fbpx
mardi

არც ისე მარდი შპს “მარდი”

ავტორები: ეთო მიდელაშვილი, ქეთი მოსიაშვილი, თეკლა ადამია

“ჩვენი რეგიონი გამოირჩევა მკაცრი კლიმატური პირობებით. ხშირად იკეტება გზა მეწყერის, ქვათა ცვენის და თოვლის გამო. სამშენებლო კომპანიები ვეღარ ახერხებენ ტექნიკით გადაადგილებასა და საჭირო მასალის ტრანსპორტირებას. სამუშაოებისთვის ტენდერის გამოცხადება კიდევ დაგვაკარგვინებს დროს,” – ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში, რომელსაც ყაზბეგის მერის მოადგილე, დავით ქირიკაშვილი მერს, ალექსანდრე ზაგაშვილს წერს. 

ზაგაშვილი ბარათს კითხულობს და ბრძანებაც არ აყოვნებს. 2019 წლის ივლისში დაბა სტეფანწმინდაში “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” შენობის მშენებლობა იწყება. სტატიაში მოგიყვებით რატომ ვერ აშენდა ისე სასწრაფოდ სამედიცინო დახმარების შენობა, როგორც ეს მერიაში უნდოდათ.

გადაუდებელი აუცილებლობის გამო ყაზბეგის მერიამ ხელშეკრულება 31 ივლისს შპს “მარდთან” გააფორმა. სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვით 280,750 ლარი გადაეცემოდა.  მაგრამ, როგორც ჩანს, შპს “მარდი” არც ისე მარდი აღმოჩნდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე კი ყაზბეგის მერიას მის სიმარდეში ეჭვი არ შეჰპარვია.

მოხსენებით ბარათში ქირიკაშვილი მერს რეგიონის კლიმატური პირობების გარდა ორჯერ გამოცხადებულ და არშემდგარ ტენდერებსაც ახსენებდა. ორივე მათგანი ამავე შენობისს მშენებლობას შეეხებოდა. მან მერს ისიც აუხსნა, რომ თუ სასწრაფოდ მშენებლობას არ დაიწყებდნენ, მაშინ სამუშაოების დასრულებას ზამთრამდე ვერ მოასწრებდნენ.

ერთი მხრივ, ქირიკაშვილი მართალი აღმოჩნდა. სამუშაოების დასრულება არა მხოლოდ 2019 წლის ზამთარში, არამედ 2020 წლის ბოლოსკენაც ვერ მოესწრო და მეტიც, დღესაც მიმდინარეობს.

“მიზეზი, რის გამოც ტენდერები არ შედგა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილებაა. პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში 1.3 მილიონი ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოები უნდა ჰქონოდა შესრულებული,” – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობას აფასებს. 

თუმცა, როგორც ჩანს, შპს “მარდთან” ხელშეკრულების გაფორმებისას მერიას ეს მოთხოვნა აღარ გახსენებია, რადგან არც ამ კომპანიას გააჩნდა 1.3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების გამოცდილება. ასე მარტივად გადაწყდა მშენებლობის ამბავი. 

“2019 წლის 31 ივლისს მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა მიმწოდებელთან, რომელსაც არ გააჩნდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვილი გამოცდილება. ეს კანონმდებლობით დაუშვებელია,” – წერს სახელმწიფო აუდიტი. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია კი მაინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მერიის წარმომადგენლებმა ჩვენთან პირადად საუბარი არ მოისურვეს. ჩვენს კითხვაზე, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, თუ ტენდერით მოთხოვნილი გამოცდილება არ გააჩნდა? – მერიამ 10 დღის  შემდეგ წერილობით გვიპასუხა. გვეუბნებიან, რომ შპს “მარდი” სამშენებლო კომპანიების გამოკითხვის შედეგად შეირჩა და საკმარისი გამოცდილება ჰქონდა:

“ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩატარდა ბაზრის კვლევა, მოლაპარაკება მიდიოდა იმ კომპანიებთან, ვისაც შეეძლო დაეკმაყოფილებინა აღნიშნული ტენდერით მოთხოვნილი პირობები, თუმცა შედეგი ვერ იქნა მიღწეული. პროექტის დაფინანსების წყარო 100% სახელმწიფო ბიუჯეტი იყო და მისი არ განხორციელების შემთხვევაში იკვეთებოდა რისკი დაფინანსების წყაროს შეწყვეტის შესახებ. ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ხელშეკრულება გაფორმდა შპს “მარდთან”, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება და აწარმოებდა დიდი მოცულობის კერძო სამშენებლო სამუშაოებს.”

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შპს “მარდი” სამუშაოების გადავადებას მუდმივად ითხოვდა და ობიექტს ხშირად უყურადღებოდ ტოვებდა. ამას გვიდასტურებს ყაზბეგის ფილიალის “საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” მენეჯერი, თამარ ხულელიძეც: “მარტო ბლოკები იყო, დაიკარგნენ და დაიკარგნენ. რამდენადაც მახსოვს, ბლოკის კედლები იყო და შენობა გადახურული მხოლოდ.”

ბოლოს, როცა კომპანიამ 6 თვით ვადის გადაწევა ითხოვა, მერიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ერთი შეხედვით, უამინდობა გახდა ხელშეკრულების დადებისა და დასრულების მიზეზიც.

“ვერ მოვასწარით დასრულება უამინდობის გამო, რაღაც ჩამორჩენა იყო სამუშაოებში და შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება. რატომ შეგვიწყვიტეს ეგ თვითონ მუნიციპალიტეტს მიმართეთ და გიპასუხებენ,” – გვპასუხობს შპს “მარდის” წარმომადგენელი შალვა ლილუაშვილი.

სანამ მუნიციპალიტეტისგან წერილობითი პასუხების მიღებას ველოდებოდით, მანამდე ლილუაშვილი საკუთარი კომპანიის ბრალეულობის შესახებ გვიყვებოდა:

“ჩვენი ბრალი იყო, ვერ გავაკეთეთ, მართალი რომ გითხრათ. სამუშაოები ვერ შევასრულეთ ხელშეკრულებით მოცემულ ვადაში და ეგ არის ჩვენი ბრალი, მე ასე ვფიქრობ. სანამ ამინდი გახდებოდა მიზეზი, ჩვენ გვქონდა ჩამორჩენა.”

“ბლოკის კედლებისა და გადახურვის” გარდა, კომპანიას სხვა არც არაფერი გაუკეთებია. შალვა ლილუაშვილის თქმით, მისი კომპანია შავ სიაში დაარეგისტრირეს. პირგასამტეხლო, 14,000 ლარი კი სადაზღვევო კომპანია “ალფამ” გადაიხადა. 

დარჩენილი სამუშაოების გაგრძელება შპს “აკას” დაევალა. ამისთვის მერიამ 175,080 ლარი გამოყო.

“ეს შენობა აშენებული იყო, გარეთ სახურავი გაკეთებული, გარედან გალესილი. დანარჩენი არაფერი. “სწიაშკა” კი იყო დასხმული, მაგრამ ხელახლა დავასხით, მეტი არაფერი. ჩვენ უკვე შიგნითაც, გარეთაც ვაკეთებთ. აი, ეხლა თვის ბოლოს უნდა მოვრჩეთ, ეს ეზოღა დაგვრჩა. შიგნით დამთავრებულია,“ – გვიყვება სამუშაოების ზედამხედველი რეზო იუკურიძე. 

ამ ამბის ბოლო სურათი კი ასეთია. 2019 წელს სასწრაფოდ ასაშენებელი 112-ის შენობა დღემდე არ გახსნილა. არადა, შენობისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობას მერიაც აღიარებს. წინა კომპანიის გაფუჭებული საქმის გამოსწორებას შპს “აკა” ცდილობს. სტეფანწმინდაში კი იმედოვნებენ, რომ ამ წელს მაინც გადავლენ ახალ შენობაში.

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.



კომენტარები
Total
0
Shares
Next
მიწის დარაჯები „შიშის ზონიდან”
darajebi

მიწის დარაჯები „შიშის ზონიდან”

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share