fbpx
kheebi

დაავადებული ხეებით სავსე ქალაქი

ავტორი: ნანუკა ბრეგაძე, ნინო აბდალაძე, მარიამ უგრეხელიძე

თბილისში ერთ ადამიანზე 3 კვ.მ. მწვანე საფარი მოდის. ეს რიცხვი 40 წლის წინ 13 კვ.მ. იყო. მიზეზი მშენებლობების გარდა საფარის მოვლის არამიზნობრივი პოლიტიკიაა. 2016-2018 წლებში თბილისში გახმა და სანიტარული მიზნით მოიჭრა 82,449 ძირი ხე. ამჟამად ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებულია 22 ათასი ხე, აქედან კი მოსაჭრელად მონიშნულია 20 ათასი.

“აი, ფაქტის” ოთხთვიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მერია გაჩეხვას გადარჩენილ ხეებს ეფექტიანად ვერ უვლის, არ აქვს წამლობის გრძელვადიანი სტრატეგია და არ ასრულებს მკვლევარების მიერ მიცემულ რეკომენდაციებს:

1. მიუხედავად სპეციალისტების რეკომენდაციებისა, ბოლო 3 წლის განმავლობაში მერიას ხეების წამლობა არასდროს დაუწყია თავის დროზე. პროცესი ყოველთვის 3-4 თვით იგვიანებს. ამ პერიოდში კი მავნებლები მრავლდებიან და კიდევ მეტ ზიანს აყენებენ მცენარეს;
2. წამლობის მეთოდი, რომელსაც კონტრაქტორი კომპანიები ხეების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნაკლებ ეფექტიანია;
3. კონტრაქტორი კომპანიები, მერიის დავალებით, ამცირებდნენ ხეების შეწამვლის ჯერადობას. მაგალითად, თუ ერთსა და იმავე ადგილზე ხეები უნდა შეეწამლათ წლის განმავლობაში სამჯერ, ისინი წამლავდნენ ორჯერ და დანარჩენ რესურსს სხვა ადგილებს ახმარდნენ.

წამლობის პროცესი ფიტოსანიტარული კვლევით იწყება. მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებული ხეების მდგომარეობას ჯერ ამოწმებს, შემდეგ კი მკურნალობის მეთოდის შესახებ აძლევს მერიას რჩევას. რჩევები დეტალურია: რა სჭირს მცენარეს, რომელი წამალია საჭირო, როდის და რამდენჯერ უნდა მიიღოს მცენარემ ეს წამალი.

ფიტოსანიტარული კვლევის მომზადების შემდეგ მერია ტენდერს შემწამვლელი კომპანიის გამოსავლენად აცხადებს.


დაგვიანებული წამლობა ხეების გახმობას ხელს უწყობს

დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში წამლობა ადრეულ გაზაფხულზე არც ერთხელ არ დაუწყიათ.

ბოლო ორი წლის მანძილზე ხეებს შპს “გარდ სერვისი” წამლავდა. მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 2017 წელს შეწამვლა აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, ხოლო 2018 წელს – ივნისის შუა რიცხვებში. 2016 წელს შპს “თბილისი ანანო და გიორგიმ” შეწამვლის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყო.

“გარდ სერვისის” დირექტორი ლევან დევდარიანი ამბობს, რომ ხეების გადასარჩენად მათი წამლობა ადრეულ გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, რათა მწერებმა გამრავლება ვერ მოასწრონ. “შეწამვლა იწყება მაისის ბოლოდან, ივნისის დასაწყისიდან. გაზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებს, ის მწერიც იღვიძებს. მაგ დროს პირველ გამრავლებას უკვე ასწრებს. მეორე გამრავლებასაც ასწრებს და მერე აკეთებ შენ სამუშაოს. ტენდერი უნდა ჩატარდეს ზამთარში და აპრილიდან დაიწყოს შეწამვლა.”

მერიაში არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ შეწამვლა დაგვიანებით იწყება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის აზრით, 2018 წელს წამლობის მაის-ივნისში დაწყება დაგვიანებული არ იყო და ეს ხეების ფიტოსანიტარულ მდგომარეობაზე უარყოფითად არ იმოქმედებდა.

რა შედეგს მოუტანდა დაგვიანებული წამლობა ხეებს, “აგრარიკოსთა მოძრაობის” ხელმძღვანელმა ანდრო ხეთერელმა განმარტა: “მაისის ნაცვლად წამლობის ოქტომბერში ჩატარება, როგორც მინიმუმ, გამოიწვევდა იმ სეზონზე ქერქიჭამიების ერთი (ან ორი) თაობის ხელის შეშლის გარეშე გამრავლებას. პრეპარატი ხომ მოქმედებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც წამლობა ჩატარდება? ამიტომ, მანამდე არსებული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულ ზიანს წამლობა ვეღარ უშველის. პირობითად, ერთი მავნებელი იძლევა 100 მავნებელს, იმ 100 მავნებლიდან თითოეული, თავის მხრივ, 100-100-ს და ა.შ. ეს ყველაფერი ხდება ერთ წელიწადში.”


არასწორმა წამლობამ ფიჭვების მდგომარეობა დაამძიმა

დარგის სპეციალისტებს ეთანხმება ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის “უსაფრთხო სივრცის” ხელმძღვანელი ანა გაბრიაძეც. მან, დროული კვლევებისა და შეწამვლის წყალობით, დიღმის ტყე-პარკში ფიჭვები ხმობას გადაარჩინა.

ანას გაბრიაძემ დიღმის ტყე-პარკში ფიჭვების გადარჩენა შეძლო, თუმცა ქალაქის დანარჩენ ნაწილში ფიჭვები ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მათ ვერც დაავადება დაუდგინეს სწორად და შესაბამისად, არც წამლობა აღმოჩნდა შედეგის მომტანი. მერის მოადგილემ, მაია ბითაძემაც განაცხადა, რომ კორომები დაავადებულია და მათი განკურნება შეუძლებელია. არადა, ამ ფიჭვებს წლების მანძილზე წამლავდნენ.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი აღიარებს, რომ ფიჭვების შეწამვლა არაეფექტიანი იყო: “ჩვენ არ ვიცოდით კონკრეტული დაავადება. ქართველი მეცნიერების აზრით, ეს იყო სოკო, რაც შემდეგ არ დადასტურდა ლაბორატორიული კვლევებით. შესაბამისად, შეუძლებელი იყო სწორად დაგვეგეგმა ღონისძიებები.” გიგაშვილი ამბობს, რომ არაეფექტიანი შეწამვლა გამოცდილების, რესურსისა და ტექნიკური აღჭურვილობის სიმცირის ბრალია.

ფიჭვების მდგომარეობის შესასწავლად მერიამ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ესპანელი ექსპერტი, მარია ხოსე ბრიონგოსი ჩამოიყვანა. ბრიონგოსის მიერ დაწერილ დასკვნას მერია არ ასაჯაროებს, რადგან გიგაშვილის თქმით “ამან, შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს.” ჩვენ ესპანელი ექსპერტის დასკვნა გამოვითხოვეთ, მაგრამ მერიამ არ მოგვაწოდა და განმარტა, რომ ეს მათი “შიდა სამუშაო დოკუმენტია”.

ესპანელი ექსპერტის კვლევის საფუძველზე მერიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ახალი, ქერქის შიგნით ინექციის მეთოდი, რაც გიგაშვილის თქმით, აქამდე საქართველოში არ გამოიყენებოდა. თუმცა, ამ მეთოდის შესახებ ცნობილი მერიისთვის ჯერ კიდევ სამი წლის წინ გახდა. 2016 წელს ფიტოსანიტარიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “გეოანალიტიკამ” ფიჭვების სამკურნალოდ ქერქის შიგნით ინექციის მეთოდს გაუწია რეკომენდაცია, მაგრამ ეს არავინ გაითვალისწინა. გიგაშვილი ინტერვიუს დროს გვიმტკიცებდა, რომ “გეონალიტიკამ” მათ კონკრეტული შესაწამლი პრეპარატები არ დაუსახელა. არადა, ფიტოსანიტარულ კვლევაში მითითებულია პრეპარატების სახელებიც, მოქმედი ნივთიერება და დოზაც კი.


ნაწილობრივი წამლობა ხეების განკურნებას ხელს უშლის

შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მერიას ფიტოსანიტარულ კვლევაში მითითებული ყველა ქუჩა არ შეუწამლავს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მერია სრული სიზუსტით არც ფიტოსანიტარული კვლევების სხვა რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

ჩვენ შევქმენით იმ მისამართების ბაზა, სადაც ფიტოსანიტარული კვლევების მიხედვით ხეები უნდა შეწამლულიყო. შემდეგ ეს მონაცემები შევადარეთ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებშიც შემწამვლელი კომპანიები აღწერდნენ იმ ადგილებს, სადაც სამუშაო ჩატარდა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მას შემდეგ, რაც ფიტოსანიტარული კვლევა კონკრეტულად უთითებს ქუჩებს, სადაც ხეები უნდა შეიწამლოს, მერია არჩევს ამ ქუჩებიდან სად ჩატარდეს წამლობა. მაგალითად, 2017 წელს შპს “ეკო გარემომ” მერიას დედაქალაქის მასშტაბით ჭადრებისა და ცაცხვების შეწამვლა ურჩია. მერიამ მთელი ქალაქის ნაცვლად, მხოლოდ გარკვეულ ქუჩებზე შეწამლა ხეები. გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ “შესაძლოა იყოს დარჩენილი ტერიტორიები, სადაც არ შეიწამლა ცაცხვები და ჭადრები.” იმას, რომ სამუშაო სრული სიზუსტით არ სრულდება, გიგაშვილი რესურსის ნაკლებობას აბრალებს.

ჩვენ შევამოწმეთ ხეები სამ ისეთ მისამართზე, რომლებიც ფიტოსანიტარული კვლევების მიხედვით უნდა შეწამლულიყო, მაგრამ თბილისის მერიის კონტრაქტორ კომპანიებს არ შეუწამლავთ. მისამართებზე ხეები ნაწილობრივ გამხმარი დაგვხვდა.

[metaslider id=3072]

გარდა იმისა, რომ მერია ფიტოსანიტარულ კვლევაში მითითებულ ყველა მისამართს არ წამლავს, რიგ ადგილებში ამცირებს წამლობის ჯერადობასაც. მაგალითად, თუ კვლევა ურჩევს, რომ კონკრეტულ ქუჩაზე ხეები სამჯერ შეიწამლოს, იწამლება ორჯერ ან ერთხელ.

მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 2018 წელს მხოლოდ სამ მისამართზე შეიწამლა ხეები სამჯერ, რაც მთლიანი ჩამონათვალის 1%-ია. 2016-2017 წლების მიღება-ჩაბარებების მიხედვით, ხეების სამჯერ წამლობა არც ერთ მისამართზე არ ჩატარებულა.

2018 წლის 10 მაისს თბილისის მერიამ შპს “გარდ სერვისთან” ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიას 40 ათასი ძირი ხე სამჯერ უნდა შეეწამლა. სექტემბერში მერიამ კომპანიას შეატყობინა, რომ უკვე ორჯერ შეწამლულ ხეებს მესამედ წამლობა აღარ სჭირდებოდა. ამიტომ კომპანიას ხეები უკვე სხვა მისამართებზე შეაწამლინეს.

გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ მერიაში გადაწყვეტილება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიიღეს. “მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ის 40 ათასი ხე, რომელიც ორჯერ შეიწამლა, დღეს კარგად არის,” – ამბობს გიგაშვილი.

სწორედ ამ 40 ათას ხეს შორისაა 9 აპრილის პარკის ფიჭვები, რომელთა ნაწილიც დღეს გამხმარია.

[metaslider id=3079]

გიგა გიგაშვილი, ამბობს, რომ წამლობის ჯერადობის შემცირება რესურსების სიმცირის ბრალია. 2019 წლის ფიტოსანიტარული კვლევისა და შეწამვლის ხელშეკრულებაში მერია ჯერადობის რაოდენობას უკვე აღარ უთითებს.

თუმცა, შეუიარაღებელი თვალისთვის რთულია გაარჩიო რა სხვაობაა საერთოდ შეუწამლავ ან რამდენჯერმე შეწამლულ ხეებს შორის. ჩვენ ყველა ვარიანტი განვიხილეთ და ხეებს, განსაკუთრებით კი ფიჭვებს ხმობა ყველგან დაწყებული აქვს.

სამი ისეთი ადგილიც ვნახეთ, სადაც მერიამ ხეები 3-ჯერ შეწამლა. აღმოჩნდა, რომ ხეების ნაწილი აქაც გამხმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაწამლი პრეპარატები ეფექტიანი არაა.

“50 წლიანი ფიჭვის კორომები რომ ხმება, ძალიან გული მტკივა. გრიპზე რომ ასპირინი დალიო, შეიძლება შეღავათი მოგცეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გიშველის, ასეა აქაც. ფიჭვს ჰყავს მწერი, რომელიც მე მთელი წელი სხვა წამლით მაწამლინეს, მაგ მწერის საწინააღმდეგოთი არ შემიწამლავს მე. დეცისპროფია თუ ბ-58, ეგ იმ მწერს არ კლავს,” – გვეუბნება ლევან დევდარიანი, შემწავლელი კომპანიის, შპს “გარდ სერვისის” დირექტორი.

წამლები რომ ეფექტიანი ვერაა, ამას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუს დროსაც აღნიშნავს. გიგაშვილი ამბობს, რომ მათი პარტნიორი უცხოელი ექსპერტებიც იმავე აზრზე არიან.

წამლობისთვის განკუთვნილი პრეპარატები ფიტოსანიტარული კვლევითაა განსაზღვრული. შემდეგ მერია შემწამვლელ კომპანიას მიუთითებს, სწორედ ეს წამლები გამოიყენოს.

შემწამვლელი კომპანიის დირექტორისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის საუბრიდან ჩანს, რომ წამლები დაავადების სამკურნალოდ არაეფექტიანი იყო. ჩვენ ვცადეთ ინტერვიუ ჩაგვეწერა მათთან, ვინც 2016-2018 წლებში ფიტოსანიტარულ კვლევას ამზადებდა. შპს “გეოანალიტიკას,” შპს “ეკო გარემოსა” და შპს “ფორესტ კომპანის” წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადეს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ მერიამ მწვანე საფარის მოვლის გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა ახლა დაიწყო. წელს ფიტოსანიტარულ კვლევასა და წამლობას ერთიდაიგივე კომპანია ჩაატარებს. ამ სამუშაოების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 93 223 ათასი ლარით გაიზარდა და გახდა 160 532 ლარი. ქალაქში მონიშნულია 22 ათასი დაავადებული ხე, რომელთაგანაც 20 ათასს მოჭრიან. ჭრა უკვე დაიწყო.

სტატია მომზადებულია “ღია მედიაჰაბის” მხადაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა ციფრებში
azerbaijan geo

აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა ციფრებში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share