

გელათი შეფუთულია: საუშაოები დასრულდა, კითხვები - არა
25 მაისს გელათში დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა. მთავარი ტაძარი გუმბათის ჩათვლით თეთრი ქსოვილით შეიფუთა. “ეს მართლაც სასიხარულო დღეაო”, თქვა სამუშაოების ხელმძღვანელმა კირიონ ონიანმა და უნდა დავეთანხმოთ.
გელათს რომ დროებითი გადახურვის სრულყოფილი კონსტრუქცია ჰქონოდა, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ხუთი წელი ელოდნენ. ეს ვერც კულტურის სამინისტრომ მოახერხა და ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ. როგორც იქნა, გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ამ ამბავს საშველი დაადგა.
კონსტრუქცია იმისთვისაა საჭირო, რომ ძველი დროებითი გადახურვა მოშორდეს, გაიხსნას ტაძრის ჭერი, განიავდეს შიდა სივრცე, აორთქლდეს წლობით დაგროვილი ნესტი და დაზიანებულ მხატვრობას რაც შეიძლება მალე მიეხედოს - ყოველ შემთხვევაში, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეგვიძლია, ის გადავარჩინოთ. ფრესკების უკვე დაკარგულ ფრაგმენტებს დაბრუნება, ალბათ, არ უწერია.

მაინც შეგახსენებთ, სამუშაოები ისე დასრულდა, რომ არ ვიცით, რა დაჯდა. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ფინანსურ დოკუმენტაციას არ ასაჯაროებს. სამაგიეროდ, შევიტყვეთ, რომ 1 ივლისს მთავრობამ დამატებით 4 მილიონი ლარი გამოყო გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის.
ახლა შესაფუთი დარჩა მხოლოდ კონსტრუქციის კუთხეები და აღმოსავლეთ-დასავლეთ მკლავების ნაწილი. კომიტეტი ამბობს, ღიობები დროებით იმიტომ დავტოვეთ, რომ ტაძარი ახალ კლიმატურ პირობებს უმტკივნეულოდ შეეგუოსო.
დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, კიდევ დარჩა რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი, რომელიც სპეციალისტებს სიმშვიდის საფუძველს არ აძლევთ. მაგალითად:
- რა საფრთხეს შექმნის დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე ნადენი წვიმის წყალი და რატომ არ მოაწყვეს ტაძრის გარშემო წყალსაწრეტი სისტემა;
- როგორ და ვინ გააგრძელებს სამუშაოებს გელათში, ან ვის დაეკითხებიან აზრს, იმ ფონზე, რომ პროცესში ამ დრომდე არ არის ჩართული კლიმატოლოგი (გარემოს ინჟინერი). არადა, ასეთი პროფესიონალის აზრს საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა შეფუთულ ტაძარში უკვე წარმოიქმნა განსხვავებული კლიმატური პირობები. მალე დროებითი გადახურვაც უნდა მოხსნან, სივრცე განიავდეს და დაზიანებული მხატვრობა სულ სხვა გარემოს უნდა შეეგუოს.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი და მთავრობის წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, “თავი ქუდში გვაქვს”, ძეგლს აღარაფერი ემუქრებაო.


„აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას…”,- თქვა “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“დღეს ტაძარს აღარაფერი ემუქრება, მთავარ ტაძარს დღეს გუმბათიც დაედგა. გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით”, - თქვა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ 25 ივნისს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას.
“...ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე, უნაკლოდ, უსაფრთხოდ და დღეს უკვე მივიღეთ გელათის მთავარი ტაძარი კონსტრუქციით გადახურული. უკვე გვაქვს გარანტია, რომ დღეიდან აიხადოს გადახურვები და დავიწყოთ უკვე გადახურვაზე ინტენსიური ფიზიკური სამუშაოები,” - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა 25 ივნისს.
დროებითი გადახურვა წყლის შემკრები სისტემის გარეშე
ნამდვილად დაიცავს თუ არა მოწყობილი კონსტრუქცია გელათის მთავარ ტაძარს ქარისა და ნალექებისგან, ამას დრო გვიჩვენებს. რისი თქმაც ახლა შეგვიძლია ისაა, რომ ჯერ არ მოუწყვიათ სისტემა, რომელიც სახურავიდან ჩამონადენ წყალს შეაგროვებს და დაწრეტს. შესაბამისად, არსებობს იმის რისკი, წვიმის თუ თოვლის წყალი ეზოში, ტაძართან ახლოს დაგუბდეს. ეს რომ ძეგლისთვის საზიანო იქნება, იუნესკოც ამბობს.
საკონსულტაციო მისიის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ ერთგვარ გაფრთხილებას, რომ წყლის ნაკადებმა მონასტრის ტერიტორიაზე უკონტროლოდ არ უნდა იმოძრაოს, არც ფასადის სიახლოვეს დაიტბოროს და არც გრუნტში ჩაიღვაროს.
“განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მთავარი ტაძრის ახალი ერთიანი დამცავი გადახურვიდან ჩამომავალი წვიმის წყალი თავისუფლად არ იჟღინთებოდეს ტაძრის გარშემო მიწაში… რადგან, თუ წვიმის წყლის ნაკადი უკონტროლოდ იმოძრავებს იგი შეიძლება დაგროვდეს დამცავი გადახურვის მეტალის კონსტრუქციის საყრდენი ადგილების ირგვლივ, რაც დამატებით საფრთხეს შეუქმნის ძეგლს[…]დროებითი დამცავი გადახურვის დამონტაჟებისას, ყურადღება უნდა მიექცეს წყლის გადაყვანას დროებითი დამცავი სახურავებიდან, რათა გარანტირებული იყოს როგორც თავად შენობის, ისე მისი საყრდენი კარკასის სტაბილურობა, რომელიც შესაძლოა დაზიანდეს თუ წყალი არაკონტროლირებადი ნაკადით ჩაიღვრება ან დაგროვდება გრუნტში ,” - წერია იუნესკოს 2024 წლის ანგარიშში.
იუნესკო იმასაც ხსნიდა, როგორი წყალშემკრები სისტემა უნდა მოეწყოთ - ბეტონის ელემენტებისგან დამზადებული დრენაჟი, რომელიც დასამონტაჟებლადაც მარტივი იქნებოდა და მოსახსნელადაც.

ეს ამბავი გეოფიზიკოს ლადო მირიანაშვილსაც ვკითხეთ. მანაც გვითხრა, გადახურვიდან ჩამონადენი წვიმის წყალი აუცილებლად უნდა განარიდონ ტაძრის საძირკველსო:
“სახურავიდან ჩამონაჟონი წყალი აუცილებლად შევა საძირკველში, თუ არ განარიდებენ მას უშუალოდ იმ კედლის მიდამოებს. მე როგორც ვიცი, ეგ არ აქვთ ჩადებული პროექტში და ამიტომ ეს პრობლემაა… გინდაც დავუშვათ, როგორც ესენი ამბობენ, რომ გრუნტის წყლები მაგ სიმაღლეზე არ არის… მაგ შემთხვევაშიც კი… წვიმის დროს, ამ დროებითი გადახურვიდან ჩამონაჟონი წყალი, თუ არ მოაშორეს კედლის პერიმეტრს, აუცილებლად გაჟონავს მიწაში და დააზიანებს საძირკველს”, - გვეუბნება მირიანაშვილი.
გელათის მთავარ ტაძარზე მსგავსი არაფერი გაკეთებულა. ჩვენ დავუკავშირდით არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილს, რომელიც დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მან მოამზადა შესაბამისი არქიტექტურული პროექტიც და ბუნებრივია, ყველა დეტალი იცის.
მისი თქმით, ახლა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ნალექი კიდევ უფრო მეტად მოშორდა ტაძარს და რამის დაზიანების რისკი არ არსებობს. ხოლო ის ფილები, რომელზეც მეტალის კონსტრუქცია დგას, ღორღის ფენაზეა დადებული და სრულად წყალგამტარიაო.
“წყლის გადაყვანას რაც შეეხება, ახლა, ამ სახურავის საშუალებით, კიდევ უფრო მოშორდა ტაძარს ნალექი. ფასადიდან, დაახლოებით, 8 მეტრი არის გადახურული სამხრეთ-ჩრდილოეთ მხარეს და 4 მეტრი დასავლეთ-აღმოსავლეთით… სად უნდა შემეკრიბა ნალექი, როცა სულ დაცულია. დროებით გადახურვას აქვს ისეთი საძირკვლების სისტემა, რომ წყალგამტარია და დაწოლა თითოეულ წერტილზე ისეთი ცოტაა, რომ მიწის დეფორმაციია ვერ მოხდება. ეს დათვლილია ინჟინრების მიერ”, - მოგვწერა ზესაშვილმა. იუნესკოს რეკომენდაციაზე კი გვითხრა, არ მახსოვს, როდის თქვა ეგო.
არქიტექტორს იუნესკოს 2024 წლის დასკვნიდან სქრინი ჩავუგდეთ, სადაც ცალკე თავია მიძღვნილი წყლის შეგროვების სისტემაზე. ამ ანგარიშის მომზადებისას, ავტორებმა უკვე იცოდნენ, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ფილები ღორღის ფენაზე იდგა. თუმცა, მაინც გასცეს დრენაჟის რეკომენდაცია.

ვახტანგ ზესაშვილმა იუნესკოს რეკომენდაციაზე გვითხრა, არ ვიცი რატომ გასცეს, ეგ იმათ ჰკითხეთო.
მისგან გავიგეთ, რომ ძველი სახურავის ქვეშ დაგროვილი ნარჩენების ამოსუფთავების პროცესს თავად არ უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით, ამაზე არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. უცნობია, ვინ შეასრულებს ამ რთულ საქმეს. კომიტეტი აცხადებს, რომ მთავარი ტაძარზე ძველი დროებითი გადახურვის და კრამიტის მოხსნა უნდა დაიწყონ - ზუსტად როდის, არ ვიცით.
საქმე ისაა, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაოები კლიმატოლოგის დაკვირვებით მიმდინარეობდეს. იმ ფონზე, როცა მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და სახურავის ახდის შემდეგ კედლები შრობას დაიწყებს. სიტუაცია რომ არ დამძიმდეს, შრობის პროცესი გარემოს ინჟინერმა უნდა აკონტროლოს. ალესანდრო მასარის წასვლის შემდეგ, ანუ 2022 წლიდან მოყოლებული ასეთი სპეციალისტი არავის მოუწვევია.
ბუნებრივია, კითხვები გავუგზავნეთ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს. ვცადეთ ტელეფონითაც დავკავშირება, რეაგირება რომ დაგვეჩქარებინა. თუმცა, ამ დრომდე არც ზარებზე უპასუხიათ და არც ელ.ფოსტაზე. მათგან გვაინტერესებდა: ვის უნდა დაუკვეთონ სახურავების ამოსუფთავება და როდის, აპირებენ თუ არა სამუშაოების შემდეგ ეტაპზე მაინც ჩართონ კლიმატოლოგი, უსაფრთხო იქნება თუ არა ძეგლისთვის გადახურვაზე ჩამონადენი წვიმის წყლის ეზოში დაგროვება და გეგმავენ თუ არა იუნესკოს რეკომენდაციის გათვალისწინებას - გადახურვის გარშემო სადრენაჟო სისტემის მოწყობას.
ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, პასუხის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ თუ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ოდესმე ინფორმაციას მოგვაწვდის, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ.