Media logo
კომპანიის ძიება სამეწარმეო რეესტრში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ბლოგი

კომპანიის ძიება სამეწარმეო რეესტრში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების მთავარი და ყველაზე ეფექტური გზაა, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს - my.gov.ge-ზე, ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს - https://enreg.reestri.gov.ge

პორტალი საშუალებას გაძლევთ, მოიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის სუბიექტზე – იქნება ეს ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება თუ ა(ა)იპ-ი - არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია. გარდა ამისა, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბიზნესსუბიექტების განცხადებებს, სადამფუძნებლო დოკუმენტებს, ამონაწერებს, ინფორმაციას მფლობელებისა და ხელმძღვანელი პირების შესახებ.

როგორ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია პორტალზე?

სასურველი ინფორმაციის მისაღებად პორტალზე ჩაშენებულია საძიებო პანელი, რომელიც ბიზნესსუბიექტს ეძებს სხვადასხვა კრიტერიუმით - მეწილის ან ხელმძღვანელის სახელით და გვარით, პირადი ნომრით, განცხადების თარიღით, კომპანიის/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომრით ან ზუსტი სახელით.

კომპანიის ძებნა მეწარმეთა რეესტრში
კომპანიის-ძებნა-მეწარმეთა-რეესტრში.webp

კომპანიის/ორგანიზაციის მოსაძებნად ყველაზე ზუსტი და სწრაფი გზა მისი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდის ან ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადი ნომრის გამოყენებაა.

კომპანიის ძიება სახელწოდებით

კომპანიის ზუსტი იურიდიული სახელწოდების მითითება ძიების საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის ოფიციალური, სარეგისტრაციო სახელი შესაძლოა არ ემთხვეოდეს მის ბრენდულ სახელწოდებას.

კომპანიის ძიება სახელით

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, რამდენიმე კომპანიის ერთი და იმავე სახელწოდებით რეგისტრაცია დასაშვებია. ამიტომ, სახელწოდებით ძებნა ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, გავრცელებული სიტყვების ან ციფრების შემცველი სახელწოდებით ძიებისას, პორტალმა შესაძლოა მრავალი სუბიექტი იპოვოს, სადაც ეს სიტყვები ან ციფრები ფიგურირებს. ამიტომ, თქვენთვის საინტერესო ბიზნესსუბიექტის პოვნას მეტი დრო დასჭირდება.

ძებნა სამართლებრივი ფორმით

ძიების დაკონკრეტება შესაძლებელია კომპანიის სამართლებრივი ფორმის მითითებით (მაგ. შპს, სს, იმ/ინდივიდუალური მეწარმე და ა.შ.)

კომპანიის ძებნა სამართლებრივი ფორმით

ინფორმაციის ძებნა სუბიექტების მიხედვით

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის სახელწოდება უცნობია, მაგრამ ცნობილია მისი დირექტორის ან მფლობელის ვინაობა, შესაძლებელია „მონაწილეებით ძებნის“ ფუნქციის გამოყენება. მონაწილეები არიან დირექტორები, მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

კომპანიის ძიება მონაწილეებით

საძიებო გრაფაში შეგიძლიათ მიუთითოთ მათი პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მოქალაქეობა, ან ორგანიზაციის დასახელება. ეს მეთოდი მოსახერხებელია თუ იცით მხოლოდ ადამიანის სახელი და გვარი და გაინტერესებთ, რა კომპანიას/ა(ა)იპ-ს ფლობს ან ხელმძღვანელობს ის. მაგალითად, თუ მიუთითებთ პარლამენტარ დილარ ხაბულიანის პირად ნომერს, ნახავთ, რომ ის 4 კომპანიის მფლობელია. შეიტყობთ იმასაც, აქვს თუ არა პირს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი.

კომპანიის ძიება დირექტორით/მფლობელით

შესაძლებელია კომპანიების პოვნა განმცხადებლითაც, ანუ იმის მიხედვით, ვინ შეიტანა რეესტრში განაცხადი, ბიზნესსუბიექტის რეგისტრაციის თაობაზე. ასე ვიპოვეთ, რომ 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე საქართველოში რუსეთის 3,626-მა მოქალაქემ მიიღო ინდ.მეწარმის სტატუსისა და კომპანიის რეგისტრირების უფლება. ასეულობით მათგანი რეგისტრაციისთვის ერთსა და იმავე მისამართს იყენებდა.

კომპანიის ძებნა სამეწარმეო რეესტრში რომელ ენებზეა შესაძლებელი?

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების ენა ქართულია. შესაბამისად, პორტალზე რეგისტრირებული მონაცემების, კერძოდ, ფიზიკური პირის სახელისა და გვარის, ასევე ორგანიზაციის დასახელების ძებნა მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრში კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად რეგისტრაცია აუცილებელია?

my.gov.ge და enreg.reestri.gov.ge პორტალებზე კომპანიების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოძიებისთვის მომხმარებლის რეგისტრაცია საჭირო არ არის. პორტალზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია (მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით) აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აპირებს კომპანიის საქმიანობასთან (მაგალითად, სურსათის წარმოება/დისტრიბუცია) დაკავშირებული ინფორმაციის დარეგისტრირებას ან ცვლილებას.

რა ტიპის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი კომპანიის შესახებ?

პორტალზე შესაძლებელია მრავალმხრივი ინფორმაციის მოპოვება რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ. მაგალითად, ხელმისაწვდომია ისეთი დეტალები, როგორებიცაა:

  • კომპანიის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი,
  • სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
  • იურიდიული სახელწოდება;
  • სამართლებრივი ფორმა;
  • იურიდიული მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • საქმიანობის საგანი;
  • საწყისი კაპიტალი და ა.შ.

იპოვით ყველა სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, როგორც წესდებას, ისე ამონაწერებს თარიღების მიხედვით. გაიგებთ იმასაც, როდის და რატომ შეიცვალა ამა თუ იმ კომპანიის მფლობელი/ხელმძღვანელი პირი. ეს მონაცემები, ფაქტობრივად, ასახავს კომპანიის განვითარების სრულ სურათს დაარსებიდან დღემდე.

ამგვარად, „რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე“ ატვირთული სხვადასხვა დოკუმენტის შესწავლა და ორგანიზაციის სრული პროფილის შედგენაა შესაძლებელი.

კომპანიის დოკუმენტაციების ნახვა მეწარმეთა რეესტრზე

დეტალური ინფორმაციის გვერდის ბოლოს კი, როგორც წესი, თანდართულია დასკანერებული დოკუმენტები. ვინაიდან პორტალი 2010 წელს ამოქმედდა, 2010 წლამდე რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ზოგიერთი საარქივო დოკუმენტი შესაძლოა .djvu ფორმატში იყოს შენახული. ამ სპეციფიკური ფორმატის ფაილების წასაკითხად საჭიროა DjVu reader-ის გამოყენება. აღნიშნული პროგრამის ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან უფასოდ არის შესაძლებელი და მისი ინსტალაციის პროცესიც არ არის რთული.

შეზღუდვები ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ სააქციო საზოგადოებების საკუთრებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მაგალითად, აქციონერთა დეტალური რეესტრი, საჯარო რეესტრის პორტალზე ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს განპირობებულია იმით, რომ კანონმდებლობა კომპანიებისგან ამ ტიპის ინფორმაციის სრულად წარდგენას ყველა შემთხვევაში არ მოითხოვს.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალი, enreg.reestri.gov.ge, წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნეს სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზას, არამედ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. აი, ფაქტის მსგავსი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჟურნალისტურ გამოძიებებს აკეთებენ და შესაძლო კორუფციულ სქემებს იკვლევენ, აღნიშნული პორტალი შეუცვლელი რესურსია.

ნებისმიერ აქტიურ მოქალაქეს, მკვლევარსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ამ რესურსით ისარგებლოს და მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში, დამალული დეტალები აღმოაჩინოს, საქართველოში მოქმედი კომპანიების, მათი მფლობელებისა თუ საქმიანობის მიზნების შესახებ.

დამატებით, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია: ქონების ძებნა პირადი ნომრით და საკადასტრო კოდით - სრული გზამკვლევი

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა