fbpx

Რა მოხდა ტყიბულის ღია კარიერზე?

1641896430701 1

ორი თვის წინ ტყიბულში, ღია კარიერზე, სადაც წლების წინ ქვანახშირს მოიპოვებდნენ, მიწა ჩაიშალა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. ავთანდილ არსენიძე ადგილზე,  ვიტალი ტურძილაძე კი რამდენიმე საათში, ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.

კარიერზე ავარიის ოფიციალური მიზეზი უცნობია. დღემდე, მხოლოდ ვარაუდები გვესმის. არც ისაა გამოძიებული, ვის დაკვეთას ასრულებდნენ დაღუპულები. მითუმეტეს მაშინ, როცა აქ ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია არავის ჰქონდა. 

“აი, ფაქტმა” გაარკვია და ამ სტატიაში მოგიყვებით, ვისი დავალებით და რა სამუშაოსთვის ჩავიდნენ კარიერზე მეშახტეები, რა ინფორმაცია აქვთ ტყიბულელებს და დაღუპულების ოჯახის წევრებს ტრაგედიის მიზეზზე და ვის პასუხისმგებლობასთან მივყავართ კვალს.

სიმართლის გასარკვევად, გარდაცვლილთა ოჯახებს და მეზობლებს ვესაუბრეთ. ვიტალი ტურძელაძის სახლში მისი მეუღლე დაგვხვდა.

მარინა ტურძელაძისგან ვიგებთ, რომ გარდაცვლილი ღია კარიერზე, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო,  უსახსრობის გამო მუშაობდა. ვიტალი ტურძელაძე 2011 წელს “საქნახშირში” მუშაობისას მძიმედ დაშავდა, სხეულის 80 პროცენტი დაეწვა. ამის გამო კომპანია, ყოველთვიურად, 160 ლარს უხდიდა. თუმცა, შემდეგ ეს დახმარებაც შეუწყვიტეს და მხოლოდ პენსიის იმედად დარჩა.

“შეგვიწყვიტეს ის 160 ლარი და მერე წავიდა კარიერზე. არც კარიერზე იყო მუშაობა, მაგრამ ამბობდნენ, დაიწყებაო და წმენდდნენ, ამზადებდნენ ახლა სამუშაოდ და კი მოხდა ეს ამბავი,”-  ამბობს მარინა ტურძელაძე. 

ვინ მოიპოვებდა ქვანახშირს ტრაგედიის ადგილას?

ღია კარიერი, სადაც ორი თვის წინ მეშახტეები დაიღუპნენ, ტყიბულიდან რაჭისკენ მიმავალ გზასთან, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარედაა. გავარკვიეთ, რომ  კარიერს ამავე ქუჩაზე მცხოვრები გიორგი გოლოვინი პატრონობდა. ამას ოჯახის წევრებიც გვიდასტურებენ. 

1641896430701
ღია კარიერის მიმდებარე ტერიტორია

გვითხრეს, გოლოვინი კომპენსაციას არ გვიხდის, რაც თვითონ არ აქვს, ჩვენ რას მოგვცემსო. 

გიორგი გოლოვინი “საქნახშირის” ყოფილი თანამშრომელია. მის მისამართზე რეგისტრირებულია შპს სხივი 2015, რომელიც ‘’საქნახშირის’’ მენარდე იყო და 2018 წელს ტრაგედიის ადგილთან ახლოს მუშაობდა. 

ნარდობის ხელშეკრულება გულისხმობს კომპანიის ან პირის დაქირავებას კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში, მენარდე ქირაობს მუშებს, მოიპოვებს ქვანახშირს, აწვდის კომპანიას და სანაცვლოდ იღებს ფულს.

გიორგი გოლოვინს ღია კარიერზე ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია არ ჰქონდა. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამის უფლება ტყიბულში მხოლოდ “საქნახშირს”ჰქონდა.. კომპანია ღია კარიერებზე ქვანახშირს მენარდეების დახმარებით მოიპოვებდა. “საქნახშირს” ჰყავდა 23 მენარდე, რომლებმაც 2011-2018 წლებში 197 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს.

2018 წელს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ “საქნახშირის” მენარდეებს საქმიანობა აუკრძალა, რადგან შახტების უსაფრთხოების წესებს  ვერ იცავდნენ. ეს კი საშიში იყო იქ მომუშავეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, ობიექტების მეპატრონეებს დაევალათ გვირაბების დალუქვა, რომ იქ ადამიანების შესვლა და ჩავარდნა თავიდან აეცილებინათ. თუმცა, ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის ის კარიერი, სადაც ორი მეშახტე დაიღუპა, დალუქული არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ობიექტი ოყო ამოქოლილი ინერტული მასალით ან შესასვლელი ხით ჰქონდათ ჩახერგილი.

2012-2021 წლებში ტყიბულში წიაღის მოპოვებისათვის ახალი ნებართვები აღარ გაცემულა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში  გვითხრეს, რომ ტრაგედიის ადგილას უკანონო მოპოვება ჯერ არ გამოკვეთილა და გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ადრე აქ უკანონო მოპოვებების ფაქტები დაუფიქსირებიათ.

2018 წლიდან აიკრძალა ქვანახშირის მოოპოვება იმ ღია კარიერზეც, სადაც შარშან ორი მეშახტე გარდაიცვალა. თუმცა, ფაქტია, იქ სამუშაოდ მაინც ჩავიდნენ. ეს იმიტომ, რომ გვირაბი დალუქული არ იყო და შიგნით მოხვედრა ნებისმიერს შეეძლო, რაც კანონის დარღვევაა. 

ეს ობიექტი რომ წესების დაცვით დახურული არ იყო, წიაღის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ინსპექტირების დოკუმენტითაც ირკვევა. 

ეს კარიერი არც ტრაგედიის შემდეგაა დალუქული. მიწისქვეშ ჩამავალი მაღარო ხის თხელი ნაჭრებითაა გადახურული. ჩასასვლელს კი რვა ცალი ფიცრით და წვრილი თოკით შეკრული კარი იცავს. სახელდახელოდ შეჭედილ კარს ისეთი სიცარიელეები აქვს, ადამიანმა რომ მოინდომოს, თავისუფლად გაეტევა. ფოტოები რომ გადაგვეღო, ფიცრებს შორის გაძრომა ჩვენც მოვახერხეთ.

ვის უნდა შეემოწმებინა კარიერი?

კარიერებისა და შახტების შემოწმება რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ევალება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ექვს თვეში ერთხელ ამოწმებს დანადგარების და ტექნიკური სამუშაოების გამართულად მუშაობას. შრომის ინსპექცია აკონტროლებს შრომის პირობებს კარიერსა და შახტებში დასაქმებული ადამიანებისთვის. თუმცა, ორივე უწყება მხოლოდ მოქმედ ობიექტებს აკონტროლებს. ისინი ვერ გაიგებდნენ, რა ხდებოდა ჯალაღანიას ქუჩასთან მდებარე კარიერზე. 

ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ვერც ტყიბულის მერია იღებს. ამბობენ, რომ მათი ვალდებულება არაა აკონტროლონ, ვინ მოხვდება დახურულ კარიერზე. 

ამის გარკვევა წიაღის ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა, რომელიც გასცემს ლიცენზიებს და ამოწმებს, სარგებლობს თუ არა წიაღით ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი. 

2018 წელს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოითხოვა დახურულ კარიერებზე გვირაბების ლიკვიდაცია და კონსერვაცია. თუმცა, არავის შეუმოწმებია მართლა მოიქცნენ ასე თუ არა. 

პროფკავშირების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ნიკა კაკაშვილი ამბობს, რომ ღია ტიპის კარიერებზე მუშაობის შეწყვეტისას, მფლობელმა კარიერზე გვირაბი ისე უნდა დაკეტოს, რომ იქ ვერც ადამიანი მოხვდეს და ვერც ცხოველი, მიმდებარედ კი გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა განათავსოს. 

“თუ ვიღაც მიზანმიმართულად შედის იქ, მისთვის შემაკავებელ ზომებს ვერ მიიღებ, რადგან განზრახ შედის. კომპანიამ უნდა დაიცვას წესები იმისთვის, რომ ვინც იქ შემთხვევით მოძრაობს, მარცხი არ მოუვიდეს. მაგალითად, გზაზე რომ არის ახდილი კანალიზაციის ჭა, უნდა იყოს გადახურული ან შემოფარგლული, რომ შემთხვევით ადამიანი არ ჩავარდეს, მაგრამ ვინც მიზანმიმართულად მოინდომებს ჩასვლას, შეძლებს იქ შეღწევას,”- გვითხრა ნიკა კაკაშვილმა. 

გიორგი გოლოვინი არც მფლობელი იყო, არც მენარდე და არც წიაღის მოპოვების ლიცენზია ჰქონდა. გამოდის, ის უკანონო საქმიანობას სხვის საკუთრებაში ეწეოდა. Ბუნებრივია, გვირაბის დალუქვის ვალდებულება მას ვერ ექნებოდა. 

1641896329546
კარიერის გვირაბის ჩასასვლელი. გადაღებულია 2021 წლის 13 დეკემბერს.

კანონმდებლობით, უმოქმედო შახტების დალუქვაზე პასუხისმგებელია მისი ახლანდელი ან ყოფილი მფლობელი. შესაბამისად, ჯალაღანიას ქუჩაზე ღია კარიერების უსაფრთხოებაზე ‘’საქნახშირს’’ უნდა ეზრუნა. ეს მათ 2018 წელს სასამართლომაც დაავალა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ინსპექტირებით ირკვევა, რომ კომპანიას თავი არ შეუწუხებია.

“საქნახშირი” 2006  წელსაა რეგისტრირებული. 2010-2019 წლებში მისი  მფლობელი “ჯი აი ჯი” ჯგუფი  იყო. ამ კომპანიის დირექტორი  მეოთხე  მოწვევის პარლამენტის  წევრი, დავით ბეჟუაშვილია.

2019 წლიდან დღემდე “საქნახშირს” “სტიილ  ინტერნეიშენელ ტრეიდინგ  კომპანია“ ფლობს.  მისი 100%-ანი წილის მფლობელი და  დირექტორი გიორგი ჭელიძეა. ის შპს  ‘’ჯორჯია ტერმინალ სერვისის’’ დირექტორიცაა, რომელსაც ‘’ჯორჯიან მანგანეზი’’ ფლობს.

გიორგი  ჭელიძე  “ქართული ოცნების”და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველია. Მათთვის 2017-2020 წლებში, ჯამში 180 ათასი ლარი აქვს შეწირული.

რას აკეთებდნენ გარდაცვლილები ღია კარიერზე? 

გარდაცვლილები ვიტალი ტურძილაძე და ავთანდილ არსენიძე კარიერთან ახლოს მდებარე ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, ისინი აქ ფეხით დადიოდნენ. 

ჯალაღანიას ქუჩის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მათი მეზობლები შახტაში გამაგრებითი სამუშაოებისთვის ჩადიოდნენ, რადგან ჰქონდათ იმედი, ოდესმე სახელმწიფო ისევ მისცემდათ ქვანახშირის მოპოვების უფლებას.

“ნახშირი მანდ რამდენი წელია არ გამოსულა, სარემონტო სამუშაოებზე დადიოდნენ. თუ ვინმე იტყვის, რომ მუშაობდნენ და გაჰქონდათ ნახშირი, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. რამდენი წელია ამ გზაზე ნახშირის მანქანას არ ჩამოუვლია. ვინიცობაა რო დაიძახონ, ისევ იმუშავებთ იმ კარიერზეო, მაგის გამო იმასშვებოდნენ (არემონტებდნენ),”- ამბობს ნანა არსენიძე, რომელიც ჯალაღანიას ქუჩაზე მაღაზიაში მუშაობს.

ვიტალი ტურძილაძის ქვრივიც ამბობს, რომ მისი მეუღლე კარიერზე სარემონტო სამუშაოებისთვის დადიოდა და ტრაგედიის დღესაც ამ მიზნით ავიდა.

ავთანდილ არსენიძის მეზობლებიც ჰყვებიან, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღე წვიმდა, დაღუპულებიც,  სავარაუდოდ, შახტის წყლისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ, ტენიანი მიწა კი ჩაიშალა და ორივე მოიყოლაო. 

ზუსტი პასუხი, თუ რა მიზნით ჩავიდნენ ღია კარიერზე მეშახტეები, არავინ იცის. მოსახლეობაში მხოლოდ სავარაუდო ვერსიებია. Სიმართლის დასადგენად, მათ დამსაქმებელ გიორგი გოლოვინთან გასაუბრება გვსურდა, მაგრამ როგორც ჩანს, მედიასთან გამოჩენა არ სურს.

Საკუთარ სახლში რომ ვესტუმრეთ, ოჯახის წევრებმა გვითხრეს, შინ არ არისო და არც მობილურის ნომერი მოგვცეს. გოლოვინის ასავალ-დასავალი მის მშობლიურ სოფელ მუხურაშიც არ იციან.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ვიცით 90-ანი წლების შესახებ? – ნაწილი 3
istoria 2

რა ვიცით 90-ანი წლების შესახებ? – ნაწილი 3

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
mosaxleoba scaled e1606896734893 1

ჭიათურაში სამი სოფელი უწყლოდაა – მერიას ფული აქვს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

პრობლემისა და უწყლობის სათავე სწორედ ეს ნაგებობაა, რომელიც დაცხრილულია და

Total
0
Share