fbpx

Რისთვის ვუხდით ფულს იმერეთის რწმუნებულს? 

Kutaisi 1 2

Რწმუნებული, იგივე გუბერნატორი, ამა თუ იმ მხარეში მთავრობისგანაა მივლენილი. ხელისუფლებას ასეთი “მარჯვენა ხელი” ცხრა რეგიონში ჰყავს. ცხრავე გუბერნატორის, მათი მოადგილეებისა და ადმინისტრაციის შენახვა წელს ბიუჯეტიდან 7.7 მილიონი ლარი გვიჯდება. საკითხავია, გვიღირს თუ არა ამ თანხის გადახდა სიმბოლური, ფუნქციადაკარგული სტრუქტურის სანაცვლოდ. 

“აი, ფაქტი” დაინტერესდა, რაში ვუხდით ფულს იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რისი უფლება და მოვალეობა აქვთ კანონით და მოაქვთ თუ არა რაიმე სარგებელი ხალხისთვის. აღმოჩნდა, რომ მათი ფუნქციები ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო დაკნინდა და საქმის კეთება ნებაყოფლობითი გახდა. გუბერნატორებს ანგარიშების მომზადებაც აღარ ევალებათ.

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე წელს ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. თავად რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასებზე კი 231 ათასი ლარი.

გუბერნატორების არჩევაში ხალხი არ ერევა. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა, შესარჩევ კანდიდატურებს კი პრემიერმინისტრი წარადგენს. გუბერნატორი შემდეგ თავად ირჩევს მოადგილეებს. იმერეთის მხარის რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასები ბოლო 7 წელში, თითქმის, გაორმაგდა

imereti khelpasebi

რწმუნებულის ადმინისტრაციის დაკნინებული ფუნქციები 

Სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 1993 წელს შეიქმნა. მათი მთავარი მიზანი იყო რეგიონებში თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, მართლწესრიგის დაცვა და კრიმინალური ბანდების აღკვეთა. 1999 წელს ამ სტრუქტურის პირველი დებულებაც შეიქმნა. გუბერნატორები მაშინ Საქმიანობის ანგარიშებს ამზადებდნენ და პრეზიდენტს წარუდგენდნენ, Შემდეგ კი ეს ვალდებულება მოეხსნათ. 

1999 წლისთვის რწმუნებულებს ბევრი საქმე ჰქონდათ. მაგალითად, აკონტროლებდნენ ადგილობრივ თვითმმართველობებს, აძლევდნენ მითითებებს და შეეძლოთ დროებით შეეჩერებინათ მერიის გადაწყვეტილებები; ჩართული იყვნენ საჯარო სამსახურებში კადრების შერჩევის პროცესში, ზრუნავდნენ რეგიონებში კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვაზე და აკონტროლებდნენ ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას. რწმუნებულებმა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები მალევე დაკარგეს.

2007 წლის დებულებით, ვეღარ ჩაერეოდნენ საჯარო სამსახურში კადრების შერჩევის პროცესში, ჩამოერთვათ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების უფლებაც. გუბერნატორები სახელმწიფო ქონების და ბუნებრივი რესურსების განკარგვაშიც ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას.

2013 წელს გუბერნატორების საქმიანობა კიდევ ახალი დებულებით განისაზღვრა. ამჯერად,მხოლოდ მათ უფლებამოსილებებზე წერენ და ფუნქციებზე აღარ. 2019 წლიდან კი რწმუნებულებს ანგარიშის მომზადების და მთავრობაზე ან პარლამენტზე ჩაბარების ვალდებულება მოეხსნათ.

“პარლამენტს აქვს უფლება მოითხოვოს და მოისმინოს [რწმუნებულის] ანგარიში, მაგრამ რაზე უნდა მოისმინოს, როცა კანონით არაფერი ევალებათ. ზედამხედველობა იყო ერთადერთი რეგულარული ფუნქცია და ესეც ჩამოერთვა. სახელმწიფოდან უნდა გადავიდეს გარკვეული ფუნქციები ცენტრალურიდან რეგიონის დონეზე. მაგალითად, რაღაცა საკითხზე ლიცენზიის აღება. რატომ უნდა დადიოდეს თბილისში ვინმე, როდესაც შეიძლება რეგიონშივე მოგვარდეს,” – გვეუბნება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი ალექსანდრე სვანიშვილი.

chai shalamberidze
გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე “ქართული ჩაისთვის” ტექნიკით გადაცემას ესწრება (ფოტო: იმერეთის მხარის ფეისბუქი)

იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდის მიხედვით, გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ძირითადად, ესწრება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რეგიონში გამართულ კონცერტებს, სპექტაკლებს, ფესტივალებს და აჯილდოებს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ფეისბუქზე, უმეტესად, აზიარებენ მთავრობის ოფიციალური გვერდის პოსტებს, ტელეიმედის და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სიუჟეტებს, ასევე ეროვნული სპორტული ნაკრებების წარმატების და რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნ პოსტებს. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობების ექსპერტ დავით ლოსაბერიძის თქმით, საჭიროა არსებობდეს რწმენუბულის ადმინისტრაციის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც გადაწყვეტილებებს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდლად მიიღებს. თუმცა, ადმინისტრაციის ახლანდელი სახით არსებობა აზრს მოკლებული ჰგონია.

“უნდა იყოს განსაზღვრული, რა თანხაზე და როგორ არის პასუხისმგებელი. რა ევალება განათლების სფეროში? არაფერი. რა ევალება ჯანდაცის სფეროში? არაფერი. რა ევალება თავდაცვის სფეროში? ვთქვათ, გამოჩნდა გენიალური გუბერნატორი, დაგეგმა ინვესტიციის მოზიდვა, თუ ცენტრმა არ შეუწყო ხელი, არ დაამტკიცა, არ მიიღო… ბოლოსდაბოლოს, პრემიერი მოხსნის იმ ადამიანს და დამთავრდება მაგით საქმე. ანუ, თუ გვინდა [რწმუნებულის ადმინისტრაცია], უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რატომ გვინდა და თუ არ გვინდა, რატომ არ გვინდა,” – გვითხრა დავით ლოსაბერიძემ. 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ვთხოვეთ მოეწოდებინათ გუბერნატორების მიერ წარდგენილი საქმიანობის ანგარიშები, მაგრამ არ გამოგვიგზავნეს. რამდენიმეჯერ ვცადეთ მათთან დაკავშირება, რომ დაგვეზუსტებინა, ანგარიშები საერთოდ არ აქვთ თუ ჩვენ არ გვაწვდიან. ადმინისტრაციის პრესსამსახური და აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს. 

ანგარიშის გარდა, ვთხოვეთ გამოეგზავნათ დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს რომ გუბერნატორები კანონით განსაზღვრულ საქმიანობას ეწეოდნენ. მაგალითად, უგზავნიდნენ მთავრობას რეკომენდაციებს, როგორ უნდა განვითარდეს რეგიონის ეკონომიკა, უწყობდნენ ხელს რეგიონში სოფლის მეურნეობის და სპორტის განვითარებას, ზრუნავდნენ სამოქალაქო თავდაცვაზე, ან იღებდნენ მონაწილეობას მთავრობის სხდომებში. იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ამ კითხვებით Წერილები სამი თვის წინ გავაგზავნეთ და პასუხი დღემდე არ მიგვიღია. გუბერნიიდან არც ადმინისტრაციული საჩივრის დაწერის შემდეგ გამოგვეხმაურნენ. 

მთავრობისგანაც მოვითხოვეთ 2013-2022 წლებში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულებისგან მათთან გაგზავნილი ყველა ტიპის ანგარიში, ინიციატივა, პრეზენტაცია ან რეკომენდაცია. წერილზე პასუხს, ერთი თვეა, უშედეგოდ ველით. 

წყალში გადაყრილი ფული

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 31 ადამიანია დასაქმებული. ისინი თანამდებობრივი სარგოს გარდა, იღებენ პრემია-დანამატებსაც. ამ მიზნით ბოლო 7 წელში 707 ათასი ლარი დაიხარჯა. ბუნდოვანია, რისთვის ვუხდით ფულს ამ ხალხს. მაშინ, როდესაც გუბერნატორი მხოლოდ მთავრობის დავალებებს ასრულებს და დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია. ვერც რეალურ დაპირებებს გასცემს, რადგან არ აქვს ბიუჯეტი, რომლითაც თავის მხარეში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოაგვარებდა. 

imereti

“თუ იტყვის გუბერნატორი, მე ჩემი ბიუჯეტიდან ამას გამოვყოფ და მივეხმარები… თავისთავად ტყუილია, იმიტომ რომ ბიუჯეტი კიარა, ხარჯთაღრიცხვაც არ აქვს მხარეს. მხარე იურიდიული პირიც არ არის, ბრძანებას, გადაწყვეტილებას მხარე და გუბერნატორი ვერ მიიღებს,” – გვიხსნის დავით ლოსაბერიძე, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ თვითმმართველობათა კონგრესის დამოუკიდებელი ექსპერტია.

“ფაქტობრივად, ეს არის გადაყრილი ფული. ვთქვათ, თუ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ინფორმაცია მიაწოდოს[მთავრობას] და რაღაცა ინფორმაცია წამოიღოს, ამას ერთი ადამიანიც თავისუფლად გააკეთებს, რაში სჭირდება ამხელა აპარატი. ეს აპარატი თავის დროზე იმიტომ არსებობდა, რომ ფუნქციები ჰქონდა. თუ ფუნქციები არ ექნა, მაშინ აზრი არ აქვს ასეთი სტრუქტურის არსებობას,” – გვითხრა “საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სვანიშვილმა.

როგორ მუშაობს რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურები

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამი სამსახურია – რწმუნებულის აპარატი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური. 

რწმუნებულის აპარატი განიხილავს მოქალაქეების განცხადებებს და პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ამ ფუნქციას რომ ვერ ასრულებენ, ჩვენი წერილების უპასუხოდ დატოვებიდანაც ჩანს.

რაც შეეხება მოქალაქეების წერილებს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მოსახლეობა გუბერნატორისგან, ძირითადად, ითხოვს ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართების გამოყოფას, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას და რწმუნებულთან შეხვედრას. არ ვიცით, რამდენად აკმაყოფილებენ მოქალაქეების ამ სურვილებს, რადგან გუბერნატორების საქმიანობის ამსახველი არც ართი დოკუმენტი არ მიგვიღია. 

Besik gopodze da shalamberidze
იმერეთის გუბერნატორი და მისი მოადგილე ჭიათურაში განახლებულ შადრევანს ათვალიერებენ.
(ფოტო: იმერეთის მხარის ფეისბუქი)

რომ გაგვეგო, როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერიებს წერილობით ვკითხეთ, რა გაუკეთებიათ ერთად.

ყველაზე ვრცლად მოგვწერა ქუთაისის მერიამ. გვითხრეს, რომ მერია გუბერნატორებს აწვდის ინფრასტრუქტურულ პროექტებთნ და სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს. ჩვენს წერილებზე ხუთ მუნიციპალიტეტს არ უპასუხია, ექვსი მათგანისგან კი ერთი და იგივე შინაარსის პასუხი მივიღეთ. მაგალითად, საჩხერის მერიიდან მოგვწერეს

“განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ურთიერთობს იმ ფორმით, მოცულობითა და სიხშირით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით ‘ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’ 146-ე-149-ე მუხლებით.”

ამ მუხლების მიხედვით, გუბერნატორის ადმინისტრაცია ადგილობრივ მთავრობებთან უნდა თანამშრომლობდეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საშუალებით, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება. მოგვწერეს, რომ ეს საბჭო 2016-2022 წლებში 49-ჯერ შეიკრიბა. ვიკითხეთ, რა განიხილეს ამ სხდომებზე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. 

რას ჰყვებიან რწმუნებულის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები 

“აი, ფაქტი” ესაუბრა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ თანამდებობის პირებს, რიგით თანამშრომლებს და ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათი მონაყოლი ადასტურებს, რომ სახელმწიფო რწმუნებული სიმბოლური თანამდებობაა და კონკრეტული საქმის კეთების ვალდებულება არ აქვთ. საბოლოოდ, გაურკვეველია, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ხალხისთვის სტრუქტურას, რომელსაც ყოველწლიურად, ასობით ათასი ლარით ვაფინანსებთ. 

“თითქმის ორი თვე გუბერნატორის მოვალეობას ვასრულებდი და ერთი ბრძანება, ერთი დავალება არ მოსულა. ღარიბაშვილი იყო მაშინ პრემიერმინისტრი. ცოცხლები ხართო? ეს მაინც რომ ეკითხათ… ჩემი ინიციატივით თუ წავიდოდი და ვნახავდი რაღაცას. ახლა რა დავალებებს იძლევა პრემიერი არ ვიცი, მაგრამ საჯაროდ რასაც ვადევნებ თვალს, მგონია, რომ ძალიან ფორმალობადაა ქცეული სამხარეო ადმინისტრაცია. იმდენი რამეა ახლა “დალაგებული”, რომ იქ გუბერნატორს აღარავინ რთავს,” – გვეუბნება ამირან ძოწენიძე. ის 2013 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 

2011-2014 წლებში იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ ზოგჯერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავალებით, რეგიონული პროექტების მიმდინარეობას ამოწმებდნენ. თუმცა, უმეტესად, საქმე არაფერი ჰქონდათ. მან სახელის და გვარის და ადმინისტრაციაში მისი თანამდებობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. 

“ძალიან სისულელეა, ბიუჯეტის წურბელები არიან ჩვეულებრივად. ფორმალური წერილი შემოვიდოდა სამინისტროდან, ვგზავნიდით ამ წერილს მუნიციპალიტეტებში, ასეთი გამოგონილი საქმეები რა…. მე რეგიონული კუთხით სამუშაოების მონიტორინგს ვახორციელებდი და მერე სამინისტროს ვაგებინებდი, რომ ამდენი პროცენტით მიმდინარეობს. დღეები ისე გადიოდა, საერთოდ არაფერი რა… პანაშვიდებზე დავდიოდით, თანამშრომლები ტყუილად იყვნენ,” – გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას რომ ქმედითი ფუნქციები არ აქვს, ამას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც გვეუბნებიან. ლეიბორისტული პარტიის წევრის, ირაკლი კიკვაძის თქმით, ეს სტრუქტურა პარტაქტივის დასასაქმებლად გამოიყენება. 

“[ადმინისტრაციას] არ აქვს არავითარი სერიოზული დანიშნულება, არც თავის ბიუჯეტი გააჩნია, არც პროგრამებს გეგმავს, ანუ დღემდე შემორჩენილია ხორცმეტ ინსტიტუტად და ამავდროულად, როგორც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, პარტიული აქტივის დასაქმების ფუნქცია აქვს. მთლიანობაში, ქმედითს არაფერს აკეთებს,” – გვითხრა ირაკლი კიკვაძემ. 

2010-2012 წლებში იმერეთის Სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო გრიგოლ შუშანია, რომელიც ახლა ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეა. მისი თქმით, ადრე გუბერნატორები საკრებულოს გამოცემულ დოკუმენტებს განიხილავდნენ. ახლა კი ამას მთავრობის ადმინისტრაცია აკეთებს. 

“რომ გააჩერო და გამოკითხო, 10-დან 9 ვერ გეტყვის სახელს და გვარს, თუ ვინ არის გუბერნატორი. იმდენად უფუნქციოდ გადააქციეს, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” პირობებში. ადრე, მაგალითად, საკრებულოს გამოცემული დოკუმენტი კანონთან თუ იყო შეუსაბამობაში, ამის შესწავლა ხდებოდა ჩვენთან იურიდიულ დეპარტამენტში და ვაძლევდით რეკომენდაციებს, რომ, აი, ამ მუხლს არ შეესაბამება თქვენი დადგენილება. Საბოლოო ჯამში, დღეს უფუნქციო ინსტიტუტია,” – გვითხრა შუშანიამ.

ვინ იყვნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულები 

2019 წლიდან დღემდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას ზვიად შალამბერიძე იკავებს. იქამდე, ის შპს “ფრეგოს” დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო. 

შალამბერიძის წინამორბედი იყო შავლეგო ტაბატაძე, რომელიც პოსტს 2018-2019 წლებში იკავებდა. გუბერნატორობამდე ის სამხედრო მოსამსახურე იყო, ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის J-7-ს-აც, ანუ სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტს. 

გივი ჭიჭინაძე იყო იმერეთის გუბერნატორი 2015 -2017 წლებში. მანამდე ის თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი იყო, ახლა კი პარლამენტში სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია

2013-2014 წლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული იყო ზაზა მეფარიშვილი. Მისი წარსული ძალოვან უწყებასაც უკავშირდება. 2013 წელს ის შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს ხელმღვანელობდა.

“აი, ფაქტმა” სცადა დაკავშირება იმერეთის ახლანდელ გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან, რომ გვეკითხა, რა იცის თავის ფუნქცია-მოვალეობებზე. პრესსამსახურმა მისი საკონტაქტო ნომერი არ მოგვცა. მივედით ადმინისტრაციაშიც, მაგრამ შალამბერიძე ადგილზე არ დაგვხვდა. კანცელარიის თანამშრომელმა ისევ პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გარემოს დაცვის სამინისტროს შეუსრულებელი მისია
garemo

გარემოს დაცვის სამინისტროს შეუსრულებელი მისია

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share