fbpx
komunalurebi

რა გაართულა და რა გაამარტივა კომუნალურების სუბსიდირებამ?

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსუბოვა

კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 385 მლნ ლარი დაიხარჯა. დაფინანსდა, საშუალოდ, ელ.ენერგიის 1.1 მლნ მომხმარებელი და ბუნებრივი აირის 920 ათასამდე აბონენტი. 

მთავრობამ კომუნალური გადასახადების სუბსიდიები ორ ეტაპად დაყო. პირველი ეტაპი 2020 წლის 13 მარტიდან, მეორე კი საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე დაიწყო. პირველი ეტაპი მარტის, აპრილისა და მაისის ჩვენებებს მოიცავდა, მეორე ნაწილში ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ჩვენებები დაფინანსდა. ორივე შემთხვევაში სუბსიდირებაში მოხვედრის პირობები იდენტური იყო.

კომუნალურები უფინანსდებოდა ყველას, ვისი ელ.ენერგიის მრიცხველიც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებს დაწერდა. ბუნებრივი აირის შემთხვევაშიც დაფინანსების ზღვარი 200 მ3-ზე გადიოდა. თუ  აბონენტის ჩვენება 1 კვტ/სთ-ით ან 1 მ3-ით მაინც გადასცდებოდა დაწესებულ ლიმიტს, მათ კომუნალურების გადახდა სრულად მოუწევდათ. სასმელი წყლისა და დასუფთავების გადასახადი კი მხოლოდ მათ დაუფინანსდათ, ვისაც სახელმწიფომ ელექტროენერგიის ფული უკვე გადაუხადა.  

რამაზ გერლიანი, “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული გეგმის სხვა პროგრამების მსგავსად  კრიტერიუმები კომუნალურების სუბსიდირებაშიც ბუნდოვანია: “თუ მართლა ხალხის დახმარება გინდა, მაშინ ეს უნდა იყოს საყოველთაო. 200 მ3-ს უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო, 200-ის ზემოთ გადახარჯვის შემთხვევაში ნამეტი უნდა გადაიხადოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მრავალსულიანი ოჯახები იჩაგრებიან. მათ შემოსავალი აქვთ ცოტა, ხარჯი ბევრი. შესაბამისად, გადასცდებიან ამ 200-ან ზღვარს და ავტომატურად რჩებიან დაფინანსების მიღმა. ეს სამართლიანი განაწილება არ არის.”

200-ერთეულიანი ზღვარი მოსახლეობის ნაწილსაც არასწორად მიაჩნია. სუბსიდირების პირველი დღიდან, ისინი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ხალხი ამბობდა, რომ საშეღავათო პერიოდში 200 კვტ/სთ ელ. ენერგიისა და 200 მ3 ბუნებრივი აირის მოხმარება ყველას უნდა დაფინანსებოდა, თუ აბონენტი უარს თავად არ იტყოდა.

“ზამთარში გაზი და შუქი ყოველთვის მეტი იწერება, ასე რომ მაინც ბევრს მოგვიწია კომუნალურების გადახდა. შეთავაზება რომ ყოფილიყო, დანახარჯზე იმ თანხის ჩამოჭრა, რაც 200 ერთეულს უწევს, უკეთესი იქნებოდა,” – წერს ხათუნა შაქარიშვილი ფეისბუქზე.

“სახელმწიფო 200 კუბ გაზს გიფინანსებს, მეტს თუ დახარჯავ არ გიფინანსებს. ლიმიტი გასაგებია, მაგრამ თუ გადავაჭარბე დანარჩენი გადამახდევინე, მთლიანად რატომ მახდევინებ. 200-ს 1 კუბით რომ გადააჭარბე, 201-ვე უნდა გადაიხადო? ვერ ჩავეტიეთ ვერც ერთხელ დაფინანსებაში, დიდი ოჯახია. სახლს თუ ათბობ, აბაზანაში არ უნდა გამოიყენო, იქ თუ იყენებდი, სახლში არ უნდა ჩაგერთო გათბობა. ზამთარია, არ გავმთბარიყავით თუ არ გვებანავა? როგორ უნდა ჩავტეულიყავით ამ ლიმიტში წარმოუდგენელია?!” – გვიყვება გარდაბანში მცხოვრები სულეიმან იუსუბოვი.

ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია პანდემიის პირობებში კომუნალურების სუბსიდირებას დადებითად აფასებს. თუმცა, პროექტში ხარვეზებსაც ხედავს: “რასაკვირველია, პრობლემაა რომ თუ აბონენტს 2-3 ერთეულით გადაუცდა, ის შეღავათით ვეღარ სარგებლობს. ეს ამ სუბსიდირების სისტემის დიდი ნაკლია და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. შეიძლებოდა, ცდომილების ზღვრის დაჭერა. ამ ცდომილების ზღვარში თუ მოხვდებოდა ადამიანი, მაშინ შეღავათით მაინც ისარგებლებდა. კარგი იქნებოდა. უნაკლო ნამდვილად არ არის ეს პროგრამა, მაგრამ თავის რაღაც მინიმუმს ასრულებს.”

თაკო იმერლიშვილი იმ ჯგუფში მოხვდა, რომელსაც დაფინანსება რამდენიმე კუბური მეტრის სხვაობის გამო არ უწევს. იმერლიშვილი სოციალურ შემწეობას, 150 ლარს იღებს და რუსთავში შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. პანდემიის დაწყებამდე არაოფიციალურად, დღიური გამომუშავებით მუშაობდა და თავი ასე გაჰქონდათ. ახლა დამატებითი შემოსავალი აღარ აქვს.

“28 იანვარს მომივიდა გადასახადი 114.54 ლარი, 1მ3-ით გადავცდი და ახლა მთლიანად უნდა გადავიხადო. ძალიან გამწარებული ვარ. თუ გვჩუქნიან, 200 კუბი ჩამოაჭრან ყველას და დანარჩენს გადაიხდის ადამიანი. ხალხმა დამიწყო, რატომ არ გათიშე ბოლო დღესო, რატომ არ აკონტროლეო, ვაკონტროლე, მაგრამ მაინც გადასცდა,” – გვიყვება იმერლიშვილი. 

200-ერთეულიანი ზღვარი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც კომუნალური სუბსიდიის პერიოდში მოსახლეობას შეექმნა. დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები მრიცხველების ჩვენებებს დაგვიანებით იღებდნენ ან იყო შემთხვევები, როცა მომხმარებლებს უჩვეულოდ გაზრდილი გადასახადი მოსდიოდათ. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგოომბუდსმენის 2020 წლის ანგარიშშიც მოხვდა

“სატელეფონო კონსულტაციების უმრავლესობა სახელმწიფო სუბსიდირების საკითხებს შეეხებოდა. აქტუალური იყო საკითხი კომპანიების მხრიდან მრიცხველის ჩვენებების დროულად აღების პრობლემასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობას,”- ვკითხულობთ ანგარიშში

თბილისში მცხოვრები სოფო იჩქიტიძე ამბობს, რომ დეკემბერში მისი მრიცხველის მონაცემები სამი დღის დაგვიანებით აიღეს. დაგვიანების გამო დაფინანსებაში ვეღარ მოხვდა.

“იმ სამ დღეში, როცა მე უკვე მგონია, რომ ჩვენება აღებულია, ზედმეტი მოვიხმარე. მანამდე ვაკონტროლებდი მოხმარებას, რომ 200-ს არ გადასცდენოდა. მოვიდა 234 კილოვატი, რის გამოც ვერ მოვხვდი სუბსიდირების პროგრამაში. ბევრი ვეცადე, ეს გადაცდენა გაესწორებინათ, მაგრამ მეუბნებიან, 30 დღის შემთხვევაში არ ჯდებით დაფინანსებაშიო, რადგან დღიური საშუალო გამოჰყავთ. რეალურად, როგორ უნდა დაადგინონ მე შვიდ კილოვატს მოვიხმარ დღეში თუ ოცს, არ ვიცი. აბსურდია,” – გვიხსნის იჩქიტიძე.

დაგვიანებული გადასახადების გარდა, აბონენტები უჩვეულოდ გადაჭარბებულ ხარჯვაზეც საუბრობენ. ზოგიერთ მათგანს ერთი და იმავე მოხმარებაზე რადიკალურად განსხვავებული გადასახადი მოსდის. 

“გაზზე 90 ლარზე მეტი არასოდეს მოგვსვლია. სახლშიც გათბობის სისტემა ისე გვაქვს დაყენებული, რომ მაქსიმალურად ცოტა დაწვას. შარშანაც ასე მოგვდიოდა სულ, 90 ლარამდე. წინა თვეშიც იგივე ტემპერატურაზე გვეყენა და ჩვეულებრივად ჩავჯექით სუბსიდიაში. ყოველთვის ვჯდებოდით და ვიცოდით, რომ ახლაც ჩავეტეოდით, მაგრამ არა – გადასახადი 140 ლარი მოვიდა. როცა დავრეკე გასარკვევად, მითხრეს რომ ძალიან სიცივეებიაო და ამიტომ სწრაფად ტრიალებს მრიცხველიო,” – გვიზიარებს თავის გამოცდილებას ნატალი დაჩანიძე.

“წინა თვეში დენზე 11 ლარი მომივიდა, არარეალური იყო ჩემი სახლისთვის. სულ 30-35 ლარი მომდის ხოლმე, გამიკვირდა. ამ თვეში კი 60 ლარამდე მოვიდა. ანუ წინა თვეში დამაკლეს და შემდეგში მომიმატეს, რომ არ დაეფინანსებინათ,” – გვიყვება შორენა ბუღაძეც. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ კომპანიების ასეთი ქმედებებიც სახელმწიფოს ბრალია, რადგან მას მსგავსი შესაძლებლობის ალბათობა არ უნდა დაეტოვებინა კერძო ბიზნესისთვის: “კომპანიებმა კარგად იციან, მთავრობის ბიუროკრატიის გავლით თანხების მიღება არის დროში გაწერილი. დროს აქვს თავისი დანახარჯები. შესაბამისად, ურჩევნიათ, რომ პირდაპირ მოქალაქეებისგან მიიღონ ეს თანხა. ეს თავიდანვე არასწორად განსაზღვრული პოლიტიკაა.”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გვითხრეს, რომ ყველგან 30 დღეში მისვლას კომპანიების წარმომადგენლები ვერ ასწრებენ და თუ ჩვენება 30 დღეზე მეტ დროში აიღეს, ის ავტომატურად კორექტირდება. ითვლება დღიური საშუალო (რამდენ დღეშიც აიღეს ჩვენება, ის იყოფა იმ დღეების რაოდენობაზე) და მრავლდება 30 დღეზე.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა თებერვალში დასრულდა. თუმცა, თებერვლის ხარჯის მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არაა.  

lFZM74QzsSjAbi6Fs3rPf8Ru3TgaFG8cHBV33Et6ndBIopPFYFGt3Sp5BCOgQIbwT4KIuTVY2C8kv4Ae7fS3AJk 6hP6ycmCJLv rY tymivUFgywwTWwO50ZnnV7LSAlml pDm

2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3.5 თეთრით გაიზარდა. სემეკში განგვიმარტეს, რომ ტარიფის ზრდა სავალუტო გაცვლითი კურსის ცვლილებამ, პანდემიის პირობებში ქსელური საწარმოების მოხმარების შემცირებამ, 2019-2020 წლებში გამომუშავებული ელექტროენერგიის (ჰიდროლოგიურად მშრალი წელი) შემცირებასა და წელს ენგურჰესის გაჩერებამ განაპირობა. 

2021 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის და ძველი ტარიფის სხვაობას დაუფინანსებს ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს. 200-ერთეულიანი ზღვრის მსგავსად, აქაც თუ 1 კილოვატი მაინც გადასცდება 300-ს, აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადს ახალი, გაძვირებული ტარიფით (კილოვატს 26.5 თეთრად) მიიღებს.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Საქართველოს ადგილი პრიმაკოვის “ანდერძში”
primakov cover 1024x565 1

Საქართველოს ადგილი პრიმაკოვის “ანდერძში”

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share