ნოდარ გიორგაძე “ჯინო ჯგუფის” მფლობელია. მან ბიზნესი სლოვაკეთში დაიწყო და თბილისში პირველი აკვა-პარკი, “ჯინო ფერედაისი” 2014 წელს გახსნა. გიორგაძე ფლობს სასტუმროებს მცხეთასა და ახალციხეში.
გიორგაძის სლოვაკური ბიზნესისა და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ “რუსთავი 2-“მა 2017 წლის დეკემბერში ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
გიორგაძის კომპანიას, შპს “ჯინო ველნეს გრუპს” სახლმწიფომ 2016 წელს ბაკურიანში 76,308 კვადრატული მეტრი მიწა ნახევარ მილიონ ლარად გადასცა. ამ ტერიტორიაზე კომპანიამ დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა მოაწყოს, რისთვისაც 4,2 მილიონი დაიხარჯება.
მთავრობამ გიორგაძისთვის მიწის შეღავათიან ფასად გადაცემა არ იკმარა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2016-2017 წლებში 651,894 ლარი უკვე დაიხარჯა ბაკურიანში, “ჯინო ველნეს გრუპის” კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. თანხები უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გადაირიცხა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა “ჯინო ველნეს გრუპის” კუთვნილ ტერიტორიაზე წყალმომარაგების და წყალსადენის ქსელის მოსაწყობად 27 აპრილს 1,148,409 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამჟამად სამუშაოების შემსრულებელს არჩევენ.