fbpx

ათასი გეგმა ნულოვანი ბიუჯეტით

genderi 1

2017 წელს საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა დაიწყო. მათი საზრუნავი რეგიონებში ქალებისა და კაცებისათვის ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნაა. საბჭოებს არ აქვთ საკუთარი ბიუჯეტი სასურველი პროექტების დასაგეგმად. მათ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ. ამ რეკომენდაციებს მუნციპალიტეტები იშვიათად ითვალისწინებენ.

საბჭოების ძირითადი საზრუნავია ქალების დასაქმება, პოლიტიკაში ჩართვა, ძალადობის მსხვერპლი თუ მარტოხელა მშობლების დახმარება. ორგანო  საკრებულოს წევრებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან შედგება. საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი შრომა არაა. რეგიონალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მოვალეობები ამავე რეგიონის საკრებულოს მიერ კანონითაა გაწერილი. მოვალეობები მსგავსია. გენდერული თანასწორობის საბჭოების დებულების მიხედვით, საბჭოები სამ თვეში ერთხელ იკრიბებიან და სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო

თინა დავაძე ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. სტუდენტობისას თბილისში გადავიდა. მოგვიანებით ისევ მშობლიურ დაბაში დაბრუნდა. დაბრუნებულს ბევრი რამ დახვდა შეცვლილი. ამბობს, რომ მის ბავშვობაში ხარაგაულელი ქალები, ძირითადად, საოჯახო საქმეს აკეთებდნენ. კაცები მუშაობდნენ.

‘’ბავშვობის ამბები რომ გავიხსენო, ბევრი უთანასწორობის ფაქტი მახსენდება. დამსაქმებლები  ცდილობდნენ, კაცები დაესაქმებინათ ყოველთვის. დღეს ხარაგაულში უფრო უკეთესად არის სიტუაცია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თუ მამაკაცი ქალს დაეხმარებოდა საოჯახო საქმეში, ბავშვის მოვლაში, დაცინვის ობიექტი ხდებოდა. ახლა აღარ არის ასე. ჩემი მოხუცი ბებიაც კი ამბობს ხოლმე მეზობლებზე, რომ რა კარგი ბიჭია, როცა ცოლს ეხმარება, ბავშვს საფენს უცვლისო.’’

ხარაგაულში დაბრუნებისას თინა აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტივობებში.

“ძალიან აქტიურები არიან და ძალიან მომწონს. შეზღუდული რესურსების პირობებში რაც შეუძლიათ, აკეთებენ იმას. შესაბამისად, რომ ვთქვა, აი, არ აკეთებენ არაფერს – ასე არ არის. მაგრამ რაც არ მომეწონა, იყო ის რომ ამ ტრენინგებს, ძირითადად, მათთვის ნაცნობი ადამიანები ესწრებოდნენ. შეიძლება, მე უფრო ნაკლებად მჭირდებოდა იმის მოსმენა, რაც იქ ითქვა, ვიდრე ვიღაც ქალს, ხარაგაულის რომელიღაც სოფლიდან. მე ის თემები და საკითხები საკუთარი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ისედაც ვიცოდი.”

2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2020-2021 წლების სტრატეგია დაამტკიცა. საბჭოს მთავარი გეგმა ოჯახური ძალადობის შეჩერება და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ქალის ჩართულობაა. გეგმის კიდევ ერთი ნაწილია ბიზნესმენი ქალების დახმარება და დაბის ბიუჯეტის იმგვარად განსაზღვრა, რომ ის თანაბრად იყოს მორგებული ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებზე.

საბჭოს ინიციატივით, 2021 წლის ბიუჯეტში გაწერილია მარტოხელა მშობლების ერთჯერადი დახმარება (200 ლარი). ამ მიზნით წელს 3 ათასი ლარი დაიხარჯება.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის პროგრამაში 100 ათასი ლარი უსახლკარო მოქალაქეებისა და ძალადობის მსხვერპლთათვისაა გამოყოფილი. ესეც საბჭოს ინიციატივა იყო. გარდა ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისა, ეს თანხა სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს, ავარიულ შენობაში მცხოვრებ პირებსაც მოხმარდებათ. იგივე ჩანაწერი ბიუჯეტში 2020 წელსაც იყო. მაშინ მუნიციპალიტეტმა ძალადობის მსხვერპლთათვის გამოყოფილი თანხების ათვისება ვერ შეძლო. მიზეზი მოთხოვნის არარსებობა გახლდათ. პროგრამას პირველი მოსარგებლე წელს ჰყავს. მან მერიის დაფინანსებით ახალი თავშესაფარი 4 აპრილიდან მიიღო.

ინგა ბერაძე გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანია და ამავდროულად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში. ამბობს, რომ პროგრამა ორი წელია აქვთ. აქამდე მოქალაქეების მხრიდან მიმართვის არარსებობის მიზეზი ისიც იყო, რომ ინფორმაცია იმთავითვე ყველას ვერ მიაწვდინეს.

‘’ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ადამიანთან მივა. ამ შემთხვევაში, უნდა მოგვმართონ, რომ კვლევის ფორმატით ან მედიაციის ფორმატით ჩავერთოთ ამ პრობლემის მოგვარებაში. ახლა უკვე, ნელ-ნელა გააქტიურდა ეს პროცესი. [პროგრამაში ჩართვისთვის] იმდენი საბუთია შესაგროვებელი, იმდენ ორგანოშია მისასვლელი, ზოგიერთს ამის თავიც არ აქვს, რომ ეს ეტაპები გაიარონ. თანხა ბიუჯეტიდან იმის მიხედვით ნაწილდება [უსახლკაროებზე და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე], თუ რამდენი ძალადობის მსხვერპლი მოგვმართავს.‘’

ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეა. ის ამავდროულად მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც ხელმძღვანელობს. დანარჩენი წევრები ადგილობრივი საკრებულოს თანამდებობის პირები, სხვადასხვა დაწესებულებების, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები არიან. საბჭო 29 წევრისაგან შედგება. აქედან, 16 ქალია, 13 – კაცი.

“სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესრულებისას ვაწყდებით დიდ სირთულეებს, რადგან არის მცირე შესაძლებლობები, რესურსების ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმას აქვს თავისი ბიუჯეტი, ის ჯერ კიდევ ფორმალურია და ვერ ვახდენთ მისი აქტივობების დასაგეგმად გამოყენებას. მიუხედავად დიდი მცდელობისა და მონდომებისა, ჯერ კიდევ ფორმალურია გენდერული თანასწორობის საბჭოს როლი,’’ – ვკითხულობთ საბჭოს თავმჯდომარის 2020 წლის ანგარიშში. ანგარიში წლის ბოლოს საბჭოს თავმჯდომარემ ხარაგაულის საკრებულოსა და მერიას წარუდგინა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს ევალება საკრებულოს მიერ მიღებული კანონების ანალიზი. ანალიზისას, საბჭომ აქცენტები უნდა გააკეთოს ქალთა საჭიროებებზე, გასცეს რეკომენდაციები, წარადგინოს პროექტები, სამოქმედო გეგმები – ყველა ამგვარ დოკუმენტში უნდა ეწეროს, თუ რა სჭირდებათ, რა აწუხებთ და რა შეიძლება გაკეთდეს ქალებისათვის ხარაგაულში.

გენდერული თანასწორობის საბჭო უნდა ასრულებდეს დამკვირვებლის როლსაც. ორგანო უნდა აკვირდებოდეს და განიხილავდეს საკრებულოს მუშაობას. თავად საბჭოს წევრებიც არ არიან საკმარისად კმაყოფილი საქმიანობით და გააქტიურების საჭიროებასაც ნათლად ხედავენ. 


სამტრედიის გენდერული თანასწორობის საბჭო

იმერეთის რეგიონში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოების უფლება-მოვალეობები იდენტურია.

სამტრედიის საბჭოს მიმდინარე წლის თებერვლამდე 13 წევრი (6 კაცი და 7 ქალი) ჰყავდა – 10 სამთავრობო ორგანოებიდან, ხოლო სამი არასამთავრობო სექტორიდან. ადგილობრივ ბიუჯეტში ცალკე თანხა საბჭოს საქმიანობისთვის გათვალისწინებული არ არის. თუ საბჭო რაიმე ტიპის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, იქ გაწერილ ღონისძიებებს მერიის სხვადასხვა სამსახურები კომპეტენციის მიხედვით აფინანსებენ.

სამტრედიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით 2020 წელს დაბა კულაშში სკვერს ფემინისტ კატო მიქელაძის სახელი მიანიჭეს. 2021 წლის ბიუჯეტში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარების გაწერაც საბჭოს ინიციატივა იყო. თუმცა, ეს ინიციატივა ბიუჯეტში არ ასახულა.

თამილა კეკელიძე საკრებულოს აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტია. ის სამტრედიის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიცაა. ამბობს, რომ საკუთარი ბიუჯეტის გარეშე, სასურველი გეგმების განხორციელება უჭირთ. 

gend sabcho samtredia
გენდერული საბჭოს სხდომა სამტრედიაში

სამტრედიაში, იანეთის უბანში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მესხები ცხოვრობენ. კეკელიძეს მათთან ხშირად დადის. სურვილი და გეგმა აქვს, რომ ამ ქალების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის პროგრამებითაც შეძლოს, მაგრამ ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა.

“საკუთარი ბიუჯეტი რომ გვქონდეს, გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩვენ ახლა, ძირთადად, მერიაში არსებულ სოციალური დახმარების პროგრამებზე ვართ მიბმულნი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შევუერთდით. რაღაც ელემენტარული მასალა ხომ გვჭირდება, წინდები გვჭირდება, ბროშურების დამზადება გვჭირდება, რაღაც, რაღაც. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ამ ყველაფერს, ძირითადად, ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი სახსრებით,’’ – გვიყვება კეკელიძე.

იმასაც გვეუბნება, რომ ბოლო წლებია, ქალები ხშირად ესწრებიან სოფლის კრებებს და ეს მეტწილად გენდერული თანასწორობის საბჭოს დამსახურებაა.

“ქალთა მოთხოვნები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული  სოფლის მხარდაჭერის პროგრამებში. ერთ-ერთ სოფელში ვიყავით და ქალებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სოფელში სტადიონი გაკეთებულიყო,” – ამბობს კეკელიძე ჩვენთან საუბრისას.

ხონის გენდერული თანასწორობის საბჭო

ხონის გენდერული თანასწორობის საბჭოს 17 წევრი ჰყავს (9 ქალი, 8 კაცი). აქედან 12 ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობს, 5 – არასამთავრობო სექტორში. მათ უფლება-მოვალეობებს საკრებულოს მიერ მიღებული კანონი განსაზღვრავს.  ხონის საბჭოს ვალდებულებები იგივეა, რაც სამტრედიისა და ხარაგაულის საბჭოებისა.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა კუბლაშვილია. კუბლაშვილს ვკითხეთ, თუ რა რეკომენდაციები გასცა საბჭომ გასულ წელს. მან გვიპასუხა, რომ მსგავსი ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

“2020 წლის მუშაობის ანგარიშს წარვადგენთ წელს, მაისში. 2019 წლის გასულ წელს წარვადგინეთ,”- თქვა მან ჩვენთან საუბრისას.

ჩვენ ხონის გენდერული თანასწორობის საბჭოს შესრულებული სამუშაოს ანგარიშები კუბლაშვილთან საუბრამდე გამოვითხოვეთ. წერილის პასუხად მივიღეთ, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე საბჭოს არც რეკომენდაციები გაუცია და არც შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგენია. 

შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რას საქმიანობს საბჭო ხონში.

ევროპული პრაქტიკა

გენდერული თანასწორობის საბჭოები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ასეთივე ორგანოები ევროპაშიცაა.

‘’ევროპის მაგალითზე რომ განვიხილოთ, მსგავსი ტიპის საბჭოები მისაღებია,” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, აკაკი საღინაძე. ’’ფუნქციონირებს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან და უწყობენ ხელს იმ კომპლექსურ საკითხებს, რომლებიც ემსახურება ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას საგანმანათლებლო თუ ადვოკატირების კამპანიების დახმარებით.’’

ქალისა და მამაკაცის უფლებების გათანაბრება დიდი გამოწვევაა მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის. პრობლემა დღემდე მწვავედ დგას საქართველოში. აკაკი საღინაძე ამბობს, საბჭოების მუშაობისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა და პოლიტიკური ნება.

“ბოლო წლებია, ძალიან ხშირი შეცდომა და პრაქტიკა არის, როდესაც მხოლოდ ფასადურად იქმნება საბჭოები. მაგალითისთვის, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს რამდენიმე საბიუჯეტო რეკომენდაცია აქვს წარდგენილი, რამდენიმე ახალგაზრდა გადაამზადეს, საბჭოს წევრი, საკრებულოს წევრი ნანა კოსტავაც გაუშვეს, როდესაც მან ეთიკის ნორმები დაარღვია.  მაგრამ ვხედავთ, რომ მცირე მუნიციპალიტეტებში საბჭოებს რეკომენდაციებიც კი არ აქვთ წარდგენილი, რადგან წარსადგენიც კი არაფერი გაუკეთებიათ და ალბათ, ამჯობინეს, ტყუილის დაწერას საერთოდ არაფერი არ დაეწერათ.”

გენდერული თანასწორობის მიღწევაში ადგილობრივ თვითთმართველობებს დიდი როლი აქვთ. მათ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული რეგიონში ქალთა კეთილდღეობა. საბჭოებიც სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ თვითთმართველობებს ქალთა გაძლიერებაში დახმარებოდა. მაგრამ, ვხედავთ რომ ზოგიერთ რეგიონში მათი არსებობა დღემდე ფორმალურია.


კომენტარები
Total
0
Shares
Next
კასპის ახალი დევები
devebi

კასპის ახალი დევები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share