fbpx

წყალი არის, ფული არის და სოფელს წყალი მაინც არ აქვს

cha2 1

“წყალი სადა გვაქვს, შვილო, ღელის წყალი ჩამოვიყვანეთ. სარეცხად არ ვარგა, ტალახად მოდის. დასალევად საერთოდ არ ვარგა და ზაფხულში შრება და მაინც არ გვაქვს,” – ასე აღწერს ცირა ქასრაშვილი სოფელ კითხიჯის წყალმომარაგების ამბავს.   

ამ სოფელში, დაახლოებით, 40 ოჯახმდე  ცხოვრობს. ადგილობრივები ძირითადად სოფლის წყაროებით სარგებლობენ. წყაროები დასახლებიდან კილომეტრნახევარშია და იქ მაცხოვრებლებს წყარომდე მისვლაც უჭირთ. ზაფულზე წყარო შრება, ადგილობრივები წყლის ჭურჭლებით მეზობელ სოფლებში მიდიან. 

ამ დროს კი ბოლო ორი წელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად რჩება აუთვისებელი თანხები: 2018 წლის ბიუჯეტი 11.2 მლნ ლარი იყო, აქედან 4.4 მლნ ლარი დაუხარჯავი დარჩათ. 2019 წლის ბიუჯეტი 12.4 მლნ ლარს შეადგენდა, აქედან აუთვისებლი 1.3 მლნ ლარი დარჩა. 

“დატანჯული ვართ, დატანჯული, რამდენი უნდა მოიტანო ახლა ცხრასულიანი ოჯახი ვართ, ოთხი თოთო ბავშვი მყავს, უწყლოდ რა უნდა ქნა. მივალთ იქ, წყალი წყაროში არ არის. კიდევაც რომ იყოს წყალი და მოიტანო, არ დაილევა. იმიტომ კი არა რომ სუფთა არაა, აღარ ვარგიხარ უკვე ადამიანი, ამხელა ტყლაპოში რომ გადმოხვალ. ახლა მაგალითად, დასალევი წყალი წყნორიდან გადმოვიტანეთ მანქანით. ქალაქისკენ მივდივარ, მიმაქვს ჭურჭელი, სკოლისკენ მივდივარ და იქაც მიმაქვს,” – გვიყვება ადგილობრივი ლია ხერხაძე. 

mariam da zoia 1
მარიამ და ზოია მინდიაშვილები

ეკლესიის ქვემოთ უბანში რვა ოჯახი ერთი ჭით სარგებლობს. “ვისაც არ შეუძლია ფიზიკურად, მათთან მიმაქვს წყალი. ისე უხარიათ, წყალს რომ ვინმეს მიუტან, კაი საჩუქარი ჰგონიათ. 70 წლის მეც კი ვარ. მე ჩემს დასალევ წყალს კიდე რამეს გავახერხებ, მაგრამ დაბანა გინდა, დარეცხვა გინდა, საქონელს რომ წყალს ვერ დაალევინებ,” – გვიზიარებს გასაჭირს ზოია მინდიაშვილი. 

წყლის გარდა კითხიჯში არც გზა აქვთ. წვიმის დროს გზა ატალახებულია და ფეხით გავლა, თითქმის, შეუძლებელია. უგზოობის გამო სოფელში არც ავტობუსი დადის და არც სამარშრუტო ტაქსი. ბაზრიდან მომავალ მოსახლეობას სახლამდე მისასვლელად კილომეტრების გავლა უწევთ. 

“გვიჭირს მოძრაობა. აქ რო ხრეში ყრია, არჩევნების დროს მოიტანეს, დაყარეს, სამი დღე ეყარა, კაცისშვილი არ მოსულა გასაშლელად. სამი სტენდი უდგას ჩემს შვილს გულში, წავიდა ის და გაშალა. წასასვლელი იყო და სხვანაირად ვერ წავიდოდა,”- გვეუბნება ცირა ქასრაშვილი.

კითხიჯისგან განსხვავებით გზის პრობლემა არ აქვს გურნას, თუმცა წყალი მოსახლეობას არც აქ მიეწოდება. გურნა კითხიჯის მეზობელი სოფელია. კითხიჯელებისგან განსხვავებით მათ სარეცხი წყალი მილებით მდინარიდან ამოიყვანეს. 

გურნის სკოლასთან მოსახლეობასთან სალაპარაკოდ გავჩერდით. ადგილობრივებს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა წყლის პრობლემა. 

“მე წყაროც მაქვს და ონკანიც, მაგრამ ყველას არ აქვს. კომუნისტების დროს გაკეთებული ავზით გვაქვს და იქიდან მაქვს წყალი,” – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, გიორგი ჩივაძემ, რომელიც გურნის თემში მერის წარმომადგენელი აღმოჩნდა. 

ჩივაძემ ისიც გვითხრა, რომ სოფელ ძმუისში კომუნისტების დროს გაკეთებული რეზერვუარები დგას და წყლის წამოყვანას იქედან აპირებენ. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ჩივაძის მოსაზრებაა და მერიაში ამ აზრს არ იზიარებენ.

ისე კი, სოფელი ძმუისი სოჩხეთის თემს მიეკუთვნება. იქ მართლაც დგას ძველი, საბჭოთა დროინდელი რეზერვაური. ძმუისში მერის წარმომადგენელმა, კახაბერ ცნობილაძემ გვითხრა, რომ რეზერვუარს კაპიტალური შეკეთება სჭირდება.

gza kitxiji 1
გზა სოფელ კითხიჯში

“ძმუისის რეზერვუარიდან გურნის თემში შემავალი სოფლებისთვის წყლის მიწოდება ვერ მოხდება. წყალს იმდენი დებეტი არ აქვს, რომ ეყოს ყველას. გურნის თემში 11 სოფელია და ერთი პატარა ძმუისის წყალი მაგათ არ ეყოფათ, გამორიცხულია,” – გვიხსნის კახაბერ ცნობილაძე.

კახაბერ ცნობილაძემ გვითხრა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თუ წყალს მდინარე ლეხიდარიდან გადმოიყვანენ. როგორც ის გვეუბნება, ამისთვის რამდენიმე ადგილზე ავზის დადგმა იქნება საჭირო. ცნობილაძის აზრით,  ამ საქმეს რამდენიმე მილიონი დაჭირდება. 

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, გურამ ბერუჩაშვილი კი გვეუბნება, რომ კითხიჯში წყაროები აქვთ და იმით სარგებლობენ. ის, რომ სოფლის წყაროები მოუწესრიგებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს, ჩვენგან შეიტყო. ბერუჩაშვილს ვუთხარით, რომ წყალს მოსახლეობა სხვადასხვა სოფლიდან ეზიდება, მათ შორის სოფელ კურსებიდანაც. 

“ამ ეტაპზე მეც მივდივარ წყაროზე ტყიბულიდან და მომაქვს უკეთესი, გაუმჯობესებული წყალი. მითუმეტეს, წყალი გვაქვს ჩვენ ქალაქში ყველას. მერე რა, რომ მიდიან კურსებში, იქნებ კარგი წყარო არის კურსებში და შეიძლება, ათ ლიტრიანი და ოც ლიტრიანი მანქანით მიდიან წამოსაღებად,”- გვპასუხობს გურამ ბერუჩაშვილი.

ჩვენ მას შევთავაზეთ, შევხვედროდით და განგვეხილა თუ როგორ აპირებს ტყიბულის მერია ამ პრობლემის გადაჭრას. აქვე შევაპარეთ,  რომ იქნებ გადაეხედათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვისაც, რომელიც წლებია, აუთვისებელი რჩება. ბერუჩაშვილმა გვითხრა, რომ ბიუჯეტის გადახედვა მისი საქმე არაა და რომ ამ საკითხზე ინფორმაცია პანდემიის დასრულების შემდეგ ექნებოდა. 

როდემდე გაგრძელდება პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც არ იცის. შესაბამისად, როდის დაინტერესდება მერია ამ საკითხის განხილვითა და შემდეგ გადაწყვეტით. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რას ყიდულობდა მთავრობა პანდემიისთვის მოსამზადებლად?
pandemiia 1

რას ყიდულობდა მთავრობა პანდემიისთვის მოსამზადებლად?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share