fbpx

გელათის რეაბილიტაცია – რა ხდება ახლა?

გელათი

გელათის მთავარი ტაძრის მხატვრობის გადარჩენა კულტურის სამინისტრომ ვერ შეძლო და ეს საქმე საპატრიარქომ აპრილში გადაიბარა.

მაისის ბოლოს გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სიახლეები საზოგადოებას გააცნეს და აქვე წარადგინეს გელათის მართვის დროებითი კომიტეტიც, რომელიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება. 

კომიტეტმა უნდა უხელმძღვანელოს ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროცესს და გადაარჩინოს საფრთხეში მყოფი მხატვრობა. ამ ეტაპზე გელათში სამუშაოები არ მიმდინარეობს.

გელათი დღეს – რა დაზიანებები აქვს გელათის მთავარ ტაძარს ახლა?

  • დაზიანებულია სახურავი და შესაცვლელია მისი სტრუქტურა;
  • დაზიანებულია კედლის მხატვრობა და სჭირდება აღდგენა-შენარჩუნების სამუშაო;
  • ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა საჭიროებს კონსერვაციას;
  • წმინდა გიორგის ტაძრის სახურავი დაზიანებულია და საფრთხეშია კედლის მხატვრობაც.

გელათის რეაბილიტაცია ქართულად ანუ რა დაემართა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს?

გელათის მთავარ ტაძარზე მწვანე კრამიტის სახურავის მოწყობიდან რამდენიმე თვეში გავიგეთ, რომ შენობაში წყალი ჩადიოდა და შუასაუკუნეების ფრესკები ზიანდებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავზე იყო, თუმცა არც სხვა ნაწილები გადარჩენილა წვიმისა და თოვლის წყალს.

“აი, ფაქტი” დეტალურად გიყვებოდათ, როგორ მოაწყვეს ახალი სახურავი და რა დარღვევები გამოვლინდა ამ პროცესში.

საზოგადოებიდან მიღებულ კრიტიკას მოჰყვა ის, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტომ კრამიტის სახურავს ზემოდან თუნუქის ფენები გადააფარა. ფიქრობდნენ, რომ ასე დროებით წყლის ჩასვლისგან დაიცავდნენ. თუმცა, ფრესკები მაინც ზიანდებოდა, რადგან კრამიტის ქვეშ დაგროვილი წყალი შიდა ინტერიერში ნელ-ნელა ჟონავდა.

წყლის შენობაში ჩასვლას მხოლოდ თუნუქის სახურავის გადაფარება ვერ უშველიდა, რადგან თავიდანვე სწორად არ იყო მოწყობილი წყლის საწრეტი მილები და სახურავის ქვეშ ჰიდროსაიზოლაციო ფენა. ამ საკითხებს “აი, ფაქტი” სამი წელია სწავლობს და 2021 წლის იანვარში გიამბეთ, როგორ მოეწყო წყლის საწრეტი სისტემა და რა პრობლემები ჰქონდა მთავარი ტაძრის სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენას.

gelati e1674645330585

გელათში შექმნილი ვითარება ძეგლთა დაცვის სააგენტოს სისტემურმა ხარვეზებმა და ნეპოტისტურმა მიდგომამ გამოიწვია. სააგენტოს წარმომადგენლები თავად ამბობდნენ, რომ მათ გელათის გასაჭირი საზოგადოებასთან ერთად შეიტყვეს. სამუშაოების შესრულების პროცესში კი იგზავნებოდა გელათში მონიტორინგის ჯგუფები, თუმცა, უცნობია, რატომ ვერ აღრიცხავდნენ ისინი არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებს.

2020 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გელათის დამტვრეული კრამიტის ფოტოები გამოჩნდა. საზოგადოების ახმაურებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც გამოაფხიზლა და მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 

2021 წელს გამოქვეყნებული ჩვენი გამოძიება აჩვენებდა, რომ გელათისთვის მიყენებული ზიანი სააგენტოს ნეპოტისტური მართვის მოდელისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალი იყო. მედიაში ატეხილ განგაშს მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის გათავისუფლება. გელათის მიმართ დაინტერესება თავად კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოხატა.

მაშინ კრიტიკული საზოგადოებისთვის გელათის ამბავში ორი რამ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი: სახურავის მოწესრიგება, ისე რომ წყლის ჩასვლა გამორიცხულიყო და მხატვრობის გადარჩენა. განახლებული სამინისტროც მუშაობას ამ თემებზე შეუდგა, თუმცა, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება დაივიწყა და ამ თემაზე საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ. 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო ახალი ტენდერების გამოცხადება და მილიონამდე ლარის დახარჯვის შემდეგაც კი ეს პრობლემები ვერ მოწესრიგდა.

წულუკიანის პირობებში გამოცხადებული ტენდერებისა და სამუშაოების ხარისხის შესახებ შეგიძლიათ ჩვენი მასალები იხილოთ:

რას აპირებს საპატრიარქო ახლა გელათში?

ქართველი სპეციალისტები დიდიხანია ამბობენ, რომ პირველ რიგში საჭიროა გელათის მთავარი ტაძრის გადახურვის მოწესრიგება. სხვაგვარად მხატვრობა ვერ შენარჩუნდება.

საპატრიარქომ მაისში გამართულ წარდგენაზე სწორედ ამ საკითხზე იმსჯელა. განცხადებაში წერია, რომ მოლაპარაკება აწარმოეს გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, საპატრიარქოს მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.

კედლის მხატვრობის შენარჩუნების მიზნით კი მოიწვიეს ბრიტანელი სპეციალისტები, სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, რომლებიც გელათს ივლისში ეწვევიან და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საჭირო რჩევებს მისცემენ სპეციალისტებს.

გარდა ამისა, საკურთხევლის თავზე არსებული ღვთისმშობლის მოზაიკის უკეთ შესასწავლად, მოეწყო სპეციალური ხარაჩო, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ ის.

წარდგენისას თქვეს, რომ საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია – „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან”. ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი კრისტიანო რუსსო, გელათში ივნისის დასაწყისში იყვნენ.

იტალიელების მიერ გაცემული დასკვნები და რეკომენდაციები ჯერ საჯარო არ არის. ისე კი, საპატრიარქოს მხრიდან გელათის რესტავრაციის პროექტში ჩართული პირები ამბობენ, რომ პროცესი საჯარო იქნება და საზოგადოება ძეგლზე დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას დროულად მიიღებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ორგანიზებული დანაშაულის სახელმძღვანელო
ფინანსური-დანაშაული

ორგანიზებული დანაშაულის სახელმძღვანელო

როგორ გამოვიძიოთ ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულები?

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share