fbpx
istoria 3

რა ვიცით 90-ანი წლების შესახებ? – ნაწილი 1

“საქართველოს დღევანდელ რეალობას განაპირობებს გასული საუკუნის 90-ანი წლები,” – გვეუბნება ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი იმ კითხვის პასუხად, თუ რა და როგორ ვიცით ქვეყნის უახლესი ისტორიის შესახებ. 

წარსულის და მით უფრო უახლესი წარსულის ობიექტურად შესწავლა და გააზრება ერს აძლევს შეცდომების თავიდან არიდების და მომავლის უკეთ დაგეგმვის შანსს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მუდმივ, მწვავე საგარეო და საშინაო გამოწვევებს უჩივის. 

ვესაუბრეთ ისტორიკოსებს, მკვლევრებს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის სპეციალისტებს, კონფლიქტოლოგებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და იმ დასკვნამდე მივედით, რომ არც მთავრობა ზრუნავს, უფრო ზუსტად ვიცოდეთ რა ხდებოდა 90-ან წლებში და არც საზოგადოებას გვაქვს დამატებით რაიმეს გაგების ან ანალიზის მოთხოვნილება.  

ეს კი ვის აძლევს ხელს, თუ არა მათ, ვისაც ბოლო 250 წელია საქართველოზე კბილი დაუდგამს? 

ისტორიისთვის ტაბუს დადება იწყება არქივიდან, სადაც ინახება მკვლევრებისთვის საინტერესო მასალები. ამას ემატება ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევები, რომელიც მკვლევრებს ხელს უშლით მუშაობაში, ახლის დამტკიცებასა და აღმოჩენაში. 

ბოლოს კი სკოლის სახელმძღვანელოებში ხვდება რამდენიმე ძირითადი ფაქტი 90-ანი წლებიდან, კონტექსტისა და რეალური გამოწვევების გაანალიზების გარეშე. ხშირად, ეს მწირი ინფორმაციაც კი ვეღარ აღწევს მოსწავლეებამდე, რადგან სახელმძღვანელოს ბოლოში მოქცეული 90-ანი წლების შესახებ სასაუბროდ მასწავლებლებს დრო აღარ ჰყოფნით. 

საბოლოოდ ვიღებთ რეალობას, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა პოლიტიკოსებთან ერთად, ხშირად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წარსულშიც არაერთხელ მომხდარა. 

რას ვასწავლით ბავშვებს 90-ანი წლების შესახებ?

საქართველოს 90-ანი წლების ისტორია მე-9 და მე-12 კლასის სახელმძღვანელოებშია მოთხრობილი. მეცხრე კლასში ამ მოვლენებზე გაცილებით ვრცლად, რვა გვერდზე წერია. თუმცა, ისტორიის მასწავლებლები ფიქრობენ, რომ არც ესაა საკმარისი ინფორმაცია. 

წელს განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა მეცხრე კლასის ისტორიის ორ ახალ სახელმძღვანელოს. ეს ნიშნავს, რომ სკოლებმა მხოლოდ ამ ორი წიგნიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ.

საქართველოში სკოლების 61%-ში (1,290 სკოლაში), ისტორიას “დიოგენეს” მიერ 2021 წელს გამოცემული წიგნით ასწავლიან. დანარჩენში კი ასევე წელს გამოცემული “ლოგოსპრესის” სახელმძღვანელოთი.

მასწავლებლები, რომლებიც “დიოგენეს” წიგნს იცნობენ, გვეუბნებიან, რომ გასულ წლებთან შედარებით, ეს უფრო მოცულობითია. თუმცა, კვლავ ზერელედაა გადმოცემული 90-ანი წლების შესახებ. სამოქალაქო ომს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტს ამ წიგნში 8 გვერდი და ორი პარაგრაფი ეთმობა.

სასკოლო წიგნებში 90-ანი წლების შესახებ მწირი ინფორმაცია იმის გამოა, რომ ავტორებს უფრო ვრცლად დაწერის საშუალებას ეროვნული სასწავლო გეგმა არ აძლევს. ეს იმიტომ ხდება, რომ მე-9 კლასი საბაზისო საფეხურია და მისი დასრულების შემდეგ, მოსწავლეს ისტორიის ყველა პერიოდი სრულად უნდა ჰქონდეს გავლილი.

“ლოგოსპრესის” ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს უახლესი ისტორიის ნაწილი შორენა მურუსიძემ დაწერა. გვითხრა, რომ იძულებული იყვნენ, ამ წიგნში ჩაეტიათ მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნის საქართველოს და მსოფლიოს ისტორია. 

“პირიქით, უნდა დაეთმოს არა ასე ოთხი საუკუნე ერთ კლასში, მე-10 კლასი უნდა გადაკეთებულიყო საბაზისო საფეხურად და მეათე კლასში ყოფილიყო მარტო მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნის ისტორია,”-  გვითხრა მურუსიძემ. 

განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ისტორიის სწავლების სტანდარტის მიხედვით, მე-9 კლასის სახელმძღვანელოები შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ მოიცვას ოთხი თემა: 

1.  ხანგრძლივი მე-19 საუკუნე;

2. პირველი მსოფლიო ომის პერიოდი/საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა;

3. საბჭოთა პერიოდი;

4. საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.

მათგან ყველაზე მეტი დრო, 37 საათი მე-19 საუკუნის შესწავლას უნდა დაეთმოს, პირველი მსოფლიო ომის/საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და საბჭოთა პერიოდის სწავლებას კი 19-19 საათი.

საქართველოში 90-ან წლებში მიმდინარე მოვლენები, სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები მე-4 თემაში შედის. “საქართველო და თანამედროვე მსოფლიოს” სწავლებისთვის სულ 10 საათია გამოყოფილი. 

ამ 10 საათში მოსწავლეებმა უნდა გაიარონ შემდეგი საკითხები: 

  1. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა და დამოუკიდებლობის გამოცხადება; 
  2. საქართველოს დაკარგული ტერიტორიები; 
  3. საქართველო და ევროსტრუქტურები.

თბილისის 113-ე სკოლის ისტორიის მასწავლებლის ირაკლი ნოდიას აზრით, საათების რაოდენობა ორჯერ მაინც არის გასაზრდელი. “ბავშვებმა ჯერ გარე სამყარო უნდა გაიცნონ და მერე საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ამიტომ ერთი გაკვეთილი რომ ერთ თემას დაუთმო, ფიზიკურად ვერ მოესწრება. 10 საათში ამ საკითხების განხილვა ვერ მოესწრება ისე, როგორც უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა,” – ამბობს ნოდია. 

მასალა რომ მწირია, ეს ერთი პრობლემაა. ამას ემატება ისიც, რომ 90-ანი წლების მონაკვეთი წიგნის ბოლოშია მოქცეული და ხშირად მისი გავლა ვერ ესწრება. თუმცა, მასწავლებლებს შეუძლიათ თემების თანმიმდევრობა შეცვალონ და წინსწრებით გაატარონ ის საკითხი, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩათვლიან. 

გამოდის, რომ მასწავლებლის არჩევანზეა დამოკიდებული რომელ ისტორიულ მოვლენას მიიჩნევს ის საკვანძოდ. 

მოსწავლეებისგან გვინდოდა მოგვესმინა, ყველაზე მეტად რამ დააინტერესათ 90-ანი წლების მოვლენებიდან, რომელიც ისტორიის საგანში შარშან უნდა გაევლოთ. ამიტომ ერთ-ერთი სკოლის მეათეკლასელების ონლაინ გაკვეთილს დავესწარით. თავიდან პასუხის გაცემა გაუჭირდათ, შეყოვნდნენ. შემდეგ კი გვითხრეს, რომ გასულ წელს სახელმძღვანელოდან არაფერი უსწავლიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებსა და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაზე. 

მიზეზი ისაა, რომ ეს პერიოდი წიგნის ბოლოში იყო მოქცეული და იქამდე მისვლაც ვერ მოასწრეს. 

“უფრო შუა საუკუნეები მოვასწარით. ნახევარი წიგნი გავიარეთ, 90 პარაგრაფია, ძალიან ბევრია. კვირაში ერთხელ გვქონდა და ისიც, მნიშვნელოვნებს გავდიოდით,”- გვითხრა მეათეკლასელმა ნინო ბადრიძემ. 

“პროგრამით გავლა ვერ მოვასწარით, მაგრამ მასწავლებელი მაინც გველაპარაკებოდა, რა ხდებოდა ახლო წარსულში. რაღაც თავისუფალი დრო გვქონდა და მაგ დროს ყვებოდა. მაგალითად, პირველი პრეზიდენტის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ამბები. გვქონდა ინფორმაცია, მწირი მაგრამ მაინც,” – გვითხრა მეათეკლასელმა ნიკოლოზ იაძემ. 

შარშან და შარშანწინ რომ ამ საკითხების სწავლა ვერ მოასწრეს, სხვადასხვა სკოლის 10-ზე მეტმა მოსწავლემ გვითხრა. 

შარშან პანდემიის გამო სკოლებში ონლაინ გაკვეთილებმა ბევრი პრობლემა წარმოქმნა და ვიღაცებმა, შეიძლება, შემჭიდროვებულ ვადებში სწავლება ამასაც დააბრალონ. თუმცა, 90-ანი წლების შესახებ მასალა მოსწავლის ყურამდე ვერც პანდემიამდე მიდიოდა.

დათო დოლაბერიძემ სკოლა 2019 წელს ქუთაისში დაასრულა. უახლესი ისტორია, წესით, მე-9 კლასში უნდა ესწავლა.

“ბოლოს წინა, ბოლოდან მე-3 გაკვეთილები იყო და არ გვისწავლია, ვერ მოვასწარით. არც მასწავლებელს აუხსნია, არც რაღაც ახალი ინფორმაცია მოგვიძებნია და დარჩა ისე… არც რეპეტიტორთან მისწავლია ეს პერიოდი და არც ეროვნულ გამოცდებზე შემხვედრია. უფრო ინტენსიური იყო შუა საუკუნეები. შეიძლება, ახლა არ გვემუქრება არც მონღოლეთი და არც თურქ-სელჩუკები, მაგრამ გვემუქრება რუსეთი, რომელიც გვებრძვის ყოველდღიურად. უკეთესი იქნება, თუ გვეცოდინება ის, რაშიც ახლა ვცხოვრობთ,” – გვითხრა დათო დოლაბერიძემ. ის ახლა თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მე-3 კურსის სტუდენტია. 

იგივეს გვეუბნებიან სხვა მოსწავლეებიც. იოანე მახარაძემ სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა 2020 წელს დაასრულა. უახლეს ისტორიაზე მასწავლებელთან თავისუფალ დროს თუ ისაუბრებდა, ისიც მისი და ერთი-ორი კლასელის ინტერესის გამო, თორემ გაკვეთილზე ამ საკითხების სწავლა ვერ მოასწრეს. იოანეს მე-10 კლასში თავმოყრილი თემები უსარგებლოდ და უინტერესოდ მიაჩნია, ამიტომ მის ნაცვლად უახლესი ისტორიის სწავლა ერჩივნა.

“ბოლო პარაგრაფები იყო ვარდების რევოლუცია, 90-ანი წლები და არასდროს ესწრებოდა. არდადეგები უსწრებდა და როგორც წესი, ივნისის თვეში სკოლაში ბავშვების რაოდენობა იკლებს, გაკვეთილები არ ტარდება ისე, როგორც საჭიროა. მე-10 კლასში არის მასალა, რომელიც არასოდეს არავის არაფერში სჭირდება. შუმერების ჰერალდიკაზე საჭირო, მგონი, თანამედროვე საქართველოს ისტორიაა,” – ამბობს იოანე მახარაძე. ის ახლა თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. 

“ბოლოსკენ ხშირად არ ესწრებოდა პროგრამა. 90-ანი წლების მონაკვეთი უფრო ბოლოსკენ იყო და შეძლებისდაგვარად გავდიოდით, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ ისე ხდებოდა… დასაწყისში იყო უძველესი პერიოდი, პირველი სემესტრი ზოგადად, ყველა მონდომებულია. შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა წიგნის ბოლოს არსებულ მასალას,” – გვიყვება თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი მოსწავლე, ლიზა ჩაჩანიძე. 

“ჩემმა ტოლებმა ამ პერიოდზე გადმოცემით ვიცით, რომ, აი, შუქი არ იყო, გაზი არ იყო, თორემ ისტორიის სახელმძღვანელოდან რომ გვესწავლა, სამწუხაროდ, არა. მსოფლიო ისტორიიდან ამდენი მასალა არ უნდა შედიოდეს და საქართველოს ისტორიიდან ნახევრის ნახევარი. ეს იწვევს იმას, რომ ქართველმა ბავშვებმა საქართველოს ისტორია არ ვიცით ნორმალურად. ვახტანგ მეექვსეს მერე ბუნდოვნად მახსოვს. 89 წლის ბაბუა მყავს, ყველაფრის მომსწრე არის და იმისგან ვიგებ უფრო ზეპირსიტყვიერად,” – გვითხრა მარიამ ხაბულიანმა, რომელმაც წელს თბილისის 105-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.

რახან 90-ანი წლების მოვლენებზე ობიექტური წარმოდგენის შესაქმნელად წიგნი საკმარისი არ ჰგონიათ, ამიტომ მასწავლებლები ხშირად იყენებენ დამატებით ლიტერატურას, ფილმებს, სტატიებს და სიუჟეტებს. ზოგჯერ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს ზეპირადაც ხსნიან, რომ მოსწავლეებს უკვე შექმნილი წინასწარი განწყობა შეუცვალონ. 

“რამდენი ადამიანია, რომელიც მისტირის ამ 90-ან წლებს. ისინი შვილიშვილებსაც ეუბნებიან, რომ აი, საჭმელი გვქონდა, ბედნიერები ვიყავით და ეს მიკლავს გულს, რომ დღესაც ასე ხდება. დამატებით მიწევს ბრძოლა, რომ ეს გავაგებინო. კითხვა იყო მე-11 კლასში, რომ თუ მამებს არ უწევდათ ფიქრი, შვილებისთვის ხვალ რა ეჭმიათ, მაშინ რატომ გვინდოდა გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან. სახელმძღვანელო მარტო ვერ მოერევა, ჩემი ჩარევის გარეშე სახელმძღვანელო სწორ გზაზე ვერ გადმოიყვანს მათ,” – ამბობს ჯვარის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 

“ვინ იყო ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ედუარდ შევარდნაძე, როგორ მოხდა ამ ხელისუფლების დამხობა, ვის როგორი წვლილი მიუძღვის? მე ვაძებნინებ კიდეც მოსწავლეებს დამატებით ინფორმაციას ამ ეპოქების შესახებ. ვიყენებ ხოლმე თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმებს. ასევე, “რადიო თავისუფლების” აქვს კარგი ანარეკლები ჰქვია, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა იყო და იქედან ფრაგმენტებს,” – გვითხრა თბილისის 113-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ირაკლი ნოდიამ. 

ვინ წერს სახელმძღვანელოებში უახლესი ისტორიის მონაკვეთს?

გამომცემლობა “დიოგენეს” წიგნი, რომლითაც ისტორია სკოლების უმრავლესობაში ისწავლება, სამი ავტორის, ბესიკ ლორთქიფანიძის, ნათია ფირცხალავას და ნატო ახმეტელის შედგენილია. სამივე მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერად. 

გამომცემლობა “დიოგენეს” გვერდის მიხედვით, ნატა ახმეტელი “ნიუტონის თავისუფალ სკოლაში” საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი იყო. 

ნათია ფირცხალავა “ევროპული სკოლის” ისტორიის მასწავლებელი და ისტორიის მასწავლებელთა ტრენერია

მესამე ავტორი, ნატა ახმეტელის მეუღლე, ბესიკ ლორთქიფანიძეა. სახელმძღვანელოში 90-ანი წლების კონფლიქტებზე სწორედ მან დაწერა. ავტორი ისტორიის დოქტორი და ადრეული შუა საუკუნეების მკვლევარია. ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრში არქეოლოგად მუშაობს. 

“დიოგენეს” სახელმძღვანელოს არც ერთი ავტორი არ არის 90-ანი წლების სპეციალისტი. ბესიკ ლორთქიფანიძე გვეუბნება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა კვლევაში მონაწილეობდა და მე-20 საუკუნესთან შეხება ამ გზით ჰქონდა. კონფლიქტების შესახებ კი უფრო მეტი მათ მოგვარებაზე და სამშვიდობო პოლიტიკაზე იცის.

დავინტერესდით, საჭიროა თუ არა, რომ სასკოლო წიგნებში ისტორიის სხვადასხვა ეპოქა ამ პერიოდის მკვლევრებმა დაწერონ.

კონფლიქტოლოგი ვანო აბრამაშვილი გვეუბნება, რომ უახლესი ისტორიის ავტორები, რომლებიც თავად შეესწრნენ 90-ანი წლების მოვლენებს, სასწავლო მასალას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადგენენ. მეცნიერულად კი ეს ეპოქა არ შეუსწავლიათ. 

“მიაჩნიათ, ეს ხომ მახსოვს, მე ვიყავი ამის ნაწილი და მერე რაღაც კოლექტიურად იწერება. მაგიტომაა რთული უახლესი ისტორიის დაწერა, რომ ყველას ჰგონია თავისი ცოდნა აქვს ამაში. უფრო მეტი ემოციური მეხსიერებაა შემორჩენილი, ვიდრე რაციონალური. განცდების დონეზე რომ გახსოვს იქ რა ხდებოდა, მერე ძალიან რთულია ობიექტური მიდგომა,” – გვითხრა ვანო აბრამაშვილმა.

“ლოგოსპრესის” სახელმძღვანელოს ავტორი გვეუბნება, რომ სასწავლო მასალის შედგენაში ყველა პერიოდის სპეციალისტი მონაწილეობდა. 

“აქ ჩვენ ვინც ვართ ავტორები, ყველა არის თავისი პერიოდის მკვლევარი, სპეციალისტი და მათ შორის, მე ვარ საქართველოს უახლოესი ისტორიის მკვლევარი. ჩემს ნაწილს შემდეგ განიხილავდა ავტორთა კოლექტივი და მეთოდისტი,” – გვითხრა შორენა მურუსიძემ. 

“დიოგენეს” ერთ-ერთ ავტორ ბესიკ ლორთქიფანიძეს ვკითხეთ, ის ეპოქა დაწერა, რომელშიც უკეთ ერკვეოდა თუ შემთხვევითობის პრინციპით გაიყვეს თემები? რაზეც გვიპასუხა:

“გადავინაწილეთ ჩვენით, მაგაზე არავითარი ის არ იყო… ვერკვევით რა, სამივენი მოქმედი ისტორიკოსები ვართ.”

ისტორიკოსები და კონფლიქტოლოგები გვეუბნებიან, რომ კონფლიქტების ისტორიის შესახებ სასწავლო მასალის შედგენაში კონფლიქტოლოგებიც უნდა მონაწილეობდნენ. 

“კონფლიქტოლოგები კარგად იცნობენ ამ კონფლიქტების საფუძვლებს და ბუნებრივია, ის პროფესიონალები არიან, რომლებთან ერთადაც უნდა შეიქმნას სასწავლო პროგრამის ეს მონაკვეთი. რაც უფრო ვიწრო სპეციალიზაციის ადამიანებს ჩავრთავთ, უფრო გაწონასწორებული, მდიდარი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი მასალა შეიქმნება მოსწავლეებისთვის,” – ამბობს კონფლიქტოლოგი ზურა წურწუმია. 

“ისტორია ინტერდისციპლინარული სფეროა და თუ ისტორიკოსებმა კონფლიქტოლოგებთან უნდა გაიარონ კონსულტაცია, მათ ასევე უნდა გაიარონ კონსულტაცია ეკონომისტთან და სხვა დარგის სპეციალისტთანაც. რაც ძალიან ნორმალური და ჯანსაღი პროცესია,” – გვითხრა კონფლიქტოლოგმა ვანო აბრამაშვილმა.

“დიოგენეს” წიგნის ავტორი გვეუბნება, რომ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ჰქონდა ზოგადი საუბრები, მაგრამ სახელმძღვანელოს შედგენის პროცესში არ უთანამშრომლიათ. 

“ვსწავლობთ კონფლიქტოლოგების ნაშრომებს, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის ამონარიდები, მისი ინტერვიუები, მაგრამ სახელმძღვანელოს დაწერის სპეციფიკა ისეთია, არ ვიცი… შეიძლება, რატომაც არა, მაგრამ ჩვენთან არ ყოფილა ჩართული [კონფლიქტოლოგი].” 

მეორე ნაწილში მოგითხრობთ ადამიანებზე, რომლებიც იკვლევენ ისტორიას და მათ დაბრკოლებებზე

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის “სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკა,” რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ (BMZ). მასალაში გამოთქმული მოსაზრებები მიეკუთვნება ავტორს და შეიძლება, არ ასახავდეს BMZ-ის პოზიციას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ვიცით 90-ანი წლების შესახებ? – ნაწილი 2
istoria 1

რა ვიცით 90-ანი წლების შესახებ? – ნაწილი 2

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share