძიების საშუალებას გაძლევთ. საიტს მართავს ექსპერტი ჯოუ ბაფერი (Joe Baugher), რომელიც თვითმფრინავების სერიული ნომრებითაა გატაცებული. მის ვებგვერდზე ნახავთ ავიაციის საიტების შესანიშნავ კოლექციას.
ფოტოები
თვითმფრინავების ამსახველი ფოტოების დიდ არქივებს ფლობს ორი ვებსაიტი:
თვითმფრინავების მოყვარული მოთვალთვალეები ხშირად უღებენ თვითმფრინავებს სურათებსა თუ ვიდეოებს და სოციალურ მედიაში ავრცელებენ.
ისეთი საიტები, როგორებიცაა Plansespotters.net და Jetphotos.com მოიცავს კერძო, კომერციული თუ სამხედრო თვითმფრინავების სურათებს. სურათი: სკრინშოტი, Planespotters.net
როგორ მუშაობს თვალთვალის სისტემები
ჰაერში მყოფ თვითმფრინავებს სხვადასხვაგვარად აკვირდებიან. საერთაშორისო მასშტაბით დანერგილი უახლესი სისტემაა ADS-B (ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება-მაუწყებლობა), რომელიც მომხმარებელს ყველაზე მრავალფეროვან ინფორმაციას სთავაზობს.
წარსულს რომ გადავავლოთ თვალი, ქვემოთ მოცემულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოყენებული რადარული სისტემების მოკლე აღწერილობა:
პირველადი რადიოლოკატორი ადგენს და ზომავს ხომალდის მიახლოებით ადგილმდებარეობას არეკლილი რადიოსიგნალების მეშვეობით. ეს რადიოლოკატორი წააგავს ფილმებში ნანახ მწვანე ხმოვან ეკრანს.
მეორადი რადიოლოკატორის მუშაობა ეყრდნობა რადიოსიგნალის მიმღები ხომალდის მხრიდან საპასუხო ინფორმაციის დაბრუნების პროცესს. ეს პასუხი მოიცავს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (იკაოს ჰექსადეციმალურ კოდს) და ფრენის სიმაღლეს, მაგრამ არა კოორდინატებს. თუმცა, ადგილმდებარეობა შეიძლება განისაზღვროს, როცა ტრანსმისია ხორციელდება რამდენიმე სხვადასხვა ადგილას. მიღებული სიგნალები კომბინირდება მულტილატერალური დაკვირვების საშუალებით (MLAT), რაც ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრას უწყობს ხელს (აქ იხილავთ უფრო ვრცელ განმარტებას გრაფიკითურთ).
ADS-B არამხოლოდ იაფია, არამედ სხვა ალტერნატივებზე ბევრად უფრო მაღალ სიხშირეს, სიზუსტესა და დაფარვას უზრუნველყოფს. ADS-B-ით აღჭურვილი ბორტის მოწყობილობები სატელიტური ნავიგაციის საშუალებით განსაზღვრავს თვითმფრინავის ადგილმდებარეობას და ყოველ ნახევარ წუთში ერთხელ გადასცემს GPS-ინფორმაციას სხვა ისეთ მონაცემებთან ერთად, როგორებიცაა ფრენის სიმაღლე, სიჩქარე, მიმართულება, საიდენტიფიკაციო ნომერი. ამას ეწოდება “ADS-B Out.” აფრენა-დაშვების დრო იანგარიშება ფრენის სიჩქარეზე, სიმაღლესა და ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით.
ADS-B-ის ჩანაწერები ყოველთვის სრულყოფილი არ არის. მიმღებები, თითქმის, არ არის ისეთ მკვდარ ზონებში, როგორებიცაა უდაბნოები, ოკეანეები და პოლარული ყინულის საფარი. დაფარვა არასრულია აფრიკის უმეტეს ნაწილში, ასევე, ფრაგმენტულია ლათინურ ამერიკაშიც.
ADS-B-ის პრობლემური მახასიათებელია ის ფაქტი, რომ სიგნალების დაჭერა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ 20 აშშ დოლარის ღირებულების მქონე მოწყობილობით. 1,090 მჰც-იანი დაუშიფრავი სიგნალები მიიღება დაახლოებით 200 მილის რადიუსში, ვიდრე ხომალდი ანტენის დაფარვის არეალში იმყოფება. ამჟამად არსებობს ათიათასობით ასეთი მიმღები, რომელსაც, ძირითადად, მართავენ მოყვარული ენთუზიასტები, შემდეგ კი უგზავნიან თვალთვალის კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს, ზოგჯერ მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ.
ADS-C წარმოადგენს სატელიტური თვალთვალის სისტემას, რომელიც გამოიყენება უფრო დიდი კომერციული ხომალდების მიერ. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მონაცემთა ეს წყაროც, როცა ავიაციაზე დაკვირვების ვებსაიტებზე დაფარვის რუკებს ვათვალიერებთ, რადგან ADS-C-ით აღჭურვილმა თვითმფრინავებმა შეიძლება უკეთესი დაფარვის ილუზია შექმნან, ვიდრე სინამდვილეში არის.
თვალთვალის ზოგიერთი მომსახურება აფინანსებს ADS-B სათვალთვალო სისტემის მონტაჟს, რაც დამკვირვებლებს ინფორმაციის უფასოდ მოპოვების საშუალებას აძლევს.
კოდირების გამოყენება ფრენების შესწავლისას
ბევრი მონაცემის მოპოვება შეიძლება რეისების თვალთვალის საიტებზე ხელმისაწვდომი ბაზისური ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებით.
თუმცა, უფრო ამბიციური პროექტები მოითხოვს მონაცემებზე წვდომას და მათ ინდივიდუალურ პროგრამულ დამუშავებას. თვალთვალის წამყვანი ორგანიზაციებიდან მონაცემების მიღება, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩვეულებრივ, ფასიანია.
რეისების თვალთვალიდან მიღებული მონაცემების უმეტესობაზე სამუშაოდ, როგორც წესი, დაგჭირდებათ პროგრამირების რომელიმე ენის გარკვეული ცოდნა, მაგალითად, R-ის ან პითონის, რაც ამ მონაცემების დამუშავება-ანალიზში დაგეხმარებათ. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ ჩააგდოთ რეისის მარშრუტი Google Earth-ში.
აქ მოცემულია Geodose-ის სასწავლო ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება პითონის გამოყენებით ფრენის თვალთვალის მარტივი სისტემის შექმნა; ასევე, შემდგომი განახლება, რომელიც გვეხმარება „დავხვეწოთ იგი, უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდით, Pandas-ისა და Bokeh-ის გამოყენებით.” აქვე მოცემულია ისეთი პროგრამის წერის სახელმძღვანელო, რომელიც OpenSkyNetwork API-ის საშუალებით ავტომატურად შეაგროვებს ახლომდებარე თვითმფრინავის მონაცემებს.
რეისის ინფორმაციის ერთ-ერთი ექსპერტია BuzzFeed News-ის ყოფილი ჟურნალისტი პიტერ ოლდჰოუსი), რომელმაც Flightradar24-ის მონაცემები გამოიყენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოძიებისას.
2016-ში ოლდჰოუსმა დაწერა “ჯაშუშები ცაში” რომელშიც გამოააშკარავა აშშ-ის ბევრი დიდი ქალაქის თავზე ფსბ-ისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის თვითმფრინავების რუტინული ფრენის ფაქტი. მოგვიანებით, ოლდჰოუსმა მანქანური სწავლების საშუალებით მოახერხა სხვა ჯაშუში თვითმფრინავების იდენტიფიცირება, რადგან ალგორითმს დაასწავლა ფსბ-ისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის თვითმფრინავების მონაცემები (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ეს განმარტება).
Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით, BuzzFeed-ის ჟურნალისტმა პიტერ ოლდჰოუსმა მოამზადა რეპორტაჟი ფსბ-ის თვითმფრინავის შესახებ, რომელიც დიდ ქალაქებს თავს დასტრიალებდა.
ზოგჯერ GitHub-ზე ხელმისაწვდომია მზა პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ მონაცემების ანალიზში, მაგრამ, დიდი ალბათობით, კოდირების ცოდნა მაინც დაგჭირდებათ.
ამას გარდა, ქვემოთ მოცემული ADS-B Exchange-ის გამოყენებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევა თვითმფრინავებზე დამკვირვებლისგან:
ჰექსადეციმალურ კოდებს ვაჯგუფებ ADS-Bx-ზე ‘multiple airframes’ ფუნქციის გამოყენებით და გამარტივებული წვდომისთვის ვინახავ URL-ებს რჩეულ ჩანართებში („favourite tabs”). ამ გზით, 24 საათის განმავლობაში ვადევნებ თვალს airframe-ებს. არ ვიცი, არის თუ არა შეზღუდვა იმაზე, თუ რამდენი შეიძლება დააჯგუფო, მაგრამ კომპიუტერი ნამდვილად გადაგეწვებათ, თუ ერთდროულად, მაგალითად, 500-ზე მეტს გახსნით.
ასე ზოგავთ ძალიან დიდ დროს და, ამასთან, სისტემა იმახსოვრებს დღის განმავლობაში დაგროვებულ ჰექსიდეციმალურ კოდებს, რომელთაგან ზოგი გადმოიცემა მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში; ამით დასტურდება, მაგალითად, რომ ხომალდი ჰაერში იყო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მიმღებების შედარებით სუსტი ქსელია განთავსებული (აღმოსავლეთ რუსეთი, აფრიკა და ა. შ.)
როგორ გავუმკლავდეთ ფრენის ანონიმურობის ამერიკულ (აშშ) პროგრამებს
აშშ-ის მთავრობას აქვს ორი პროგრამა, რომლებიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში კერძო თვითმფრინავებით ანონიმური ფრენის განხორციელების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამები მოთვალთვალეებისთვის დიდი დაბრკოლებაა, დაცვის მექანიზმები დაუძლეველი არ არის.
ყველაზე ადვილია თვითმფრინავის მონაცემების ჩვენების შეზღუდვის (LADD) პროგრამისთვის გვერდის ავლა. LADD ამერიკული ხომალდების მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოცხრილონ საკუთარი თვითმფრინავების რეისების მონაცემები ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან. თუმცა, ADS-B Exchange არ იყენებს ავიაციის ადმინისტრაციის მონაცემებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ხედავს LADD-ით გასაიდუმლოებულ რეისებსაც. აქვე, ამ ბმულზე იხილავთ LADD-ის თვითმფრინავების მუდმივად განახლებად სიას, რომელიც არაოფიციალურია, თუმცა ავიაციის ადმინისტრაციის მონაცემებს ეყრდნობა.
მეორე პროგრამა შემუშავდა კერძო ხომალდების მფლობელების მიერ უფრო უსაფრთხო სისტემის ლობირების საფუძველზე. თვითმფრინავის იკაო-მისამართის გაუმჟღავნებლობის (PIA) პროგრამის ფარგლებში, მფლობელს შეუძლია მოითხოვოს, რომ ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ მიანიჭოს დროებითი, კუდის ნომერთან დაუკავშირებელი ჰექსადეციმალური კოდი. ამ კოდის ვადა 60 დღეა და შეიძლება შეიცვალოს, სულ მცირე, ყოველ 20 დღეში ერთხელ.
იხილეთ ასევე 👇
აშშ-ის მთავრობის PIA-პროგრამამ დამკვირვებლებს გარკვეული დაბრკოლებები შეუქმნა, თუმცა მაინც შეიმუშავეს გვერდის ავლის სხვადასხვა გზა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მფლობელს არ გამოუყენებია ეს პროგრამა, უშუალოდ ანონიმურობის სურვილმა მიიპყრო ყურადღება. არსებობს Facebook გვერდი, სახელად PIA Busters.
როგორ გავიგოთ, იყენებს თუ არა თვითმფრინავი PIA კოდს? ADS-B Exchange აქვს “PIA”-ს ფილტრი. დააჭირეთ და იხილეთ PIA-რეისების ჩამონათვალი, რომელიც, როგორც წესი, სულ რამდენიმე რეისს აერთიანებს.
ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე გზას, რომლის საშუალებითაც ამოვხსნით თვითმფრინავის ადგილმდებარეობას PIA კოდის ცოდნის შემთხვევაში. უმეტესობა უფრო ბიჰეივიორისტულია, ვიდრე ტექნიკური.
- დააკვირდით PIA თვითმფრინავების გადაადგილების სქემებს და მოიძიეთ ნაცნობი / ჩვეული მარშრუტები და დანიშნულების პუნქტები. (მოაგროვეთ ისინი ელექტრონულ ცხრილში („სპრედშიტზზე“).
- გამოიყენეთ სოციალური მედიისა თუ ახალი ამბების სოციალური ანგარიშებიდან მოპოვებული მონაცემები, რათა კონკრეტულ ადამიანს დაუკავშიროთ თვითმფრინავის გადაადგილება.
- საყრდენ მასალად გამოიყენეთ მიწის ზედაპირიდან (ასევე, აეროპორტების ვებკამერების საშუალებით) განხორციელებული უშუალო ვიზუალური დაკვირვებების მონაცემები, რომლებიც შეესაბამება PIA თვითმფრინავის გადაადგილებას, რათა მოახერხოთ თვითმფრინავის იდენტიფიცირება. თვითმფრინავის უკანა მხარეს განთავსებული ნომერი არ იცვლება.
- შეამოწმეთ ACARS-გზავნილები, რომლებმაც შეიძლება, მოგაწოდოთ თვითმფრინავის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. (ACARS-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.)
- შეიყვანეთ PIA კოდი სხვა საძიებო საიტებზე, რადგან, ზოგჯერ, შემთხვევითმა ხარვეზმა შეიძლება გამოააშკარავოს სასარგებლო ინფორმაცია.
შეერთებულ შტატებში FOIA-ს გამოყენება რეისებთან დაკავშირებული მონაცემების მოსაპოვებლად
აშშ-ში ფრენების შესახებ მონაცემების მოგროვების კიდევ ერთი მეთოდია ინფორმაციის თავისუფლების აქტით (FOIA) გათვალისწინებული მოთხოვნის შევსება ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციაში. მოთხოვნები შეიძლება დაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: 7-awa-arc-foia@faa.gov
მოითხოვეთ „ტრაფიკის ნაკადის მართვის სისტემის საცავიდან (TFMS) იმ თვითმფრინავების რეისებთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომლებსაც კუდზე ნომერი აწერიათ“ და შეიყვანეთ კუდის ნომერი. ასევე, მიუთითეთ სასურველი პერიოდი, მაგალითად: “…2023 წლის 1 იანვრიდან მოთხოვნის შესრულების თარიღის ჩათვლით.” სთხოვეთ, მასალა მოგაწოდონ ელექტრონულ ფორმატში. მოწოდებული მონაცემები მოიცავს რეისის მონაცემებს, რომელთა მოპოვებაც შეუძლებელია ფრენის თვალთვალის მომსახურების საშუალებით, თუკი მფლობელმა გამოიყენა დაბლოკვის უფლება.
აქვე მოცემულია ზემოხსენებული მეთოდით მოპოვებადი მონაცემების ნიმუში. ამ შემთხვევაში საუბარია ProPublica-ს რეპორტიორ ჯასტინ ელიოტზე, რომელმაც შეაგროვა მასალა 2020 წელს გამოქვეყნებული სიუჟეტისთვის, “სტივ ბენონის მიერ ჩინელ ბიზნესმენთან დაკავშირებული კერძო თვითმფრინავის გამოყენება შესაძლოა, არღვევდეს კამპანიის დაფინანსების კანონს“.
რადიოგზავნილების თვალთვალი – ACARS
თვითმფრინავების თვალთვალის კიდევ ერთი საშუალებაა თვითმფრინავსა და საჰაერო მიმოსვლის კონტროლს (ATC) შორის გადაცემული მოკლეტექსტური გზავნილებისთვის თვალის დევნება. რადიოგადამცემ სისტემას ეწოდება ACARS – თვითმფრინავის საკომუნიკაციო მიმართვა-შეტყობინების სისტემა (იხილეთ დეტალური აღწერილობა და ვიდეო ან უყურეთ ტექნიკურად ნაკლებად რთულ ვიდეოს).
დაუშიფრავი გზავნილები, როგორც წესი, ეხება რეისის გეგმებს, თუმცა, შეიძლება, ასევე, აღწერდეს მექანიკურ საკითხებსაც. ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ACARS-გზავნილებს 2021 წელს აშშ-ის ჯარების ქაბულიდან გამოსვლის პროცესში.
გზავნილის ინტერპრეტირება იოლი არ არის, რადგან გამოიყენება ძალიან ბევრი ჟარგონული აბრევიატურა. იხილეთ ეს ბლოგპოსტი, სადაც რამდენიმე ასეთ აბრევიატურას გაიცნობთ, როგორებიცაა: “ATB: Air Turn Back (თვითმფრინავის უკან მობრუნება)” – როცა კაპიტანი გადაწყვეტს გამგზავრების აეროპორტში დაბრუნებას დანიშნულების პუნქტისკენ მოძრაობის ნაცვლად. აგერ რამდენიმე მაგალითის შემცველი კიდევ ერთი სტატიაც. სავარაუდოდ, ექსპერტის დახმარება დაგჭირდებათ ACARS-ით გადაცემული ვრცელი დიალოგების გასაშიფრად.
გზავნილების დაჭერა შესაძლებელია მიწისზედა და სატელიტური მიმღებების საშუალებით; ასევე, საერთაშორისო გზავნილების კოლექციას ფლობს Airframes.IO, რომელიც Tweeter-ზე წარმოდგენილია შემდეგი ანგარიშებით: @thebaldgeek და @AirframesIO. ამ ანგარიშებზე ACARS-გზავნილები თავსდება რეალურ დროში. გზავნილები შეიძლება, სწრაფად ჩაიკარგოს შეტყობინებების გვერდზე, თუმცა მათი მოძებნა მაინც შეიძლება.
კიდევ ერთი საიტია LiveATC.net, რომელზეც განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო მოძრაობის კონტროლის პირდაპირი რადიოტრაფიკის საშუალებით განხორციელებული საჰაერო კომუნიკაციის ბმულები. LiveATC.Net-ზე შესაძლებელია საჰაერო მოძრაობის კონტროლის არამხოლოდ პირდაპირი აუდიოგზავნილების, არამედ ძველი ჩანაწერების არქივის ნახვაც.
საავიაციო უსაფრთხოების ხელმისაწვდომი ჩანაწერები (არქივი)
უბედური შემთხვევების ამსახველ ანგარიშში შეიძლება წააწყდეთ მესაკუთრესთან დაკავშირებულ მონაცემებს. რეისის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ შეიძლება გაასაჯაროოს ავარიებსა და ინსპექციებთან დაკავშირებული ჩანაწერები.
ავიაციის უსაფრთხოების ქსელი (ASN) წარმოადგენს კერძო, დამოუკიდებელ ინიციატივას, რომელიც აწარმოებს ავიახაზებთან, სამხედრო სატრანსპორტო ავიახომალდებსა და კორპორაციულ თვითმფრინავებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებისა და უსაფრთხოების პრობლემების მონაცემთა ონლაინბაზას. ASN-ს აქვს უბედური შემთხვევის გამოძიების საბჭოების საერთაშორისო ჩამონათვალი.
ავიაციის მაცნე იტყობინება მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი ინციდენტებისა თუ უბედური შემთხვევების შესახებ.
აშშ-ში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებელი უწყებაა ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული საბჭო.
აშშ-ის სხვა უწყებების არქივებში (როგორებიცაა, მაგალითად შესყიდვებისა და ხელშეკრულებების ამსახველი ჩანაწერები) შეიძლება, წააწყდეთ სამთავრობო თვითმფრინავებთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას. ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ასახულია თვითმფრინავზე განხორცილებული ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის, მაგალითად, ღამის ხედვის კამერების დამონტაჟება.
ინფორმაციის გასაიდუმლოების ამერიკული ხრიკები
ამერიკელმა გამომძიებელმა რეპორტიორებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ დაარეგისტრირა ზოგიერთმა მფლობელმა თვითმფრინავი ბანკებისა თუ ტრასტების საშუალებით საკუთარი ვინაობის შესანიღბად.
აშშ-ის მთავრობა უცხოელ მესაკუთრეს საშუალებას აძლევს, საკუთრების უფლება გადაცეს აშშ-ში რეგისტრირებულ ტრასტს. ეს სისტემა სამართალდარღვევების საბადოა. მაგალითად, დალასის ტელეარხის, WFAA-ის ცნობით, Aircraft Guaranty Corp.-ში 1000-ზე მეტი თვითმფრინავია რეგისტრირებული იმ ტრასტების მისამართზე, რომლებიც ონალასკაში (ტექსასი) მდებარეობს, არადა ამ ქალაქს საერთოდ არ აქვს აეროპორტი.
Boston Globe-მა გამოააშკარავა შენიღბული რეგისტრაციების სქემა [დოკუმენტურ] სერიალში “ცის საიდუმლოებები.” Globe-ის Spotlight-ის გუნდმა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ, ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის სუსტი ზედამხედველობის წყალობით, ნარკოდილერებმა, კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა, ასევე, ტერორიზმთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძლება, დაარეგისტრირონ კერძო თვითმფრინავები. Globe-ის მიხედვით, აშშ-ში რეგისტრირებული ყოველი ექვსი თვითმფრინავიდან, მინიმუმ, ერთის მესაკუთრის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.
New York Times-ის რეპორტაჟში მოთხრობილია იმის თაობაზე, თუ როგორ ისარგებლა რუსმა ოლიგარქმა რეგისტრაციის პროცესში არსებული ხარვეზებით (იხილეთ Business Jet Traveler-ის მიმოხილვითი სტატია, რომელიც ამართლებს აშშ-ში არსებულ ამ პრაქტიკას).
იჯარა კიდევ ერთ სირთულეს ქმნის
თვითმფრინავის იჯარით გაცემის შემთხვევაში, რაც გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, თითქმის, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ იხდის კონკრეტული რეისის საფასურს.
სწორედ ასეთი შემთხვევა გადახდა თავს უნგრული საგამოძიებო საიტის, Átlátszó-ს რეპორტიორ ერდელი კატალინს, როცა პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კერძო თვითმფრინავებით დაინტერესდა. გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ თვითმფრინავი ავსტრიაში იყო რეგისტრირებული. უცნობია, ვინ აფინანსებდა ფრენებს; თვითმფრინავს კურირებს ავსტრიული კომპანია International Jet Management GmbH, რომელიც სპეციალიზირდება ბიზნესთვითმფრინავების ოპერირებაში.
GIJN-მა გამოაქვეყნა Átlátszó-ს რეპორტიორების სტატია, რომელშიც აღწერილი იყო ჩატარებული გამოძიება: „კერძო იახტა, მდიდრული თვითმფრინავი და უნგრეთის მმართველი ელიტა.“
ვიქტორ ორბანი ჩამოდის თვითმფრინავიდან OE-LEM ბუდაპეშტის აეროპორტში, 25 ივლისი, 2018. ფოტო: Atlatszo / დენიელ ნემეთი (Daniel Nemeth)
რეგისტრაციისთვის ხელსაყრელი ქვეყნები
აუცილებელი არ არის თვითმფრინავის რეგისტრაციის ადგილი ემთხვეოდეს იმ ქვეყანას / ქალაქს, სადაც მფლობელი ცხოვრობს. ამასთან, თვითმფრინავი შეიძლება ხელახლა დარეგისტრირდეს (ზოგჯერ შეეცალოს საიდენტიფიკაციო ნომერიც).
CorporateJetInvestor-მა გამოსცა თვითმფრინავის რეგისტრაციის ოფიციალური სახელმძღვანელო 2023, რომელშიც აღწერა თვითმფრინავის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონები; ასევე, ვებსაიტზე გროვდება ავიაბიზნესის სიახლეები. საკვანძო გასათვალისწინებელი ფაქტორებია რეგისტრაციის სიმარტივე, პირადი ინფორმაციის დაცულობა და საგადასახადო შეღავათები.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის ანგარიშის თანახმად, მენის კუნძული თვითმფრინავების რეგისტრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი იურისიდიქციაა, რადგანაც ევროკავშირის გადასახადების არიდების საშუალებას იძლევა.
სხვა ხელსაყრელ ტერიტორიებს შორის აღსანიშნავია არუბა, ბერმუდის კუნძულები, და კაიმანის კუნძულები.