fbpx
khulo

ხულოს მაჟორიტართან გარიგებული ინვესტორი შრომით უფლებებს არღვევს

ხულოს მოსახლეობა თურქულ კომპანია “ეფე ტექსტილს” შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

კომპანია, რომელიც თვეებია თანამშრომლებს ხელფასს არ უხდის, აჭარაში ხულოს მაჟორიტარმა, ანზორ ბოლქვაძემ და მისმა ბიზნესმენმა სიძემ, არმაზ მელაძემ შემოიყვანეს.

როგორ აღმოჩნდა თურქი ინვესტორი ხულოში?

2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე ხულოს მოსახლეობის დასაქმებას ცდილობდა. ამ პერიოდში “აჭარისწყალი ჯორჯია” შუახევჰესს აშენებდა. მათ ხულოს მიმდებარე სოფლებში სოციალური პროგრამის განხორციელება და სამუშაო ადგილების შექმნა უნდოდათ, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ მათთან დასაქმებული ხალხი სამსახურს დაკარგავს.

“აჭარისწყალი ჯორჯიას” სოციალური პროექტების დირექტორის, ზვიად დიასამიძის თქმით, ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად მათთან ბოლქვაძე საკუთარ სიძესთან (ქალიშვილის მეუღლე), არმაზ მელაძესთან ერთად მივიდა. მელაძე ამავდროულად კომპანია “არდა ტექსტილის” მფლობელია.

სიძე-სიმამრის შეთავაზება ასეთი იყო: “ჩვენ გვყავს ინვესტორი კომპანია, რომელიც მზად არის განაახლოს ფაბრიკა.” სწორედ ეს ინვესტორი იყო კომპანია “ეფე ტექსტილი,” რომელსაც ახლა დაზარალებულები უჩივიან.

საბოლოოდ მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც “არდა ტექსტილი” სამკერვალო ფაბრიკას გახსნიდა, სამუშაო ადგილებს შექმნიდა და თვიური გადასახადით შენობასაც გამოისყიდიდა. მხარეებმა 7 წლიანი ხელშეკრულება დადეს. ხელშეკრულების თანახმად, “არდა ტექსტილი” ვალდებულია ქონების გამოყენებისა და ფლობისთვის “აჭარისწყალი ჯორჯიას” ეტაპობრივად 233,646 დოლარი გადაუხადოს.

თუმცა, ფაბრიკა “არდა ტექსტილის” ნაცვლად თურქმა ინვესტორმა გახსნა. 2017 წლის 6 თებერვალს “არდა ტექსტილმა” ქვეიჯარის ხელშეკრულება შპს “ეფე ტექსტილს” გაუფორმა და სამკერვალოს მოსაწყობად შენობის პირველი და მესამე სართული 3,000 დოლარად მიაქირავა. ხელშეკრულება 2022 წლის 6 თებერვლამდეა ვადაში.

ფაბრიკა დოკუმენტების გაფორმებამდე, 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აჭარის მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარიძემ ახლადგახსნილი ფაბრიკა გამარჯვებულ კანდიდატთან, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად მოინახულა.

“მივესალმები მსგავს ინიციატივას, რომელიც ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომლის დახმარებით დღეს აქ ინვესტიცია ხორციელდება, უკვე დასაქმებულია ადგილობრივი კადრები, მომავალში კი ხულოს 200-მდე მკვიდრი დასაქმდება,“ – ამბობდა პატარიძე.

ფაბრიკაში ბავშვის სპორტულ შარვლებსა და მაისურებს კერავდნენ. პროდუქციას ჯერ ადგილობრივ ბაზარზე, შემდეგ კი თურქეთში ყიდდნენ. კომპანია “მთის კანონის” ფარგლებში შეღავათით სარგებლობდა, ანუ მოგების გადასახადისგან თავისუფალი იყო. მიუხედავად ამისა, ფინანსური პრობლემების გამო, იმავე წლის მაისში დაიხურა.

რას ჰყვებიან დაზარალებულები

ერთ-ერთი დაზარალებული “ეფე ტექსტილის” იურისტი რომან ჩოგაძეა. შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც 2017 წლის თებერვალშია გაფორმებული, წერია, რომ მისი ხელფასი 1,875 ლარი იყო. ჩოგაძის თქმით, კომპანიაში მუშაობის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ ერთი თვის ხელფასიც კი არ ჰქონდა სრულად აღებული.

“პირველ თვეში მითხრეს, “დავიქოქებით” და მოგცემთო, მეორე თვეში საბაჟოზე, საქმეზე წავედი და სამასი ლარი გადამიხადა, დანარჩენი მერე იქნებაო. იგივე მესამე თვეში. მეოთხე თვე რომ ამოიწურა, სულ 1,400 ლარი მქონდა აღებული. არადა, თვიური ხელფასი, 1,500 ლარი მქონდა, საშემოსავლოს გარეშე,” – გვიყვება ჩოგაძე.

უშედეგო დაპირებების შემდეგ მან ხელვაჩაურის რაიონულ სასამრთლოს მიმართა, რათა “ეფე ტექსტილს” 7 თვის ხელფასი გადაეხადა, სულ, 10,600 ლარის ოდენობით.

ჩოგაძემ ხელფასის ქონებით უზრუნველყოფა მოითხოვა ანუ სასამართლოს ფაბრიკის მანქანები უნდა დაეყადაღებინა. მას სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებს კომპანია არ აძლევდა და კანონის ძალით მოუწია მოპოვება.

საბოლოოდ, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ “ეფე ტექსტილს” საკერავი მანქანები დაუყადაღა და 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, რომან ჩოგაძისთვის თანხის ანაზღაურება დაავალა. კომპანიამ განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. თურქმა ინვესტორმა ვალის აღიარების განცხადება დაწერა. მიუხედავად ამისა, რომან ჩოგაძეს კუთვნილი თანხა ჯერაც არ მიუღია.

კიდევ ერთი დაზარალებული კომპანიის ბუღალტერი, ბადრი ჩოგაძეა. მისი თქმით, კომპანიას მძიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ვერც მასალა შემოჰქონდა და ვერც ნაწარმს ჰყიდდა. შესაბამისად, გადასახადების გადახდა და ხელფასების გაცემაც გაუჭირდათ.

ბადრი ჩოგაძე იხსენებს, რომ თავდაპირველად 60 ადამიანის დასაქმებას აპირებდნენ. შემდეგ მხოლოდ 45 თანამშრომელი დარჩა. არადა, დაპირების თანახმად, დასაქმებულების რაოდენობა 200-მდე უნდა გაზრდილიყო. ბუღალტერის თქმით, სამკერვალო ფაბრიკაში მინიმალური ხელფასი 150, ხოლო მაქსიმალური 1,500 ლარი იყო.

“ყოველ თვეში აგვიანებდნენ, არ ყოფილა თვე, რომ მაგათ დროულად მოეცეთ ხელფასი. ორი, სამი თვის შემდეგ გვიხდიდნენ, ნაწილ-ნაწილ. ჩემი 4700 ლარი აქვთ მოსაცემი და არც ვიცი როდის მომცემენ,“ – ამბობს ჩოგაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას.

ხელფასების მუდმივად დაგვიანებაზე და შეუსაბამო სამუშაო გარემოზე საუბრობს მკერავი ეკა ზოიძეც. მისი თქმით, ხელფასს დროულად არასდროს იღებდნენ და არც ზეგანაკვეთურ სამუშაოს უნაზღაურებდნენ. ბოლო ხელფასი ფაბრიკის დახურვიდან 5 თვის შემდეგ გადაუხადეს.

“ეფე ტექსტილი, არ მკითხოთ, ხელფასები საერთოდ ნოლი, ორი და სამი თვის შემდეგ გვაძლევდნენ, ისიც ნაწილ-ნაწილ, ჩხუბის და აჟიოტაჟის შემდეგ. ჩვენ ხელფასის გამო ვმუშაობდით, აბა, ამათ გამო ხომ არა?!” – ამბობს ზოიძე.

ზოიძე გვიყვება, რომ მათი სამუშაო გრაფიკი 9 საათიდან 6-მდე იყო განსაზღვრული. თუმცა, ხშირად უწევდათ ღამის 11 ან 12 საათამდე მუშობაც.

28 წლის ქეთი ფუტკარაძე, რომელიც ფაბრიკაში პაკეტირებასა და ეტიკეტის დაკვრაზე მუშაობდა, “აი, ფაქტთან” ყვება, რომ ხშირად ზეპირი მითითებების მიხედვით უწევდათ კერვა. შემდეგ შესრულებული სამუშაო მათ უფროსებს არ მოსწონდათ და უბრაზდებოდნენ. დიზაინერი კი დაგვიანებით მოდიოდა და შემდეგ, თავიდან კერავდნენ – უკვე მისი მითითებით.

“გვიბრაზდებოდნენ, ჩვენ ასეთი გითხარით და თქვენ სხვანაირი რატომ შეკერეთო. ჩვენ ვეუბნებოდით მოეტანათ მოდელი, რომლის მიხედვითაც შევკერავდით. ამის გამო ხშირად იყო კონფლიქტი,“ – ამბობს ფუტკარაძე.

მისი ნაამბობიდან ჩანს, რომ სამკერვალოს არც სამზარეულო ჰქონდა, საპირფარეშოც მოუწესრიგებელი იყო და ზამთარში სახლიდან მიტანილი პლედებით თბებოდნენ. ჩვენ შენობაში შესვლა ვერ შევძელით, რადგან შენობა დაკეტილი დაგვხვდა, დაცვის თანამშრომელი კი, რომელსაც გასაღები ებარა, სოფელში არ იმყოფებოდა.

რას ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები?

კომპანიის მენეჯერი, ნინო თავართქილაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას არ უარყოფს, რომ ხელფასებს დაგვიანებით იხდიდნენ. მისი თქმით, მკერავების გამო საწარმო შეკვეთას დროულად ვერ ასრულებდა, შესაბამისად, დამკვეთი კომპანიაც გვიან რიცხავდა თანხას და ხელფასებს შემდეგ გასცემდნენ.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კომპანიის მფლობელს, ოქთაი ჩოლაქს, რომელიც აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთურების შესახებ ბრალდებას უარყოფს და წარმოქმნილ პრობლემებს გამოუცდელ მუშახელს აბრალებს.

“თანამშრომლებმა საქმე კარგად არ იცოდნენ და ვერ მოვასწარით შეკვეთის დროულად ჩაბარება. ამის გამო ყოველ საღამოს 2-2 საათიანი ზეგანაკვეთის გაკეთება მოგვიწია. თუმცა, ორმაგი თანხა მიიღეს. მე არავის ვალი არ მაქვს. 3 მანქანა მყავდა, დავალომბარდე და დაახლოებით 150 ათასი ლარით დავზარალდი, ყველას (მკერავების) თანხა გადავიხადე,” – ამბობს ჩოლაქი.

ჩოლაქი სამსახურიდან კადრების გადინებასაც პრობლემად მიიჩნევდა. “ადამიანები არ მუშაობდნენ, ზოგი თხილზე წავიდა, ზოგი ჩაიზე. ჩვენ შემკვეთ კომპანიებს ვერ ჩავაბარეთ შეკვეთები.”

ეკა ზოიძეს თუ დავუჯერებთ, ქალები სამსახურს ხელფასის არქონის გამო ტოვებდნენ. “როცა ანაზღაურებას არ უხდიდნენ, რა აზრი ჰქონდა სიარულს, ოჯახიდანაც აღარ უშვებდნენ უკვე.”

ფაბრიკის ფუნქციონირებისა თუ დახურვის შემდეგ, როდესაც დასაქმებულები ხელფასს ვერ იღებდნენ, დახმარებას მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძეს სთხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ანზორ ბოლქვაძეს კომპანიისთვის 21 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები. ბოლქვაძემ გვითხრა, რომ თანხის ნაწილი კომპანიამ სწორედ ხელფასების გასაცემად გამოიყენა. თუმცა, ეს სესხი დოკუმენტურად არ არის გაფორმებული და ანზორ ბოლქვაძემ თურქ ინვესტორებს თანხა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ასესხა.

“მასე ავადმყოფებსაც ვეხმარები, ვინმე მინაზღაურებს მაგას? ეს ჩემი ნებაა,” – განგვიცხადა ბოლქვაძემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამკერვალოსთან ფინანსური ინტერესი არ აკავშირებდა, გარდა იმისა, რომ მის რეგიონში ხალხის დასაქმება სურდა. თუმცა, ფაქტია რომ ბოლქვაძემ ჯერ საკუთარი სიძის, “არდა ტექსტილის” მფლობელის, არმაზ მელაძის დასაქმებაზე იფიქრა და შემდეგ ამომრჩეველზე.

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა მხოლოდ სასამართლოში ჩივილითაა შესაძლებელი. ეს კი წლობით მიმდინარე დავას ნიშნავს, რომელიც აღსრულდება თუ არა, არავინ იცის. “ეფე ტექსტილის” ყოფილი იურისტის ამბავიც ამას მოწმობს.

სხვა შემთხვევაში კი ამ ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაზე ხმას ამოიღებს. შრომის ინსპექციაში გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე მუშაობენ და სხვა უფლებების დარღვევა მათი “კომპეტენცია” არაა.

ამასობაში კი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩოლაქმა გვითხრა, რომ ისევ აპირებს ფაბრიკის გახსნას და იმ ადამიანების დაქირავებას, რომელთა საქმინობითაც უკმაყოფილოა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თბილისის მეტრო შეკეთებას ელის
metro

თბილისის მეტრო შეკეთებას ელის

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share