fbpx

რატომ ვერ გარემონტდა გორდის სკოლა?

1651848902195

ხონში, მესამე წელია, გორდის საჯარო სკოლას არემონტებენ, მაგრამ დასრულებას პირი არ უჩანს. მოსწავლეებს გაკვეთილები კერძო სახლებში უტარდებათ, სადაც პირობები არ აქვთ. 

სოფელ გორდში ჩავედით, მოსწავლეების მშობლებს, მასწავლებლებს შევხვდით, რომ გაგვეგო რას ფიქრობენ. საკუთარი თვალითაც ვნახეთ, რომ ადგილზე მასალები მოტანილი იყო, მაგრამ სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაცვის თანამშრომელმა გვითხრა, “პრარაბი” ამწეკრანისთვისაა წასული, მოვა და განახლდება სამუშაოებიო. თუმცა, სოფელში საღამომდე დავრჩით და იქ მომუშავე არავინ გვინახავს.

ხალხი მოგვიყვა, რომ მოსწავლეებს სამი სოფლიდან, გორდიდან, ნოღადან და კინჩხადან გაკვეთილები სკოლის ნაცვლად, კერძო სახლებში უტარდებათ. ჯამში, 100 მოსწავლეზეა საუბარი.

skola
დროებითი სკოლა, სადაც მე-4 კლასის ზემოთ ჯგუფები სწავლობენ

დროებით “სკოლაში” პირობები რომ სასწავლო პროცესს არ შეეფერება, საკუთარი თვალით ვნახეთ. მასწავლებლებს რომ ვესაუბრებოდით, მეორე სართულიდან გარკვევით გვესმოდა, ვინ რა გაკვეთილს ატარებდა.

ალტერნატიული “სკოლის” შენობა ორ სახლშია განლაგებული. ეს ადგილები მასწავლებლებმა შეარჩიეს. ქირის თანხას კი განათლების სამინისტრო იხდის. 

ერთსართულიან, ხის სახლში დაწყებითი კლასის მოსწავლეები დადიან, ორსართულიანში კი მეოთხე კლასს ზემოთ ჯგუფები. პირველ სართულზე სამასწავლებლოა, რომელსაც ქვის იატაკი, ძველი კედლები და ხის ჭერი აქვს. საკლასო ოთახები კი მეორე სართულზეა, ასევე ხის ოთახებში. სწავლის პროცესში შეშის ღუმელით და ბუხრით თბებიან. სპორტის გაკვეთილი ეზოებში უტარდებათ. იქვე აწყობენ სხვადასხვა საგნისთვის მომზადებულ პრეზენტაციებსაც. დროებით “სკოლებში” არც ინტერნეტი აქვთ, ტელეფონი კი ცუდად იჭერს. მასწავლებლებმა გვითხრეს, უკეთესი შენობა ფიზიკურად არ მოიძებნაო.

სამინისტრომ სამი წლის წინ გორდელებს ალტერნატივად სოფელ კინჩხას სკოლა შესთავაზა, მაგრამ დირექტორმა და მასწავლებლევმა უარი თქვეს, შორი მანძილის გამო. გორდსა და კინჩხას შორის შვიდი კილომეტრია.

“ჩვენ რომ ვიყავით გამოსულები, მასწავლებლებიც დაგვიდგნენ გვერდში, მათაც ჰქონდათ აქცია. ძალიან რთულია, ელემენტარულად, კედლებიდან გადის ხმა. ერთს სპორტი აქვს, მეორეს მათემატიკა ან მუსიკა და ერთიმეორესი ესმით. გაკვეთილის მიმდინარეობაშიც ხელი ეშლებათ, რა თქმა უნდა,”- გვითხრა ნინო ჩიხლაძემ. მისი შვილი გორდის სკოლის დაწყებით კლასში სწავლობს.

გორდის სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა სკოლის რეაბილიტაციის შეჩერება 14 ნოემბერს აქციითაც გააპროტესტეს. აქციის შემდეგ გორდელებს ხონის მერი და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი შეხვდა. დაჰპირდნენ, რეაბილიტაცია გაგრძელდება და ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებითო. შეხვედრის მიუხედავად მასწავლებლებს ბევრი დეტალი აეჭვებთ და პასუხგაუცემელი კითხვებიც ბლომად აქვთ:

Screenshot 2022 12 05 at 12.43.38
დროებითი სკოლის მეორე შენობა, სადაც დაწყებით კლასელები სწავლობენ

“პირველი სექტემბრისთვის უნდა იყოს, ასე დაგვპირდა ქარდავა [მგფ-ს წარმომადგენელი]. ამდენ ხანს დაისვენეს და ახლა ვნახოთ. ჯანდაბას ის დასვენება. მშობლები გაგებით ეკიდებიან, რაც გვყავდა კონტიგენტი, არ წასულა,”- გვითხრა სკოლის დირექტორმა მანანა გელენიძემ. 

“ჯერ რომ დავცალეთ, რამდენი ხანი არ დაუწყიათ. ვყოფილიყავით იქ მაინც. აპრილის მერე არ უმუშავნიათ. ცოდოა ბავშვები, საკლასო ოთახი არ უნახავთ. სტადიონი არა, დარბაზი ჩვენ არა…. ”- გვითხრა სკოლის მასწავლებელმა ნონა ჩიხლაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრის საფუძველზე ჩვენ უფრო ვრცელ, დეტალურ მასალას ვამზადებთ და მალე შემოგთავაზებთ. სტატიით გაიგებთ, რა ბედი ელის გორდის სკოლას, რას ფიქრობენ მშენებელ კომპანიასა და მთავრობაში. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
შინაურობაში გადახურული გელათი – ნაწილი 6
gelati

შინაურობაში გადახურული გელათი – ნაწილი 6

გიყვებით იმაზე, რა ხდება ახლა გელათში და რაზე უნდა ვიღელვოთ ყველამ ერთად

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share