fbpx
hesebi

ვინ და როგორ იკვლევს, რა გავლენა ექნებათ ჰესებს გარემოზე?

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

7 წლის წინ, ზაფხულში, დარიალის ხეობაში ღვარცოფს და მეწყერს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მდინარე თერგზე ჰესს აშენებდნენ. 

შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? გარემოსდამცველებს სჯერათ, რომ კი. მეტიც, ისინი მოსალოდნელ საფრთხეს პროგნოზირებდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს სასამართლოში “მწვანე ალტერნატივამ” 2012 წელს  უჩივლა კიდეც. თუმცა, არც კვლევითმა ორგანიზაციამ, რომელიც ჰესის გარემოზე ზემოქმედებას იკვლევდა, არც ინვესტორმა და არც სამინისტრომ მათი მოსაზრება არ გაითვალისწინა. ჰესის მშენებლობა ღვარცოფებით განთქმულ ხეობაში ზუსტად იმ ადგილას დაიწყო, რომელსაც ბევრი ეწინააღმდეგებოდა. 

dariali mtis ambebi
წყარო: მთის ამბები

ჰესის გარემოზე ზემოქმედებას სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია “გამა” სწავლობდა. 2011 წელს მათ მიერ მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ)  დოკუმენტში წერია, რომ ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით კი ჰესის მშენებლობისთვის შერჩეულ ადგილას. თუმცა, დოკუმენტში ჰესისთვის ალტერნატიული ადგილები განხილული მაინც არ იყო, რადგან მთავრობამ ინვესტორს ეს ადგილი გამოუყო მშენებლობისთვის. 

თეა გოდოლაძე გეოლოგია და “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს” ხელმძღვანელობს. “ის რომ იქ ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა, კითხვის ნიშანსაც კი არ ბადებს. ყველა გეოლოგმა იცის დევდორაკზე. ეს მასივი არის მყინვარწვერის მასივი, დაკავშირებულია აქტიურ ვულკანებთან,“ – გვეუბნება გოდოლაძე. ის დარწმუნებულია, რომ “გამას” მკვლევრებმაც იცოდნენ ამის შესახებ, თუმცა რატომ გასცეს ჰესის ამ ადგილზე აშენების რეკომენდაცია, მისთვის გაუგებარია.

“გამას” დირექტორი, ზურაბ მგალობლიშვილი კი ამ ფაქტს ასე ხსნის: “ადგილი შეთანხმებული იყო სახელმწიფოსთან მემორანდუმით, ამ მდინარეზე უნდა გაკეთებულიყო. საქმე რაშია იცით? ეს გვირაბი რომ არ ყოფილიყო, გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა. ბევრმა იმ გვირაბს შეაფარა თავი, მაგალითად ტრაილერების მძღოლებმა.”

მგალობლიშვილს ისიც ვკითხეთ, თავისივე გზშ-ში აღწერილი რისკების მიუხედავად, დასკვნაში რატომ წერია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედება იქნება მინიმალური და რატომ არ უთხრა ინვესტორს, რომ ამ ადგილზე მშენებლობა არ იქნებოდა კარგი. “გვირაბი რომ შენდებოდა იმის გავლენა გარემოზე იყო მინიმალური, რა თქმა უნდა. დევდორაკის ღვარცოფი რომ წამოვიდეს, როგორი ზემოქმედება ექნება მაგას ვინ დაითვლის და ვინ გაზომავს. როცა პროექტს პრობლემა აქვს, ამას ვწერთ. ჩვენ აღვწერეთ რა როგორ, ინვესტორს ავუხსენით და სამინისტროც ხედავდა ყველაფერს. “გამა” მეტს ვერაფერს იზამს,” – გვიპასუხა მგალობლიშვილმა.   

“გამა” ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც ჰესების მშენებლობის ნებართვის მისაღებად ინვესტორებს საჭირო კვლევებს უმზადებს. მათ მომზადებულ დასკვნებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც არ ამოწმებს განსაკუთრებული კრიტიკულობით. სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 64 ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების საკითხი განიხილეს. აქედან 47-ის გზშ “გამა კონსალტინგმა” მოამზადა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, 2011-2021 წლებში ექსპლუატაციაში 23 ისეთი ჰესი შევიდა, რომლის სიმძლავრე 5 მგვტ-ს აღემატება და კანონმდებლობა მოითხოვს მისი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. 23-დან 15 ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში კი “გამა კონსალტინგმა” მოამზადა.  

სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ მომზადებული კვლევები მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ხანდახან ერთი დოკუმენტის ტექსტი ბრმად, შესწორების გარეშე გადააქვთ სხვა პროექტის დოკუმენტაციაში, ხან გარემოზე პროექტის ზემოქმედებას ისე აფასებენ, რომ გარემო დეტალურად შესწავლილიც კი არ აქვთ, ხან კი მათი მომზადებული კვლევების გამო ქვეყანასა და ინვესტორს ფინანსური ზარალიც ადგება. ამ ყველაფრის მაგალითს ქვემოთ მოცემულ სტატიაში მრავლად ნახავთ.

დარიალი ჰესი არ არის ერთადერთი ნაგებობა, რომლის მშენებლობისთვის, დარგის სპეციალისტების აზრით, არასწორი ადგილი შეირჩა. მსგავსი ამბავი მოხდა მესტიაჭალა ჰესის შემთხვევაშიც. მისი გზშ-ც “გამამ” მოამზადა.  

mestiachalahesi

მესტიაჭალა ჰესიც ღვარცოფულ ზონაში აშენდა. 2019 წლის ივლისში ღვარცოფმა ისიც დააზიანა, მიმდებარე გზებიც და ავტომობილებიც. მაშინ მესტიის მერით, კაპიტონ ჟორჟოლიანით დაწყებული, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებით  გაგრძელებული და მშენებარე კომპანიით დამთავრებული, ყველა ერთ ვერსიას ავრცელებდა – “ მესტიაჭალა ჰესმა სტიქია შეაკავა.” გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ იმ ადგილას ჰესის მშენებლობა საერთოდ არ შეიძლებოდა. გარემოს დაცვის სპეციალისტი, მამუკა გვილავაც მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში მყინვარების ქვემოთ ჰესის მშენებლობა უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევა. 

გეოლოგ თეა გოდოლაძის აზრით კი ჰესი ვერასოდეს იქნება შემაკავებელი მოვლენა, პირიქით: “მესტიაჭალა ჰესი ისეთი სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ისტორიაში, რომ ვერასოდეს ჩამოირეცხავენ. მოვა ნორმალური მთავრობა და ეს საკითხი გამოსაძიებელი იქნება. სამჯერ იყო გაფრთხილებული მშენებელი კომპანია, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლებოდა, ერთ-ერთი მე ვიყავი, ვინც აფრთხილებდა.”

გარემოს დამცველებისა და დარგის ექსპერტების გარდა, ამ საფრთხეებზე საკონსულტაციო კომპანია “გამა” თავის გზშ-შიც წერდა, თუმცა მაინც დადებითი რეკომენდაცია გასცა ჰესის ამ წერტილში მშენებლობაზე. 

„ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების შემთხვევაში საპროექტო წყალმიმღები არ გამოიწვევს ღვარცოფული მასის შეკავებას და დამბის ზედაპირიდან სრული მოცულობით გატარდება ქვედა ბიეფში. გამომდინარე აღნიშნულიდან ღვარცოფული ჩამონადენი დააზიანებს სათაო ნაგებობებს, ხოლო მდინარის კალაპოტში სათაო ნაგებობების არსებობა არ გაზრდის სტიქიური მოვლენის ინტენსივობას,“ – წერია გზშ-ში.

ჩვენ დავინტერესდით და “გამას” დირექტორს ზურაბ მგალობლიშვილს ვკითხეთ, რატომ თანხმდებიან ინვესტორები ჰესების ისეთ ადგილას მშენებლობას, რომელიც საფრთხეს თავად მათივე ნაგებობას შეუქმნის და არიან თუ არა ინვესტორები დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილი შეირჩეს პროექტისთვის?  

“ჩვენ საკონსულტაციო კომპანია ვართ და ვხატავთ რეალობას, ვეუბნებით – ეს ასეა. როგორც აუდიტორული კომპანია, რომელიც არ გეუბნება, ეს არ გააკეთო ან გააკეთეო. შემდეგ უკვე ინვესტორის რისკია, თანაც სახელმწიფო ნახულობს და კითხულობს მთლიანად შენს დოკუმენტს. ჩვენ აღვწერთ რეალობას და მერე სახელმწიფო და ინვესტორი წყვეტენ ერთმანეთში. მესტიაჭალა ჰესის შემთხვევაში ჩვენ ვუთხარით და პროექტშიც ჩაიდო, რომ იქ ღვარცოფდამჭერი უნდა ყოფილიყო. მანდ ინვესტორმა მიიღო უზარმაზარი ზარალი, თორემ ამ ჰესმა მესტია დაიცვა,” – ამბობს მგალობლიშვილი.  

გარემოს დამცველი დათო ჭიპაშვილი გვიყვება, რომ “გამა” ამ მეთოდით ნახევარ სიმართლეს წერს და ამით თავს იზღვევს, რომ მასთან მოსადავებელი არავის ჰქონდეს: “აღწერილობით, შეფასებით ნაწილში სწორად წერს, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ნაწილი არ ემთხვევა დასკვნით ნაწილებს. როდესაც წერს, რომ აქ ღვარცოფმა შეიძლება წაიღოს რაღაცა და დასკვნაში წერს, რომ გარემოზე ზემოქმედება იქნება მინიმალური, გამოდის, რომ ეს ნაწილები არ მოდის თანხვედრაში. ნებართვის გამცემები გადაწყვეტილებებს იღებენ დასკვნითი ნაწილის წაკითხვით. არსად უთითებენ, რომ აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება დასკვნით ნაწილს. ამიტომაც არის გზშ-ს ხარისხი არადამაკმაყოფილებელი და ამიტომაც არის ეს დოკუმენტები მხოლოდ ფორმალობა.”

“გამას” საქმიანობის 30-წლიანი ისტორია აქვს. 

1991 წელი – საქართველო-ჰოლანდიის კომერციული ასოციაცია “ხიდის”, ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტისა და საინიციატივო ჯგუფის (რომელშიც “გამა კონსალტინგის” დღევანდელი მფლობელები იყვნენ გაერთიანებული) მიერ შეიქმნა მცირე საწარმო სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა;“  

1996 წელი – მცირე საწარმო სამეცნიერო-კვლევითმა ფირმა „გამამ“ განიცადა რეორგანიზაცია და გარდაიქმნა შპს “სამეცნიერო-კვლევითი ფირმა გამად”, რომლის მფლობელები გახდნენ ვახტანგ გვახარია, ჯემალ გაბეჩავა, ვლადიმერ ციციშვილი, ტარიელ ადამია და ზურაბ მგალობლიშვილი. პარალელურად, მათვე შექმნეს “ზენიტ გამა”, რომელიც ინგლისში იყო დარეგისტრირებული და “გამას” შვილობილ კომპანიად ჩამოყალიბდა; 

2011 წელი – ვახტანგ გვახარიამ, ტარიელ ადამიამ და ზურაბ მგალობლიშვილმა ახალი კომპანია, “გამა კონსალტინგი” დააფუძნეს. 

ყულევის ტერმინალის ამბავი 

ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მაშინდელმა “ზენიტ გამამ” იმუშავა, ყულევის ნავთობტერმინალი იყო. 1998 წელს კოლხეთის ეროვნულ პარკში ტერმინალის მშენებლობა დაიწყეს. ეს ადგილი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში იყო და “რამსარის კონვენციით” აქ მშენებლობა არ შეიძლებოდა. კონვენციის მიზანი ჭაობების დაცვა და მათი გონივრული გამოყენებაა.

მაშინ “ზენიტ გამამ” ტერმინალთან მისასვლელი სარკინიგზო და საზღვაო გზების გზშ-ები ისე მოამზადა, რომ ამ ტერიტორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გაითვალისწინა

მამუკა გვილავა 2000-იან წლებში კოლხეთის ეროვნული პარკის პროექტის მენეჯერი იყო. “აი, ფაქტთან” საუბარში იხსენებს, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა და დონორმა მათ გზშ-ების ანალიზი მოსთხოვა. ამისთვის, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა დაიქირავა. 

“არ იყო სახარბიელო შედეგები. შეფასების ქულები D და E იყო სულ, A, B, C მე არ მახსენდება (A ნიშნავს ძალიან კარგს, E ძალიან ცუდს). რკინიგზის შემთხვევაში განსაკუთრებით უარყოფითი შეფასებები იყო,” – ამბობს მამუკა გვილავა. მან ბრიტანელების ანალიზი მოგვაწოდა, ჩვენ კი თქვენ გიზიარებთ. 

kulevi
ყულევის ტერმინალი

რკინიგზის მისასვლელის გზშ-ში შემოწმებული 85 თავიდან 43-ში ფუნდამენტური შეცდომები, 29-ში კი შეუსაბამო საკითხები აღმოაჩინეს. 85 თავიდან მხოლოდ 7 იყო დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად ამ შედეგისა, ტერმინალი მაინც აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს. 

ტერმინალისგან განსხვავებით, აქტიური აღარაა კომპანია “ზენიტ გამა.” მისი მემკვიდრე 1996 წელს “სამეცნიერო-კვლევითი ფირმა გამა” გახდა, რომელიც  ვახტანგ გვახარიამ, ტარიელ ადამიამ და ზურაბ მგალობლიშვილმა შექმნეს

2011 წელს კი იმავე ჯგუფმა შპს “გამა კონსალტინგი” დაარეგისტრირა. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ლაბორატორიული და საკონსულტაციო სამსახურების განცალკევება გადაწყვიტეს და ამიტომ შექმნეს ახალი კომპანია. 

მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ორივე კომპანია მონაწილეობს. 2011 წლიდან დღემდე, სახელმწიფო უწყებებთან 4.5 მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება აქვთ დადებული. გამას მომსახურებას, ძირითადად, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს თბილსერვის ჯგუფი, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და თბილისის მერია ყიდულობს. მათთან ხელშეკრულებები ფორმდება გზშ-ს და სხვა გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადების, საინჟინრო-გეოლოგიური მომსახურების, გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარების და საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით. დეტალები ტენდერების შესახებ, შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე

“გამას” უკავშირდება კვლევითი დოკუმენტების მომზადება ბევრი ისეთი პროექტისთვის, რომელზეც ხშირად ხმამაღალი დისკუსია და ცხარე კამათი იმართება. შპს “გამა კონსალტინგმა” მოამზადა, მაგალითად, ნამახვანის, შუახევის, ბახვის, “ხადორი-3”-ის ჰიდროელექტროსადგურების და “ნიგოზას” ქარის ელექტროსადგურის გზშ-ის ანგარიშები.

ამ პროექტებიდან ზოგიერთმა სახალხო პროტესტი და დაპირისპირება გამოიწვია, ზოგი არასწორად შერჩეული ადგილის გამო მეწყერმა დაანგრია, ერთ-ერთი ჰესის გვირაბები კი გახსნისთანავე დაზიანდა.

“გამას” დირექტორი და ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ზურაბ მგალობლიშვილი ამბობს, რომ მათი ზომის საკონსულტაციო კომპანია ქვეყანაში სხვა არ არის: “სხვა კომპანიები, ჯერ ერთი, თვითონ არ კიდებენ ხელს დიდ ობიექტებს იმიტომ, რომ ხელები არ აქვთ იმდენი, რომ შეეჭიდონ ეგეთ ამოცანას. რომ შეეჭიდებიან ხოლმე, მერე შარში ვარდებიან  და დამკვეთიც უკმაყოფილოა. EBRD-ც გვიცნობს, აზიის განვითარების ბანკიც, მსოფლიო ბანკიც. ყველა საერთაშორისო საფინანსო კომპანიას ნანახი აქვს ჩვენი დოკუმენტები და შენიშვნები არ აქვთ. შენიშვნები მარტო ერთი-ორ არასამთავრობოს აქვს.” 

მთავარი კვლევა, რომელსაც “გამა კონსალტინგი” ჰესის შესახებ ატარებს, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაა. გზშ არის მნიშვნელოვანი ანგარიში და ერთგვარი სახელმძღვანელო ინვესტორისთვის, რომ დარწმუნებული იყოს, პროექტი პრობლემებს არ გამოიწვევს. 

“ხადორის” ამბავი

კომპანიამ 2017 წელს “ხადორი 3 ჰესის” გზშ მოამზადა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ მომზადებულ შეფასებაში გზშ-ს მნიშვნელოვანი ხარვეზებია აღწერილი. ინვესტორებს არც ადგილობრივებთან ჰქონდათ სათანადო კომუნიკაცია. ამის გამო 2019 წლის აპრილში, მდინარე ალაზანსა და მის შენაერთებზე დაგეგმილი პროექტის სამშენებლო სამუშაოებს პანკისელების პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივებს მდინარე ალაზნის გაშრობის ეშინოდათ, რომელიც ხეობას წყლით ამარაგებს. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მთავრობამ ადგილზე სპეცრაზმი გაგზავნა

მამუკა გვილავა ამ პროექტის დოკუმენტაციას დეტალურად სწავლობდა, მისი შეფასებაც დაწერა და შემდეგ სასამართლოში ჩვენებაც მისცა. მისი თქმით, “ხადორი-3 ჰესთან” დაკავშირებით, “გამას” დუისის და ბირკიანის წყალმომარაგებაზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანეს საკითხი რეალურად არ განუხილავს.

“დუისი წყლის გარეშე ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი დარჩება წყლის გარეშე. ან იცხოვრებენ პანკისელები იმ ხეობაში, ან ვერ. “გამას” სამჯერ ჰკითხა სამინისტრომ, წყალმომარაგებას რას უშვებითო? სამივეჯერ არასწორად უპასუხა. სამინისტრო საკითხს რომ სვამს, პასუხს რომ იღებს, კი არ ამოწმებს, სწორია თუ არ არის სწორი,” – ამბობს გვილავა. 

pankisi amerikis khma
დაპირისპირება ადგილობრივებსა და პოლიციას შორის, 2019 წელი

ის გვიყვება, რომ “ხადორი 3” ჰესზე “გამას” წყლის ეკოლოგიური ხარჯის დათვლის მეთოდოლოგია დაუწუნეს და გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტმა დოკუმენტაციის ახლიდან წარდგენა მოსთხოვა. ერთ კვირაში “გამა კონსალტინგმა” ახალი მეთოდოლოგია წარადგინა და სამინისტრომაც მიიღო. მამუკა გვილავა გვეუბნება, ამ დროში მეთოდოლოგიის დაწერა შეუძლებელია და ექსპერტმა ალბათ იმიტომ მოაწერა ხელი, რომ მასზე ზეწოლა იყო.

საქმე ისაა, რომ “გამას” დათვლილი მეთოდოლოგიით, ჰესის აშენების შემდეგ მდინარე ალაზანში წყლის 10 პროცენტი დარჩებოდა. თუმცა, როგორც მამუკა გვილავა გვეუბნება, ეს მონაცემები თვიური საშუალოდან აიღეს და არა წლიურიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მდინარეში უფრო ნაკლები წყალი დარჩება, რაც მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობას გამოიწვევს. 

“გამას” დირექტორი ზურაბ მგალობლიშვილი კი ამბობს, რომ წყლის ხარჯი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან წინა ჰესებიც იგივე პრინციპით მუშაობს და პრობლემა არ შეუქმნია: “ხადორი 1” და “ხადორ 2”-ზე თუ არაფერი [პრობლემა] არ არის, “ხადორ 3”-ზე რა…? ერთი და იგივე მდინარეზე სამი სხვადასხვა წერტილია.”

მამუკა გვილავას ინფორმაციით, “ხადორი 2”-ის გზშ-ც პრობლემური იყო და იგი სამინისტრომ ოფიციალურად დაიწუნა, იმის გამოც, რომ “გარემოსდაცვითი ხარჯი” არასწორად იყო დათვლილი.

მგალობლიშვილი იმასაც ამატებს, რომ მათ არ აქვთ ბერკეტი, დამკვეთს მდინარეში წყლის 30-50 პროცენტის დატოვება მოსთხოვონ. მისი თქმით, ამის საჭიროების დამადასტურებელი კვლევები არ არსებობს. 

“[დამკვეთს] რომ ვეუბნები 30 პროცენტი დაუტოვე, მეკითხება, რატომ? რის საფუძველზე უნდა დავუტოვო 30 პროცენტი? მე პასუხი არა მაქვს, რატომ არ უნდა დატოვოს 10 პროცენტი, რომელსაც კანონი ავალდებულებს,” – ამბობს ზურაბ მგალობლიშვილი და ამატებს, რომ ამ მიმართულებით არასამთავრობოებსაც შეეძლოთ საქართველოს მდინარეებში წყლის მდგომარეობის შესწავლა. 

ეს საქმე “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” სასამართლოში 2018 წელს გაასაჩივრა. როგორც ცენტრის ადვოკატმა, თათია კაჭარავამ “აი, ფაქტს” განუმარტა, ექსპერტებმა ბოლოს 2020 წლის თებერვალში მისცეს ჩვენება სასამართლოს. ამ საქმეზე სასამართლოში სხდომებს აღარ ნიშნავენ. მიზეზად პანდემიას ასახელებენ. 

“თუ სხდომა გაიმართება, ამ საქმეს აუცილებლად წააგებენ, თუ სადმე რამე სამართალი არსებობს. სამინისტრომ მანამდე თვითონვე დაიწუნა “ხადორი 2″-ის ეკოლოგიური ხარჯი, მაგრამ რატომ არ არის დაწუნებელი ხადორი 3”-ის ეკოლოგიური ხარჯი, რომელიც “ხადორი 2″-ს ზუსტად ემთხვევა, სასამართლომ გადაწყვიტოს,”- ფიქრობს მამუკა გვილავა.

ნამახვანჰესის ამბავი

სახალხო პროტესტი მოჰყვა “გამას” ჩართულობით მიმდინარე პროექტს იმერეთშიც. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რიონზე „ნამახვანი ჰესების“ კასკადის მშენებლობის ნებართვა 2015 წელს გასცა. შემდეგ შეიცვალა პროექტის პარამეტრები და გზშ-ც. 

ახალ გზშ-ზე გაცემულ დასკვნაში კი წერია, რომ სამინისტრომ კომპანიას 23 კვლევის დაზუსტება და დეტალური დასაბუთება სთხოვა. მათ შორის, პროექტის ავკარგიანობის შეფასება, წყალტუბოს თერმულ წყლებზე ზემოქმედების შესაძლებლობა, ლეჩხუმში არსებულ ტვიშის მიკროზონასა თუ რიონის ზუთხზე უარყოფითი გავლენის შესწავლა. ეს კვლევები “გამას” მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტში არასრულად იყო მოცემული. 

ძველ გზშ-ში, რომელიც 2015 წელს მომზადდა, საუბარი იყო კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლზე, რომელიც საპროექტო არეალში მოჰყვა და კიდევ ჩამოთვლილი იყო 23 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთაგანაც 13 წყლით დაიტბორებოდა. “გამას” მიერ 2019 წელს მომზადებულ გზშ-ში კი  ვკითხულობთ, რომ “საპროექტო ცვლილებების გავლენის ზონაში მოქცეულ ტერიტორიებზე ხილული ისტორიულ-კულტურული ძეგლები განთავსებული არ არის. მათზე პირდაპირი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.”   

ეს მცირედია იმისა, რა დარღვევებიც ნამახვანჰესის გზშ-შია ნაპოვნი. ამაზე “აი, ფაქტი” ჯერ კიდევ მაისში წერდა. უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

ხანგრძლივი საპროტესტო მოვლენების შემდეგ პროექტის ხარვეზების აღიარება მთავრობასაც მოუწია. ორი თვის წინ, ინვესტორმა პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა. შეიცვლება თუ არა ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, უცნობია. 

მამუკა გვილავა ამბობს, რომ ინვესტიცია “გამას” მიერ ცუდად მომზადებული კვლევების გამოც გაჩერდა. “ვხვდებით ხომ, “გამას” ცუდად დაწერილმა გზშ-მ როგორ კრიზისში მოაქცია ქვეყანა? “გამა” რომ ამის გამკეთებელი არ იყო, თავიდანვე ვიცოდი, იმიტომ რომ ამხელა კაშხალი თვალით არ უნახავთ,” – ამბობს გვილავა. 

“რაც ნამახვანჰესის საქმეში კვლევები დევს, რაზეც ირწმუნებიან, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით არის ჩატარებული, სინამდვილეში ბუტაფორიაა, ფორმალური სახე აქვს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ნებართვებამდე, ხელშეკრულებაც გაფორმებული ჰქონდათ და მიწებიც გადაცემული იყო,” – ამბობს “მწვანე ალტერნატივას” დათო ჭიპაშვილი “მთის ამბებთან” ინტერვიუში

სამინისტროსგან გვინდოდა გაგვეგო, რატომ ხდება ასე, როცა ხარვეზებიან პროექტებს მწვანე შუქს მაინც უნთებს. რა გასაკვირია, რომ ჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს. 

ქარის ელ.სადგურის ამბავი 

კასპში, კვერნაქის ქედზე “ნიგოზას” ქარის ელექტროსადგურის პროექტისთვის “გამამ” მოამზადა როგორც სკოპინგის, ისე გზშ-ს დოკუმენტი. 

2020 წელს შპს “გამა კონსალტინგმა” გარემოს დაცვის სამინისტროს ქარის ელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში წერია, რომ საველე კვლევის დროს, პროექტის განხორციელების ადგილას საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ან რომელიმე დაცული სახეობა არ დაუფიქსირებიათ. არასამთავრობო სექტორისა და გარემოსდამცველების პროტესტის შემდეგ კომპანიას და სამინისტროს მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს ასე არ იყო. 

ორგანიზაცია “საბუკოს” წარმომადგენელი თინათინ არველაძე ამბობს და მტკიცებულებებით ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ფასკუნჯის ბუდეებია. 

“მნიშვნელობა აქვს, როდის გააკეთებ კვლევას, როდის გახვალ ველზე. შეიძლება, მაგ პერიოდში მიგრაცია იყოს და ფრინველსაც დატოვებული ჰქონდეს ადგილი,” – ამბობს არველაძე.

მისი თქმით, სამინისტროც და “გამა კონსალტინგის” ადვოკატებიც ამტკიცებდნენ, რომ სკოპინგის ეტაპზე რაიმე კვლევა არ მოეთხოვებოდათ და ერთდღიანი საველე გასვლა მათი კეთილი ნება იყო. სკოპინგის დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ის სამუშაო, რომელიც გზშ-ს მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს. 

“ადვოკატი პირდაპირ ამბობდა, მე საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავო. თუ ექსპერტი დაჯდება და საკუთარ სახლიდან დაწერს, რა პრობლემა არისო? ვერც სამინისტრო ხედავდა ამაში პრობლემას. ჩვენ ვეუბნებით, თუ არ გახვედი გარეთ, არ ნახე, რა სიტუაცია არის, რა სახეობები გხვდება, როგორ განსაზღვრავ კვლევის მეთოდოლოგიას, რა უნდა იკვლიო გზშ-ს პროცესში ან რამდენხნიანი კვლევა შეიძლება დაგჭირდეს?” – იხსენებს არველაძე. 

ქარის ელ. სადგურის შესახებ მომზადებული გზშ სამინისტრომ სამჯერ დაახარვეზა. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში ფრინველებზე კვალიფიციური კვლევა არ ჰქონდა წარმოდგენილი. 

“გამას” დირექტორი ზურაბ მგალობლიშვილი ინტერვიუსას გვიმტკიცებდა, რომ გზშ სამინისტრომ სამჯერ მხოლოდ იმიტომ დაახარვეზა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უჩიოდნენ და მათთან დავით დაიღალა. შენიშვნებიც მხოლოდ არასამთავრობოებს ჰქონდათ და იქ არსებული ჩიტის ბუდე საერთოდ არ ეკუთვნოდა ფასკუნჯს. საპირისპიროს ამტკიცებს სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლითაც “გამას” მიერ მომზადებული გზშ-ა შეფასებული:

  • კვლევის განმახორციელებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ მსგავს კვლევებს უფრო კვალიფიციურად მიუდგნენ ისეთ პროექტებში, სადაც ეს საჭირო იქნება;
  • “ავტორთა მტკიცება, რომ ტურბინების სიმაღლე 200 მეტრს არ აჭარბებს, ხოლო ფასკუნჯები 200 მეტრის ზემოთ ფრენენ, არადამაჯერებელია გზშ-ში წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს მიზეზი ვერ ჩაითვლება საკმარისად იმისათვის, რომ ტურბინების განთავსება ფასკუნჯებისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალოთ;”
  • აღსანიშნავია, რომ აღნიშნული „შემარბილებელი“ ღონისძიება რეალურად არაა შემარბილებელი, არამედ, შესაძლოა, ზიანის მომტანიც იყოს. პირველ რიგში, ორგანული მასის ლპობის პროცესი არაა საფრთხის შემცველი გარემოსთვის, არამედ არის ეკოლოგიური პროცესების განუყოფელი ნაწილი;
  • შემოთავაზებული (განახლებული) სქემით განლაგება რეალურად არ წარმოადგენს საფრთხეს ფრინველებისათვის გარდა ფასკუნჯისა რომელსაც საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ აქვს საბუდარი ადგილები. კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების შემდეგ გაუგებარი რჩება ფასკუნჯების ტურბინებთან შეჯახების რისკის ოდენობა რაც რეალურად არსებობს და შესაძლოა საკმაოდ დიდიც იყოს;
  • ავტორებს წარმოდგენილი აქვთ ნადარბაზევის ტბის იქტიოფაუნის კვლევის შედეგები. თუმცა, კვლევის მოცემულ მონაკვეთში პრაქტიკულად არაა განხილული დაგეგმილი მშენებლობის პოტენციური გავლენის რისკები ან ასეთი გავლენის არსებობის შემთხვევაში რაიმე სახის შემარბილებელი ღონისძიებები. ზოგადად წარმოდგენილი იქტიოლოგიური კვლევა ამოვარდნილია კონტექსტიდან და არ შეესაბამება მთლიანი დოკუმენტის ლოგიკას.
kvernakis qedi
კვერნაქის ქედი

სამინისტრომ “გამას” ამ ხარვეზების გამოსწორება დაავალა. “გამამ” ყველა შენიშვნაზე პასუხი  გასცა, ზოგიერთ მათგანს არ დაეთანხმა. შენიშვნების საფუძველზე განახლებული გზშ სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნებული არაა. მიუხედავად არსებული განხილვებისა,  სამინისტრომ ინვესტორს დაავალა შენიშვნების გათვალისწინება მშენებლობის დაწყებამდე და დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მისცა. “საბუკომ” ეს გადაწყვეტილება ისევ სასამართლოში გაასაჩივრა. 

“გამას” დირექტორი, ზურაბ მგალობლიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობოები არასერიოზულად იქცევიან და კომპანიას მიზანმიმართულად ესხმიან თავს. მაშინ როცა თვლის, რომ სამინისტროში პროფესიონალები მუშაობენ და არ ყოფილა შემთხვევა, “გამას” სამინისტროს შენიშვნები გაეპროტესტებინოს. ამ დროს კი არის შემთხვევები, როცა სამინისტროსა და არასამთავრობოების შენიშვნები ერთმანეთს ემთხვევა. 

დათო ჭიპაშვილის თქმით, “გამას” მომზადებული დოკუმენტები ხანდახან იმდენად ზოგადი და დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია, განსახილველი პროექტის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. ჭიპაშვილის აზრით, “გამა” რომ კვლევებს უხარისხოდ ატარებს, სამინისტროს ზერელე დამოკიდებულების ბრალიცაა. 

“თვითონ უწერიათ ხოლმე მთელ რიგ გზშ-ებში, რომ თითქოს 5 დღე ჰქონდათ საველე კვლევისთვის, 4 დღე წვიმდა, ვერ მოახერხეს ველზე გასვლა და მეხუთე დღეს რაღაცნაირად, შეხედეს, მაგრამ ჩატარებულად ჩაეთვალა. მე მაინც მწამს, რომ “გამას” შეუძლია უფრო ხარისხიანი დოკუმენტის მომზადება, აქ უფრო სხვა რაღაცაშია საქმე. ყველას, ინვესტორებსაც და მთავრობასაც ჰგონია, რომ გზშ არის ძალიან ფორმალური საკითხი, რომელიც, უბრალოდ, უნდა გაიარონ ნებართვისთვის,” – ამბობს ჭიპაშვილი.  

“გამას” დირექტორი, ზურაბ მგალობლიშვილი კი სხვას ამტკიცებს: “არც ერთ დოკუმენტში არ იწერება ისეთი რაღაცა, რომელიც თვალით არ არის ნანახი და ნამყოფი არ არის იქ ჩვენი ან ბიოლოგი, ან ჰიდროლოგი.” 

“წავიკითხე, დაახლოებით, 600-გვერდიანი დოკუმენტი და რომ მკითხოთ, რა გავლენა ექნება ამ ქარის ელექტროსადგურს ბიომრავალფეროვნებაზე, ვერ გეტყვით. ამ დოკუმენტაციიდან წარმოუდგენელია ამ დასკვნის გამოტანა,” – გვეუბნება თინათინ არველაძე.  

რატომ არ ხედავს “გამა” ალტერნატივებს? 

გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, პროექტის მშენებლობისთვის განხილული უნდა იყოს რამდენიმე სხვადასხვა ადგილი და ამ ალტერნატივების შესახებ ინფორმაცია სკოპინგის და გზშ-ს ანგარიშებში უნდა ეწეროს. “გამა კონსალტინგი” ამას არ აკეთებს. 

გარემოსდამცველების თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს წინასწარ აქვთ დადებული მემორანდუმი, წინასწარ აქვთ შერჩეული ადგილიც. “გამაც” მათ სურვილს მიჰყვება და სხვა ადგილს არ სთავაზობს. ასე მოხდა ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაშიც. 

“წინა სასამართლოზე თვითონ ადვოკატმა აღიარა, “რას გვთხოვთ ახლა, რომ კომპანია ადგეს და განიხილოს საქართველოს რეგიონებში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაო? ამის რესურსი ჩვენ არ გვაქვსო,” – ამბობს “საბუკოს” ექსპერტი თინათინ არველაძე. 

ჩვენ შემთხვევითობის პრინციპით გადავამოწმეთ “გამას” მიერ მომზადებული სკოპინგის 10 დოკუმენტი და აქედან ექვსში წერია, რომ პროექტი საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს და პროექტის ფარგლებში სხვა ალტერნატიული ვარიანტი არ განხილულა. ოთხ შემთხვევაში ალტერნატიული ადგილი განიხილეს, ოღონდ ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ასე მოხდა ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაშიც.  

“ალტერნატივაში გულისხმობენ, რომ ტურბინას გადაწევენ რაღაც 300 მეტრი აქეთ, ან პირიქით. საქმიანობა მთლიანად არის არა ის, ტურბინას სად წაიღებ და წამოიღებ, საქმიანობა არის მთლიანად ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა. ალტერნატივის განხილვა კი იქნება, რომ მთლიანად ამ ქარის ელექტროსადგურს სად წაიღებ? სხვა ადგილას სად ააშენებ? მაგალითად, ქუთაისი? რუსთავი?” – ამბობს არველაძე. 

ალტერნატივების განხილვა რომ სავალდებულოა, ამას ისიც ადასტურებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ “გამას” “ნიგოზას” ქარის ელ.სადგურის გზშ დაიწუნა და ალტერნატივების წარდგენა მოსთხოვა.

“თავიდანვე, სკოპინგის ანგარიშში რომ ჩაწერეს ალტერნატივების განხილვას არ ექვემდებარებაო, უარი უნდა უთხრა კომპანიას დოკუმენტაციაზე. კი არ უნდა გადაიყვანო გზშ-ს ეტაპზე. გზშ-ს ეტაპზეც არ ჰქონდათ ინფორმაცია ალტერნატივებზე. ვერც ექნებათ. აიღეს ტერიტორია, ქარის რესურსი არის კარგიო და პირდაპირ გადაწყვიტეს მანდ გაეკეთებინათ,”- ამბობს თინათინ არველაძე. 

“გამამ” სამინისტროს ტურბინების განთავსებისთვის ალტერნატიული ადგილები იმ ტერიტორიაზე შესთავაზა, რომელიც მოიცავდა ინვესტორ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მემორანდუმით ნაგულისხმევ არეალს. 

ალტერნატივების განხილვის ნაწილში გარემოს დაცვის სამინისტრო “გამა კონსალტინგს” განსხვავებულად ეპყრობა. 2019 წელს სამინისტრომ გზშ-ს ეტაპზე არ გადაიყვანა კომპანიები იმის გამო, რომ სკოპინგის ეტაპზე ალტერნატივების და ბიომრავალფეროვნების კვლევა სათანადოდ არ ჰქონდათ შესრულებული. “გამას” კი გამოსწორების შესაძლებლობა მისცეს. ერთ-ერთი ასეთი იყო “მტ გრიინ ენერჯის” მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი “ახალდაბა ჰესი”, რომლის მშენებლობაზეც სამინისტრომ უარი თქვა

“წარმოდგენილი ანგარიში არ შეიცავს გარემოს დაცვის მიზნით შემოთავაზებული დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ ინფორმაციას და არც შერჩეული ალტერნატივაა დასაბუთებული გარემოსდაცვითი კუთხით,” – წერია სკოპინგის ანგარიშში, რომელიც სამინისტრომ “მტ გრიინ ენერჯის” მისცა. 

კიდევ ერთი პროექტი შპს „სოლო ენერჯის” მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი “არაგვი ჰესი” იყო. აქაც სამინისტრომ ჰესის განთავსებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტერიტორიების არ შესწავლის და არ შეფასების გამო თქვა უარი. “შეფასების საწყის ეტაპზე არ იქნა განხილული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შესაბამისი ალტერნატივები და არ შეფასდა გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკები”. 

“გამას” დირექტორი ზურაბ მგალობლიშვილი კი თვლის, რომ მათი უპირატესობა კომპანიის  გამოცდილებასა და იმ ბრენდშია, რომელსაც უკვე ყველა იცნობს.  

“ჩვენ ვართ არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ მრჩევლებიც, კონსულტანტებიც, რეალურად. ჩვენ ისეთი პრინციპი გვაქვს, ჩვენი მომსახურეობა არის ღირებული, ძვირი, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს საგულდაგულოდ. ვთვლით, რომ თუ საქართველოში ცხოვრობ და შენი ქცევით ვიღაცას შეიძლება ზიანი მიაყენო, ეს ვიღაცა, შეიძლება, შენი შვილი ან მემკვიდრეობა იყოს და რატომ? არცერთი ფული არ ღირს ამად, სამაგიეროდ წყნარად გვძინავს, ჩვენთან “გაპრავებას” არ აქვს ადგილი.” 

გარემოსდამცველთა შეფასებით, “გამა” გზშ-ში საფუძვლიანად და ობიექტურად არ მიმოიხილავს ჰიდროელექტროსადგურის ალტერნატიულ ვარიანტებს. მაგალითად, ქარის, მზის განახლებად ენერგიებს. დათო ჭიპაშვილი ენერგეტიკული პროექტების გზშ-ებს სწავლობს.

“ყველგან წერია, რომ ეს განახლებადი ალტერნატივები არის ძვირი. მორჩა, ერთი პარაგრაფი წერია, რომ ძვირია და ალტერნატივად არ განიხილება. ამ კომპანიას კონვეიერად აქვს გადაქცეული გზშ-ების წერა. სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ ასეთი გზშ-ები არ გაატარონ,” – ამბობს ჭიპაშვილი.

ზურაბ მგალობლიშვილი გვეუბნება, რომ ერთი გზშ-ს მომზადებას ერთიდან სამ თვემდე დროს უთმობენ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევის ანგარიშები მიუტანა. 

”ეს კვლევები უკვე ჩატარებული უნდა ჰქონდეს და მასალები მოგვცეს, რომ ჩვენმა ექსპერტმა ნახოს. მსგავსი კვლევები რომ ჩვენ დავიწყოთ, პროცესი 3 წელიწადი გაგრძელდება,” – ამბობს მგალობლიშვილი. 

გარემოს დაცვის სპეციალისტი მამუკა გვილავა გვეუბნება, რომ კომპანიებს თანხების დაზოგვის მიზნით, უხარისხო დოკუმენტაციის მომზადება აწყობთ. 

“დეველოპერი რომ ხარ და რაღაცას აკეთებ, გინდა ნაკლები თანხა დახარჯო. არ ესმით, რომ კარგად გაკეთებული ზოგავს შემდეგ სახსრებს. ეს უნდა აუხსნას კარგმა კონსულტანტმა. “გამა” ამას არ აკეთებს,” – დასძენს მამუკა გვილავა. 

“არასამთავრობოები ყოველთვის თვლიან, რომ “გამაა” დამნაშავე. არ ამბობენ, რომ რომელიმე კვლევა არასწორადაა ჩატარებული, ვერ ნახავთ ეგეთ რამეს. მიზანმიმართული სიტუაციაა ჩვენს მიმართ. ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ჩვენ რეალობას ვწერთ. ტყუილი ჩაწერაო, რომელიმე ამბობს? არა. არ მოსწონთ ის, რომ საქართველოში ვიღაცა საქმეს აკეთებს. ესაა მთელი უბედურება,” – გვეუბნება “გამას” დირექტორი ზურაბ მგალობლიშვილი. 

დათო ჭიპაშვილი “მწვანე ალტერნატივადან” კი თვლის, რომ ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომელიც კვლევებს უფრო დაბალი სტანდარტით ასრულებენ და მათთან შედარებით “გამა” ამ საქმის მეტრია. “გამა” საქმეს ისე აკეთებს, რომ ინვესტორმა კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღოს, მთლად ისეთი კომპანიაც არ უნდათ, რომ კვლევები საერთოდ ვერ გააკეთოს და არც მთლად დეტალური და მაღალი სტანდარტის კვლევები უნდათ. თუ გარემოს დაცვის სამინისტრო ასეთ ხარვეზიან დოკუმენტებს არ მიიღებს და ნებართვებს არ გასცემს, მერე ყველა კომპანია ეცდება, უკეთესი ხარისხის კვლევები ჩაატარონ.”  

და თქვენ რას ფიქრობთ, შეეძლო თუ არა სამინისტროს სიფხიზლესა და კრიტიკულობას იმ შვიდი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, რომლებიც დარიალჰესის მშენებლობისას დაიღუპნენ?

Danida UK rgb
GEO Electornic use

სტატია მომზადებულია ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“აი, ფაქტის” ღირებულებები

“აი, ფაქტის” ღირებულებები

„აი, ფაქტის“ არსებობა და საქმიანობა შემდეგ ღირებულებებს ეფუძნება: კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share