“კედლის მხატვრობის კატასტროფული დაზიანების მიზეზი ( გრუნტის წყლების დესტრუქციული მოქმედება) დღესაც არ არის ლიკვიდირებული. ეს პროცესი ათეული წლების წინ იყო ცნობილი, არ არის ჩვენი აღმოჩენა… როგორც არქეოლოგები ამბობენ, ძველი სადრენაჟო სისტემა გაბიდნულია”, – წერდა ქუთაის-გაენათის ეპარქია 2024 წლის აგვისტოში და აღნიშნავდა, რომ ეს ამბავი 1960-იანი წლებიდან იციან.
გამოდის, რომ პრობლემამ, დაახლოებით, ნახევარი საუკუნის წინ იჩინა თავი, მაგრამ დღესაც მოუგვარებელია. კულტურის სამინისტრომ დრენაჟის მოწესრიგებაზე ფული ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში დახარჯა, სამუშაოები ჩაიბარა, თუმცა საქმე ისევაა საკეთებელი. რატომ? 2022 წლიდან გვესმის, რომ მონასტრის ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა არ მუშაობს და გრუნტის წყლები ტაძრებში ტენიანობას იწვევს – როგორც წმინდა გიორგის, ისე მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიებში.
ამ სტატიაში ქრონოლოგიურად მოგიყვებით, რა ნაბიჯები გადადგა სააგენტომ და საპატრიარქომ მონასტრის ტერიტორიაზე გაწყლიანების თავიდან ასაცილებლად და რა ხდება ახლა? რას ამბობს გრუნტის წყლებზე 9 მაისს მომზადებული უახლესი ანგარიში?
2018-2019 წლებში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით და ა(ა)იპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობით, გელათის მონასტრის ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა აღადგინეს. სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც ჰიდროლოგები, ისე არქიტექტორები, არექოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები და ვერტიკალური გეგმარების სპეციალისტები.

მათ მიწის ზედაპირი ხელით გათხარეს, დაადგინეს სადრენაჟე ქსელების მიმართულება, დანომრეს არხები, მოაწყვეს სანიაღვრე ჭა.
იმ პერიოდში, გელათში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაზე პროექტი ა(ა)იპ საქართველოს მემკვიდრეობას ჰქონდა მომზადებული. ჩვენ მის ხელმძღვანელს კახა ტრაპაიძეს დავუკავშირდით. თუმცა, ტრადიციულად, ჩვენთან საუბარი არ ისურვა. გვითხრა, თქვენ კომენტარს არ გაძლევთო, თუმცა რამდემიმეწამიან დიალოგში ის მაინც დავადასტურებინეთ, რომ 2018-2019 წლებში დრენაჟის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ.
ტრაპაიძის ნათქვამი გაიმეორა ტარიელ კერვალიშვილმაც, რომელიც უშუალოდ სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაზე მუშაობდა. მანაც დაგვიზუსტა, რომ მუშაობდნენ ტერიტორიის გაწყლიანებაზე, როგორც ტაძრების სახურავიდან, ისე ფერდიდან ჩამოსული გრუნტის წყლებზე.
“მთავარი ტაძრის სამხრეთ მხარეს გავაკეთეთ. ძველ სადრენაჟე სისტემას მივუერთეთ ახალი. პროექტის მიხედვით გაკეთდა ყველაფერი. მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს, იმხელა მილები ჩაიდო, 400-იანი [დიამეტრის]…”,- გვითხრა ინჟინერმა.
მიუხედავად იმისა, რომ სადრენაჟო სისტემას გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 წლის წინ ჩაუტარეს, გრუნტის წყლები ისევ რჩება გელათის თავისტკივილად. ამაზე ჯერ იტალიელი სპეციალისტი მიუთითებდა, შემდეგ იუნესკო და იკომოსი, ბოლოს კი სამი ქართული კვლევა, სამი სხვადასხვა მკვლევრის ავტორობით.
“[წმინდა გიორგის ტაძართან] ახლოს, 4-6 მეტრის მანძილზე არის დატერასებული ფერდობი. ამ ტერიტორიას არათანაბარი დაქანება აქვს და შეუძლებელია წყლის ბუნებრივი გადინება. შესაბამისად, ფერდობიდან მომავალი წყალი ეკლესიისკენ მიედინება და ხშირად გუბდება ფერდობსა და ტაძარს შორის – როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით… ”,- ვკითხულობთ ალესანდრო მასარის 2022 წლის ივნისის ანგარიშში.
ალესანდრო მასარი მსოფლიოში ცნობილი კლიმატოლოგია. ის გელათში 2021-2022 წლებში, “ასოციაცია ჯოვანნი სეკკო სუარდოს” გუნდთან ერთად მუშაობდა. მან კლიმატთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე არსებული გრუნტის წყლებიც იკვლია და გასცა რეკომენდაცია, რომ უნდა მოეწყოთ ახალი სადრენაჟო სისტემა, ან ძველი ქსელი ქსელი მაინც განეახლებინათ.
ამის შემდეგ, 2022 წლის ბოლოს გელათს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იუნესკოს, იკომოსისა და იკრომის გაერთიანებული მისია ეწვია. მათ მომზადებულ ანგარიშშიც წერია, რომ ტაძრებში ტენიანობას მხოლოდ დაზიანებული სახურავი კიარა გრუნტის წყლებიც იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად კი სადრენაჟო სისტემა ან შემგროვებელი ჭები უნდა მოეწყოსო. ეს სამუშაოები ჯერ არც კი დაუწყიათ.

“აღმოსავლეთის მხრიდან გელათის სამონასტრო კომპლექსის ზემოთ მდებარე ბორცვში დიდი რაოდენობით მიწისქვეშა წყლები მიედინება, რომლებიც ჩაედინება სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით დაქანებული გრუნტის გამო, შემოდინება აღმოსავლეთი კარიბჭის მიმართულებიდან მიმდინარეობს. ეს ფენომენი განაპირობებს მუდმივ ტენიანობას სამონასტრო კომპლექსის ორი მთავარი ძეგლის – მთავარი ტაძრისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველში”.
2023 წლიდან გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია სრულად საპატრიარქომ გადაიბარა და შექმნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. მონასტრის ტერიტორიაზე გაწყლიანების აღმოფხვრაც მათი ვალდებულებაა.
კომიტეტმა ამ მიმართულებით მუშაობა შექმნიდან ერთი წლის თავზე, 2024 წლის აგვისტოში დაიწყო. თუმცა ისე, რომ გასულ წლებში ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფს არაფერი დაეკითხნენ – ეს კახა ტრაპაიძემაც დაგვიდასტურა და ინჟინერმა ტარიელ კერვალიშვილმაც. კომიტეტმა გრუნტის წყლის დონის დასადგენად სამონასტრო კომპლექსის გარეთ ჭაბურღილები მოაწყო.
“საკვლევ ტერიტორიაზე ფერდობის მაღალი წერტილებიდან გრუნტის წყლის განტვირთვა ხდება გელათის მონასტრის მიმართულებით, ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია სადრენაჟე არხების მოწყობა…”, – ვკითხულობთ ჭაბურღილებით ჩატარებული კვლევის ანგარიშში. რადგან ეს რეკომენდაცია 2024 წელსაც გასცეს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული სადრენაჟო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეფექტური ვერ გამოდგა.
2024 წელს მიმდინარე კვლევის მეთოდი მალევე დაიწუნა გეოფიზიკოსმა ლადო მირიანაშვილმა და ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. მათი აზრით, კვლევები გაზაფხულსა და შემოდგომაზეც უნდა ჩაეტარებინათ, თანაც არა მხოლოდ ჭაბურღილებით, გეოფიზიკური და გეოტექნიკური მეთოდებითაც.
“…კარგად ცნობილია, რომ აგვისტოში, როგორც წესი, ეს დონე ყველაზე დაბალია, რის გამოც წყლის დებეტი სოფ. გელათში კატასტროფულად მცირდება. იმისთვის რომ გრუნტის წყლების დინამიკა ობიექტურად იყოს შეფასებული, უპრიანია, მსგავსი შემეცნებითი სამუშაოების ჩატარება თოვლის დნობის და საგაზაფხულო წვიმების, ასევე, შემოდგომის წვიმების დროს…,” – წერია ქუთაეს-გაენათის ეპარქიის 2024 წლის აგვისტოს ფეისბუქ პოსტში.

კომიტეტმა ეს პრეტენზიები გაითვალისწინა და მოგვიანებით, გაწყლიანების მიზეზების დასადგენად გია მელიქაძე დაიქირავა. მელიქაძის ხელმძღვანელობით საქართველოს გეოფიზიკოსთა საზოგადოებამ კვლევა 2024 წლის დეკემბერში ჩაატარა. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს არც საიტზე გაუსაჯაროვებია, არც ჩვენთვის მოუწოდებია, თუმცა “აი, ფაქტმა” ის მაინც მოიპოვა.
საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების კვლევის ანგარიშით ვიგებთ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორია გაწყლიანებულია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში წმინდა გიორგის ეკლესიაა, ხოლო მშრალია მთავარი ტაძრის სამხრეთი არეალი:
“…გაწყლიანებული ფენა თითქმის ჰორიზონტალურად ვრცელდება ტაძრის ჩრდილოეთიდან მიმდებარე მთელ ტერიტორიაზე. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გარშემო გაწყლიანებას იწვევს მისგან დასავლეთით არსებული წყალგამტარი მილების დაზიანება და ტაძრის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთი მდებარე ფერდიდან მომდინარე ატმოსფერული ნალექების ნაკადი[…]ვაკე რელიეფი განაპირობებს ამ ნალექების ჩაჟონვას ნიადაგში და მთლიანად დაჭაობებას”. ანგარიშის ბოლოს ისევ და ისევ გაცემულია რეკომენდაცია – მოეწყოს წყალამრიდი სადრენაჟო სისტემა.
გრუნტის წყლების შესახებ უახლესი დოკუმენტი 2025 წლის 9 მაისს გამოქვეყნდა და ამბობს: “გამოიკვეთა პერიოდული გრუნტის წყლების მონასტერისკენ მიმართულ დინებათა სისტემა, რაც საჭიროებს სადრენაჟე გადაწყვეტილებების დაგეგმვას”.

ეს ანგარიში გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დაკვეთით შპს “სუხმან კონსალტინგმა” მოამზადა – შეაჯამა იქამდე ჩატარებული გეოტექნიკური, გეოფიზიკური და გეოდეზიური სამუშაოები და საბოლოო დასკვნა დაწერა.
გარდა წარსულში ჩატარებული სამუშაოების ანალიზისა, “სუხმან კონსალტინგმა” ჭაბურღილი თავადაც მოაწყო და დაასკვნა, ბურღვიდან სამი კვირის განმავლობაში მონასტრის ტერიტორიაზე გრუნტის წყალი არ აღმოჩნდაო.
“გასათვალისწინებელია, რომ დაკვირვების პერიოდი დაემთხვა ძლიერ ნალექებს, თუმცა სათვალთვალო ჭაბურღილებში გრუნტის წყალი არ ფიქსირდება”, – წერია 9 მაისის ანგარიშში.
“სუხმან კონსალტინგის” წარმომადგენელმა გურამ შარაშენიძემ გვითხრა, მონასტრის ტერიტორიაზე პერიოდული გრუნტის წყლები კი შეინიშნება, მაგრამ ის საფრთხეს არ უქმნის არც წმ. გიორგის ეკლესიას და არც მთავარ ტაძარსო.
“გრუნტის წყლის დონე არის უფრო დაბლა, ვიდრე 8 მეტრი ზედაპირიდან. ჭაბურღილმა გვაჩვენა, რომ პირველი 6-8 მეტრი არის თიხოვანი ქანები, მერე მოდის დაშლილი კირქვები… ზეგავლენას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ პერიოდული გრუნტის წყლები, ანუ, ასე რომ ვთქვათ, ნიაღვრები, წვიმის წყალი, რაც გვარდება სადრენაჟო სისტემის მოწყობით”, – გვიხსნის შარაშენიძე.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა გელათში გრუნტის წყლების კვლევის ანგარიში ამბობს, რომ ტაძრების მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მშრალია. ეს ამბავი გაუკვირდა გეოფიზიკოს ლადო მირიანაშვილსაც და გვითხრა:


[სავარაუდოდ, გრუნტის წყლისგან გამოწვეული ტენით დაზიანებული მხატვრობა, ფოტო: ქუთაის-გაენათის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი, 2024 წლის აგვისტო]
“ამ დასკვნის მიხედვით, მართლა მასე გამოდის… მაგრამ ბოლო დროს მე რაც ფიზიკურად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იქ, [ტაძარში] თითქოს, ადამიანის სიმაღლის დონეზე, რაღაც გარკვეული სინესტის ლაქები შეიმჩნეოდა. არც ერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ ისინი სახურავიდან გაჟონილ წყალს გამოეწვია. ის საძირკვლიდან იქნება შეღწეული. ასე რომ, არ შეიძლება ცალსახად იმაზე საუბარი, რომ [გრუნტის წყალი] იქ არაფერს ავნებს და არ გაიჟონება”.
ბუნებრივია, კითხვები გვქონდა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. მათგან გვაინტერესებდა რა ეტაპზეა ახლა სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია, არსებობს თუ არა პროექტი და გაგზავნილია თუ არა ის იუნესკოსთან… კომიტეტისგან, ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია. თუ რაიმე ინფორმაციას მოგვაწდვიან, სტატიაში შესაბამისად ავსახავთ.
რაც შეეხება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, პასუხისმგებლობა აირიდეს და მოგვწერეს, ამ თემაზე კომიტეტს მიმართეთო. არადა, 2025 წელს გამოქვეყნებულ იუნესკოს ანგარიშში წერია, რომ სააგენტო უნდა თანამშრომლობდეს საპატრიარქოსთანო. წესით, სწორედ სააგენტოს უნდა ადარდებდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება და რეაბილიტაციის პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარება.