fbpx
shadrevani kutaisi

ქუთაისში შადრევნებს ბედი არ სწყალობს

ავტორი: იზაბელ მოდებაძე

ქუთაისში, “საფიჩხიაზე”, ისტორიულ უბანში მდებარე „ხარაზოვის ბაღი“ 2012 წლიდან დღემდე სამჯერ შეალამაზეს. ამ პერიოდში რეაბილიტაციისთვის 884 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, ტერიტორია დღეს ასე გამოიყურება:

[metaslider id=3355]

ბაღისა და მასში მდებარე “ნიღბების თეატრის” რეაბილიტაციის იდეა 2012 წელს, ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში ყოფნის დროს გაჩნდა. სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა მთავრობამ პირდაპირ დაიქირავა კომპანია, ტენდერის გამოცხადების გარეშე.

რა გაკეთდა 2012 წელს “ხარაზოვის ბაღში” 640 ათას ლარად?

2012 წელს ბაღის რეკონსტრუქცა კომპანია „დაჩ დიზაინ გარდენსს“ დაევალა. პროექტის საერთო თანხა 640 ათასი ლარი იყო. კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ვადა 2012 წლის ოცი ნოემბრიდან 2013 წლის პირველ მარტამდე მისცეს. ამ დროის განმავლობაში სკვერში გაკეთდა:

ა. საბავშვო ატრაქციონი (47,000 ლარი);
ბ. გუბურა ძვირადღირებული წყალმცენარეებით (30,302 ლარი);
გ. სარწყავი სისტემა (7,500 ლარი);
დ. განათება (47,300 ლარი);
ე. აღდგა მწვანე საფარი (78,523 ლარი);
ვ. ფილების მიტანა, შეძენა და დაგება (105,000 ლარი).

კომპანიას შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადად ხელშეკრულების დასრულებიდან ერთი წელი განესაზღვრა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში თუ ბაღში რაიმე პრობლემა იქნებოდა, “დაჩ დიზაინ გარდენსი” ვალდებული იყო ხარვეზები საკუთარი ხარჯით აღმოეფხვრა.

ქალაქის მაშინდელი მერი, გიორგი თევდორაძე იხსენებს, რომ კომპანიამ ბაღის განაშენიანებისა და რეაბილიტაციის გეგმა ქალაქს საჩუქრად გადასცა.
ჯამში, „დაჩ დიზაინ გარდენსმა“ ქუთაისის ბიუჯეტიდან ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციისთვის 640,000 ლარი მიიღო.

30 ათას ლარად გარემონტებულმა გუბურამ ფუნქცია მალევე დაკარგა. ძვირადღირებული წყალმცენარეებიც გაქრა. დაზიანდა წყლის შემაკავებელი მასალაც. მოგვიანებით, იქ მხოლოდ წვიმის წყალი გროვდებოდა.

ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ქუთაისის მერიამ ერთი წლის წინ შერემონტებული ბაღის საკუთარი გემოვნებით გადარემონტება მოინდომა. 2013 წელს ბიუჯეტში ამ საქმისთვის 128,500 ლარი გამოიყო. ამ თანხით ბაღში ხეები გადაბელეს, სანათები შეცვალეს და დეკორატიული დეტალები დაამატეს. არადა, იმავე წლის მარტამდე ბაღს „დაჩ დიზაინ გარდენსიც“ პატრონობდა.

ბაღის რეაბილიტაციის საკითხი 2017 წელსაც წამოიჭრა. ამ დროისთვის „ხარაზოვის ბაღში“ გუბურა დიდიხნის გაუქმებული და ამორტიზირებული იყო. ამიტომ მერიაში გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოეცხადებინათ. საბოლოოდ, ხელშეკრულება შპს „გი-ან 2011“-თან 419,990 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ორი თვის ვადაში სკვერის ტერიტორია უნდა შემოეღობა, გამწვანება უნდა გაეახლებინა, ფილები დაეგო, წყალსაწრეტი გაეკეთებინა და გუბურა შადრევნად ექცია. ანუ, ყველაფერი რაც 2012 წელს უკვე გაკეთდა.

შპს “გი-ან 2011”-მა, გუბურის შადრევნად ქცევის გარდა, ყველაფერი შეასრულა. გუბურის ადგილას კომპანიას მიწისქვეშა წყლის პრობლემა დახვდა.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მაშინდელი უფროსი, მალხაზ ბასილაძე გვიყვება, რომ მუშაობის პროცესში აღმოჩენილ წყალს ღვარსადენის არიდების სისტემა სჭირდებოდა, ეს კი პროექტში გათვალისწინებული არ იყო.

“ამის შემდეგ გადვწყვიტეთ, რომ შადრევნის რეაბილიტირების გეგმა პროექტიდან ამოგვეღო და მისთვის ცალკე გამოგვეყო თანხა. მშენებელმა კომპანიამაც მოგვმართა წერილით,რომ მერიის მიერ მომზადებულ პროექტში ყველაფერი იდეალურად გათვლილი არაა,” – გვეუბნება ბასილაძე.

ამ ცვლილებამ კომპანიისთვის გადასაცემი თანხა 419 ათასი ლარიდან 125 ათას ლარიან ხელშეკრულებამდე დაწია, თუმცა“გი-ან 2011”-ს მხოლოდ 116 ათასი ლარი გადაუხადეს. ამ თანხით ტერიტორია შემოიღობა, განახლდა ფილებისა და ბალახის საფარი. ბასილაძე გვეუბნება, რომ გამოთავისუფლებული თანხით, დაახლოებით 300,000 ლარით ისევ იმ გუბურის შადრევნად გადაკეთებას აპირებენ. თუმცა, ტენდერი ამ პროექტზე დღემდე არ გამოცხადებულა.

ლევან ჭანჭალეიშვილი 2012 წელს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო. “ხარაზოვის ბაღის” რეაბილიტაციის პროექტს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ჭანჭალეიშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას იხსენებს, რომ მერიამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა 2012 წელს კომპანია “დაჩ დიზაინ გარდენს” კომუნისტების მიერ მომზადებული გეოლოგიური დასკვნა მიაწოდა.

“ახლა აქ სამუშაოების დაწყებას ახალი დასკვნა სჭირდება, ამის გარეშე დაუშვებელია რამის გაკეთება,” – გვეუბნება ჭანჭალეიშვილი.
ბასილაძე კი, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს 2017 წელს უძღვებოდა, გვეუბნება, რომ “სკვერის მშენებლობისას გეოლოგიურ დასკვნას არავინ აკეთებს, ასეთი რამ აზრადაც არავის მოსვლია თავში.”

საბოლოოდ, მერია მიხვდა, რომ მათი პროექტი ხარვეზიანი იყო და 2018 წელს ამ შეცდომის გამოსწორება განიზრახა. “ხარაზოვის ბაღში” შადრევნის მოსაწყობად კომპანიებს პროექტის შექმნა სთხოვა. ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა, ორივეჯერ ჩავარდა. ახლა მერიაში გვეუბნებიან, რომ პროექტი მალე ექნებათ და დანარჩენზე მერე შეგვიძლია საუბარიო.

დღეს, თუ შემთხვევით ან გამიზნულად “ხარაზოვის ბაღში” მოხვდებით, დაინახავთ ნაშადრევნალ ადგილს, რომელშიც სიძველისგან შეფერილ წყალს ძაღლები სვამენ. თუ ცნობისმოყვარეობა წაგძლევთ და ირგვლივაც მოათვალიერებთ ადგილს, დამტვრეულ ინფრასტრუქტურასაც შენიშნავთ, რომელიც ბიუჯეტის ფულით არა ერთხელ შეაკეთეს.

სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ფოთის ფეხბურთის მოედნის ნახევრად აშენებას 2.8 მილიონი და 6 წელი დასჭირდა
poti pekhburti

ფოთის ფეხბურთის მოედნის ნახევრად აშენებას 2.8 მილიონი და 6 წელი დასჭირდა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share