fbpx
13 Bullet Proof horse

რეინჯერის მკვლელობის “ტყვიაგაუმტარი” გამოძიება

ავტორი: ნინო ბაქრაძე

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე 2012 წლის 17 მაისს ცხენის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა არსებობენ მოწმეები და სამხილები, რომლებიც მიუთითებენ, რომ არევაძე ცხენმა კი არა ორმა ტყვიამ იმსხვერპლა. ჩვენ 18 თვე ვიკვლევდით ამ საკითხს და შევეცადეთ გაგვერკვია, რამ მოკლა რეინჯერი – ცხენის დაჯახებამ თუ ორმა ტყვიამ?

ექსპერტები თავიანთ დასკვნაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი რეინჯერის სხეულზე ვერც ცხენის დაჯახების კვალი იპოვეს და ვერც თმის ღერი. არც თავად ცხენის პატრონი, პატიმარი დავით მჭედლიძე აღიარებს დანაშაულს და არც ცხენს აღენიშნებოდა რაიმე დაზიანება. გამოძიებას არ ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა როგორ მოკლა ბრალდებულმა რეინჯერი. თუმცა, ჯერ გამოძიებამ და შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ მთავარ “დამნაშავედ” მაინც ცხენი დაასახელა.

 

რას ამბობს გამოძიება?

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბის მცხოვრებმა, ყოფილმა პოლიციელმა, 28 წლის დავით მჭედლიძემ მერაბ არევაძე ცხენის დაჯახებით და დღემდე უცნობი ბლაგვი, მკვრივი საგნის გამოყენებით 5-10 წუთში მარტომ მოკლა ისე, რომ მის უკან მომავალ ხუთ კაცს ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის შელაპარაკების ან დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ცხედარი მისი ბიძაშვილის, ზაზა მჭედლიძის დახმარებით გადამალა.

გამოძიებას არ აქვს დანაშაულის გამოკვეთილი მოტივი. პროკურორ დავით სიმონიას თქმით, ბრალდებულმა დანაშაული მოსალოდნელი ადმინისტრაციული ჯარიმის შიშით ჩაიდინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ნაკრძალის ტერიტორიაზე თოფის შეტანისთვის ჯარიმა100-200 ლარია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ 2011 წელს გამოცემული ბრძანების მიხედვით კი, ნაკრძალში ირმის მკვლელობისთვის ბრაკონიერს 15 000 ლარის გადახდა ევალება. ბრალდებულს გამოძიებამ ვერ უპოვა ვერც ნანადირევი ხორცი და ვერც სისხლის კვალი იმ ნივთებზე, რომლებიც მას ნაკრძალში თან ჰქონდა. თუ ბრალდებულს არ ჰქონდა ნანადირევი, რა შემთხვევაშიც მას დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა, მაშინ რატომ უნდა მოეკლა 200 ლარის გამო არევაძე, რომელსაც ამ შემთხვევამდეც კარგად იცნობდა?

თავად დაკავებული კი სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ნაკრძალში, იმ ადგილზე, სადაც შემდეგ გვამი იპოვეს, იგი მართლაც შეესწრო ჩხუბის ფაქტს. მან შეამჩნია როგორ სცემდა რამდენიმე კაცი ვიღაცას, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მისი ვინაობა ვერ გაარჩია. ბრალდებული სასამართლო პროცესებიდან მოყოლებული დღემდე ასახელებს ორ კაცს, გოგი და რამაზ მაღრაძეებს, რომლებიც მან მკვლელობის ღამით ტყეში ჩხუბის ადგილზე ნახა.

მჭედლიძის მიერ ხსენებული გოგი მაღრაძე სასამართლო პროცესზე დაკითხეს. მან უარყო მკვლელობის ღამეს ტყეში ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები და მეზობლები დაასახელა. სასამართლო ენდო, ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა, რომ მაღრაძის ტელეფონი “შინ იმყოფებოდა”.

რაც შეეხება რეინჯერ თამაზ ცისკაძეს – ის ბოლოა, ვინც არევაძე ცოცხალი ნახა, თუმცა გამომძიებლებს იგი მკვლელობიდან სამი დღის მანძილზე არ დაუკითხავთ. სასამართლოზე ეს იმით ახსნენს, რომ ცისკაძე მისი მეწყვილის გარდაცვალებას განიცდიდა და დაკითხვისთვის შესაბამისი დრო ვერ იპოვეს. სასამართლო პროცესზე კი რეინჯერმა განაცხადა, რომ პოლიციამ პირში ლაგამი ამოსდო. ცისკაძე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

სასამართლოს გადაწყვეტილებები

  1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით მჭედლიძეს მერაბ არევაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის 20 წელი მიუსაჯა (ამნისტიამ მისი პატიმრობის ვადა 5 წლით შეამცირა); ზაზა მჭედლიძეს კი დანაშაულის დაფარვისთვის – 3 წელი (ამნისტიის შედეგად 2 წელი და 3 თვე).

  2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის განაჩენი.

  3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით მჭედლიძეს არევაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფისთვის 3 წელი მიუსაჯა. ზაზა კი დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ტყვია თუ ცხენი?

სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ექსპერტმა გრიგოლ გრიგოლაშვილმა არევაძის გვამის გამოკვლევა 2012 წლის 19 მაისს, 18:00 საათზე დაიწყო. რამდენიმე წუთში ის ექსპერტიზის ოთახიდან არევაძის მეგობარ გელა ტალახაძესთან და ნათესავებთან, ზვიად არევაძესა და ზაზა ზირაქაძესთან სასაუბროდ პროზექტურის ეზოში გამოვიდა. სამივე მათგანი ჩვენთან ინტერვიუსას იმეორებს გრიგოლაშვილის მიერ მათთვის ნათქვამ სიტყვებს – „ეს კაცი ტყვიით არის მკვდარი“.

გარდაცვლილის ნათესავები ჰყვებიან როგორ დეტალურად აღწერდა ექსპერტი სხეულში ტყვიის მდებარეობას, სროლის სავარაუდო მანძილსა და ვითარებას. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ექსპერტი გარდაცვლილის ნათესავებთან საუბრის ფაქტს ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ტყვიაზე არაფერი უთქვამს.

ზვიად არევაძე იმასაც იხსენებს, როგორ გაიგონა პროზექტურის ოთახის ღია ფანჯრიდან გრიგოლაშვილისა და ვინმე სერგოს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ექსპერტი ამბობს: „ერთი ტყვია უკვე ვიპოვე და მეორეს ვეძებ“.

ორი შემავალი ჭრილობა მერაბ არევაძის სხეულზე
ორი შემავალი ჭრილობა მერაბ არევაძის სხეულზე

სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში  გრიგოლაშვილი ადასტურებს, რომ მართლაც ჰქონდა საუბარი სერგო ადეიშვილთან, იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების მთავარ დეტექტივთან, რა დროსაც გამომძიებელმა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. მან კი უპასუხა, რომ ამას შემდგომი გამოკვლევა სჭირდებოდა. გრიგოლაშვილი ამბობს, რომ მას გამომძიებლისთვის ტყვიების პოვნაზე არაფერი უთქვამს.

ღამის საათებში გრიგოლაშვილმა ცხედარი ე.წ. ავტოქარხნის საავადმყოფოში (რომელიც სამხარაულის ბიუროს ოფისიდან 50-100 მ-ში მდებარეობს), რენტგენის კაბინეტში გადაასვენა. ექსპერტი ამბობს, რომ მან გვამში უცხო სხეულის არსებობის გამოსარიცხად გამოკვლევა საჭიროდ ჩათვალა. რენტგენის ფირებზე ორჯერ გამოჩნდა ორი თეთრი ლაქა და ექიმმა რენტგენოლოგმა ექსპერტს ორჯერ მიუთითა რომელ ადგილებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. გრიგოლაშვილი ამბობს, რომ გვამში ვერანაირი უცხო სხეული ვერ იპოვა. და დაასკვნეს, რომ რენტგენოფირებზე გამოსახული თეთრი ლაქები ფირის საწარმოო წუნი უნდა ყოფილიყო.

ექსპერტმა სხეულიდან გამოსაკვლევად ხერხემლის მეოთხე მალაც ამოიღო. სწორედ მეოთხე მალა ახსენა მან გარდაცვლილის ნათესავებთან საუბრისას და თქვა – ერთი ტყვია მეოთხე მალაშია გაჩერებულიო. თუმცა მალის ამოღებისა და რენტგენული გამოკვლევის შესახებ დასკვნაში არაფერი დაუწერია.

სამაგიეროდ, ექსპერტი გრიგოლ გრიგოლაშვილი თავის დასკვნაში აღწერს არევაძის სხეულზე არსებულ დაზიანებებს:

1. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, გამოწვეული ბლაგვი საგნის მოქმედებით;

2. გულ-მკერდის მიდამოს ბლაგვი დახურული ტრავმა: მკერდის ძვლის მოტეხილობა, VII, VIII, IX, X ნეკნების მოტეხილობა;

3. მარცხენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა.

4. მენჯის ღრუს ბლაგვი დახურული ტრავმა: მარცხენა თეძოს ძვლის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მთავარი არტერიის სრული გაგლეჯვით, რამაც ორგანიზმის სისხლისგან დაცლა გამოიწვია. არევაძეს მარცხენა დუნდულოზე აღენიშნებოდა ერთმანეთისგან 1 სმ-ით დაშორებული ორი შემავალი ჭრილობა 8 და 9 სმ-ის სიღრმის, რომლებიც გამოწვეულია მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. სწორედ ამ ჭრილობებმა გამოიწვია მთავარი არტერიის გაგლეჯვა და შემდეგ სიკვდილი.

არევაძეს ეს დაზიანებები სიცოცხლის პერიოდში მიაყენეს. დასკვნაში ტყვიაზე არაფერია ნახსენები.

ექსპერტიზის მიმდინარეობისას, 20 მაისის ღამეს,  საქმეში ერთვება ადეიშვილის უწყების ერთ-ერთი გამომძიებელი დავით ხამაშურიძე. ის ჯერ ოფიციალურად არ არის საქმეს მიმაგრებული, თუმცა მისი უფროსის, ზემოთხსენებული სერგო ადეიშვილის დავალებით მიდის რენტგენოლოგის კაბინეტში და იქიდან ყოველგვარი ოქმის დაწერის გარეშე მოაქვს გადაღებული რენტგენოგრამები. ხამაშურიძე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში  ამბობს, რომ რენტგენოგრამები არც ექსპერტს სჭირდებოდა, არც რენტგენოლოგს და ამიტომ წაიღო.

მერაბ არევაძე რეინჯერად 17 წლის მანძილზე მუშაობდა
მერაბ არევაძე რეინჯერად 17 წლის მანძილზე მუშაობდა

აღნიშნული რენტგენოგრამები საქმეში ოფიციალურ მტკიცებულებად არ მოიხსენიება. არც ის არის ცნობილი, ფირებზე ასახული თეთრი ლაქები ტექნიკური წუნია თუ ტყვიის ჩრდილი, რადგან ამის გასარკვევად ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

ტატიანა პიტკინა 2012 წლის 20 მაისის ღამეს მერაბ არევაძის სხეულზე გადაღებულ რენტგენოგრამებს კითხულობდა. იგი ქუთაისში, ე.წ. ავტოქარხნის საავადმყოფოში უკვე 5 წელია ექიმ რენტგენოლოგად მუშაობს. პიტკინა იხსენებს, როგორ მოიყვანა იგი პოლიციამ ღამის 11 საათზე საავდმყოფოში, სადაც მას ცხედარი, ექსპერტი, მისი ექთანი და რამდენიმე კაცი დახვდა, რომლებიც პოლიციელებს ჰგავდნენ. პიტკინას ახსოვს, რომ რამდენიმე ფირზე თეთრი ლაქები ჩანდა, რომლებიც ტყვიის ჩრდილებს მიამსგავსა. „მაშინ რომ დამეწერა დასკვნა ვიტყოდი, რომ იქ ტყვიები იყო, მაგრამ დასკვნა არავის მოუთხოვია. მეორე დილით რომ მივედი სამსახურში, ექთანმა მითხრა – ექსპერტმა იმ ადგილებში, სადაც თეთრი ლაქები იყო, ვერაფერი იპოვაო. მერე დავეჭვდი, იქნებ ხარვეზი იყო-მეთქი. მინდოდა შემოწმება ფირების, მაგრამ აღარაფერი დამხვდა. ყველაფერი პოლიციას წაეღო,“ – ამბობს პიტკინა.

აქვე ირკვევა, რომ იმ ღამეს არევაძის სხეულზე სულ 11 რენტგენოგრამა გადაიღეს. პიტკინას თქმით, ისინი ფირებს რენტგენული გამოკვლევის დაწყებამდე ყოველთვის ამოწმებენ და თუ წუნს აღმოაჩენენ, აღარ იყენებენ. ფირები საწარმოო წუნით კი არც ისე ხშირად ხვდებათ ხოლმე.

პიტკინა არც გამოძიების დროს დაუკითხავთ და არც სასამართლო განხილვებისას.

გადაღებული 11 რენტგენოგრამიდან 9 ცალი 2014 წლის ივნისის თვეში პროკურატურამ დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორს“ გაუგზავნა. ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ცენტრს გარდაცვლილის ოჯახმა მიმართა არსებულ რენტგენოგრამებზე ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. თუმცა,გეჯაძის თქმით, მათ არ მიუღიათ არც ერთი ისეთი ფირი, სადაც თეთრი ლაქები იყო დაფიქსირებული.

დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ არევაძე მსგავს დაზიანებებს ვერ მიიღებდა ვერც საკუთარი სიმაღლიდან ვარდნის, ვერც დაგორების და ვერც ცემის შედეგად. „აქ რაღაც ძალიან ტლანქი ძალის ზემოქმედების კვალია. შეიძლება განვიხილოთ ცხენის დაჯახებაც, მაგრამ ცხენი დიდი ალბათობით კვალს დატოვებდა გვამზე.“

სასამართლო პროცესზე თავად გრიგოლაშვილმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ მენჯის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობის გამოწვევა მხოლოდ დიდ ძალას შეუძლია.

გეჯაძე ასახელებს იმ არგუმენტებს, რომლებიც ტყვიის სასარგებლოდ მეტყველებს:

  • მარცხენა დუნდულოზე არსებულ ორ შემავალ ჭრილობას ჰქონდა არხი;

  • ტყვიას შეეძლო მენჯის ძვლის დაშლა.

გამოძიება კი ასახელებს იმ არგუმენტებს, რომლებიც ტყვიის არსებობას გამორიცხავს, მათ გეჯაძეც ეთანხმება:

  • შემავალი ჭრილობების კანის დეფექტი არ დაფიქსირდა (ტყვია კანზე შეხებისას ტოვებს სიცარიელეს და ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიახლოებისას ამ სიცარიელის დაფარვა ვერ ხერხდება);

  • გარდაცვლილის სხეულსა და ტანსაცმელზე დენთის კვალი არ აღმოჩნდა.

გრიგოლაშვილმა ექსპერტიზის დასკვნაში მიუთითა, რომ ჭრილობიდან აიღო კანის პრეპარატი (ნაწილი) შემდეგი გამოკვლევისთვის. სასამართლო პროცესზე კი აღნიშნა,  რომ კანის პრეპარატი თბილისში გაგზავნა გამოსაკვლევად და შემდეგ თვითონაც ეწვია დედაქალაქს. თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ ჩანს.

ექსპერტმა ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა. სოფო დვალიშვილის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საქმის მასალები გარეშე პირებისთვის დახურულია. მრავალი ცდის მიუხედავად ჩვენს კითხვებს არ უპასუხა არც პროკურორმა დავით სიმონიამ.

რაც შეეხება საქმეში დავით მჭედლიძის ცხენის არსებობას, რომელიც გამოძიებისა და სასამართლოს  ვერსიით ჯერ განზრახ მკვლელობაში დაეხმარა თავის პატრონს და შემდეგ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის ხელყოფაში:

დავით მჭედლიძე სასჯელს #12 საპყრობილეში იხდის, საიდანაც 2015 წლის 20 მაისს გამოვა
დავით მჭედლიძე სასჯელს #12 საპყრობილეში იხდის, საიდანაც 2015 წლის 20 მაისს გამოვა
  • 2012 წლის 23 მაისს შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელმა კახა თუთბერიძემ ცხენი ვიზუალურად დაათვალიერა და მასზე რაიმე დაზიანების კვალი ვერ იპოვა. სხვა ექსპერტიზა ცხენს არ ჩატარებია.

  • შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის, დოდო ელბაქიძის მიერ 2012 წლის 11 ივნისს დაწერილი დასკვნიდან ჩანს, რომ გარდაცვლილის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა თმისმაგვარი ღერები.

 

გამოძიება ტყვიის კვალზე

  • შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ბალისტიკური ექსპერტიზა  ჩაუტარეს დავით მჭედლიძისა და მისი თანმხლები ხუთი პირის სანადირო თოფებს. ასევე შეამოწმეს  დავით მჭედლიძის ტეტეს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ჰქონია და პოლიციამ ის მისი სახლიდან ამოიღო.

  • 21 მაისს გამოძიებისთვის უკვე ცნობილი იყო გრიგოლაშვილის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ტყვიაზე სიტყვაც არ იყო ნახსენები. მიუხედავად ამისა, გამომძიებელი ადეიშვილი და ოლქის პროკურორი ალეკო იმედაშვილი რეინჯერ ცისკაძესთან, გარდაცვლილის მეგობარ ჯონი არევაძესა და ერთ-ერთ მონადირესთან, ზაზა ჭყოიძესთან ერთად სტეფურის ჭალაში, გვამის პოვნის ადგილზე მივიდნენ. ადეიშვილმა იქ ორჯერ გაისროლა და სცადა გაერკვია გაიგონებდა თუ არა ხმას ჭყოიძე. ამ უკანასკნელმა ეს ხმა კი გაიგონა, მაგრამ ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ღამეს არანაირი ხმა არ გაუგია. თამაზ ცისკაძე და ჯონი არევაძე ამბობენ, რომ ადეიშვილი ამ დროს ვიდეოსაც იღებდა, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით არ არის გამოყენებული. გამომძიებლისა და პროკურორის იქ ასვლა არც ოფიციალური ოქმით დასტურდება, თუმცა ადეიშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში  საცდელი გასროლის ფაქტს არ უარყოფს.

 

ზეწოლა გარდაცვლილის ოჯახზე

მერაბ არევაძეს ცოლი და ორი ვაჟი დარჩა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია და კერძოდ, მამუკა ჭყოიძე, იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, აშინებდა, შემდეგ კი ფულს სთავაზობდა. ჭყოიძე იმ სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, რომლის დეტექტივების დეპარტამენტი არევაძის მკვლელობის საქმეს იძიებდა. 2012 წლის ივლისში კი მამუკა ჭყოიძე დავით ბაქრაძემ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

მამუკა ჭყოიძე  უარყოფს ბრალდებას, რომ ის ახდენდა ზეწოლას გამოძიებაზე
მამუკა ჭყოიძე უარყოფს ბრალდებას, რომ ის ახდენდა ზეწოლას გამოძიებაზე

გარდაცვლილის ოჯახი მამუკა ჭყოიძეს სამხილების გაყალბებასა და გამოძიების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებს. დაზარალებულების აზრით, მკვლელობაში ჭყოიძის ვაჟიც მონაწილეობდა, რომელიც 2012 წელს 16 წლის იყო. გამოძიებას ამ ვერსიაზე არ უმუშავია და ეჭვი ეჭვადვე დარჩა.

მამუკა ჭყოიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას უარყო დაშინებისა და მოქრთამვის მცდელობა, თუმცა დაადასტურა, რომ გარდაცვლილის ოჯახს სამჯერ შეხვდა. „მე ამ საქმით დაინტერესებული რომ ვყოფილიყავი და გამოძიებაზე გავლენა მომეხდინა, მაშინ იმ ორ კაცსაც გავათავისუფლებდი, ვინც ციხეში იყო. მე ან ჩემი შვილი თუ ვიყავით ჩარეული ამ მკვლელობაში და გამოძიებას ეს ეჭვი ჰქონდა, შეემოწმებინათ ჩემი იარაღი, ვინ დაუშალათ?“ – გვეუბნება ჭყოიძე.

დაშინებისა და მუქარის ფაქტზე საუბრობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი და იმხანად მამუკა ჭყოიძესთან დაახლოებული პირი გოჩა ჩხაბერიძე. ის ესწრებოდა ჭყოიძისა და მერაბის ძმის, თემურ არევაძის შეხვედრას, რა დროსაც ყოფილი მაღალჩინოსანი გარდაცვლილის ძმას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაჭერით ემუქრებოდა.

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა მამუკა ჭყოიძე ბრალდებულმა დავით მჭედლიძემაც. თუმცა, სასამართლოს მამუკა ჭყოიძის დაკითხვის სურვილი არ გასჩენია.

ახალი გამოძიება

დაკავებულისა და გარდაცვლილის ოჯახები სამართალდამცავ ორგანოებს განუწყვეტლივ თხოვდნენ საქმეში არსებული შეცდომების შესახებ ახალი გამოძიების დაწყებას. 2013 წლის აგვისტოში ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველომ მართლაც დაიწყო ახალი გამოძიება, რომელიც დღემდე გრძელდება.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომლებზე პასუხებს ახალი გამოძიებისგან ველით:

1. რა სიჩქარით უნდა ემოძრავა დავით მჭედლიძის ცხენს ღამეში ისე, რომ არევაძეს ერთი დაცემით გატეხვოდა ხელის ძვალი, ოთხი ნეკნი, გულ-მკერდისა და მენჯის ძვლები? ცნობილია, რომ ცხენი გონიერი არსებაა, მით უმეტეს, როცა ადამიანი მართავს და ღამეში, ტყეში, ქვა-ღორღიან გზაზე ისეთ სიჩქარეს არ განავითარებს (თუ შეშინებული არაა), რომ ერთი დაჯახებით კაცი მოკლას.

2. დაიცვა თუ არა არევაძემ თავი? თუ თავი დაიცვა, როგორ მოკლა დავით მჭედლიძემ ის ისე უხმაუროდ, რომ მის უკან 150 მეტრში მყოფ ხალხს არაფერი გაუგია?

3. თუ მჭედლიძემ გაუფრთხილებლობით ხელყო არევაძის სიცოცხლე, მაშინ ვინ მიაყენა მას უსწოროკიდეებიანი ჭრილობა თავის არეში და ორი შემავალი ჭრილობა მარცხენა დუნდულოზე? სწორედ ამ ორმა ჭრილობამ გამოიწვია მთავარი არტერიის გაგლეჯვა და არევაძის სიკვდილი.

4. თეთრი ლაქები მართლა ფირების საწარმოო წუნის ბრალი იყო თუ იქ ტყვიების ჩრდილები ჩანდა? სად არის ახლა ის ორი ფირი, რომლებზეც თეთრი ლაქები გამოჩნდა?

5. რომელმა მკვრივმა, ბლაგვმა საგანმა მიაყენა არევაძეს ორი შემავალი ჭრილობა? წინა გამოძიებას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს; ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო წვეტიანი ქვა, ხის ტოტი ან სხვა. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ვერც ქვა და ვერც ხის ტოტი მენჯის ძვალს ამგვარად ვერ დააზიანებდა.

6. რატომ არ დაკითხა არც გამოძიებამ და არც სასამართლომ ექიმი რენტგენოლოგი და ყოფილი მაღალჩინოსანი მამუკა ჭყოიძე?

წყარო: ნეტგაზეთი

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა იცოდა საყდრისის აფეთქების შესახებ ყველაზე ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ
10864237 10205863173002019 1364562275 o e1418889283206

რა იცოდა საყდრისის აფეთქების შესახებ ყველაზე ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share